Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როზალინდ ფრანკლინი - დნმ-ის დავიწყებული გმირი - ნაწილი მესამე

29 იანვარი 2018

დასკვნა

სტატიაში (ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე) პასუხი გავეცით აბსტრაქტსა და შესავალში დასმულ ყველა შეკითხვას. თავის მხრივ, აბსტრაქტი და შესავალი სრულყოფილად ასახავს ყველა იმ „არგუმენტს“, რომელსაც იშველიებენ ფრანკლინის მოწინააღმდეგენი ნაშრომში განხილულ საკითხზე მსჯელობისას. გავაანალიზეთ და დაწვრილებით გავარჩიეთ როზალინდ ფრანკლინთან დაკავშირებული ყველა მითი, ინტერნეტსივრცეში გაჩაღებული დებატებისას რომ იჩენს თავს. შესაბამისად, ჩვენს სამეცნიერო ნაშრომს ნამდვილად აქვს პრეტენზია იმისა, რომ ამომწურავი ანალიზი შესთავაზა მკითხველს. ცხადია, დღემდე არ წყდება დავა ამ თემაზე. მეცნიერთა ნაწილი პლაგიატიზმში ადანაშაულებს კრიკსა და უოტსონს; ფემინისტური მოძრაობა კი პლაგიატიზმსა და სექსიზმში სდებს ბრალს (როგორც ვნახეთ, სრულიად სამართლიანად). როზალინდი იქცა სახედ პატრიარქატს შეწირული მეცნიერი ქალებისა. სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე მიმოფანტულ ადამიანთა გარკვეული კატეგორია (გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხში) გავეშებით ეწინააღმდეგება როზალინდის ღვაწლის აღიარებას; ისინი ამბობენ, რომ „ფრანკლინს არაფერი აღმოუჩენია“; რომ „ფრანკლინს მთელი წლის განმავლობაში ცხვირწინ ედო „51-ე“ ფოტო, მაგრამ ვერ მოახერხა სტრუქტურის ამოცნობა“; რომ ,,არავითარი ფაქტი არ ადასტურებს მეცნიერი ქალის მასალების უნებართვოდ შემოწმების ,,მითს"(!); რომ „როზალინდი სულაც არ ყოფილა სექსიზმის მსხვერპლი“; რომ „ყოველივე ეს ფემინისტური პროპაგანდაა“... ირონიულია, თუმცა, სწორედ ეს ადამიანები მსჯელობის ბოლოს, თავადვე ადასტურებენ საკუთარი მოსაზრებების სიმცდარეს. საპირისპირო ფაქტების წარმოდგენისას კი ან უკან იხევენ, ან კიდევ, „ისტორიულ რევიზიონიზმში“ ადანაშაულებენ სამეცნიერო ლიტერატურით აღჭურვილ-შეიარაღებულ ოპონენტს. სტატიაში გავაქარწყლეთ არაერთი მითი, უცოდინრობიდან რომ იღებს სათავეს. „სურათი მთელი წელი თაროზე ჰქონდა შემოდებული, ხოლო კრიკმა და უოტსონმა ერთ დღეში გაშიფრეს სწორად“… ერთმნიშვნელოვნად და ეჭვმიუტანლად დავამტკიცეთ: ამ მითის გამავრცელებელთ ავიწყდებათ, ან საერთოდ არ იციან, რომ როზალინდს არ დაუწყია „51-ე ფოტოს“, ანუ დნმ-ის „ბ“ ფორმის ანალიზი 1953 წლის თებერვლამდე, ხოლო როცა შეუდგა საქმეს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვა „ბ“ ფორმის ორმაგი სპირალი. მანამდე კი „ა“ ფორმას იკვლევდა მთელი 9 თვის განმავლობაში და მისი სტრუქტურაც ამოიცნო. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჯონ რანდალთან შეთანხმებისა და მოლაპარაკების შემდეგ, უილკინსმა და ფრანკლინმა მიაღწიეს კომპრომისს: როზალინდი „ა“-ს ანალიზს შეუდგა, უილკინსი - „ბ“ ფორმისას. ეს ადამიანები ვერავითარი არგუმენტით ვერ ამტკიცებენ, რომ როზალინდის ღვაწლის აღიარება ,,ფემინისტური პროპაგანდაა". პირიქით: არაერთი ფაქტი ცხადჰყოფს საპირისპიროს. აარონ კლუგი, რომლმაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ფრანკლინის ღვაწლის აღიარებისათვის და დაწვრილებით შეისწავლა მისი ნაშრომები, სულაც არ იცავს ფრანკლინს იმიტომ, რომ იგი ქალი იყო. არა. იმიტომ იცავს, რომ სიმართლის მხარესაა, ფაქტებისა და მოვლენათა თანმიმდევრობის ზედმიწევნითი სიზუსტით ასახვის „მხარეს“. კლუგის სტატიებს რომ შევეშვათ, ფრანკლინის ღვაწლს ყველაზე ნათლად ადასტურებს მისი ლაბორატორიის წიგნაკები, 1951 წლის ნოემბერში ჩატარებული კოლოქვიუმის ჩანაწერები, იმავე წლის ბოლოს და აგრეთვე, 1952 წლის დეკემბერში დაწერილი დაწვრილებითი მოხსენებები, სადაც როზალინდმა ჩამოაყალიბა უზუსტესი მოლეკულური კალკულაციები, განსაზღვრა დნმ-ის კრისტალური სიმეტრია, „სივრცული ჯგუფი“, დაადგინა წყლის მასა, შაქარფოსფატური ხერხემლისა და აზოტოვანი ფუძეების განლაგების ცხადი სურათი და ა.შ. სწორედ მისი მოხსენების წყალობით გახდა შესაძლებელი დნმ-ის სტრუქტურის აგება (არ უნდა დაგვავიწყდეს ჯერი დონოჰიუს, ჯუნ ბრუმჰედის, ერვინ ჩარგაფის, უილიამ ასტბერის, ფლორენს ბელისა და სვენ ფიურბერგის ღვაწლი).

