Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრენის უფლება

10 ნოემბერი 2017

გინახავთ ოდესმე კაბის უბეზე ჩამოკიდებული, ანდა ფეხზე საოცარი ძალით ჩაბღაუჭებული დედისგან გალახული ბავშვი, რომელიც ისევ დედისგან ელის მოფერებას და საშინლად ტკივილიანი ხმით ზმუის?! - პირადად მე არაფერი მინახავს სითბოსა და სიყვარულის, უპირობო მიმღეობის ვედრებად დაცემულ ბავშვზე გულსაწყვეტი.

ნეტა შენც თუ მოგხვედრია მამის სილა?!- დედის, დედის ხომ მაინც მოგხვედრია?! - მე მგონი ყველას მოხვედრია დედისგან ცოტა, დიდი ამბავი!

აბა სცადე, დაძაბე გონება და იქნებ გაგახსენდეს. გაიხსენე და სულაც ნუ იტყვი. უბრალოდ გაიხსენე. მოგხვედრია თუ არა მშობლის მზრუნველი და აღმზრდელობითი ხელი?!

ვაი და მოგაგონდეს, ნუ გეწყინება. მტკიცებაც არ უნდა, დედას ძალიან უყვარხარ. დარწმუნებული ვარ - მამასაც. უბრალოდ თავის დროზე ისინიც ბოროტად მოატყუეს. ურჩობისთვის სასტიკად დასაჯეს. ხელში იარაღი დააჭერინეს და ერთმანეთი ახოცინეს. ვინც გადარჩა მეტწილად ნაკლულია. მათი ყველაზე მთავარი ნაკლი კი ცხოვრების უმეტესი ნაწილის ჯერ საკუთარი თავის და შემდეგ უკვე შვილების შეკვეთილი რეკონსტრუირებისთვის გარჯაა. რაღა თქმა უნდა, კეთილი ზრახვით - გამოსულიყვნენ და გამოსვლოდათ საამაყო შვილები, რომლებიც ზედმიწევნით დაიცავდნენ ერში გამეფებულ ყველა საზოგადო წესსა თუ ადათს. თორემ აბა ვინ ოხერს რა ჯანდაბად უნდა სიამოვნებდეს ისე ბავშვის ცემა?! თუ არა იმისთვის, რომ უკეთეს ადამიანად გაზარდოს იგი!

თუ იყო, მაგრამ აღარც კი გახსოვს, ან არჩიე მოცემულობად მიგეღო და მარტივად დაგევიწყებინა სიყვარულის სახელით გარტყმული სილის სიმწარე, ეჭვგარეშეა, რომ შენ სხვებზე უფრო მორჩილი გაზრდილხარ. შედეგიან წვრთნაში დახვეწილხარ და დანებებულხარ. თავდავიწყებით დაგიდია უმოძრაობის ჯაჭვები. ავტომატურ რეფლექსიებად მიგიღია კულტურული ნორმები და ტრადიციები. ასე ყველაფერი ხომ უფრო მარტივია. ალბათ შენ უკვე მზად ხარ ემსახურო, აიტანო და მოითმინო საქვეყნო ხვედრი. ნებით გახდი მორჩილი მონა და ფიზიკურ წვრთნას დაქვემდებარებული ფსევდოკულტურის კიდევ ერთ საამაყო მონაპოვრად გადაიქეცი. ფსევდოკულტურის წიაღში შენ შედექი ამაყ მონად. სისტემურ მონსტრებს ჩააბარე გონების ფრთები. სანაცვლოდ კი უაზრო სიტყვებისა და კიდევ უფრო აზრს მოკლებული ფრაზების ხურჯინით დაიწყე ცხოვრება. ახლა კი, როცა უკვე გააღმერთე ძლიერი და ყოვლისმომცველი კულტურა, ის თავად დაიწყებს ზრუნვას შენზე. ცხოვრებას გაგიადვილებს და გაგიკონტროლებს ყველა აზრს, ნათქვამს და ნაბიჯს. იფიქრებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს შენ ნაცვლად. წვრთის მიზანი მიღწეულია, შენ აღარ არსებობ. სულერთი გახდა შენი ზრახვები და სულ აღარ ისმის შენი ფიქრები. შენი ამყოლი ხმა კი კულტურის ხმაურში სინქრონირდება და მხოლოდ აძლიერებს მას.

მისია შესრულებულია.

