Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი, შენი და ჩვენი ღმერთი

17 ნოემბერი 2017

აღდგომა იყო. მაშინ დედამ პირველად მომიყვა ქრისტეზე და მითხრა: „ხალხმა ჯვარს აცვა სიყვარულისთვის. ეგონათ დაამარცხეს, მაგრამ აღსდგა. სიკვდილს ყოველთვის ამარცხებს სიყვარული, დაიმახსოვრე!". ოთახში გავიქეცი, ფერადი ფანქრებით ქერა თმით და ცისფერი თვალებით ბიჭი დავხატე, ბალიშის ქვეშ დავიდე და ვოცნებობდი, დამსიზმრებოდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მე ორ შვილს ვზრდი და ხშირად ვუყვები  მათ ქრისტეზე, ღმერთზე, რომელსაც უყვარს ყველა, თავს სწირავს დაცემულისთვის, იღებს განსხვავებულს, გმობს სიძულვილს, უპირისპირდება ტყუილს, ღალატს, სიბნელეს. ჩემმა შვილებმა იციან, რომ ნამდვილი ქრისტე განსხვავებულის მიღება, ჩაგრულის დაცვა, წაქცეულის წამოყენება, უსასრულო სიყვარულია დროსა და სივრცეში.

 4 წელია, რაც ქუთაისში ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს, სხვა სახელოვნებო დარგის შემსწავლელ წრეებთან ერთად „მედიასკოლა" ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეგობრებთან ერთად, როცა არაფორმალური გადამზადების კურსის გავლაზე ვფიქრობდი, ერთი მთავარი მიზანი გვქონდა -  პირველ რიგში აღგვეზარდა მოქალაქეები. ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების შეფასება იწყება მაშინ, როცა არსებობს გამართული საკანონმდელო ორგანო და მედია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჟურნალისტს  ჰქონდეს პროფესიული ეთიკა, სტანდარტი, სოციალური პასუხიმგებლობა. ჩვენს სოციალურ კონტექსტში განსხვავებულისა და ცოდვილის „ბრალდებით" კლავენ, ძალადობენ ქალებზე, უმცირესობებზე, ტრადიციისა და ღმერთის სახელით ადამიანებს სიცოცხლის უფლებას ართმევენ. ამიტომ მე და ჩემს გუნდს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ჩვენთან მოსულმა მოსწავლემ გაიაზროს, რა პასუხიმგებლობა აქვს მისგან მიწოდებულ ინფორმაციას საზოგადოების წინაშე. მედია ყოველთვის უნდა იყოს ადამიანის უზენაესი უფლების, სიცოცხლის მხარეს.

შედგა შიდაგანაწესი, სადაც მედიასკოლის მოსწავლეს ეკრძალებოდა ქსენფობიური, ჰომოფობიური და სხვა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის ტირაჟირება. შიდაგანაწესთან ერთად აუდიტორიის კედლებზე მედიის ქარტიის 7, 10 პუნქტი გაიკრა და მოსწავლეებიც მივიღეთ. სხვადასხვა დროს ჩვენი მოსწავლეები პირველი დადგნენ აქციაზე „ვლოცულობ პარიზისთვის" ქუთაისიდან, აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა უფლებების დაცვისთვის გამართულ აქციებში, გამოხატავდნენ პროტესტს საჯაროდ ყოველგვარი სეგრეგაციის მიმართ. ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ მოქალაქეობას და გვქონდა შედეგი - ადგილობრივ მედიაორგანიზაციებში 18 მოსწავლე დავასაქმეთ. 

   მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, როცა ანზორი ჩემს ოთახში შემოვიდა. თითქოს შეშინებულს ჰგავდა,  დაუცველს. გამიმხილა ოცნება - უნდოდა ოდესმე მუშაობა ტელევიზიაში დაეწყო. მთელი წელი ჰქონდა კონფლიქტი, კამათი განსხვავებულ ორიენტაციაზე; გამორჩეულად სძულდა თურქი ეროვნების ხალხი, რის გამო არაერთი საყვედური მიიღო. ერთ-ერთი პედაგოგი მთხოვდა, მასთან ხელშეკრულება შემეწყვიტა. შემდეგ ანზორმა ჩვენი სკოლა დატოვა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა.

