Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როზალინდ ფრანკლინი - დნმ-ის დავიწყებული გმირი - ნაწილი მეორე

24 იანვარი 2018

კრიკის ერთადერთი დასკვნა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა ფრანკლინის წლიურ მოხსენებაში აღწერილი გარდამტეხი აღმოჩენიდან: როგორც სტატიის პირველი ნაწილის ბოლოს ითქვა, როზალინდის წლიურ მოხსენებაში ეწერა: დნმ-ის კრისტალური ფორმა ემყარებოდა წახნაგ-ცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს. ასევე, ცხადად იყო აღნიშნული შაქარფოსფატური ხერხემლისა და აზოტოვანი ფუძეების სწორი განლაგება: ხერხემალი სტრუქტურის გარეთ და არა – შიგნით, ხოლო ფუძეები – შიგნით და არა – გარეთ (კრიკსა და უოტსონს კი პირიქით ეგონათ). (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003) როზალინდმა 1953 წლის იანვარში აღმოაჩინა, რომ დნმ-ის „ა“ ფორმას ორმაგი სპირალი ჰქონდა. 1953 წლის თებერვალში დაიწყო „ბ“ ფორმის შესწავლა პატერსონის ცილინდრული ფუნქციით და მალევე, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, აღმოაჩინა მისი ორმაგი სპირალიც (Klug 2004). ამ ურთულესი კალკულაციების მეშვეობით განსაზღვრა დნმ-ის სამგანზომილებიანი კრისტალური სტრუქტურა და დაადგინა წყლის მასა მოლეკულაში. სკრუპულოზური სიზუსტით გამოთვლა სპირალთა დიამეტრი, კოაქსიალური (თანაღერძული) ძაფების ერთმანეთისაგან დაშორება ძაფის ღერძის გასწვრივ და სპირალის (ორმაგი სპირალის) ბიჯი (Klug 2004). ყოველივე ეს ცხადადაა ასახული 1952 წლის დეკემბერში დაწერილ მის წლიურ მოხსენებაში, “Medical Research Council”-ს რომ გაუგზავნა (რომელიც, როგორც უკვე ითქვა, ნახეს კრიკმა და უოტსონმა) (Klug 2004). კრიკმა ცხოვრებაში პირველად წაიკითხა ეს გარდამტეხი დასკვნები, საბოლოოდ რომ შეცვალეს დნმ-ის ისტორია (Klug 2004), (Maddox 2003), (Elkin 2003), (Olby 1974). კრისტალური სიმეტრია იყო ფრანკლინის აბსოლუტურად გადამწყვეტი აღმოჩენა, რომელმაც კრიკი მიიყვანა დასკვნამდე, რომ დნმ-ის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიემართებოდა, ანუ ანტიპარალელური იყო (Olby 1974, 403),  (Elkin 2003), (Maddox 2003), (Klug 2004), თუმცა კრიკისა და უოტსონის საავტორო სტატიაში გაკვრითაც კი არაა ნახსენები, რომ ფრანკლინმა აღმოაჩინა კრისტალური მესერი, დნმ-ის სამგანზომილებიანი სიმეტრია და ასევე, ურთულესი მათემატიკური კალკულაციები ჩაატარა (როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი ინფორმაციებით დახუნძლული ეს მოხსენება ლანგრით მიართვა მათ მაქს პერუცმა). 1952 წლის დეკემბერში შედგენილი ეს მასალები თითქმის სრულად ემთხვეოდა 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ სემინარზე ფრანკლინისაგან წარმოდგენილ დასკვნებს, თუმცაღა, ცხადია, ეს დოკუმენტი ბევრად უფრო დახვეწილ კალკულაციებსა და ღრმა მათემატიკურ ანალიზს შეიცავდა, გაცილებით „მსუყე“ და მდიდარი იყო მეცნიერული თვალსაზრისით. (Klug 2004), (Maddox 2003), (Elkin 2003).

კრიკი თავადვე ადასტურებს: უოტსონმა ვერაფერი გაუგო როზალინდის აღმოჩენილ სამგანზომილებიან სიმეტრიას, ანუ «space group»-ს (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ,,სივრცული ჯგუფი“) (Olby 1974). საერთოდ ვერ აჰყვა მსჯელობაში თავის კოლეგას, რადგან ვერ ერკვეოდა ამ საკითხში. (Olby 1974). მეტიც: უოტსონმა დაიწყო დნმ–ის მოდელის აგება ფრანკლინის წლიურ მოხსენებაზე დაყრდნობით, თუმცა, მისი მოდელის ჯაჭვები არა ურთიერთსაპირისპირო, არამედ – ერთი და იმავე მიმართულებით მიიკლაკნებოდა (Klug 2004). უოტსონი ვერ ახერხებდა ჯაჭვების სწორად დამონტაჟებას, ვიდრე კრიკმა არ უთხრა, რომ როზალინდის მოხსენებაში აღწერილი სიმეტრია ცალსახად ადასტურებდა – ჯაჭვები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიემართებოდა. (Olby 1974); (Klug 2004)

არ იფიქროთ, რომ კრიკმა ბრწყინვალედ იცოდა ის კრისტალური სიმეტრიები, 230-დან ერთამდე რომ შეკვეცა ფრანკლინმა და იმ ერთადერთის სისწორე დაამტკიცა. არ გეგონოთ – ფრანკლინზე უკეთესი და ბევრად უფრო ღრმა მათემატიკური ანალიზი ჩაატარა. სულაც არა. გულწრფელად აღიარებს კიდეც: თავადაც მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა „სივრცულ ჯგუფებზე“; ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდა (Olby 1974). ბედნიერი დამთხვევა აღმოჩნდა ის, რომ ფრანკლინის მონოკლინური, წახნაგცენტრირებული კრისტალური სიმეტრია, C2, აღმოაჩინეს ცხენის ჰემოგლობინში. სწორედ ამ საკითხს ამუშავებდა კრიკი თავის სადოქტორო ნაშრომში. მისივე თქმით, ეს იყო ერთადერთი სიმეტრია 230-დან, რომელიც იცოდა. (Olby 1974). უოტსონი თავის მემუარებში წერს: „ცხადია, როზი (!) თავისი ნებით (!) პირდაპირ არ გადმოგვცემდა საკუთარ (!) მასალებს. ამიტომაც, კინგსის კოლეჯში კაციშვილმა არ იცოდა, ხელში რომ ჩაგვივარდა (!) მისი (!) მასალები“. (Watson 1968). ახლა კი ვნახოთ, როგორ გამოიყენა უოტსონმა ფრანკლინის ეს მასალები.

