Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ გაუშვათ შანსი, გახდეთ ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილე!

05 თებერვალი 2018

საერთოდ, უცნაური თვისება აქვთ ადამიანებს და, მათ შორის, არც მე ვარ გამონაკლისი - როცა რამ კარგი ხდება, ასეც უნდა ყოფილიყოო, ვამბობთ და„ცუდისგან“ განსხვავებით, დიდხანს აღარ ვაგრძელებთ მასზე საუბარსა და ფიქრს. ასე დამემართა მეც. 2017 წლის დეკემბერში გამართულ ერთ-ერთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც მორიგ ჩვეულებრივ, „გაპრანჭულ“ ღონისძიებად მიმაჩნდა, სასწაული მოხდა - პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა,ვიცე-პრემიერმა, ქალაქის მერმა, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებმა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავეს და, არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების მოთხოვნით პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს.

  • ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ოც წელზე მეტია ათასნაირი გზით ცდილობენ, დაარწმუნონ ხელისუფლება და საზოგადოება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნული ერთსულოვნება უზომოდ სასიხარულო იყო.

თავდაპირველად მეც შევიფერე სიტუაცია, მეც დავიჭირე პოზა: „ასეც უნდა იყოს, აღარაა დრო?!..“, რომ ეს საუკეთესო შედეგია ამ მიმართულებით. იქვე მახსენდება, რა განცდებიც მქონია ყველა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისა თუ განხილვის პროცესში. უცნაურია, რა საქმესაც მთლიანად ეთანხმები და ხარ ჩართული, კარგავ განცდას, რომ ქვეყანაზე განსხვავებული აზრის ადამიანებიც დადიან და თუ საწინააღმდეგოსაც ამტკიცებენ, გიკვირს, რა არის აქ გაუგებარი, ეს ხომ შავით თეთრზე წერია?! რატომ უჩნდებათ ამ ადამიანებს განსხვავებული აზრი?! და მერე ხვდები, თემა, რომელზეც მუშაობ და რის შესახებაც ახლა აქ საუბრობ, მათთვის, ოპონენტებისთვის განსხვავებულია, „ელიტარულია“: ჩვენ ვითხოვთ გადაწყვეტილების მიღების დროს პასუხისმგებლობა კაცთან ერთად აიღოს ქალმა და შეძლოს ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ  მისი ხედვა და საკითხისადმი მიდგომა არ დაიკარგოს, ინტეგრირდეს საბოლოო გადაწყვეტილებაში და მათ მიერ ყველა გამოთქმული თუ მიღებული გადაწყვეტილება მათ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ეს არის ჩემი მოლოდინი პარლამენტარების, საკრებულოს წევრების და ყველა არჩეული თუ შერჩეული ხელისუფლის, ქალისა თუ კაცის მიმართ.

თითქმის ყველა გადაცემაში, რომელშიც კი მონაწილეობა მიმიღია, ქალთა პოლიტიკური დაწინაურების საკითხზე, მსმენელი თუ მაყურებელი სვამს შეკითხვას, თუ რატომ პირდაპირ -პარლამენტში და არა სადმე სხვა სამსახურში, რატომ, მაინცდამაინც ზემოთ „ელიტარული პოზიციებისთვის“ ბრძოლა, იქნებ ჯერ სხვაგან გეცადათო?!

ვპასუხობ, რომ ნუთუ თქვენ ვერ გაიგეთ, დასაქმების თემაზე არ ვმუშაობთ და ჩვენი მოთხოვნა სხვა რანგისაა?! ... სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ კიდევ  ვერ ხვდება, არჩევნების დროს რას და ვის აძლევს ხმას; თან მზად არის  ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასი, განურჩევლად არჩეული ადამიანის პიროვნული და პროფესიული ღირებულებისა,  ადგილებს გადაუხადოს და ამ დროს მიჩნდება აზრი, საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნების დროს თავს დამსაქმებლებად აღიქვამს.

ასე არ არის ბატონებო და ქალბატონებო - ჩვენ ამ ხალხს ვირჩევთ დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომისთვის კანონით განსაზღვრული ვადით და იმისთვის, რომ ჩვენს კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურონ. ამისთვის ვუხდით ხელფასს და თუ ვინმე ვერ გაუძლებს დატვირთვას არ ან ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, კეთილი ინებოს და სხვაგან „დასაქმდეს“ და არა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესსამსახურში.

ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედ ამ სერიოზული საქმიანობის, პასუხისმგებლობის გასაზიარებლად უნდა გვქონდეს ქალთა და კაცთა წარმომადგენლობა დაბალანსებული, რათა გადაწყვეტილების დაბალანსებული შედეგიცმივიღოთ.

და, სწორად ვფიქრობ, რომ სწორედ კარგ ამბებზე საუბრების შეწყვეტა არ შეიძლება. საუბარი, მსჯელობა, კამათი უნდა გაგრძელდეს.

კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. დარწმუნებული ვარ,  პოლიტიკოსებს მათ მიერ სიამაყით გაკეთებული განცხადებები არ დავიწყებიათ და ახლაც დანარჩენ კოლეგებს არწმუნებენ, არ გაუშვან შანსი და გახდნენ ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილეები.

ვინც ეს ჯადოსნური განცხადებები ორიგინალში ვერ მოისმინეთ, ისიამოვნეთ, მეგობრებო, მგონი მიზანს მივაღწევთ.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „მართალია, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ტემპი ნელია. სწორედ ამიტომ, საჭიროა სპეციალურ ზომებზე ფიქრი. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის საუკეთესო საშუალებას ქმნის სავალდებულო გენდერული კვოტირება, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს. მთავარია, რომ ჩვენ საბოლოოდ მივაღწიოთ ჯეროვან გენდერულ ბალანსს წარმომადგენლობით ორგანოში“.

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის გენდერული საბჭოს თავჯდომარე: „პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის ზრდის პროგრესი იმდენად ნელია, რომ რეალური თანასწორობის მისაღწევად ათწლეულებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ დროებითი სპეციალური ზომების დამტკიცება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს, შეარჩიონ ის ქალები, რომლებიც პარტიაში აქტიური არიან, მაგრამ საარჩევნო სიების შედგენისას ქრებიან. ვფიქრობ, რომ ერთმანეთის მხარდაჭერითა და ბარიერების შემცირებით შევძლებთ მივაღწიოთ თანასწორობას“.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „არსებობს უხილავი ბარიერი, რომლის გამოც ბევრ ქალს არ ეჩქარება საკრებულოში, არ ეჩქარება პარლამენტში, არ ეჩქარება სათავო ოფისებში, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება. მაგრამ მათ ეჩქარებათ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა მივიღოთ და მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საპარლამენტო უმრავლესობა აიღებს ლიდერობას კვოტირების მექანიზმის დამტკიცებაზე, რომ ქალთა მონაწილეობა პარლამენტში, ქალთა მონაწილეობა საკრებულოებში, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში გაიზარდოს“.

ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი: „სავალდებულო კვოტირების ინიციატივით, ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს - ეს არის თანაბარი მონაწილეობის პროექტი. სავალდებულო გენდერული კვოტების ინიციატივა დროულია. შეიძლება, დავაგვიანეთ კიდეც. თუმცა, შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა და ძალიან მალე მივიღოთ გადაწყვეტილება პარლამენტში“.

ელენე ხოშტარია, პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია ევროპული საქართველო: „ეს საკითხის გადაჭრა უნდა შევძლოთ და უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობის მიღმა. ვიცი, ეს ყოველთვის არ გამოვა, მაგრამ რაღაც საკითხებში ჩვენ უნდა შევძლოთ და ტონი შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს კამათს. დღეს არსებული ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ცალკეული შემთხვევებია და არ უნდა განვაზოგადოთ, უფრო გამონაკლისია და რეალობა სულ სხვაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ ნებაზე რომელზეც ჩვენ არ გვისაუბრია და რომელიც მნიშვნელოვანია არანაირი კანონი პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში არ არის გარანტი“.

თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის წევრი პოლიტიკური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:  „ჩვენ ვიყენებთ წამახალისებელ ნორმას. დიახ, ეს არ არის საკმარისი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად. კარგია, თუ არ დაგვჭირდება არანაირი ნორმების და წახალისების არსებობა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ჩემი პოზიცია, როგორც ერთი პარლამენტარისა არის ის, რომ უნდა მივიღოთ, როგორც დროებითი სპეციალური ზომა კვოტირების მექანიზმი“ .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^