Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციელის სიცილი

28 დეკემბერი 2017

მდინარის ნაპირებზე აშენებული ბევრი სხვა ქალაქის მსგავსად ჩვენი დედაქალაქიც თავის მთავარ არტერიას ჰგავს - ბინძურია, ბეტონში ულაზათოდ მოქცეული, მიუდგომელი და სიცოცხლის ყველა ფორმის მიმართ მტრულად განწყობილი. მისი მოსახლეობაც ყველაზე მეტად  მტკვრის ბინადარ გაუბედურებულ თევზს ჰგავს, წყალში აზოტის ამონიუმის მაღალი შემცველობისგან რომ გამოთაყვანდა.

რამდენი „დრაგია“ თბილისის ჰაერში,  რამდენ ულუფა გოგირდის ორჟანგს ვიყნოსავ ყოველდღე აზბესტის მტვერთან ერთად -  ეჭვი მაქვს, ემდიემეის ეფექტურ დოზაზე ბევრად მეტს - მაგრამ ამ ნივთიერებებს არავინ ერჩის, ასე უდარდელად ტივტივებენ ჰაერში, ზოგიერთ ჩვენგანში სიმსივნეს თესენ, სხვებში რესპირატორულ დაავადებებს. მათ არ გააჩნიათ  სუბიექტური აღქმისთვის იოლად მისაწვდომი თვისებები. ისინი ფარულად სპობენ ჯანმრთელობას.  ამიტომაც არ აღელვებთ მათი არსებობა სადიზმის ქურუმებსა და სტიქაროსნებს, რომლებიც  ცხოვრების ჯანმრთელ წესზე ქადაგებით ცდილობენ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ  დაკანონებული სადიზმის გამართლებას.

ყოველი დღე თავისებურადაა უბედური, უბრალოდ,  ახსენით თქვენი წარმოსახვითი ტივი ნაპირს და თბილისის  მღვრიე,  ბლანტი დინება თავისით ჩამოიტანს მსოფლიოში ყველაზე სევდიან და აპოკალიფსურ გამოსახულებებს: ფეიბოქსის აპარატის მიერ დაბნეული მოხუცი ორგანიზმები, გამოქვაბულის წარწერები სადარბაზოს კედლებზე,  ლიმონის გამყიდველები, მოკლული ტრანსგენდერები, ნაცემი ცოლები,  გაავებული ბავშვები, ავტოსადგური ოკრიბა, რიგები ფსიქოტროპულ აფთიაქებთან და ასე უსასრულოდ.

ისეც ხდება, რომ თუ ყველა ყუთს გულმოდგინედ მოქექავ და ჰეკლბერი ფინივით არც  ნახევრად ჩაძირულ გემზე აძრომას მოერიდები, ქალაქმა შეიძლება სასიამოვნო ნივთიერებით დაგასაჩუქროს, რომელსაც ისე უნდა მოექცე, როგორც სოკოს სუპერმარიოში -  მთლიანად გადაყლაპო. მიღებული ენერგიის დიდი ნაწილი იარების მოშუშებას და ძალების აღდგენას მოახმარო და  რაც მოგრჩება, მორიგი  უსახური კვირის გადაგორებას.

ალბათ, ბევრი პარალელური სამყაროა, რომელშიც შენს  ერთ-ერთ ვერსიას ეს ოინი ბოლომდე არ დასცალდა. არც შენ გაქვს რამე გარანტია, რომ  ერთხელაც ექსტაზის ნაცვლად პოლიციის სირენის გამაყრუებელი ხმა არ შეგიკრავს კრიჭას რომელიმე მიტოვებულ სადარბაზოში.

რა გამოდის, რომ  სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულს -  ადამიანის ცხოვრება არ იყოს ეული, ღარიბი,  მწარე,  მხეცური და მოკლე - არათუ ამის გამოსწორებაზე ფიქრობს, არამედ  დამატებით ძალისხმევას დებს, რომ ბედნიერების უჩვეულო და იშვიათ მომენტებში წაგასწროს, დაგამციროს და მოსაკლავად გაგიმეტოს.

ისედაც კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელის ხელში ნებისმიერი სხვა რამ შეიძლება გახდეს სასიკვდილო იარაღი.  ასე მოკლეს ლევან აბზიანიძე შარდმდენით, ამირან კვირიკაშვილი დაკითხვით,  დემურ სტურუა კი მუქარით. გარდა უზომო სისასტიკისა, ამ შემთხვევებს ის აერთიანებს, რომ ყოველი მათგანი იქ მოხდა, სადაც მომკითხავი არავინ იყო. მაშინ, როცა აქ ზოგჯერ მაინც ვახერხებთ მოვლენებში ჩარევას, როგორც პოეტ ზვიად რატიანის შემთხვევაშია. დედაქალაქისგან მოშორებით კი მხოლოდ ძველი გვამები ტივტივებენ.

თითქოს რამ უნდა გამაკვირვოს ამ ამბების შემდეგ - მეთქი, ვფიქრობდი,  მაგრამ...

„პოლიციელები სახლის მეორე სართულზე იყვნენ ასულები, სადაც ჩემი ძმა, რძალი და ერთი წლის ბავშვი ცხოვრობენ. ისინიც წამოყარეს და იქაც ეძებდნენ. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა.  ვიდრე მის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ, ამბობდნენ, რომ ავადმყოფობას იგონებდა.“

პოლიციელები იცინოდნენ!

თინათინ შენგელია ახლა უკვე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მისი სიკვდილის შემთხვევაში ქართული პოლიციის არსენალს კიდევ ერთი მომაკვდინებელი იარაღი შეემატება - პოლიციელის სიცილი.

გუშინ გიორგი გახარია დამესიზმრა, მარმარილოს მომრგვალებულ აივანზე იდგა და  გამალებით ეწეოდა შავ ბიოს. მისი სხეულის ყველა უჯრედი აგონიაში იყო, გაახსენდა დედა, მამა და თავისი ძაღლი, ჯულბასა. „ ეჰ, რა კარგი იყო სოფელში არდადეგებზე  ჯულბასასთან თამაში, ნეტავ ახლა იქ დამაბრუნა.“ - გაიფიქრა მან და შეცბა, რადგან მიხვდა, რომ ეს ფიქრი მეც გავიგონე. აივანი ნელ-ნელა იბზარება და ინგრევა, გიორგი განწირული ხმით ითხოვს შველას. - „ბევრი სხვა მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში,  აქ ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ.“ -  მისივე სიტყვებით პასუხობს მას ორიოდე დღის წინ რეიდის დროს გაჩხრეკილი 52 000 ადამიანი.  სრულ გაქრობამდე გიორგის ორი პოლიციელის სიცილი ჩაესმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^