ფრანკლინის მოწინააღმდეგენი გვარწმუნებენ, რომ როზალინდი სულაც არ შესჩეხებია სექსისტურ აზროვნებას, მაგრამ ეს კი ავიწყდებათ: მას უფრო ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე - მის თანამშრომელ კაცებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად იდენტური თანამდებობები ეჭირათ და ერთ საქმეს აკეთებდნენ ლაბორატორიაში (Maddox 2003); რომ ფრანკლინი „მუდამ აღშფოთებითა და გავეშებით აპროტესტებდა“ სქესთა უთანასწორობისა და უსამართლობის ყოველგვარ გამოვლინებას. (Maddox 2003) გარდა ამისა, სწორედ ფრანკლინის ,,დემითოლოგიზაციის" მომხრენი ვერ არიდებენ თავს იმ ფაქტს, რომ მაინცდამაინც ქალებს ეკრძალებოდათ ლაბორატორიის სასადილოში შესვლა. ეს სწორედ რომ ქალის დისკრიმინაციაა. სექსისტის უდიდესი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ვერასოდეს ამჩნევს სექსიზმსა და ჩაგვრას. როზალინდის მტრები ვერანაირად ვერ ახერხებენ იმის უარყოფას, რომ უოტსონმა მეტად სექსისტური და დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო იგი თავის წიგნში, „ორმაგ სპირალში“; წარმოაჩინა არაკომპეტენტურ, გულისამრევ ჰარპიად, ლურჯწინდად, რომელსაც საკუთარი მასალების ინტერპრეტაციაც კი არ შეეძლო. როზალინდის სამეცნიერო უბის წიგნაკი და შემაჯამებელი წლიური მოხსენებები საპირისპიროს ამტკიცებს. გარდა ამისა, უოტსონი ძალზე მწვავედ გააკრიტიკეს როზალინდის ასე დამდაბლების გამო თვით უილკინსმა, კრიკმა, პოლინგმა, ჩარგაფმა და სხვა მეცნიერებმა. მათ „ჰარვარდ იუნივერსიტი პრესს“ გადააფიქრებინეს წიგნის გამოცემა. პროტესტის შედეგად, გამომცემლობამ უარი თქვა პროექტზე და ჩაშალა „ორმაგი სპირალის“ გამოქვეყნება (Maddox 2003); (Judson 1996). როზალინდი სხვების დაუხმარებლად მივიდა ამ სტატიაში ვრცლად და დაწვრილებით განხილულ აღმოჩენებამდე.

ფრანკლინის მოწინააღმდეგენი ამბობენ - რაკი როზალინდი ბირკბექის კოლეჯში გადასვლას აპირებდა, ამიტომაც, კინგსის კოლეჯის საკუთრება გახდა მისი ყველა ნამუშევარი, კვლევა და ჩანაწერი. ეს „არგუმენტი“ ვერანაირად ვერ გამოდგება ვერავის გასამართლებლად, რამეთუ მეცნიერის ყველა მასალა მისი ინტელექტუალური საკუთრებაა. მისი ნაშრომების ფაქტობრივი ფლობა-განკარგვის უფლება აქვს დაწესებულებას, ოღონდ, ციტირების შესაბამისი წესის დაცვით. ინტელექტუალური საკუთრება ავტორს რჩება, მიუხედავად იმისა, მიდის, თუ არა იმ სასწავლებლიდან/ლაბორატორიიდან/კვლევითი ცენტრიდან, სადაც თავისი ნაშრომი დაასრულა. საავტორო უფლება არ იწყება და არ სრულდება ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაბარგებით. შესაბამისად, წყაროს მითითება ხდება არა ასე: „წლიური მოხსენება“, ,,51-ე ფოტო“, 1952 წელი, დეკემბერი, ავტორი: კინგსის კოლეჯი“, არამედ ასე: ,,წლიური მოხსენება“, 1952 წელი, ავტორი: როზალინდ ფრანკლინი.“ ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველსაა მოკლებული იმის თქმა, რომ რაკი როზალინდმა სხვა კოლეჯში გადასვლა განიზრახა, ამიტომაც, ჩამოერთვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება თავის ნაშრომზე. მოდით, მივყვეთ ზუსტ ქრონოლოგიას: 1953 წლის იანვრის მიწურულს, უილკინსმა აჩვენა „51-ე ფოტო“ უოტსონს (Wilkins 2005); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Judson 1996) და იმასაც დაჰპირდა წერილით, რასაც გამოვტყუებ როზის, ყველაფერს ჩავიწერ და მოგირბენინებთო (Olby 1974). პერუცმა 1953 წლის თებერვალში აჩვენა კრიკს ფრანკლინის უმნიშვნელოვანესი წლიური მოხსენება, ხოლო როზალინდი 1953 წლის 14 მარტს გადავიდა ბირკბექის კოლეჯში (Klug 2004), ანუ იმ დროისთვის უკვე დამთავრებული იყო მოდელზე მუშაობა (Watson 1968); (Olby 1974); (Judson 1996); (Maddox 2003).