უოტსონის ერთადერთი „აღმოჩენა“, ერთადერთი ნაბიჯი: გავრცელებული მოსაზრების თანახმად, უოტსონმა შეაწყვილა დნმ-ის აზოტოვანი ფუძეები: ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი, თუმცა, არც კი უხსენებია, რომ მინიმუმ, 7 მეცნიერი დაეხმარა ამ ერთი ნაბიჯის გადადგმაში: 1) როზალინდ ფრანკლინი, 2) ჯერი დონოჰიუ, 3) ჯუნ ბრუმჰედი, 4) ერვინ ჩარგაფი, 5) ფლორენს ბელი, 6) უილიამ ასტბერი, 7) სვენ ფიურბერგი.

1) ფრანკლინი: უოტსონსა და კრიკს ცხადად ახსოვდათ: როცა 1951 წლის ნოემბრის მიწურულს ააწყვეს მცდარი მოდელი, ფრანკლინმა გააკრიტიკა არასწორი კონფიგურაციის გამო და უთხრა – ჰიდროფილური შაქარფოსფატური ხერხემალი იყო სტრუქტურის გარეთ, ხოლო ჰიდროფობიური აზოტოვანი ფუძეები – შიგნით. ეს ასახული იყო ფრანკლინის წლიურ მოხსენებაშიც, რომელიც მათ ნახეს მოდელის აწყობამდე რამდენიმე კვირით ადრე (Klug 2004).

2) ჯერი დონოჰიუ: ამ ცნობილმა ამერიკელმა ქიმიკოსმა უთხრა უოტსონს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ადენინი შეუწყვილა ადენინს, თიმინი – თიმინს, გუანინი – გუანინს, ციტოზინი კი – ციტოზინს. გააკრიტიკა ენოლური წყობის გამოყენების გამო და უკარნახა, ენოლურის ნაცვლად, კეტო კონფიგურაცია უნდა სცადოო (Olby 1974), (Judson 1996), (Elkin 2003), (Donohue 1976), (Watson 1968) დნმ-ის მოდელის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დონოჰიუმ უთხრა ისტორიკოს ჰორას ჯადსონს: „მოდით, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ბედისწერამ გადამისროლა ქევენდიშის ლაბორატორიაში. მე რომ არ ვყოფილიყავი კრიკისა და უოტსონის გვერდით 1952 წლის მიწურულსა და 53-ის დამდეგს, ისინი ახლაც უაზროდ იჩხირკედელავებდნენ და ერთსა და იმავე ფუძეებს შეაწყვილებდნენ ენოლური ფორმებით“ (Judson 1996), (Elkin 2003). მეცნიერი იმიტომ აღნიშნავს ამ ფაქტს ასე ხაზგასმით, რომ უოტსონმა ვერ მოახერხა აზოტოვანი ფუძეების შეწყვილება, სანამ დონოჰიუ არ მიეშველა, გარდამტეხი ინფორმაცია არ მიაწოდა კეტო-კონფიგურაციებისა და წყალბადური ბმების შესახებ და არ დაუმტკიცა, რომ ადენინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწყვილებინა ადენინთან, გუანინი – გუანინთან და ა.შ. ერთი და იმავე ფუძეების შეწყვილება უოტსონის არაკომპეტენტურობისა და არაკვალიფიციურობის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა. დონოჰიუ იმედგაცრუებული და ნაწყენი დარჩა, რადგან კრიკმა და უოტსონმა არ გადაუხადეს დამსახურების შესაფერი და საკადრისი მადლობა.

3) ჯუნ ბრუმჰედი: სწორედ დონოჰიუმ აჩვენა უოტსონს ქიმიკოს ჯუნ ბრუმჰედის დისერტაცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აზოტოვან ფუძეებს შორის წარმოქმნილი წყალბადური ბმების უდიდესი მნიშვნელობა და ადენინისა და გუანინის კრისტალური სტრუქტურები. (Olby 1974) უოტსონისათვის სასიხარულო დამთხვევა: დონოჰიუ ბრუმჰედის სტატიებსა და ნაშრომებს შეისწავლიდა იმ პერიოდში. იმ თვალსაზრისითაც გაუმართლა, რომ ხელში ჩაუვარდა ბრუმჰედის დისერტაცია. ადენინისა და გუანინის კრისტალური სტრუქტურა ბრუმჰედის დიაგრამების წყალობით აღმოაჩინა. კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის განცხადებით, კრიკი და უოტსონი დიდად იყვნენ დავალებულნი ჯუნისაგან, თუმცა, გაკვრითაც კი არ უხსენებიათ ამ მეცნიერი ქალის განუზომელი დამსახურება; არც მადლობა გადაუხდიათ ეტიკეტის დაცვით; მისი დისერტაციისა და სტატიების ციტირების წესით დამოწმებაზე ზედმეტია საუბარი. (Cruickshank)

4) ერვინ ჩარგაფი: სახელოვანი მეცნიერი აღაშფოთა საკუთარი ღვაწლის უგულებელყოფამ, რამეთუ სწორედ მან დაადგინა დნმ-ის ფუძეთა კომპლემენტარობის პრინციპი, ე.წ. „ჩარგაფის წესი“: ადენინისა და თიმინის „ხვედრითი წილი“ თანაბარი იყო; აგრეთვე, გუანინისა და ციტოზინის მასა უტოლდებოდა ერთმანეთს. 1962 წელს, როცა ნობელის პრემია მიიღეს კრიკმა, უოტსონმა და უილკინსმა, განრისხებულმა ჩარგაფმა პროტესტის ნიშნად დატოვა ლაბორატორია, პლაგიატიზმში დასდო ბრალი ამ ტრიოს და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს მისწერა თავისი წვლილის დაკნინების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ მან დაიცვა უკვე გარდაცვლილი როზალინდ ფრანკლინი, როცა 1968 წელს გამოქვეყნდა უოტსონის „ორმაგი სპირალი“. ჩარგაფმა ვრცელი სტატია დაწერა უოტსონის პლაგიატობის, ფრანკლინისადმი გამოჩენილი უსამართლობის შესახებ და ხაზი გაუსვა როზალინდის გადამწყვეტ როლს დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში. ასე მოიქცა ჯერი დონოჰიუც (Donohue 1976); (Chargaff 1968); (Judson 1996); (Olby 1974); (Klug 2004).

