Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეორია VS პრაქტიკა

07 დეკემბერი 2017
  • აქვს თუ არა ავტომობილს ქვეითებისთვის გზის დათმობის ვადებულება?

გვეკითხება ასე 10-კაციან ჯგუფს მასწავლებელი  და მეც ყველაზე სწრაფად ვპასუხობ:

  • თეორიულად კი, პრაქტიკულად არა, რა თქმა უნდა. ის ხომ თეთრი შკოდაა.

 ყველა ვიცინით და ვაგრძელებთ....

ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ჩემი ადგილი არაა, მით უმეტეს, ავტომობილზე ამხედრებულს არაფერი მესაქმება თბილისის ქუჩებში, მაგრამ  მაინც გავდივარ მართვის მოწმობის თეორიულ კურსს. ნახევარი პროგრამა უკვე გავლილი მაქვს, ცოტა მეტიც.

მოკლედ, იმდენი ნაღდად გავიარე, რომ საკითხებში არსებულ აფსურდებზე კითხვები გამიჩნდეს და ამ კითხვებზე ფიქრში საგამოცდო საკითხების პასუხები ვერ მოვისმინო. დასურათებულ საგამოცდო ბილეთებს რომ ვუყურებ, ლამისაა გულში სითბო ჩამეღვაროს. გამწვანებული და დავარცხნილი ქუჩები, რომლებიც არაა გადატვირთული, ავტომობილებისგან თავისუფალი ტროტუარები,  ტრამვაი, ხელჯოხით ხელდამშვენებული მარეგულირებლები.... წესრიგის ზეიმი...

მე აქ ცოდნის მისაღებად ვარ მოსული და ვსწავლობ წესებს, რომელიც დაწერილია  და რიგ შემთხვევაში აცდენილია რეალობას. ამ ცოდნით ისეთივე დაუცველი და ამავდროულად საშიში ვარ ქალაქის გზებზე, როგორც ლაბორატორიიდან გამოქცეული რომელიმე ინფიცირებული ცხოველი.

და ეს მარტო მართვის მოწმობის გაცემის დროს არ ხდება. მაგალითად, სამხედრო სავალდებულო სამსახური -  სადაც, თუ დაცვის პოლიციაში მოხვდი, საცეცხლე მომზადებას მხოლოდ ერთხელ გადიხარ და მხოლოდ 9 ტყვიას ისვრი. სამსახურის მოხდის შემდეგ კი იღებ სამხედრო ბილეთს და ომის დროს სტრატეგიული ობიექტების დაცვა გევალება.

თუმცა ჯარში ყველა არ მიდის, ყველა ვერ მიჰყავთ - იქნებ „გიმართლებს“ და ბაკალავრიატს მაგისტრატურას აბამ, მერე ცოლი, შვილი და გადაცდი 27-ს....

განათლება ვახსენეთ და ზემოდან ქვემოთ მივყვეთ. უნივერსიტეტში აბარებს თითქმის ყველა, ვინც ბარიერს გადაცდება. არის საგნები, რომლებშიც იცი, რომ  „აუცილებლად დაგიწერენ“. არიან  სტუდენტები და მათი მშობლები, რომლებმაც იციან, რომ სწავლის მაღალი საფასურის მიუხედავად, ეს ახალგაზრდა „არჩეული პროფესიით“ არასდროს იმუშავებს, თუმცა აუცილებლად ექნება დიპლომი...

უნივერსტეტამდე სკოლა, სადაც გასწავლიან საგნებს, რომლებსაც არამარტო სხვა, არამედ ამ საგნის სპეციალისტებიც კი ზედაპირულად უყურებენ (ფიზკულტურა, შრომა, მუსიკა).  გასწავლიან  საზეპიროებს,  რომელსაც  3 დღეში ვეღარ გაიხსენებ, თუმცა „ჩაგეთვლება“,  ცოტა ვინმე თუ გასწავლის სკოლაში იმას, რაც ადამიანებთან ურთიერთობის დროს დაგჭირდება.

ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი დრო მიაქვს „თეორიული ცოდნის მიღებაში“ გატარებულ საათებს. შემდეგ ფორსმაჟორში გვიწევს პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

ხოდა სანამ თეორიული ცოდნით გამდიდრებულ გარემოში ვიარსებებთ, თეთრ შკოდას პრაქტიკულად კი არა, თეორიულად  ექნება ქვეითებისთვის გზის დათმობის ვალდებულება.

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ამერ-იმერი ქუთაისში

ღვინოვ, კახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

სოლიდარობის მასტერკლასი

17 მაისს დემონსტრაციას ვატარებთ. მთავარი მესიჯი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიება და საქმეების შე ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

როგორ გვაღარიბებენ აფთიაქები

1. გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნე ...

მეტი

^