ფრანკლინის მტრები ამბობენ, რომ „მათ ცუდი არაფერი ჩაუდენიათ“; რომ „უილკინსსა და პერუცს სრული უფლება ჰქონდათ, ფრანკლინის მასალები გადაეცათ მათთვის“; რომ „აქ სექსიზმი არაფერ შუაშია, რადგან ფრანკლინის ადგილას უილკინსი რომ ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ“. ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს: „ცუდი“ ის ჩაიდინეს, რომ ისე გამოიყენეს მისი მასალები, ციტირების წესის დაცვითაც კი არ უხსენებიათ ესოდენ მნიშვნელოვანი კალკულაციებისა და აღმოჩენების ავტორი. დაირღვა წყაროს მითითების წესი. ამას პლაგიატი ჰქვია აკადემიურ ენაზე. მეტისმეტად რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ აკადემიურ კულტურას მოკლებულია ის მოსაზრება, რომ ეს უბრალო ,,არაეთიკურობაა“ და მეტი არაფერი. არამც და არამც. ესაა მძიმე დარღვევა და ინტელექტუალური ქურდობა. უილკინსის უღირსობაზე, უკულტურობასა და პლაგიატორობაზე მეტყველებს ზემოხსენებული წერილი, კრიკსა და უოტსონს რომ გაუგზავნა 1953 წლის თებერვალში (მას შემდეგ, რაც ქურდულად აჩვენა ფოტო უოტსონს, როზალინდის ზურგსუკან) და დაჰპირდა, რასაც გამოვტყუებ როზის (!), მალულად ჩავიწერ, ან დავიმახსოვრებ და ყველაფერს გაცნობებთო. რა არის ეს ? სამი მეცნიერის შეთქმულება ერთის წინააღმდეგ. ეს არ არის კონსპირაციული თეორია, ,,რევიზიონიზმი’’ და „ისტორიის გადაწერა“. ესაა ფაქტი და განხორციელებული შეთქმულება, რომელსაც ნათლად ასაბუთებს უილკინსის ხელით დაწერილი წერილი. თუკი ესოდენ „დიდებული“ მეცნიერი იყო უილკინსი, რატომ გააჩაღა ნადირობა ფრანკლინის ფრაზებსა და იდეებზე? ხომ შეეძლო, საკუთარი თავიდან ამოეღო ეს გენიალური იდეები და გაეგზავნა მეგობრებისათვის? რატომ ჩაუსაფრდა როზალინდს? რად დაჰპირდა თავის მოძმეთ, ყველაფერს შეგატყობინებთ, რასაც დავცინცლავო? ,,არაეთიკურზე“ ბევრად უფრო მძიმე, ცუდი და უსიამოვნო ზედსართავი მოეძებნება ამ საქციელს აკადემიურ სფეროში; სხვათა შორის, კარიერისათვის სახიფათო ზედსართავი, ისეთი, სამუდამოდ რომ ჩაასვენებს ამ უღირსი საქციელის მკადრებელი მეცნიერის პროფესიულ მზეს. კრიკსა და უოტსონს ექსპლიციტურად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ეთქვათ, ვის ფოტოსა და წლიურ მოხსენებას დაეყრდნენ. ამას მოითხოვს აკადემიური შრომის ელემენტარული სტანდარტი და ეთიკა; ესაა მეცნიერის პირდაპირი მოვალეობა, როცა სხვა მეცნიერის ნაშრომს იყენებს. კრიკი, უილკინსი და უოტსონი ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით უცვლიდნენ ინფორმაციასა და მასალებს ერთმანეთს, რაც სრულიად ჩვეულებრივი ამბავია კოლეგიალურ ურთიერთობებში, ხოლო ფრანკლინისთვის აზრი და ნებართვაც კი არ უკითხავთ, როცა მისი მოხსენება და მასალები გადასცეს კემბრიჯის ლაბორატორიაში მომუშავე ტანდემს. რა ძალიანაც არ უნდა სურდეთ ფრანკლინის მტრებს ფაქტების შეცვლა, ისტორიის გადაწერა (რაშიც სხვებს ადანაშაულებენ) და აკადემიური წესების მორღვევა, არ (ვერ) გამოვა ამ პლაგიატობის ასე მიჩქმალვა და მიჩუმათება. რომელიმე მეცნიერმა რომ იკადროს მსგავსი რამ, ძალიან ცუდად დამთავრდება მისი მოღვაწეობა და სრულებით სამართლიანადაც. სულ რომ საკუთარი ნება-სურვილით გადაეცა თავისი ნაშრომები ფრანკლინს მათთვის, უოტსონსა და კრიკს არავითარი უფლება არ ჰქონდათ, საკუთარ შემოქმედებად გაესაღებინათ სხვისი ნაღვაწი. ის იყო როზალინდის წლიური მოხსენება და 2000 წლის შემდეგაც როზალინდის მოხსენება იქნება. დრო ვერ გააუქმებს საავტორო უფლებას. როცა კრიკმა და უოტსონმა თავიანთ რევოლუციურ სტატიაში აღნიშნეს, რომ დნმ-ის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიემართებოდა, ისინი ვალდებულნი იყვნენ, პირდაპირ და გასაგებად დაეწერათ, რომ ფრანკლინის აღმოჩენამ მიიყვანა კრიკი ამ დასკვნამდე; რომ ფრანკლინმა განსაზღვრა დნმ-ის კრისტალური სიმეტრია, წახნაგ-ცენტრირებული მონოკლინური კრისტალური მესერი და ა.შ. რატომ არ აღნიშნეს (უფრო სწორად, აღიარეს) ეს? აარონ კლუგის აზრით, შეეშინდათ; შეეშინდათ, რომ ამ საიდუმლოს გამჟღავნება დააკინებდა მათს მიღწევას (Klug 2004). მეტიც: თავს იჩენდა სრულიად ლეგიტიმური ბრალდება პლაგიატობის შესახებ.

მართალია, უილკინსმა ინანა თავისი არაეთიკური და უტაქტო საქციელი (Donohue 1976); (Sayre 2000), მაგრამ ვერაფერს შეცვლის ეს ნაგვიანევი მონანიება. მაქს პერუცმა 50-მდე წერილი მიიღო, როდესაც გამოაშკარავდა, რომ ფრანკლინის უნებართვოდ გადასცა მასალები კრიკსა და უოტსონს: მხოლოდ იმით იმართლა თავი, რომ გამოუცდელი იყო და ვერ ერკვეოდა ადმინისტრაციულ საკითხებში (Stent 1980). ჯერი დონოჰიუს შეფასებით, მეტისმეტად ბრიყვული და არადამაჯერებელი იყო მისი ახსნა-განმარტება (Donohue 1976). შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ დონოჰიუს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ იმართლა თავი პერუცმა. ფაქტი ჯიუტია: ისე გამოიყენეს როზალინდის მოხსენება, არც კი ახსენეს მისი სახელი.

