Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოშკი შუაგულ ქალაქში

11 დეკემბერი 2017

მკითხველის ნებართვით განვაგრძობ წერას თბილისის საფორტიფიკაციო ნაგეგობებზე. თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას არა ქალაქის ცენტრს მოშორებულ ერეკლეს ციხეზე, არამედ შუაგულ ქალაქში აღმართულ ერთ კოშკზე გავამახვილებ.

დარწმუნებული ვარ, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნიდან იუსტიციის სახლის საფეხმავლო ხიდისკენ მიმავალ უამრავ თქვენგანს შეუნიშნავს ეს უცნაური კოშკი და ალბათ გასჩენია შეკითხვა - თუ საიდან აღმოჩნდა ის აქ? ვინ აღმართა, რას ემსახურებოდა?... თუმცა მრგვალ და ნაწილობრივ რკინის მესრით შემოღობილ ამ კოშკს არანაირი წარწერა არ აქვს და, შესაბამისად, თქვენს შეკითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებთ. ოდნავ ცნობისმოყვარე ადამიანი თუ შეჩერდება და დააკვირდება - გაარჩევს კოშკის ძველ კედლებსა და ახალი, მეტ-ნაკლებად ხარისხიანი რესტავრაციის კვალს. ესაა და ეს.

ორბელიანების კოშკი მტკვრის ქუჩაზე, 1930-იანი წლების ფოტო

რა კოშკია ეს? საიდან ამოიზარდა შუა ქალაქში?

ჯერ ის ვთქვათ, რომ მთელი ეს ტერიტორია ქალაქის ისტორიული გალავნის გარეთ მდებარეობდა. ამიტომაც გარეთუბანი ეწოდებოდა. გარეთუბანს უფრო კონკრეტული პატარა უბნებიც ჰქონდა: კალოუბანი, ორბელიანთუბანი და სხვა. ორბელიანთუბანი თავად ორბელიანების კუთვნილი სამოსახლო იყო და სწორედ ყოფილი კოლმეურნეობის, ანუ დღევანდელი ორბელიანის მოედნის ახლოს მდებარეობდა. აქ ორბელიანების რამდენიმე სასახლე, ყმების სახლები, თავლა, სალოცავი და კიდევ არაერთი სამეურნეო ნაგებობა იყო აგებული. სწორედ იმიტომ, რომ ეს მცირე საცხოვრებელი რაიონი ქალაქის გალავანს მიღმა მდებარეობდა, მას თავდაცვისთვის საკუთარი შენობა ესაჭიროებოდა. დიდი ალბათობით აქ რამდენიმე საბრძოლო კოშკი უნდა მდგარიყო, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ერთმა მოაღწია. ისიც გასული საუკუნის დასაწყისში განადგურების პირას იყო.

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ კოშკი თითქმის განადგურებულია. თუმცა ასე ერთ კედელშემორჩენილი კოშკი კიდევ კარგა ხანს მდგარა. 70-იანი წლების ბოლოს არქიტექტორ შოთა ყავლაშვილის მიერ განხორციელებული ძველი თბილისის მასშტაბური რეაბილიტაციის დროს ეს კოშკიც აღუდგენიათ. კოშკზე სწორედ 40 წლის წინანდელი რეაბილიტაციის კვალი შეინიშნება. კოშკს, რომელიც გამოკეტილი და, დიდი ალბათობით, სახურავდაზიანებული დგას, ერთი მცირე დაფაც არ აქვს მიკრული. არადა, ნებისმიერ თავმოყვარე ქალაქში ამგვარ საბრძოლო კოშკს არათუ საინფორმაციო დაფას არ დაყვედრიდნენ, სიცოცხლით აავსებდნენ, სამუზეუმო ფუნქციით დატვირთავდნენ და თვალის ჩინივით გაუფრთხილდებოდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^