5 – 6) ფლორენს ბელი და უილიამ ასტბერი: მათ გადაიღეს დნმ-ის პირველი რენტგენოგრამები 1938-39 წელებში. ბელი დოქტორანტი იყო ლიდსის უნივერსიტეტში და აქტიურად თანამშრომლობდა ასტბერისთან. მათ აღმოაჩინეს, რომ აზოტოვანი ფუძეები მიბმული იყო შაქარფოსფატურ ხერხემალზე, ფუძეების ამგვარი განლაგება შეადარეს პენის მონეტების გროვას, სწორად გამოთვალეს დაშორება „პენის მონეტებს“ შორის – 0.34 ნანომეტრი. ზუსტად ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრი გამოიყენეს უოტსონმა და კრიკმა მოდელის აწყობისას.

7) სვენ ფიურბერგი: დოქტორანტი სტუდენტის სტატუსით მუშაობდა ბირკბექის კოლეჯში, როცა (1949 წელს) დაასკვნა: აზოტოვანი ფუძეები ხერხემლისადმი პერპენდიკულარულად იყო განლაგებული. ასევე, იგი გახლდათ პირველი მეცნიერი, რომელმაც აღნიშნა, რომ დნმ-ს ჰქონდა სპირალური სტრუქტურა, თუმცა, სწორად ვერ განსაზღვრა ჯაჭვების რაოდენობა (Judson 1996); (Olby 1974); (Elkin 2003).

1953 წლის 25 აპრილს ჟურნალმა «Nature»-მა დაბეჭდა უოტსონისა და კრიკის მოდელი. შემდეგი სტატიის ავტორები იყვნენ: მორის უილკინსი, ჰერბერტ უილსონი და ალექს/ალეკ სტოუკსი. სულ ბოლოს გამოაქვეყნეს როზალინდისა და გოსლინგის ნაშრომი (რიგით მესამე), ისე, თითქოს, ფრანკლინის კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებდა ამ მოდელის სისწორეს. მიუხედავად იმისა, რომ გარდამტეხი მასალა (შემაჯამებელი წლიური მოხსენება და „51-ე ფოტო“) ეკუთვნოდა ფრანკლინს და მისგან იყვნენ დავალებულნი, კრიკსა და უოტსონს არც სტატიაში არ დაუმოწმებიათ იგი ციტირების წესის დაცვით და არც – ნობელის გადაცემის ცერემონიაზე. მისგან აღმოჩენილი სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია გაკვრითაც კი არაა ნახსენები. ციტირებულნი არიან: სვენ ფიურბერგი, ერვინ ჩარგაფი, უილიამ ასტბერი, მაგრამ არა – როზალინდ ფრანკლინი, ჯუნ ბრუმჰედი და ფლორენს ბელი (სამივე ქალი იყო). ავტორები სტატიის ბოლოს წერენ (მას შემდეგ, რაც სიტყვაძუნწად გადაუხადეს მადლობა ჯერი დონოჰიუს), რომ „სტიმული მისცათ უილკინსისა (!) და ფრანკლინის ზოგადმა ცოდნამ (!), აგრეთვე, მათმა (!) გამოუქვეყნებელმა ექსპერიმენტულმა შედეგებმა და იდეებმა“. (Watson and Crick 1953).

ამ რევოლუციურ სტატიაში გამოთქმულია ჰიპოთეზა, რომ „აზოტოვან ფუძეთა ზუსტი თანამიმდევრობა არის ის კოდი, გენეტიკურ ინფორმაციას რომ ატარებს“. (Crick and Watson 1953) ეს მოსაზრება გულისხმობდა შემდეგს: ფუძეთა და ნუკლეოტიდთა თანმიმდევრობა უსაზღვრო მრავალფეროვნებას მალავდა. როზალინდ ფრანკლინმა დამოუკიდებლად აღმოაჩინა ეს 1953 წლის დამდეგს. (Klug 2004). იმავე წლის 24 თებერვალს დაასკვნა: დნმ-ის შემადგენელი ნუკლეოტიდებისა და აზოტოვანი ფუძეების ერთობლიობა ნიშნავდა იმას, რომ დნმ-ის ორი ჯაჭვი კომპლემენტარული იყო, ეს კი რეპლიკაციის საშუალებას აძლევდა მოლეკულას (Klug 2004). ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში აღნიშნულია: „ნუკლეოტიდთა უსაზღვრო მრავალფეროვნება და მრავალსახოვნება, ალბათ, ნათელს მოჰფენს დნმ-ის განსაკუთრებულ ბიოლოგიურ მნიშვნელობას“. (Klug 2004). ამგვარად, აღმოაჩინა დნმ-ის ყველაზე დიდი საიდუმლო: ფუძეთა თანმიმდევრობა შეიცავს გენეტიკურ კოდს. (Klug 2004) ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: მისი ზემოხსენებული მიგნებები არ ეხება დნმ–ის სტრუქტურას. გენეტიკური კოდის გადაცემა დნმ–ის აგებულების ნაწილი კი არა, მისი უმთავრესი ფუნქციაა. შესაბამისად, ფრანკლინმა სხვების დაუხმარებლად იპოვა მოლეკულის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება. (Klug 2004).

რა გამორჩა ფრანკლინს? კრიკის თანახმად, ფრანკლინს მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებდა საბოლოო მიზანს: 1) უნდა გაეცნობიერებინა, რომ დნმ-ის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა; 2) რომ აზოტოვანი ფუძეები (სწორი ტაუტომერული ფორმებითა და კეტო-კონფიგურაციებით) შეწყვილებული იყო მოლეკულაში (Klug 2004).