მთელი ეს დავიდარაბა გაჩაღდა მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ რამდენად სამართლიანად და კანონის დაცვით გადასცა პერუცმა კრიკსა და უოტსონს ფრანკლინის მასალები, თუმცა, არავის გახსენებია ერთი უმთავრესი დეტალი: არაფერ შუაშია დოკუმენტის კონფიდენციალობა, ან „საჯაროობა“. ნებისმიერ შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს წყაროს ავტორი. არავის გახსენებია, სამართლიანად მოპოვებული ნაშრომი სამართლიან გამოყენებას რომ მოითხოვს, ჯეროვან ციტირებასა და ღვაწლის საკადრისად დაფასებას; რომ არც ერთ მეცნიერს, თუ მკვლევარს არა აქვს უფლება, აღმოჩენის ერთადერთ ავტორად შეასაღოს თავი საზოგადოებასა და ნობელის პრემიის კომიტეტს, როცა ყველა ფაქტი ამტკიცებს საპირისპიროს. თუკი კრიკმა სამართლიანად მოიპოვა ფრანკლინის წლიური მოხსენება, ცხადზე უცხადესია, უსამართლოდ, უღირსად და უხეში დარღვევით გამოიყენა მოულოდნელად ხელში ჩავარდნილი მასალა. პროფესიული ეთიკა ავალებდა კრიკს ფრანკლინის მითითებას, რადგან სწორედ ის გახლდათ მოხსენებისა და სურათის ავტორი და საჭირო კალკულაციების შემსრულებელი. რაკი არ ახსენა, ეს პლაგიატობის კლასიკური მაგალითია. ფრანკლინის ღვაწლის ამგვარ გაუფასურებას ერთადერთი მიზეზი აქვს: ქურდულად და უღირსად ჩაიგდეს ხელში მისი მასალები. რაკი გადამწყვეტი აღმოჩნდა როზალინდის წლიური მოხსენება (რასაც თავადვე აღიარებენ), ლოგიკური იქნებოდა, ცხადად აღენიშნათ ეს და ასევე, ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზეც გასაგებად ეთქვათ; დაესახელებინათ, ვის ნაშრომს დაეყრდნენ; ესაუბრათ ესოდენ მნიშვნელოვან მეცნიერზე, რომლის გარეშეც კიდევ მრავალი წლით გადაიდებოდა ეს აღმოჩენა. გაუგებარია, რატომ ცდილობენ ცალკეული ადამიანები ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების მთელი სიმძიმის მიჩქმალვას.

როცა სხვის მასალას იყენებ (თანაც, ესოდენ წამყვანსა და ფუძემდებლურს), მაგრამ არ ციტირებ ავტორს, ჩვეულებრივი პლაგიატორი და ქურდი ხარ. ასეთი გადამწყვეტი და გარდამტეხი აღმოჩენა კი არა, ერთი წინადადებაც რომ ისესხო სხვისგან, ისიც უნდა დაიმოწმო ნაშრომში შესაბამისი წესის დაცვით. რაც არ უნდა აღიარებული და დაფასებული მეცნიერი გახდე, მაინც ვერ გათავისუფლდები აკადემიური შრომის პრინციპებისაგან.

„ფრანკლინის ადგილას უილკინსი რომ ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ“; „სექსიზმი და პატრიარქატი არაფერ შუაშია“ - ეს ორი მითიც ზემოხსენებული ზღაპრების სერიის პირდაპირი გაგრძელებაა. სექსიზმი სწორედაც რომ „შუაშია“, რამეთუ ფრანკლინი მუდმივად აწყდებოდა პატრიარქალურ უსამართლობას; როგორც ქალს, უამრავი ბარიერის გადალახვა და ბრძოლის გადატანა მოუხდა, რათა კაცებისაგან დომინირებულ სამეცნიერო წრეებს საკადრისად დაეფასებინათ მისი, როგორც ქალი მეცნიერის უდიდესი წვლილი. ამაზე მეტყველებს არაერთი წყარო და თვით ფრანკლინისადმი ცუდად განწყობილი უოტსონის მემუარების ეპილოგიც კი (Watson 1968). რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, სქესის გამო რომ არ უშვებდნენ ლაბორატორიის სასადილოსა და „ბიჭების კლუბში“ (Maddox 2003); (Sayre 2000); (Elkin 2003); (Olby 1974); (Judson 1996). ,,ფრანკლინის ადგილას უილკინსი რომ ყოფილიყო, მაინც ასე მოექცეოდნენ“  - ძალზე სუსტი არგუმენტია, რამეთუ როცა კრიკმა და უოტსონმა მოიპოვეს ფრანკლინის მასალები, მათ სწორედ უილკინსს შესთავაზეს, ისიც გამხდარიყო 1953 წლის 25 აპრილს გამოსაქვეყნებელი მათი ხმაურიანი სტატიის თანაავტორი (Wilkins 2005); (Watson 1968); (Maddox 2003); (Elkin 2003). დიახ, უილკინსს შესთავაზეს და არა - ფრანკლინს, რომელიც იყო ორიგინალური წყაროს ავტორი და ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, მისთვის უნდა მიემართათ ამ წინადადებით. შემდგომში, უილკინსმა ინანა, რომ არ დასთანხმდა კრიკსა და უოტსონს (Wilkins 2005), მერე კი ისიც ინანა, როზალინდისა და გოსლინგის რევოლუციური ფოტო რომ აჩვენა უოტსონს (Sayre 2000), თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ვერაფერს შეცვლის სინანული.

