Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაკავებული სკამი“ და ნახევრად სავსე ტრიბუნა

15 ნოემბერი 2017

 „ზბორის“ ამბებს მოედანზე განანებ, თან მწარედ.

მიღიმის ეშმაკურად და სათამაშო ფორმას ირგებს. ზუკა, იგივე „ჯოკერი“ დამემუქრა და ზაფხულის ბანაკში გამოვლილი „ტანჯვის ანაზღაურებას“ შემპირდა.

 სამოყვარულო გუნდი „ოდიში“ და „დევები“ დღეს პირველად ვხვდებით ერთმანეთს. „ჯოკერის“ გარდა, ზუგდიდს კიდევ ერთი „ბანაკგამოვლილი“ მორაგბე ჰყავს: რატი - „რაპუნცელი“. ჰოდა, მუქარა ჰაერზე გასროლილი სიტყვები არ ყოფილა თურმე და პირველ ტაიმში რატიმ ორი ლელო დაგვიდო და მოწინააღმდეგეც დაწინაურდა.

„ხვამლი არენაზე“ ხელოვნურ მოედანთან 4-5 ხის სკამი დგას. ხოდა, ყოველი ჩემი წამოწყებული შეტევის შემდეგ ერთ-ერთ სკამს ვაშტერდებოდი. აი იმ სკამს, ადრე რომ სულ ცარიელი იყო და ახლა რომ დაკავებულია. პირველ ტაიმში ბურთი რამდენჯერმე მივიღე და, როგორც იტყვიან ხოლმე, „კარგად წავიღე“. „დევების“ შეტევების დამაგვირგვინებელი „ტუსკაა“ - ერთ თამაშში სამი ლელო.

იწყება მეორე ტაიმი. „ოდიშის“ ბიჭები წრეზე დგებიან, ისმის ხმამაღალი - „ჯოს, ჯოს, ჯოს“. თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. შეტევებს „აკულა“ ალაგებს. წლების მანძილზე მის წინააღმდეგ მიწევდა თამაში და დღეს ერთ გუნდში ვართ. მეორე ტაიმში ცვლილებებიც განხორციელდა და ამ იდეალურ თამაშს ჩემისთანა მოყვარულისთვის ლელოს დადებაღა აკლია. ხოდა შეცვლაზე შემოსულმა „მეტრიჩამ“ - მომისმინე და დაგადებინებ ლელოსო.

 ცენტრის ხაზთან „მეტრიჩასგან“ კარგ პასს ვიღებ, გავრბივარ. ერთი კონტაქტი და სვლას ვაგრძელებ. გვერდით ბრიტანელი ჯეიმსი  მომყვება და ქართულ ბრიტანულად მიყვირის „ფასი ბიჩოო, ფასი“. ჯეიმსს „ფასი“ არ მიუღია, მოწინააღმდეგის 22-ში შევაღწიე და ჩავწექი. „აკულამ“ ბურთი მარჯვნივ გაშალა. სანდრომ და გოშამ ლამის ლელოს ხაზამდე მიიტანეს ბურთი და ზუსტად ამ დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და ესეც მესამე ლელო დევების რიგებში. წამოვდექი და „დაკავებული სკამისკენ“ დავიძარი.

 ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, „დაჩეჩქვილი“  და გამარჯვებული რომ გადიხარ მოედანზე, ჩამოუჯდები ახლობელ ადამიანს, მოისმენ მისგან დადებით შეფასებას. პარალელურად მოედანზე შესასვლელად გამზადებულ 9-10 წლის ბიჭებს უყურებ, ბრძოლის ველი ახლა „სოხუმს“ და პატარა „დევებს“ ეთმობათ. 

 ისინი ერთმანეთში გარდამავალი თასის გათამაშებას იწყებენ და წელიწადში 2-3-ჯერ ხან თბილისში და ხანაც ზუგდიდში „შეერკინებიან“. თამაში თანაბარია და ისმის ორმხრივი შეძახილები. ორი 7-წუთიანი ტაიმი თამაშს მოწყურებულ ბავშვებს ნამდვილად არ ეყოფათ, მაგრამ  წესი წესია და ამ შეხვედრით არაფერი მთავრდება... ამ შეხვედრის მიზანი ხომ მოზარდების ერთმანეთთან გაცნობა და დაახლოებაა. საკმაოდ თანაბარი თამაში და დიდი მონდომება ორივე გუნდის მხრიდან.   გარდამავალი თასის პირველი შეხვედრაც სრულდება - „სოხუმი“  4 : 5 „დევები“.

„ოდიში“, დევები“, „სოხუმი“, „პატარა დევები“ -  ყველა ერთიანდება, აღარავის ახსოვს წაგება და მოგება, ყველა ერთი მიზნით ბორჯღალოსნების საქომაგოდ მივდივართ დინამოზე.

 მივედით, დავსხედით და ერთი უსიამოვნო ფიქრი მიტრიალებს: „არ გაივსება“. არ გაივსება, იმიტომ, რომ დინამოზეა; იმიტომ, რომ კანადასთანაა; იმიტომ, რომ არანაირი კამპანია არ ყოფილა ნოემბრის ტესტებამდე; იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მოსვლა ეზარება... არადა, ამინდი, ნაკრები და ბილეთის ფასი შენკენაა...

თუმცა, რას ვიზამთ, ვინც მივედით უპრობლემოდ გაგვატარეს და თამაშიც დაიწყო.

თამაშის განხილვისგან თავს შევიკავებ უბრალოდ ერთს გეტყვით - ვინც არ მოხვედით, მფრინავი სოსოს ცოცხლად ნახვის შანსი გაუშვით ხელიდან.

 მთელი თამაშის განმავლობაში სოხუმის პატარა მორაგბეები ქომაგობენ ნაკრებს, ცელქობენ, ვერ ისვენებენ  და ტრიბუნებზე ხალხის სიმცირეს ისინიც ამჩნევენ. შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგეთ  და თამაშიც დასრულდა. ოვალური ნოემბერი დაიწყო, ნაკრებს კიდევ ორი შეხვედრა აქვს გასამართი.

 ფიზიკური და ემოციური ენერგიისგან დაცლილი  ვტოვებ ტრიბუნას და „მესამე ტაიმის“ ორდღიან მორევში ვეშვები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^