ფრანკლინის თანამშრომლის, აარონ კლუგის, ვრცელი სტატიის თანახმად კი კრიკის ამ განცხადებას დაზუსტება და შესწორება სჭირდება. სწორედ ის გახლავთ მეცნიერი, რომელსაც გადაეცა ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკები (მისი გარდაცვალების შემდეგ). ნობელიანტმა კლუგმა დაწერა არაერთი სტატია როზალინდის უდიდესი აღმოჩენების ნათელსაყოფად და მსოფლიოს ამცნო მისი გადამწყვეტი როლის შესახებ. იგი პირადად იცნობდა კრიკს, ესაუბრებოდა ამ საკითხზე და აჩვენებდა ფრანკლინის წიგნაკს. ეს დოკუმენტი ცხადად ადასტურებს: 1953 წლის იანვარში ფრანკლინმა პატერსონის გარდაქმნის მეთოდის გამოყენებით აღმოაჩინა, რომ დნმ–ის „ა“ ფორმა შეიცავდა ორ სპირალურ ჯაჭვს, ხოლო ეს ჯაჭვები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა, ანუ ანტიპარალელური იყო (მისი ორივე მიგნება სწორი არმოჩნდა). (Klug 2004). ამიტომაც, ცალსახად მცდარია კრიკის ის მტკიცება, რომლის თანახმადაც, როზალინდ ფრანკლინმა, თითქოსდა, ვერ გააცნობიერა დნმ-ის ორი ჯაჭვის ანტიპარალელური მიმართულება. (Klug 2004). მან მხოლოდ და მხოლოდ იმის გააზრება ვერ მოასწრო, რომ დნმ-ის „ბ“ ფორმის ჯაჭვებიც, ასევე, ანტიპარალელური მიმართულებით მიემართებოდა. ფრანკლინი მხოლოდ „ა“ ფორმას იკვლევდა 1952 წლის აპრილიდან 1953 თებერვლამდე და იპოვა კიდეც ორმაგი სპირალი. თებერვალში მიუბრუნდა „ბ“-ს, შეუდგა ანალიზს და მისი ორმაგი სპირალიც აღმოაჩინა. (Klug 2004). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიკს (თავისივე თქმით), საერთოდ არ უნახავს დნმ-ის „ა“ ფორმის დიფრაქციული ფოტო და მხოლოდ „ბ“ ფორმაზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა. ამის თაობაზე გარკვევით მისწერა უილკინსს 1953 წლის 5 ივნისს, ანუ მათი ხმაურიანი სტატიის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ და გაუმხილა - ძალიან ბედნიერი იყო, რომ უფრო ადრე არ ნახა „ა“ ფორმის ფოტო (Klug 2004); (Glynn 2012). ამ დეტალის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ იხილეთ უფრო ვრცლად სტატიის ბოლოს.

რაც შეეხება კრიკის იმ მოსაზრებას, რომ ფრანკლინს აზოტოვანი ფუძეები სწორი ტაუტომერული ფორმებითა და კეტოკონფიგურაციებით უნდა შეეწყვილებინა: ლაბორატორიის წიგნაკი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს – ფრანკლინმა სწორად მოათავსა აზოტოვანი ფუძეები დნმ-ის სტრუქტურის შიგნით (Klug 2004). ჯერ კიდევ 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ კოლოქვიუმზე და შემდგომში, 1952 წლის დეკემბერში დაწერილ წლიურ მოხსენებაშიც აღნიშნა ფუძეებისა და ფოსფატური ჯგუფების სწორი განლაგება – ფუძეები სტრუქტურის შიგნით, ხოლო შაქარფოსფატური ხერხემალი – გარეთ. (Klug 2004). ფრანკლინმა აღწერა დნმ-ის ოთხი აზოტოვანი ფუძიდან სამის სწორი ტაუტომერული ფორმა, მართებული კეტო-კონფიგურაცები, ჩარგაფის წესები და კრისტალური სიმეტრიები (Klug 2004); (Elkin 2003). არ უნდა დაგვავიწყდეს: დნმ-ის ოთხივე ფუძის სწორი ტაუტომერული ფორმა და კეტოკონფიგურაციები ჯერი დონოჰიუმ ასწავლა უოტსონს; რომ უოტსონმა ჯუნ ბრუმჰედის დისერტაციისა და სტატიების წყალობით შეიტყო ორი ფუძის კრისტალური სტრუქტურის შესახებ. ეს დიდი აღმოჩენა იყო მისთვის. (Judson 1996); (Donohue 1976); (Olby 1974).

ფრანკლინის პირველმა ბიოგრაფმა, ენ სეირმა, ინტერვიუ ჩამოართვა კრიკს; ჰკითხა, შესძლებდა თუ არა როზალინდი ამ უკანასკნელი ორი დეტალის გაცნობიერებას. კრიკმა მიუგო: „ო, ნუ გავიბრიყვებთ თავს. რა თქმა უნდა, მხოლოდ როზალინდი შესძლებდა მთელი სტრუქტურის აღმოჩენას კინგსის კოლეჯიდან. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო როზალინდისათვის“ (Sayre 2000, 212-213).

სამწუხაროდ, არავის დაუსვამს ერთი მეტად მწვავე, უხერხული, უსიამოვნო, მაგრამ ლოგიკური და ბუნებრივი შეკითხვა კრიკისათვის: თავად ის და მით უმეტეს, უოტსონი (რომელმაც ვერაფერი გაუგო ფრანკლინის აღმოჩენილ კრისტალურ სიმეტრიას) რამდენი ნაბიჯით იყვნენ დაშორებულნი ფინიშის ხაზს, როცა ხელში ჩაიგდეს ფრანკლინის გარდამტეხი მასალები და წლიურ მოხსენებაში აღნუსხული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები? აარონ კლუგმა დაამტკიცა, რომ ფრანკლინს ნაბიჯ ნახევარი აშორებდა საბოლოო მიზანს. ახლა ვნახოთ, რამდენი „აკლდათ“ კრიკსა და უოტსონს.

რა ჰქონდათ ხელთ უოტსონსა და კრიკს ფრანკლინის წლიური მოხსენების ნახვამდე? აი, რა: დნმ-ის სამსპირალიანი ჰიპოთეზა (მცდარი); შაქარფოსფატური ხერხემალი სტრუქტურის შიგნით (მცდარი); აზოტოვანი ფუძეები სტრუქტურის გარეთ (მცდარი); დნმ-ის სპირალების არასწორი დიამეტრი; წარმოდგენა არ ჰქონდათ დნმ-ის სამგანზომილებიან კრისტალურ სიმეტრიაზე, ანუ “Space Group”-ზე, C 2-ზე; არ იცოდნენ, რომ დნმ ემყარებოდა წახნაგ-ცენტრირებულ, კრისტალურ მესერს. არ იცოდნენ აზოტოვანი ფუძეების კრისტალური სიმეტრიები და სწორი კეტო-კონფიგურაციები; ვერ აცნობიერებდნენ სტრუქტურის შიგნით, აზოტოვან ფუძეებს შორის მიმდინარე წყალბადური ბმების მნიშვნელობას და ჩარგაფის თანახმად, კრიკმა ისიც კი არ იცოდა, რა ქიმიური სხვაობა იყო ოთხ აზოტოვან ფუძეს შორის. შეეძლოთ, ჰქონოდათ ეს არასწორი მოდელი და მცდარი იდეები მანამ, სანამ თავად არ მობეზრდებოდათ.