ფრანკლინის ოპონენტები გვარწმუნებენ - როზალინდს არასოდეს უსაყვედურია კრიკისათვის; რომ ერთხელაც კი არ უთქვამს მისთვის, რატომ გამოიყენეთ ჩემი მასალებიო. ირონიულ ღიმილსაც კი იწვევს ის, რომ ფრანკლინის ,,გაშავების“ მომხრეებს ავიწყდებათ ერთი მთავარი ფაქტი: როზალინდმა არ იცოდა, მოდელის აწყობამდე რომ შეამოწმეს როგორც მისი უმნიშვნელოვანესი მოხსენება (რომელიც გახდა სტრუქტურის გაშიფვრის საფუძველი), ასევე, ,,51-ე ფოტო“. ცხადია, ფრანკლინი ვერ შეედავებოდა იმაზე, რაც არ იცოდა; იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ წამოჭრიდა ამ საკითხს, რომ არასოდეს მისულა მის ყურამდე ის ამბავი, როგორ აჩვენა პერუცმა მისი ფუძემდებლური მასალა კრიკსა და უოტსონს. ლოგიკურია, ვერ დაუწყებდა კამათს ამაზე. ფრანკლინის მოწინააღმდეგენი თავადვე ადასტურებენ მასალების უნებართვოდ გადაცემის და რაც მთავარია, ციტირების გარეშე გამოყენების ფაქტს, თუმცა, ამბობენ, რომ მათ „ცუდი არაფერი ჩაუდენიათ“. გვინდა, შევახსენოთ მათ, რომ ამ მოვლენას ინტელექტუალური დანაშაული და ქურდობა ეწოდება. ფრანკლინის მტრები ამბობენ, რომ კინგსის კოლეჯში ,,ქალებს და კაცებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც თანასწორთ“. თუკი ეს სიმართლეა, მაშ, რატომ არსებობდა ქალთა და მამაკაცთა ხელფასების უთანასწორობა? ფრანკლინი ზუსტად იმ სამუშაოს ასრულებდა, რასაც მისი კაცი კოლეგები, თუმცა, ბევრად ნაკლებს უხდიდნენ (Maddox 2003). გენდერული სეგრეგაცია აშკარაა, რადგან ქალებს არ უშვებდნენ ლაბორატორიის სასადილოში. ფრანკლინმა გაამასხარავა კოლეგა კაცები, რომლებიც შეაშფოთა პირველი ლექტორი ქალის, დოროთი გაროდის, დანიშვნამ კემბრიჯის უნივერსიტეტში; დასცინა მათს დრომოჭმულ, პატრიარქალურ და შეზღუდულ აზროვნებას (Maddox 2003). უცნაურია, რატომ არ მიაჩნიათ ყოველივე ზემოჩამოთვლილი ქალთა დისკრიმინაციად ფრანკლინის მტრებს? ცხადია, დაჩლუნგებული აქვთ სექსიზმის აღქმის უნარი და აშკარად ვერ ამჩნევენ ამ უცხადეს ჩაგვრასა და გენდერულ უთანასწორობას, რომელსაც თავადვე ადასტურებენ, ან უბრალოდ, თვალს არიდებენ და სხვებს აბრალებენ „ისტორიულ რევიზიონიზმს“.

ყოველივე ზემოთქმლიდან გამომდინარე აშკარაა, - როზალინდი სწორედ მამაკაცთა სამყაროში მებრძოლი მეცნიერი ქალის სახე-ხატია; ფემინისტური სიმბოლო, რამეთუ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, როცა ქალებს არ ჰქონდათ სამოქალაქო უფლებები; მეცნიერება და ინტელექტუალური შრომა მათთვის შეუფერებლად მიიჩნეოდა; გაბატონებული იყო ინსტიტუციონალიზებული სექსიზმი, დისკრიმინაცია და ა.შ. როგორც როზალინდის მეგობარი იხსენებს, იგი ხშირად ბრაზობდა იმის გამო, რომ ამრეზით უყურებდნენ ქალებს და არ მიიჩნევდნენ სერიოზულ მეცნიერებად (McGrayne 1998, 318). ამას აღიარებს თავად უოტსონიც კი (Watson 1968). არ უნდა დაგვავიწყდეს: კემბრიჯის უნივერსიტეტმა (რომელიც დაამთავრდა როზალინდმა) მხოლოდ 1938 წელს გაუღო კარი პირველ ქალ ლექტორს (და ისიც, დიდი დავიდარაბისა და პერიპეტიების ფასად). ამ სასწავლებელმა მხოლოდ და მხოლოდ 1948 წელს სცნო ქალი ლექტორები სრულუფლებიან წევრებად და გადაწყვეტილების მიღების უფლება მიანიჭა. შერონ მაქგრეინი თავის საავტორო წიგნში წერს, რომ 1956 წელს ფრანკლინი საშინლად ეჩხუბა მას, ვისაც ევალებოდა მისი კვლევის დამფინანსებელი სააგენტოს მართვა-გამგეობა. „განრისხებული, გამწარებული და ცრემლმორეული დაბრუნდა გადამწყვეტი შეხვედრიდან. ჩიოდა, ეს სააგენტო არ უჭერს მხარს არც ერთ კვლევით პროექტს, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობსო“ (McGrayne 1998, 327). კრიკმა აღიარა მაქგრეინისათვის მიცემულ ინტერვიუში: „მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ვშიშობ, ჩვენ მუდამ patronizing დამოკიდებულებას ვიჩენდით მისდამი“ (McGrayne 1998, 318). განგებ არ ვთარგმნე კრიკის ეს სიტყვა, რათა კარგად განმემარტა მისი მნიშვნელობა. Patronizing დამოკიდებულება ტიპური პატრიარქალური მიდგომაა, კაცი რომ ამჟღავნებს ქალისადმი, რადგან მასზე უპირატესად, აღმატებულად მიაჩნია თავი. კრიკის თქმით, ეს patronizing დამოკიდებულება (ასე ნათლად და ცხადად რომ ვლინდება უოტსონის „ორმაგ სპირალში“) სარკესავით აირეკლავდა მეცნიერ ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს. ასეთი იყო უნივერსიტეტებისა და აკადემიების შინაგანაწესი და მთელი სოციალური სტრუქტურა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეოცე საუკუნემდე ქალს აკრძალული ჰქონდა უმაღლესი განათლების მიღება.

ყველა ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი ცხადჰყოფს: ფრანკლინის მოწინააღმდეგენი ამაოდ ცდილობენ გენდერული საფუძვლის გამოცლას ამ ამბისათვის. ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლად მსჯელობა ისტორიული რევიზიონიზმია (რასაც სხვებს სწამებენ). ერთი მხრივ, ამბობენ, რომ არაა საჭირო სექსიზმზე ხაზგასმა, თუმცა, მეორე მხრივ,  ყველა სამეცნიერო წყარო ერთხმად ადასტურებს - ფრანკლინი გამუდმებით აწყდებოდა სექსისტურ დამოკიდებულებას, ხშირად გამოხატავდა აღშფოთებას დისკრიმინაციის გამო და ილაშქრებდა პატრიარქალური უსამართლობის წინააღმდეგ.

