Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეისის ქეისი

14 ნოემბერი 2017

გასაგებია, რომ რიგითობის პრინციპის გათვალისწინებით, ჯერ ვაინშტაინი უნდა გვეხსენებინა, მაგრამ „სპეისის ქეისი“ უფრო ზუსტად, განზოგადებულად და, რაც მთავარია, ალიტერაციულად ჟღერს სათაურისთვის. სადავო არაფერია, ვაინშტაინსაც და კევინ სპეისისაც საზღაური ბოლომდე  მიეზღოთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია - ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებულია, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამყაროში გაბნეული, ნახევრად ან თითქმის გაუპატიურებული ქალების, ეულად გულჩათხრობილი მოზარდებისა და სექსგახსენებული მოხუცების კანონიერი თუ მოგონილი მრისხანება.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ „დონ ჟუანის“ მითის მორიგი ტრანფორმაციის მომსწრენი ვართ (ტირსო დი მოლინა, მოლიერი, პუშკინი, მოცარტი, კორტასარი), რაც საბოლოოდ, გამრყვნელი, გადამდები და საშიში  თავისუფლების საჯარო დასჯისა და შურისძიების მოთხოვნაში გადადის. უბრალოდ, სექსუალური შევიწროების (Sexual harassment) შემთხვევაში უდანაშაულობის პრინციპი ჩანაცვლდა ერთგვარი „ინკვიზიციური პროცესით“, სადაც ბრალმდებელი ბოლომდე ინარჩუნებს თავისუფლებას და ცილისწამებაზე არ აგებს პასუხს, ხოლო ბრალდებული, ხანდაზმულობის ვადისა თუ ათასი სხვა ნიუანსის მიუხედავად, ყოველთვის დანაშაულით დაღდასმულია.

ბედის დაცინვით, სექსუალური კონტრრევოლუცია ისევ ჰოლივუდიდან დაიწყო, სადაც თავის დროზე ეს მითი იშვა და სადაც ჩაპლინისა თუ მურნაუს სექსუალური სკანდალები პურიტანული დროის გათვალისწინებით, მაინც გამონაკლის შემთხვევებად დარჩა. კინოკრიტიკოსები და სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ სექსუალური შევიწროება ტრამპის დროებას შემთხვევით არ დაემთხვა და ამ პროცესს მაკარტიზმის ახალი ფორმის გამოვლინებას უკავშირებენ, თუმცა ეს აშკარა წინააღმდეგობაში მოდის თავად ფემინისტების მრისხანებასთან,  რომ სამყარო დღეს გაცილებით თავისუფალია გამოხატვის ფორმებით  და რომ „სამართლიანობის აღდგენა როგორც იქნა, დაიწყო“...

ასეა თუ ისე, დაჩაგრული და დაზარალებული ქალების პროტესტმა, რომლებიც წლების გამავლობაში ჩუმად იტანდნენ დამცირებას, გამოაფხიზლა არა მხოლოდ ჰოლივუდი, არამედ პოლიტიკური და სოციალური სისტემა. ჩვენ ზედიზედ ვისმენთ არა მხოლოდ ცნობილი მსახიობების წინასწარ ბოდიშებს  (რომელთაგან ზოგიერთს სხვათა შორის, არც ადანაშაულებენ სექსუალურ შევიწროებაში), არამედ პოლიტიკოსების განცხადებებსაც, რომელთა კარიერა რეალურად დასრულდა.

ამერიკელი ფემინისტისა და ჟურნალისტის, ბეტ უაინგარნერის ბლოგს პლატფორმა Medium -ის ვებგვერდზე, დამცინავად უკვე უწოდეს „ახალი შინდლერის სია“. ამ სიაში იმდენი პროდიუსერი, რეჟისორი და მსახიობია სექსუალურ თუ არასექსუალურ შევიწროებაში მხილებული, რომ ჰოლივუდში თითქმის აღარავინ უნდა დარჩეს. კინომანებს ვურჩევთ გული გაიმაგრონ, რადგან შავ სიაში ერთად არიან - ჯონი დეპი, დასტინ ჰოფმანი. მაიკლ ფასბენდერი, კრისტიან ბეილი და ყოვლისშემძლე ლარს ფონ ტრიერი. თუმცა რა ესაქმება დანიელ „დოგმატიკოსს“ ჰოლივუდთან - უცნაური და ცალკე საკითხია.

უაინგარნერის სიაში, საბედნიეროდ, ვერ მოხვდა გარდაცვლილი მარლონ ბრანდო, რომელსაც თავის დროზე იმდენჯერ შეახსენეს გაუპატიურების სცენა ბერტოლუჩის ფილმში „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, აუცილებლად სამსჯავროს მოუწყობდნენ. არადა, თავად მსახიობ მარია შნაიდერს ბრანდოსთან სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობა აკავშირებდა და მხოლოდ იუმორით იხსენებდა ამ ეპიზოდს.

ცალკე პრობლემას ქმნის, ე.წ. „გაუპატიურების შესახებ ხუმრობები“ (rape joke), რამაც სრულიად სხვა დატვირთვა შეიძინა ვაინშტაინ-სპეისის ამბების ფონზე. ფაქტობრივად, ეს ნახევრადირონიული ხუმრობებიც კი ჰოლოკოსტის კონტექსტში ებრაელების თემაზე ანეკდოტებს გაუტოლეს.

და კიდევ: მთელი ეს აურზაური (All That Jazz - გაუმარჯოს ბობ ფოსს) ალბათ მთლიანად შეცვლის კინემატოგრაფის ტრადიციულ ეროტიკულ კონტექსტს. სცენარებიდან შესაძლოა გაქრეს ორაზროვანი ეროტიკული და სკაბრეზული ხუმრობები, ფლირტი, რადიკალიზმი... ის, რაც ასე მოსწონდათ მეოცე საუკუნის 70-იანი წლების კინოში და რაც სწორედ სექსუალური რევოლუციის შემდეგ იშვა. ასე რომ, უნდა ველოდოთ მომავალში ახალ „ამერიკულ სილამაზეს“ უკვე კევინ  სპეისის ფეისისა და ქეისის გარეშე.

   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^