მათ 1953 წლის მარტში ააწყვეს დნმ-ის სწორი მოდელი (ფრანკლინის წლიურ მოხსენებაში აღწერილ აღმოჩენებსა და უზუსტეს კალკულაციებზე დაყრდნობით) და კიდევ ერთხელ მოიწვიეს ფრანკლინი. ამ უკანასკნელმა თვალი შეავლო თუ არა მათ ნამუშევარს, თქვა, რომ მოდელი სწორი იყო (Maddox 2003); (Olby 1974); (Klug 2004). უოტსონი თავის „ორმაგ სპირალში“ წერს: „გამაოცა და გამახალისა მისმა მყისიერმა თანხმობამ“. (Watson 1968). აარონ კლუგი აღნიშნავს: იმიტომ გაოცდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაოდენ ახლოს იყო ფრანკლინი ფინიშის ხაზთან. (Klug 2004). უილკინსმა მარტის შუა რიცხვებში ნახა მოდელი, ფრანკლიმა კი – შედარებით გვიან, თვის მიწურულს (Klug 2004).

მითი: „ანტისპირალური როზი“

რატომ გააოცა უოტსონი ფრანკლინის მყისიერმა თანხმობამ 1953 წლის მარტში, როცა მან და კრიკმა ააწყვეს დნმ-ის მოდელი? 1952 წლის 18 ივლისს, ფრანკლინმა და გოსლინგმა დაბეჭდეს დნმ-ის „ა“, ანუ „კრისტალური“ ფორმის, „ნეკროლოგი“. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შავი ლენტით გაწყობილი ეს ბარათი მხოლოდ და მხოლოდ „ა“ ფორმას ეხებოდა (მასზე გასაგებად წერია „კრისტალური“. ფრანკლინმა და გოსლინგმა „ა“-ს უწოდეს კრისტალური, ხოლო „ბ“-ს – პარაკრისტალური) “The death of D.N.A helix (Crystalline) / დნმ-ის სპირალის (კრისტალურის) სიკვდილი.“ (Wilkins 2005, 182); (Elkin 2003); (Maddox 2003); (Olby 1974); (Judson 1996).

„დიდი სინანულით უნდა გაუწყოთ დნმ-ის სპირალის (კრისტალურის) გარდაცვალება 1952 წლის 18 ივლისს. სიკვდილი მოჰყვა ხანგრძლივ ავადმყოფობას, რომელსაც ვერ უწამლა ბესელიზებული ინექციების ინტენსიურმა კურსმა. პანაშვიდი გაიმართება მომავალ ორშაბათს, ან სამშაბათს. იმედი გვაქვს, დოქტორი მ. ფ. უილკინსი იტყვის ორიოდე სიტყვას განსვენებული სპირალის მოსაგონრად“, -ვკითხულობთ ბარათში. (ბესელიზებულ ინექციებში იგულისხმება ბესელის ფუნქციები – მათემატიკური ანალიზი, რომელიც გამოიყენება კრისტალოგრაფიაში) (Wilkins 2005); (Elkin 2003); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Olby 1974).

სწორედ ეს სახუმარო ნეკროლოგი (მორის უილკინსის ჯიბრზე რომ შეადგინეს) გახდა იმ მითის საფუძველი, რომ თითქოდა, „ფრანკლინი გავეშებით უარყოფდა დნმ-ის (ორივე ფორმის!) სპირალურ სტრუქტურას“. რეიმონ გოსლინგმა უთხრა კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ემერიტუს პროფესორს, ლინ ოსმან ელკინს, რომ კინგსის კოლეჯში მეტისმეტად სერიოზულად მიიღეს ეს ხუმრობა. (Elkin 2003). ისტორიკოსებმა, ჰორას ჯადსონმა და რობერტ ოლბიმ ამ ფაქტზე დაყრდნობით გამოთქვეს მოსაზრება, რომ ფრანკლინი „ანტისპირალური“ იყო (Judson 1996); (Olby 1974). თუმცაღა, ოლბი თავადვე დასძენს, რომ ეს ფრანკლინისა და გოსლინგის ხუმრობა იყო. (Olby 1974) წარმოიშვა კიდევ ერთი ზღაპარი: თითქოს, ფრანკლინმა და გოსლინგმა „ათასობით ასეთი სამგლოვიარო ბარათი გაუგზავნეს კოლეგებს“. ლინ ოსმან ელკინმა ინტერვიუ ჩამოართვა კინგსის კოლეჯის თანამშრომლებს (Elkin 2003). შედეგად, მხოლოდ ალეკ სტოუკსმა დაადასტურა, რომ ერთი ბარათი მიიღო. რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა – „ა“ ფორმის სპირალის „პანაშვიდის“ მაუწყებელი განცხადება დაინახეს დაწესებულების შემოსასვლელში ჩამოკიდებულ დაფაზე. კოლეგების უმეტესობის მტკიცებით, არასოდეს მიუღიათ ასეთი ბარათი. ეს განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგება იმ ლეგენდას, რომლის თანახმადაც, ფრანკლინმა „ათასობით ასეთი ბარათი დაუგზავნა ხალხს და ვერ ხედავდა სპირალურ აგებულებას“ (Elkin 2003). ფრანკლინის ყოფილი თანამშრომლების მტკიცებას, რომ შევეშვათ და ბევრად უფრო სანდო წყაროს მივმართოთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ მითს აცამტვერებს ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკიც, 1951 წლის 21 ნოემბრის კოლოქვიუმის ჩანაწერებიც (მისივე ხელით დაწერილი), იმავე წლის ბოლოს შედგენილი წლიური მოხსენებაც და 1952 წელს დაწერილი წლიური შეჯამებაც. ყველა ამ დოკუმენტში ფიქსირდება სიტყვა „სპირალური“/Helical, გასაგებად, ექსპლიციტურად, მიკიბ-მოკიბვისა და ყოველგვარი ბუნდოვანი ფორმულირების გარეშე. (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). 1953 წლის იანვარში „ა“ ფორმის ორმაგი სპირალია აღნიშნული; თებერვალში – ორივე ფორმის, „ა“-ს და „ბ“-ს ორმაგი სპირალი. აი, ასეთია სინამდვილე.