ფრანკლინის მტრები ამბობენ, – რაკი უილკინსი და ფრანკლინი ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და მწვავე უთანხმოება ჰქონდათ, კრიკი ვერ მოიხსენიებდა ფრანკლინს ასე გამორჩეულად; ვერ გაუსვამდა ხაზს მის ღვაწლს; რომ უილკინსის მოერიდა და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კრიკი და უოტსონი პლაგიატები იყვნენ და უსინდისოდ მიისაკუთრეს სხვისი ნაშრომები. ეს არათუ ამსუბუქებს, არამედ ამძიმებს მათს დანაშაულს, რამეთუ სხვისი „ხათრით“ არ აღნიშნეს ორიგინალი მასალების ავტორი. რატომ შეუშალა ხელი კრიკს ფრანკლინისა და უილკინსის პირადმა კონფლიქტმა? სრული აბსურდია ეს ჰიპოთეზა. ეს ვერანაირად ვერ გამოდგება მის გასამართლებლად. წყარო ეკუთვნოდა ფრანკლინს და შესაბამისად, ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, მისი ღვაწლისთვის უნდა გაესვა ხაზი კრიკს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარებს დასკვნა, რომ განგებ არ მიუთითეს წყარო, რადგან მასალები გადასცეს მალულად, როზალინდის უნებართვოდ. ფრანკლინის ოპონენტები ამბობენ, რომ კრიკი უილკინსს „მოერიდა“ და ამიტომ არ აღიარა მისი ღვაწლი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, როცა „აღარ განიცდიდა უილკინსის ზეწოლას“, გულწრფელად აღიარა, რომ ფრანკლინის მასალების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მათი სტრუქტურის ფორმულირება. უცნაურია, რა ზეწოლაზეა საუბარი. არავითარი წყარო არ არსებობს ამის დასადასტურებლად. პირიქით: ახლო მეგობრები იყვნენ, შესანიშნავი ურთიერთობა და male camaraderie ჰქონდათ, ხვადთა ძმაბიჭობა. მიუხედავად ამისა, რომც მომხდარიყო მსგავსი ფაქტი, პროფესიული ეთიკა და აკადემიური შრომის ელემენტარული სტანდარტი ავალებდა კრიკს ფრანკლინის ციტირებას.

1962 წელს, როცა ნობელის პრემია მიიღეს, საზეიმო ცერემონიაზე არც კრიკს და არც უოტსონს ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებიათ როზალინდის უდიდესი დამსახურება, არც მისი დასკვნითი მოხსენება, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა. მხოლოდ უილკინსმა (!) მოიხსენია ფრანკლინი და ისიც, გაკვრით. საინტერესოა: ამჯერადაც უილკინსმა (!) დაუშალა კრიკს (!) ფრანკლინის ხსენება, როცა თავად (!) მოიხსენია იგი? რამ შეუშალა ხელი კრიკს? რამ შეაყოვნა? ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული ეს ვარაუდი. უილკინსისადი კეთილგანწყობა და მეგობრული სიახლოვე კრიკს არ ათავისუფლებდა უმთავრესი სამეცნიერო და აკადემიური მოვალეობისაგან  - მიეთითებინა როზალინდის კვლევა. ძმაბიჭობასა და მეგობრობას არავითარი კავშირი არა აქვს სამეცნიერო მუშაობის სტანდარტთან.

კრიკისა და უოტსონის რევოლუციური სტატიის ბოლოში წერია მეტისმეტად სიტყვაძუნწი, ყოვლად აღმაშფოთებელი, უბადრუკი წინადადება, რომელიც ,,მადლობადაც“ კი ვერ ჩაითვლება. თუკი გავითვალისწინებთ, რაოდენ გადამწყვეტი აღმოჩნდა ფრანკლინის წლიური მოხსენება და ფოტო მათთვის, ლოგიკურია, სულ სხვაგვარად უნდა დაემოწმებინათ მისი ნაშრომები. ამას რომ შევეშვათ და არსებულ ფორმულირებას დავუბრუნდეთ, აღმოვაჩენთ: ავტორებმა ჯერ უილკინსს გადაუხადეს მადლობა, მერე კი – ფრანკლინს. მაინც მათი მეგობარი დააყენეს წინ, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მასალა ეკუთვნოდა ფრანკლინს და მისგან იყვნენ დავალებულნი. ცხადია, ის კაცი დააყენეს წინ, რომელმაც ქურდულად გადასცა როზალინდის მასალები და იმასაც შეჰპირდა, ყველაფერს ჩავიწერ და გაცნობებთ, რასაც როზის გამოვტყუებო. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ სტატიის შესავალში წერია: „დნმ–ის სტრუქტურა უკვე შემოგვთავაზეს პოლინგმა და ქორეიმ. მათ კეთილი ინებეს, თავაზიანობა გამოიჩინეს და მოგვაწოდეს თავიანთი ხელნაწერი ჩვენი სტატიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე“. ამ წინადადების შემდეგ ავტორები გვიხსნიან, რატომაა მცდარი მათი მოდელი. თუკი ასე ექსპლიციტურად, ყოველგვარი ბუნდოვანი ფორმულირებების გარეშე დაიმოწმეს ის ნაშრომი, რომელიც მცდარ სტრუქტურას ეხებოდა, ლოგიკურია, არაფერი შეუშლიდა ხელს არც კრიკს და არც უოტსონს, ასევე გასაგებად და ცხადად დაესახელებინათ ფრანკლინი. მისი წლიური მოხსენება გაკვრითაც კი არაა ნახსენები. ფრანკლინის მტრების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ არაფერ შუაშია „შეთქმულების თეორია“. ამოდენა ღვაწლის საკადრისად დაფასება, ფუნდამენტური პრინციპების განუხრელად დაცვა, წყაროს ჯეროვნად მითითება და ავტორის დასახელებაა საჭირო მხოლოდ. რაც შეეხება აჟიოტაჟსა და დავიდარაბას, საჭირო კი არა, აუცილებელიცაა, როცა ასეთ საკითხზე გაჩაღდება კამათი. არ არსებობდა არავითარი საფუძველი ფრანკლინის ესოდენ მნიშვნელოვანი მიღწევების დაკნინებისა.

