Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვახუშტის სტუმრები

13 დეკემბერი 2017

ენის გაუხეშების, გამოშრობის და კვდომის პროცესს ერთი საინტერესო თვისება აქვს, ნეირონში  იმპულსის გავრცელების მსგავსად,  აქაც, ყველაფერი დადებითი უკუკავშირის პრინციპით ხდება. შედეგი  ერთვის და ემატება თავდაპირველ მიზეზს, რითაც საბოლოოდ თავის თავს აძლიერებს.  სულელური აზრი ამახინჯებს ენას, დამახინჯებული ენა კი, თავის მხრივ, ადამიანს სულელურად აზროვნებას უმარტივებს, რაც ენას კიდევ უფრო მახინჯს ხდის და ასე უსასრულოდ. ასეთი აზრი გამოთქვა ჯორჯ ორუელმა თავის ესეიში „პოლიტიკა და ინგლისური ენა.“  ვფიქრობ, ეს ტექსტი არ შემოიფარგლება მხოლოდ 1946 წლისთვის სალიტერატურო ინგლისურში გავრცელებული წერის სტილის კრიტიკით, არამედ საკმარისად უნივერსალურია, რომ ქართულ ბლოგებში დამკვიდრებული უგვანო სტილის გაგებაში გამოგვადგეს.

„ვინ ხმაურობს სცენიდან“  - ასე ჰქვია ვახუშტი მენაბდის  ახალ ბლოგ-პოსტს. ტექსტის სათქმელი საკმაოდ მარტივია - ფაშისტებთან თანამშრომლობა მოსულა. - მაგრამ ავტორმა საოცარი ოსტატობით მოახერხა ამ აზრის სტილისტურად ისე დამუშავება,  რომ ის კიდევ უფრო დაუშნოვდა. 

ბლოგ-პოსტი სავსეა ასეთი ფრაზებით:

„ასოციაციის ულმობელი წესისდა მიხედვით”.

„ფრაგმენტულივე გამარჯვებების იმედი მხოლოდ შესაძლებლობის ზღვარზე არსებული ტაქტიკური კომპრომისების ძიებაშია.“

„საკუთრების წესი პოლიტიკის პრივატიზაციასაც მიელტვის; ისევე, როგორც იერარქიის წესი, რომელიც ცდილობს, პროტესტი ორ ნაწილად გაყოს.“

საინტერესოა, რატომ ააწყო ავტორის გონებამ ამდენი უშინაარსო და, რაც მთავარია, უგემოვნო წინადადება, როცა სინამდვილეში სულ სხვა რამის თქმა უნდოდა? ორუელს ამაზეც აქვს პასუხი: პოლიტიკური ტექსტების მიზანი ხშირად იმის დაცვაა, რისი დაცვაც შეუძლებელია მორალური თვალსაზრისიდან. ამიტომაც, პოლიტიკური ენა ხშირად იყენებს ისეთ წინადადებებს, რომლებიც ზედმეტად ბუნდოვანია საიმისოდ, რომ ადამიანში გაპროტესტების სურვილი აღძრას.   ორუელის თქმით, სწორედ ამ მიზნით არქმევენ დაუცველი სოფლის დაბომბვის, ადამიანების გასახლებისა და  ქოხების გადაწვის პროცესს „პაციფიკაციას“, ხოლო ადამიანების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნას - „არასანდო ელემენტების მოშორებას.“ პოლიტიკური ენა შექმნილია იმისთვის, რომ არ აღძრას მენტალური ხატი,  წაშალოს ზღვარი სინამდვილესა და ფიქციას შორის, წაართვას ენას ფაქტების აღწერის ფუნქცია და  იგი რეალობის შეთხზვის ან  შელამაზებისთვის გამოიყენოს.  ფილოსოფოსისა და პოლიტიკის თეორეტიკოსის, ჰანა არენდტის მიხედვით, ტოტალიტარიზმის ობიექტი არა იდეური კომუნისტი ან ნაცისტია, არამედ ის ადამიანი, რომელიც ვეღარ ასხვავებს ჭეშმარიტს მცდარისგან, ფაქტს ფიქციისგან. ბუნდოვანი ენა ხშირად სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ადამიანის ტოტალიტარული იდეებით ინდოქტრინაციის, გამოთაყვანების საშუალებაა.  