თუ წამით მაინც დაფიქრდი და გამოფხიზლდი, სცადე და გაუძალიანდი აწ უკვე გაღმერთებულს, მყისვე ცოფიანი კატებივით დაგატყდებიან თავს სხვა, მის წიაღში გამოზრდილი შვილები; პოლიციელები, პარლამენტარები, მღვდლები და პატივსაცემი თამადები. მოგაგნებენ ყველგან. დაგელაპარაკებიან ეროვნულობის, ტრადიციებისა და რელიგიის სახელით. დაგაშინებენ და დაგაკომპლექსებენ მანამ, სანამ ისევ არ დაუბრუნდები თავგადაკლული მრევლის არმიას. ასეთია ჩვენი ქვეყნის სოციალური წესრიგი. და როცა ამას მიხვდები, აუცილებლად აღმოაჩენ, რომ სიყვარულის სახელით მოხვედრილი სილა, სრულიად ბავშვური საზომით ყოფილა მწარე. რეალობა კი ბევრად უფრო მწარეა. ინატრებ, დაუბრუნდე დედის წიაღს და შეშინებული, დღეობით ჩაიკარგები ბნელი ოთახის კედელთან მიდგმულ ზამთრის საწოლში.

მე კი უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრა, რომ თუ გეყო გამბედაობა თავი გამოყო სველი შიშებიდან, აუცილებლად აღმოაჩენ დაკარგულ რუკას, სადაც დანიშნულების პირველ ადგილად პატიების კუნძული ხატია. იქ მისული, ადვილად შეძლებ ცნობიერების სანაგვეზე მოისროლო ყველა სილით გამოწვეული წყენა; შეურიგდე ბრაზიან მშობელს და მიუტევო რომ, თავის დროზე, საუბედუროდ, არ ეყოთ ძალა მიწიდან წამოდგომის და დაივიწყეს ფრენა. პატიების კუნძულზე აუცილებლად აღმოაჩენ რომ, გასული საუკუნის ბოლოს ჩექმოსნებმა მათაც ძალითა და ტყუილით წაართვეს ყველა რუკა. ჩვენს მშობლებს გადარჩენისთვის მიწისძვრის მერე გაჩენილ ნაპრალებში მოუხდათ ყოფნა. უფრო დიდი და დაუმარცხებელი შიშის კლანჭებში, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

შენ კი ნურასოდეს დანებდები, იმიტომ რომ ახლა სხვა დროა, მოძრაობის დრო და თუ ოდესმე მაინც აგებნევა გზა, გონება დაძაბე და ეცადე მოუსმინო შორეულ ძახილს ფსევდოკულტურის ხმაურში; სულების ჩურჩულს და ყოველ ღამე თავად წერო ახალი რუკა. მაგრამ მანამდე აუცილებლად შეურიგდი მშობელს, მაგრად ჩაჰკიდე ხელი, რომ აღარ შეეშინდეს ბნელ ღამეში ძაღლების ყეფის. იქეცი ოჯახის გემის კეთილ კომპასად.

ვიცი, რომ შეძლებ და რომ ერთმანეთს შევხვდებით აღთქმულ მიწაზე. იქ. სადაც შევწყვიტთ არაფრისმომცემ ტირილს და ვუმკურნალებთ დაბზარულ სულებს. ვეღარ შევიყვარებთ გარდაუვალ სოციალურ ხვედრს და ვიპოვით ძალას დემორალიზებული ყოფის შესაცვლელად. ქამრისა და სახრის ნაცვლად, სიყვარულითა და განათლებით შევიმეცნებთ ჩვენსავე ავთენტურ კულტურას და სიცხადეს მოვფენთ ბუნდოვან წარმოდგენებს ჭეშმარიტ რაობაზე. პატიების კუნძულზე, ვიცი, თავიდან გავიცნობთ ღმერთს - საკუთარ თავში. მერე კი, ვინ იცის, იქნებ ჩვენმა შვილებმა მაინც ისწავლონ ფრენა და დაიბრუნონ ჩამორთმეული ფრენის უფლება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ჩემი, შენი და ჩვენი ღმერთი

აღდგომა იყო. მაშინ დედამ პირველად მომიყვა ქრისტეზე და მითხრა: „ხალხმა ჯვარს აცვა სიყვარულისთვის. ეგონათ დაამარცხეს ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ერეკლეს ციხე ნავთლუღში - ათწლიანი ძებნის ...

 „ლიბერალის“ რედაქციას დროდადრო ბლოგების დაწერას შევპირდი. იმასაც შევპირდი, რომ პირველ რიგში საკრებულოშ ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ოპიუმი ხალხისთვის“, ანუ - „ჯვარს აცვი ი ...

„რელიგია ოპიუმია ხალხისთვის“. კარლ მარქსი რას შეიძლება ნიშნავდეს რელიგიურობა კაპიტალისტურ ეპოქაში და როგორ ...

მეტი

^