უილკინსმა აღიარა ფრანკლინის გადამწყვეტი როლი, როცა უთხრა ჯონ რანდალს: „ჩვენ მოყვარულები ვიყავით, როზალინდი კი - პროფესიონალი“ (Elkin 2003). უილკინსთან გაჩაღებული პიროვნული კონფლიქტი მთავარ დაბრკოლებად გადაეღობა როზალინდს, თუმცა, მისი, როგორც ქალის სტატუსი, კიდევ უფრო ამძიმებდა და ართულებდა ვითარებას. „დღესაც ასეა. ჩემი ბევრი ქალი კოლეკა მიიჩნევს, რომ კაცისაგან გამოვლენილი აგრესიული თავდაჯერება მხოლოდ და მხოლოდ გამაღიზიანებელია, მაგრამ ქალის ეს თვისება სრულებით მიუღებელია“,-წერს ლინ ელკინი (Elkin 2003).

სერ აარონ კლუგი აღნიშნავს: „ზოგჯერ, მართლაც რთული იყო მასთან ურთიერთობა; მიზანსწრაფული ქალი გახლდათ; ამბობდა იმას, რისიც სჯეროდა. შეიძლებოდა, მართლაც ანჩხლ და ხისტ ადამიანად მოსჩვენებოდა ვინმეს. კაცი რომ ყოფილიყო, ვერავინ შეამჩნევდა მის ასეთ ზნე-ხასიათს“ (Klug 2004). კაცის ეს თვისებები ძლიერი ხასიათისა და მტკიცე ნებისყოფის ნიშნად მიიჩნევა, ქალისა კი - ნაკლად. ცხადია, ფრანკლინი არ ფიქრობდა, რომ ქალობა „უკან დაჰხევდა“; მისი აზრით, მხოლოდ სოციალური ინსტიტუციები უშლიდა ხელს ქალს წარმატების მიღწევაში, ისევე, როგორც აბსურდული სექსისტური ცრურწმენა უკრძალავდა ლაბორატორიის იმ სასადილო ოთახში შესვლას, მხოლოდ კაცებისთვის რომ იყო გამოყოფილი.

ანდრეი სტასიაკის თქმით, ფრანკლინის ამბავი ნათელს ჰფენს ბრიტანულ განათლების სისტემასა და სამეცნიერო სფეროში ფესვგადგმულ შოკისმომგვრელ გენდერულ უთანასწორობასა და თავაშვებულ სექსიზმს. „ეს გარკვეულწილად შეიცვალა კიდეც, თუმცა, როზალინდ ფრანკლინი ნამდვილად იმსახურებს, ყველას მოვუყვეთ მისი ცხოვრების ამბავი და ვამცნოთ, რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში“ (Stasiak 2001). „როცა სტუდენტი ვიყავი, უოტსონი ჩემი გმირი იყო: მოტივირებულ, ჭკვიან, ახალგაზრდა კაცად მიმაჩნდა (...), თუმცა გამოხდა ხანი და დავკარგე ჩემი სტუდენტობისდროინდელი გმირი. იგი ჩავანაცვლე ახალი გმირით (ფრანკლინით), უფრო ადამიანურითა და უფრო ტრაგიკულით,“-აღნიშნავს ანდრეი სტასიაკი (Stasiak 2001). მისი თქმით, ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა ეს ამბავი (დნმ-ის გაშიფვრა), მაგრამ ბევრი ჩვენგანი ვერ აცნობიერებს, რაოდენ დიდი აღიარება უნდა ხვდომოდა წილად როზალინდ ფრანკლინს თავისი უდიდესი წვლილის გამო. მართლაც, უოტსონმა და კრიკმა არ აღიარეს მისი გადამწყვეტი როლი და არ აღირსეს (სრულიად დამსახურებული) დიდება. მეტიც: რამდენიმე წლის შემდეგ უოტსონმა დიდწილად დააკნინა როზალინდის ღვაწლი თავის წიგნში (Stasiak 2001). მთავარი სხვაობა: კრიკმა და უოტსონმა შეისწავლეს მხოლოდ ,,ბ“ ფორმის სტრუქტურა, ხოლო როზალინდმა – „ა“-ც და „ბ“-ც. აუცილებლად ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და ზედმიწევნითი სიზუსტითა და აკურატულობით აღვწეროთ ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობა.

აარონ კლუგის, ლინ ოსმან ელკინის, ანდრეი სტასიაკისა და სხვა მეცნიერების შეფასებით, ათეული წლების მანძილზე მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრემ იცოდა, რაოდენ დიდი წვლილი შეიტანა ფრანკლინმა დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში. ამიტომაც, კლუგმა ითავა ეს მძიმე საქმე, დეტალურად შეისწავლა მისი ლაბორატორიის წიგნაკები, სტატიები, ნაშრომები, წლიური მოხსენებები და ფართო საზოგადოებას ამცნო, რაოდენ გარდამტეხ აღმოჩენებამდე მივიდა ახალგაზრდა მეცნიერი. როზალინდი ისე ჩავიდა საფლავში, ვერ გაიგო, რაოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ფოტო და მეტადრე, წლიური მოხსენება კრიკისა და უოტსონისათვის (Maddox 2003); (Elkin 2003); (Sayre 2000); (Klug 2004). ფრანკლინის ძმისშვილი იხსენებს: „ჩემი მამიდა დნმ-ის პიონერი იყო. მის სიცოცხლეში ჩვენმა ოჯახმა არ იცოდა, ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე რომ გააკეთა; არ იცოდა, გადამწყვეტი წვლილი რომ მიუძღოდა დნმ-ის შესწავლაში“ (Maddox 2003). აი, ამ ეპიტაფიას ამოიკითხავთ ნაადრევად გარდაცვლილი მეცნიერის საფლავის ქვაზე: „მისი კვლევები და აღმოჩენები ვირუსების სტრუქტურის შესახებ სამარადისო სიკეთედ დარჩება კაცობრიობას“ (Maddox 2003). თავს იჩენს შეკითხვა: რატომ მხოლოდ ვირუსები? სადაა ნახშირი, გრაფიტი და რაც მთავარია, დნმ?