როგორც უკვე ითქვა, ეს ბარათი 1952 წლის 18 ივლისს შეადგინეს გოსლინგმა და ფრანკლინმა. ფრანკლინს სულ ახალი დაწყებული ჰქონდა „ა“ ფორმის დნმ-ის რენტგენოგრამის მათემატიკური ანალიზი. (Maddox 2003); (Elkin 2003); (Klug 2004). იგი იყენებდა პატერსონის გარდაქმნის ფუნქციას. ეს ძალიან ნელი, დროში გაწელილი პროცესია, გულმოდგინე მუშაობა, უმკაცრესი აკურატულობა და ზედმიწევნითი სიზუსტე სჭირდება. მთელი 9 თვის მანძილზე (1952 წლის მაისიდან 1953 წლის იანვრამდე) ასრულებდა ურთულეს მოლეკულურ კალკულაციებს. წარმატებით დააგვირგვინა საქმე: დაადასტურა ,,ა“ ფორმის სპირალური აგებულება და ისიც დაასკვნა, რომ „ა“, ანუ კრისტალურ ფორმას ჰქონდა ორი სპირალური ჯაჭვი (ეს მოხდა 1953 წლის იანვარში, როცა უოტსონსა და კრიკს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ჯაჭვების რაოდენობაზე. მათ მხოლოდ თებერვალში ნახეს ფრანკლინის წლიური მოხსენება). (Klug 2004), (Olby 1974), (Maddox 2003), (Elkin 2003). რატომ დაწერეს ეს ტექსტი ფრანკლინმა და გოსლინგმა? საქმე ისაა, რომ „ა“-ს დიფრაქციული გამოსახულება არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას. პირიქით: ნათლად ჩანს – არავითარი სპირალური მოხაზულობა არ იკვეთება რენტგენოგრამაზე. ფრანკლინის მტკიცებით, შეუძლებელი იყო „ა“-ს სპირალურობაზე საუბარი, ვიდრე არ ამოწურავდა მათემატიკურ ანალიზს, არ შეაგროვებდა საკმარის მასალას და უტყუარად არ გაამყარებდა თავის თვალსაზრისს. გარდა ამისა, რაკი დნმ-ს ჰქონდა ორი სხვადასხვა ფორმა: „ა“ (კრისტალური) და „ბ“ (პარაკრისტალური), ამიტომ, ორივეს თავისებურებანი და განსხვავებული პარამეტრები უნდა გაეთვალისწინებინათ მოდელის აგებისას (Maddox 2003), (Klug 2004), (Elkin 2003), არასოდეს უთქვამს, რომ „ბ“ ფორმას არ ჰქონდა სპირალური სტრუქტურა, იმ პერიოდშიც კი, როცა ეჭვი გამოთქვა „ა“-ს სპირალის თაობაზე. (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003) მისი სტუდენტი, რეიმონ გოსლინგი, ცალსახად ადასტურებს ამას. (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003) გოსლინგის მტკიცებასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში ჩახედვაც კი სრულებით საკმარისია ამაში დასარწმუნებლად (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003). აარონ კლუგი, თავის ვრცელ სტატიაში (Klug 2004) გვიჩვენებს ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკის ასლს: 1952 წლის მაისით დათარიღებულ გვერდზე როზალინდი აანალიზებს დნმ-ის „ბ“ ფორმის რენტგენოგრამას (ესაა 49-ე ფოტო, 51-ე დიფრაქციული გამოსახულების წინამორბედი. მეცნიერი ამ რენტგენოგრამასაც კი სპირალურ ფორმას მიუსადაგებს (Klug 2004). „ფრანკლინმა ეს დაწერა მაშინ, როცა არ იყო დარწმუნებული, ნამდვილად სპირალური იყო, თუ არა „ა“ ფორმა“,-წერს აარონ კლუგი. (Klug 2004) იგი კატეგორიულად არ ამტკიცებდა „ა“-ს „არასპირალურობას“, უბრალოდ, მისი მოსაზრებით, ეს იყო შეკითხვა, რომლისთვისაც პასუხი უნდა გაეცა. სწორედ ეს შემთხვევა ასაზრდოებს იმ მითს, რომ „ფრანკლინს „წარმოდგენა არ ჰქონდა დნმ-ის სპირალურობაზე“. (Klug 2004), (Maddox 2003), (Elkin 2003). ვისაც სწამს ამ მითის, შეუძლია, იხილოს ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკი, 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული კოლოქვიუმის ჩანაწერი, მისი ორი წლიური მოხსენება (1951-52) და წამის უსწრაფესად დარწმუნდება საპირისპიროში (Klug 2004), (Maddox 2003), (Elkin 2003).

როზალინდი ბრაზობდა, როცა ადამიანები კატეგორიული ტონით უმტკიცებდნენ, რომ „ა“ ფორმასაც სპირალური აგებულება ჰქონდა. მეცნიერი „ჰაერში გამოკიდებულ კოშკებს“ უწოდებდა მათ მოსაზრებებს, რადგან ჰიპოთეზას არავითარი ექსპერიმენტი და უდავო მტკიცებულება არ უმაგრებდა ზურგს. (Klug 2004), (Maddox 2003), (Elkin 2003). ასეთი ნაადრევი დასკვნები (რაც მთავარია, მათემატიკური ანალიზის დასრულებამდე) მარტოოდენ მეცნიერულ უმწიფრობაზე მეტყველებდა. ფრანკლინს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა უილკინსისთვის თავგზის არევა (Elkin 2003). ამ უკანასკნელმაც, დაუჯერა და ირწმუნა, რომ დნმ–ის ა ფორმას არ ჰქონდა სპირალური აგებულება. ესაა ამ ამბის მთელი ირონია: ფრანკლინმა თავისი მეტოქე დაარწმუნა „არასპირალურობაში“, თუმცა, იმავე წლის ბოლოს დაწერილ შეჯამებაში გარკვევით დაწერა „ა“ ფორმის სპირალური სტრუქტურის თაობაზე, ხოლო უილკინსი შეცდა, გაება ფრანკლინისაგან დაგებულ „არასპირალურ მახეში“ და 1952-ის დამლევს, შემაჯამებელ მოხსენებაში აღნიშნა, რომ „ა“ ფორმას არ ჰქონდა სპირალური მოყვანილობა. (Elkin 2003); (Klug 2004) აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ უთხრა ისტორიკოსს ჰორას ჯადსონს: „როზალინდმა ცუდ გზაზე დამაყენა. მითხრა, სტრუქტურა არ არის სპირალურიო”. (Judson 1996). როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, როზალინდმა ეს თქვა ,,ა“ და არამც და არამც – ,,ბ“ ფორმის შესახებ და ისიც, მხოლოდ მაშინ, როცა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა ,,ა“-ს გამოსახულების გაშიფვრა (როგორც ვნახეთ, წარმატებით დაასრულა პატერსონის გარდაქმნის ფუნქციით მუშაობა და სწორად გამოიყვანა „ა“-ს სტრუქტურა). როგორც გოსლინგმა აღნიშნა, კინგსის კოლეჯის ლაბორატორიის წევრებმა დაიჯერეს მათი ხუმრობა (Elkin 2003). გარდა ამისა, თავს იჩენს ერთი სრულიად ლოგიკური, რაციონალური და ბუნებრივი შეკითხვა: თუკი უილკინსს ჰქონდა საკმარისი კომპეტენცია, უნარი, კვალიფიკაცია და გამჭრიახობა, რატომ დაუჯერა ასე უსიტყვოდ როზალინდს? რატომ ენდო ბრმად? რატომ არ შეუდგა თავად მათემატიკურ ანალიზს, თუნდაც, პატერსონის მეთოდის მეშვეობით? რად არ დაამტკიცა, რომ როზალინდი ატყუებდა? სწორედ ეს იყო მთავარი განსხვავება როზალინდსა და უილკინსს შორის: ფრანკლინი თავისით, დამოუკიდებლად მიდიოდა ყველა დასკვნამდე და ყურმოკრულ ჭორებსა და ვარაუდებზე არ აგებდა იდეებს. მეტისმეტად მკაცრი, სკრუპულოზური ექსპერიმენტალისტი იყო და ვიდრე არ მოაგროვებდა უტყუარ, მყარ მტკიცებულებებს, არ გავარდებოდა ლაბორატორიის დერეფანში და არ მორთავდა ყვირილს: „ევრიკა!“ როზალინდი გახლდათ ისეთი მეცნიერი, “Single-minded”-ს რომ უწოდებენ ბრიტანელები (არაერთი მეცნიერი სწორედ ამ ზედსართავით მოიხსენიებს მას, მათ შორის, – ჯონ დესმონდ ბერნალი, ერვინ ჩარგაფი, ჯერი დონოჰიუ, ლინ ოსმან ელკინი, აარონ კლუგი, ებრაჰამ სონენშეინი და ა.შ.) (Maddox 2003), (Elkin 2003), (Klug 2004).