ორუელის მიერ მოტანილი „ცუდი ენის“  მაგალითების უმეტესობა, მემარცხენე ავტორებს ეკუთვნის, ბლოგ-პოსტის ავტორიც ამ ჟანრში მოღვაწეობს.  ისევე, როგორც წინადადება „საბოლოოდ შედეგის მისაღწევად მე  შენი ოპონენტების დახოცვას ვემხრობი“ ვინმე გაქნილი ინტელექტუალური თაღლითის ხელში შეიძლება გარდაისახოს, როგორც:  „მაშინ, როცა ვთანხმდებით იმაზე, რომ საბჭოთა რეჟიმი ავლენს გარკვეულ თვისებებს, რომლებიც ჰუმანისტმა ადამიანმა შეიძლება დაგმოს, ვფიქრობ, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის უფლების შეკვეცა, ტრანზიციული პერიოდების გარდაუვალი გვერდითი მოვლენაა და  ამართლებს წნეხს, რომლის ქვეშაც ხალხი იმყოფება.“ ასევე გარდაქმნა ვახუშტი მენაბდემ თავისი გულუბრყვილო მოსაზრება, რომ  „ფაშიზმისადმი შემწყნარებლობა მისაღებია, რადგან ყველა თანასწორია“  ასეთ უცნაურ წინადადებად:

„ვინაც ფაშიზმისგან თავისუფალ სამყაროზე, ან თუნდაც ამ სოციალური სისტემის პირობებში ფაშიზმისგან თავისუფლების პერსპექტივაზე გველაპარაკება - არ დაეჯერება. საქმე ის არის, ძირისძირში თუ ჩავყვებით, კარგად დავინახავთ, რომ ქვის სროლის ლეგიტიმაცია არ არსებობს. ჩვენი ბრძოლები კი ფრაგმენტულია უსამართლობით სავსე სამყაროში და ფრაგმენტულივე გამარჯვებების იმედი მხოლოდ შესაძლებლობის ზღვარზე არსებული ტაქტიკური კომპრომისების ძიებაშია. იქნებ, ეს კომპრომისები სულაც დაახლოებისთვის გამოდგეს.“

შეიძლება ვახუშტი მენაბდე მართალია და ჰომოფობი, ქსენოფობი, რუსეთუმე მასტერის  იმ აქციაზე გამოყვანა, რომელზეც ადამიანის უფლებებსა და ჩაგრულ ჯგუფებზეა საუბარი, მართლაც  გამოდგეს იმისთვის, რომ  მასტერი სხვა ღირებულებების მქონე აქტივისტებს დაუახლოვდეს, თუმცა ასეთ დაახლოებას რომ წარმოვიდგენ, დარწმუნებული არ ვარ, ვინ ვის გადაიბირებს.

რატომ არის შეცდომის აღიარება ასე რთული? სხვა მხრივ მართლა კარგი აქცია იყო, მსგავსი ემოციური თანხმობა სხვა აქციაზე არც მახსოვს. სულ მცირე, იმის გამო არ ღირდა მასტერისთვის სცენის დათმობა, რომ დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობის ნაცვლად რამდენიმე დღეა  მხოლოდ მასზე ვლაპარაკობთ, რაც წინასწარვე ადვილი წარმოსადგენი იყო.  კრიტიკა და თვითკრიტიკა არ არის ცუდი, მეტიც, არის საკუთარი თავის დახვეწის საუკეთესო საშუალება, რომელზეც ადამიანს ხელი მიუწვდება. მასტერისთვის ტრიბუნის დათმობა არ გამოიწვევს მასში კათარზისს, არამედ კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ ამ საზოგადოებაში ერთდროულად შეიძლება იყო წარმატებული ხელოვანი და ჰომოფობი. ჰომოფობიას უნდა მოსდევდეს მისი სოციალური გაკიცხვა.  ნებისმიერის ყველგან დაპატიჟება ზოგჯერ უბრალოდ  კონფორმისტობაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ციკო ინაურის რეფლექსია: უნიტაზი, საწყისი ...

პირველად საბერძნეთში რომ ჩავედი, 14 წლის ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ვფიქრობდი ფილოსოფიაზეც, ფსიქოლოგიაზეც ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„სათამაშოების ისტორია"

„სათამაშოების ისტორიის“ პირველი ნაწილი ჯერ კიდევ ბაღის პერიოდში ვნახე და მაშინვე იქცა ჩემთვის საყვარელ ანიმა ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

მამის ბლოგი - წერილი N7

ახლახან მეგობრები გყავდა სტუმრად, სიჩუმემ გამაკვირვა და შენს ოთახში შემოვიხედე. სამივე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ტელ ...

მეტი

^