   ანზორი, რომ დაბრუნდა, გამიხარდა. სადაც ბრუნდები, ესე იგი, მოგწონს იმ სივრცის ფასეულობები და იცი, რა გინდა. ამიტომ ისევ მივეცი კურსის გავლის საშუალება. მისი თხოვნა იყო სატელევიზიო პრაქტიკის საშუალება მიგვეცა და რეკომენდაცია გაგვეწია ჩვენს პარტნიორებთან. 19 წლის ბიჭი ზრდასრულია. გულწრფელად აღვფრთოვანდი, რომ ისევ ჩვენთან უნდოდა სწავლა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, კაშიას, თემის შემდეგ ანზორის FB-ექაუნთზე სიძულვილის ენის შემცველი სტატუსები გამოჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში არ ცხრებოდა - ხან სტალინს ადარებდა, ხანაც გმირებს ადარებდა, შეურაცხყოფდა. გააზიარა ერთ-ერთი სტატია, სადაც უმცირესობის წარმომადგენლის ფოტო იყო გამოყენებული და სახლში დარჩენას „ურჩევდა“, თუ სიკვდილი არ უნდოდა. მე, როგორც ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ვალდებული ვარ, ჩემი ცენტრი დაცლილი იყოს ძალადობისგან და აგრესიისგან. მივიღე გადაწყვეტილება, იმავე სივრცეში, სადაც გაჟღერდა ძალადობისა და სიძულვილის ენის შემცველი სტატუსები, გამეკეთებინა რეაგირება. ჩემი იმედი და სიხარული ცრუ აღმოჩნდა, ის ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. დაბრუნდა მხოლოდ  ტელევიზიაში სტაჟირებისთვის.

    მისცე ადამიანს ასპარეზი, რომელსაც სძულს განსხვავებული, ჩემთვის არის უპასუხისმგებლობა სხვისი სიცოცხლის მიმართ. თუ ყველა ჩვენი ბერკეტით არ შევზღუდავთ სიძულვილს და არ დავარქმევთ სახელს, მე ხვალ არ მექნება მორალური უფლება, დავდგე და ვიდარდო იდენტობისთვის მოკლული ადამიანის გამო, დაუმორჩილებლობისთვის ცხოველებივით დაკლული ქალების გამო; მე არ მექნება მორალური უფლება, გავაკრიტიკო ჩვენი მკვლელი სოციალური კონტექსტი, თუ გუშინ თავადვე შევუწყვე ხელი ამას.

  პირველად რამდენიმე საეჭვო რეპუტაციის სააგენტომ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით ამცნო საზოგადოებას ამბავი, თითქოს ჩვენ ვინმეს მოსაზრებებს ვუკონტროლებდით, ტვინში ვუძვრებოდით და აზრებს ვუბლოკავდით. შემდეგ ამას მოჰყვა აურზაური, გვიძღვნიდნენ გადაცემებს მაშინ, როცა ჩვენი კომპანიის რეალური სტატუსი არ ჰქოდათ გარკვეული. ამბობდნენ, თითქოს საჯარო სკოლიდან მოსწავლე გავრიცხეთ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. პირადი გამოცდილებით მივხვდი, როგორ გავნებს ჟურნალისტი, როცა ის არაპროფესიონალია. მადლობა ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც გვერდით გვედგა და ობიექტურად მაღალი პროფესიული პასუხიმგებლობით აშუქებდა მასალას. ამ დროს იმედი გაქვს, რომ მარტო არ იბრძვი იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის არსებობის განმსაზღვრელია.

იყო ასეულობით მუქარა, ჩემი არასწრულწლოვანი შვილების ფოტოებზე ამორალური აზრების ფრქვევა, მაგრამ მივხვდი, რომ არ მეშინია! ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობ ჩემ მიერ ბავშვობაში დახატულ ქერათმიან ბიჭთან სიახლოვეს. ზუსტად ვიცი, როგორ ეტკინა, როცა სიმართლისთვის ჯვარს ვაცვით. იმ ღამით, როცა ბალიშის ქვეშ ნახატი დავდე, მეგონა ჩემთან მოვიდოდა. მაშინ არ მოსულა, 20 წლის შემდეგ მოვიდა და გემოთი მაგრძნობინა, რას ნიშნავს სიმართლისთვის დევნა, ადამიანების სიყვარულისთვის ბრძოლა,  მიმღებლობა, შემწყნარებლობა, თავისუფლება. ჩვენი უზენაესი უფლება სიცოცხლეა, ამ ღირებულების დასაცავად თუ გამცირებენ, ესე იგი, გაიმარჯვე!

 სინამდვილეში ჩვენი თანასწორობისთვის იბრძოდა მარად შენი, ჩემი და ჩვენი ღმერთი!

ატალი პატარიძე - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^