ფრანკლინის მტკიცებით, უცილობლად უნდა გაეთვალისწინებინათ დნმ-ის ორივე ფორმის პარამეტრები, რადგან ჰიდრატაციისას, ჰიდროფილური შაქარფოსფატური ხერხემალი ხარბად იწოვდა წყალს და საგრძნობლად იმატებდა ზომაში (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). არაერთხელ აღნიშნა ლაბორატორიის წიგნაკში, – „ა“ ფორმიდან „ბ“-დ ტრანსფორმაციის პროცესში ისე იცვლებოდა სტრუქტურა, დნმ-ის სინჯი არაერთხელ მოსწყდა რენტგენულ კოლიმატორს და ძირს დავარდა (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

აარონ კლუგის განცხადებით, როცა უოტსონი და სხვა მეცნიერები იხსენებდნენ ფრანკლინს, ამტკიცებდნენ, რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არ ახსენებდა „ბ“ ფორმას, თუმცა მისი ლაბორატორიის წიგნაკი და წლიური მოხსენება სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: ავტორი გასაგებად და ექსპლიციტურად წერს: სპირალური სტრუქტურა ნარჩუნდებოდა „ა“-დან „ბ“-დ გარდაქმნის პროცესში. (Klug 2004). იგი მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ „სველი“, ანუ „ბ“ ფორმის სპირალური სტრუქტურა ვერანაირად ვერ იქნებოდა „ა“ ფორმის ზუსტი ასლი, რამეთუ წყლის შეწოვის შედეგად დნმ-ი იმატებდა სიგრძეში და შესაბამისად, იცვლებოდა უმთავრესი პარამეტრები. სავსებით სწორი აღმოჩნდა მისი აღმოჩენები (Klug 2004).

ფრანკლინის „ანტისპირალურობის“ მითს ასაზრდოებს უილკინსისაგან კრიკისათვის გაგზავნილი წერილი: „წარმოგიდგენია?! როზის მთელი 9 თვის განმავლობაში ჰქონდა ყველა ეს სამგანზომილებიანი მასალა, მაგრამ მაინც ვერ მოარგო სპირალი! მისივე სიტყვებს ვიმეორებ: მარწმუნებდა, ჩემი მასალები ანტისპირალურიაო! ქრისტე ღმერთო!“ (Maddox 2003); (Judson 1996); (Elkin 2003)

უილკინსს ავიწყდება, ან განგებ ივიწყებს, რომ მთელი ამ 9 თვის მანძილზე (1952 წლის მაისიდან 1953 წლის იანვრამდე) ფრანკლინს არ დაუწყია „ბ“ ფორმის მათემატიკური ანალიზი; მხოლოდ „ა“-ს იკვლევდა (წარმატებით დააგვირგვინა ანალიზი და არა მხოლოდ სპირალური სტრუქტურა აღმოაჩინა, არამედ, დაასკვნა: „ა“-ს ორმაგი სპირალი ჰქონდა (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). როზალინდი მხოლოდ 1953 წლის თებერვალში შეუდგა „ბ“ ფორმის „51-ე ფოტოს“ შესწავლას და ისიც წარმატებით გაშიფრა (თან სულ რამდენიმე დღის შემდეგ). უილკინსის ამ წერილის მიუხედავად, კრიკი მყისვე მიხვდა, რატომ მუშაობდა ფრანკლინი 9 თვის განმავლობაში მხოლოდ „ა“ ფორმაზე; რად დაუთმო უფრო მეტი ყურადღება ამ დიფრაქციულ გამოსახულებას და რატომ ამბობდა, რომ მისი მასალები არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას, ამიტომაც, საჭირო იყო, დაესრულებინა მოლეკულური კალკულაციები და მხოლოდ შემდეგ გამოეტანა დასკვნა სტრუქტურის შესახებ. კრიკმა უილკინსს მისწერა 1953 წლის 5 ივნისს, ანუ მათი სტატიის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ და გაუმხილა, რაოდენ გახარებული და ბედნიერი იყო:

„პირველად მომეცა „ა“ ფორმის სტრუქტურის სურათის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა. ჰოდა, უნდა ვთქვა: ბედნიერი ვარ, უფრო ადრე რომ არ ვნახე ეს გამოსახულება, რადგან რომ მენახა, ძალიან ავფორიაქდებოდი და თავგზა ამერეოდა“. (Klug 2004); (Maddox 2003); (Glynn 2012). რატომ მისწერა ეს გახარებულმა კრიკმა? რატომ დაიბნა? რამ აურია თავგზა? როგორც უკვე ითქვა, დნმ–ის „ა“ ფორმის გამოსახულება არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას. კრიკსა და უოტსონს ხელში ჩაუვარდათ მხოლოდ „ბ“-ს კრისტალოგრაფიული სურათი, მკაფიოდ რომ აჩვენებდა სპირალურ მოყვანილობას. კრიკი მშვენივრად მიხვდა, რატომ არ ჩქარობდა ფრანკლინი დასკვნის გამოტანას მოლეკულური კალკულაციების დასრულებამდე. როცა მისმა თავდადებულმა შრომამ დაადასტურა დნმ–ის ,,ა“ ფორმის არა მხოლოდ სპირალური, არამედ – ორმაგსპირალური აგებულება (1953 წლის იანვარში), კრიკსა და უოტსონს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ აღმოჩენაზე (Klug 2004), (Elkin 2003), (Olby 1974), (Maddox 2003). მათ მხოლოდ 1953 წლის იანვრის ბოლოს ნახეს „51-ე ფოტო“ (რომელზეც მხოლოდ „ბ“ ფორმა იყო გამოსახული) და მასზე დაყრდნობით გამოიტანეს დასკვნა. ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, თავგზა რომ აერია კრიკს „ა“ ფორმის დიფრაქციული გამოსახულების შესწავლისას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აბსურდია იმის თქმა, რომ „მთელი ერთი წელი ჰქონდა ფრანკლინს ის ფოტო (51-ე), დასჩერებოდა და ვერაფერს მიაგნო“. ეს არის ტყუილი და ფაქტების დამახინჯება; ესაა მითი, არავითარი რეალური საყრდენ–საფუძველი რომ არ გააჩნია. უცნაურია, რატომ იყენებენ ამ „არგუმენტს“ ფრანკლინის წინააღმდეგ საკითხის უცოდინარი ადამიანები, როცა მთელი 9 თვის განმავლობაში (და არა – ერთი წლის) არ დაუწყია ამ ფოტოს ანალიზი. მხოლოდ „ა“ ფორმაზე მუშაობდა და მისი ორმაგი სპირალიც იპოვა. როცა 1953 წლის თებერვალში ჩამოიღო თაროზე შემოდებული #51 ფოტო, სულ რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგად აღმოაჩინა მისი სწორი სტრუქტურა – ორმაგი სპირალი. (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

არავითარი საფუძველი არ გააჩნია „ანტისპირალური როზის“ მითს. როგორც ვნახეთ, როზალინდი „ბ“-ს სპირალურ მოხაზულობას ხედავდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეჭვი გამოთქვა მხოლოდ „ ა“ ფორმის შესახებ. „49-ე ფოტოს“ ზედაპირული ანალიზის მეშვეობით მივიდა ამ დასკვნამდე, მაშინ, როცა არც კი არსებობდა „51-ე ფოტო“. (Klug 2004) თავად კრიკისა და უოტსონის შესახებ არავის უთქვამს, რომ ისინი იყვნენ „ანტიხერხემლური“, „ანტიაზოტოვანფუძური“, „ანტიწყლური“, „ანტიდიამეტრული“, „ანტიორმაგსპირალური“, „ანტიკრისტალური“ განწყობის: მათ ხომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ შაქარფოსფატური ხერხემლის, აზოტოვანი ფუძეების სწორი განლაგების შესახებ? მათ ხომ წყლის საკმარისი მასაც კი ვერ დაურთეს თავიანთ მოდელს, ჰიდროფობიური ფუძეები სტრუქტურის გარეთ გაიტანეს, ხოლო ჰიდროფილური ფოსფატური ჯგუფები – შიგნით დამალეს? ვერც სპირალთა დიამეტრი ვერ გამოთვალეს, ვერც სპირალების რაოდენობა ვერ დაადგინეს (სამმაგსპირალიანი მოდელი ააწყვეს) და ვერც დნმ-ის სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია ვერ აღმოაჩინეს, მანამ, სანამ არ ნახეს ფრანკლინის მოხსენება. არადა, იმდენი შეცდომა დაუშვეს, ისეთი არაკომპეტენტურობა და უვიცობა (რბილად რომ ვთქვათ) გამოავლინეს, საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს, სწორედ ისინი შევამკოთ ზემოჩამოთვლილი ეპითეტებით, რამეთუ ვერც ერთ გადამწყვეტ აღმოჩენამდე ვერ მივიდნენ ფრანკლინის მოხსენების, ჯუნ ბრუმჰედის დისერტაციის, ჯერი დონოჰიუს უმწვავესი კრიტიკისა და ჩარგაფის ფუნდამენტური აღმოჩენის გარეშე. სწორედ ისინი იმსახურებენ ზემოხსენებულ ზედსართავებს თავიანთი უმძიმესი შეცდომების გამო და არა – ფრანკლინი და გოსლინგი, უილკინსის გასაჯავრებლად დაწერილი სახუმარო „ნეკროლოგის“ გამო. იმის გამო, რომ ფრანკლინმა ეჭვი გამოთქვა მხოლოდ „ა“ ფორმის სპირალურობის შესახებ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კი არა მხოლოდ სპირალური მოხაზულობა, არამედ დნმ-ის „ა“ და „ბ“ ფორმების ორმაგსპირალური სტრუქტურა აღმოაჩინა. აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჩარგაფმა ისტორიკოს ჰორას ჯადსონს უთხრა: „მათ (უოტსონმა და კრიკმა) წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე თავიანთი უმეცრების წყალობით. კრიკმა არც კი იცოდა, რა ქიმიური სხვაობა იყო დნმ–ის ფუძეებს შორის. ცხოვრებაში არ შემხვედრია ორი კაცი, ასე ცოტა რომ იცოდა, თუმცა, ასე ბევრს ესწრაფვოდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩემს ნაშრომზე, მაგრამ გაიძახოდნენ, სპირალური მოდელის აგება გვინდაო. გაუთავებლად ლაპარაკობდნენ დნმ–ის ბიჯზე. ორი ბიჯკაცა სპირალის ძიებაში“. (Judson 1996).

როგორც უკვე ვთქვით, ჩარგაფი იყო ერთი მეცნიერი მრავალთა შორის, ვინც დაიცვა როზალინდ ფრანკლინი, როცა უოტსონმა დაამცირა უკვე გარდაცვლილი მეცნიერი თავის წიგნში, „ორმაგ სპირალში“. დნმ-ის ფუძეთა კომპლემენტარობის პრინციპის აღმომჩენმა დაწერა ვრცელი სტატია, ყურადღება გაამახვილა უოტსონისა და კრიკის უმეცრებაზე, პლაგიატობასა და არაეთიკურობაზე და ხაზი გაუსვა როზალინდ ფრანკლინის გადამწყვეტ აღმოჩენებს (Chargaff 1968), (Judson 1996). ასევე, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ ითანამშრომლა ფრანკლინთან. მისი თქმით, ასე რომ მომხდარიყო, ერთი, ან ორწლიანი მუშაობის შედეგად მივიდოდნენ სწორ დასკვნამდე (Sherman 2012).

ამით დავასრულოთ სტატიის მეორე ნაწილი. მესამეში შემოგთავაზებთ ამომწურავ შეჯამებას. სამეცნიერო სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სრული სია იხილეთ ფინალური ნაწილის ბოლოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^