თუკი გავითვალისწინებთ მის ხასიათსა და ტემპერამენტს, ნათელი გახდება, - ფრანკლინი საშინლად განრისხდებოდა, თუკი შეიტყობდა, რომ უოტსონმა და კრიკმა გამოიყენეს მისი მასალები. ამ მოსაზრებას ამყარებს 1951 წლის მიწურულს კინგსის კოლეჯში მომხდარი ინციდენტიც: ფრანკლინი გაცოფდა, როცა გაიგო, რომ სემინარზე მოწვეული ერთი სტუმარი აპირებდა როზალინდის იდეების გამოქვეყნებას მისი სახელის ხსენებისა და საკადრისი პატივის მიგების გარეშე. როზალინდმა ვერ აიტანა საკუთარი ღვაწლის დაკნინება და როგორც მისი რისხვის ობიექტი იხსენებს ლინ ელკინთან ინტერვიუში, „ისეთი წერილი მომწერა (ფრანკლინმა), თავზარი დამეცა. ისეთი ტონით მომთხოვა თანაავტორობა...“ (Elkin 2003).

როზალინდის და, ჯენიფერ ფრანკლინ-გლინი, ამბობს: „საშინლად განრისხდებოდა და მომეტებული გამძვინვარებისაგან აფეთქდებოდა, რომ გაეგო - მის უნებართვოდ შეამოწმეს მისი მასალები. ჩემი და 37 წლისა გარდაიცვალა საკვერცხის კიბოთი. არც კი იცოდა, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღოდა ამ აღმოჩენაში. ძალზე სამართლიანი ადამიანი იყო და მძაფრად განიცდიდა უსამართლობის ყოველგვარ გამოვლინებას“ (Glynn 2012).

საბედნიეროდ, კრიკსა და უილკინსს მაინც ეყოთ ნამუსი და გააკრიტიკეს უოტსონი, როცა საშინლად დაამცირა როზალინდი თავის მემუარებში. ფრანკლინის ყველა თანამშრომელი (და არა მხოლოდ) ერთხმად გმობს უოტსონის სიმდაბლეს, ურცხვ და უტიფარ სიცრუეს, უღირსობასა და უსინდისობას; იმ კაცის ზღვარგადასულ თავხედობასა და სიბილწეს, დრო რომ იხელთა და შეურაცხჰყო ასე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მეცნიერი ქალი. ის ხომ ვეღარ შესძლებდა თავის მართლებას, ვერც სიმართლის თქმას? საბედნიეროდ, გამოჩნდნენ კეთილსინდისიერი მეცნიერები და ხმა აღიმაღლეს მის დასაცავად; იმ დიდებული ადამიანის გამოსასარჩლებლად, რომლის ნათელი ხსოვნაც ასე უდიერად შებღალეს, ჩირქი მოსცხეს მის სახელს, სექსისტური ეპითეტებით შეამკეს და უნიჭო ლურჯწინდა უწოდეს. ფრანკლინმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო კოლეგებს; მისი ნაშრომები რომ არა, როგორც კრიკი აღიარებს, შეუძლებელი იქნებოდა სტრუქტურის აწყობა. აი, ასეთი დამსახურება მიუძღვის მათ წინაშე. რა დამსახურება მიუძღვით ფრანკლინის წინაშე კრიკს, უოტსონს, უილკინსსა და პერუცს? უდიდესი: ერთმა ფოტო აჩვენა უოტსონს მის ზურგსუკან და ძმაბიჭებს შეჰპირდა, რასაც გამოვტყუებ, ჩავიწერ და მოგირბენინებთო. რაც შეეხება უოტსონს, უკვე ვიხილეთ მისი დამსახურება. კრიკის დამსახურებაც განუზომლად დიდია: მიუხედავად გადამწყვეტი როლისა, არ მიუთითა როზალინდის უმნიშვნელოვანესი მასალები, როგორც ორიგინალური წყარო. პერუცმაც უთუოდ დიდი პატივი დასდო: ისე გადასცა ფრანკლინის წლიური მოხსენება კრიკსა და უოტსონს, არც როზალინდისთვის უთხოვია ნებართვა და არც ლაბორატორიის დირექტორისათვის, ჯონ რანდალისთვის, თუმცაღა, სულ რომ საკუთარი ნებით გადაეცა მასალები მათთვის, მაინც როზალინდი იქნებოდა წლიურ მოხსენებაში აღნუსხული აღმოჩენების ავტორი და არა - კრიკ-უოტსონის დუეტი. ზემოხსენებული მეცნიერული „კვარტეტის“ „წყალობით“ იყო ჩრდილში როზალინდი მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მასზე. არა. ჩრდილი მსუბუქი სიტყვაა. წყვდიადი უფრო შეეფერება დნმ-ის „შავბნელ ლედის“ (როგორც უილკინსმა უწოდა ერთ-ერთ წერილში). დნმ-ის სტრუქტურის გაშიფვრა, საუკუნის აღმოჩენა რომ უწოდეს, ამ სამი „გენიოსი კაცის“ ექსკლუზიურ დამსახურებად ჩაიწერა ისტორიაში; მხოლოდ მათ ხვდათ წილად აღიარება. საკადრისი პატივი რომ მიეგოთ ფრანკლინისათვის, ჯეროვნად დაეფასებინათ მისი ღვაწლი და ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზეც ეღიარებინათ, რაოდენ გარდამტეხი როლი ითამაშა ქალმა ამ სამეცნიერო პაექრობაში, როზალინდი უთუოდ გახდებოდა მათი დიდების თანაზიარი. ცხადია, ეს რომ მომხდარიყო, ასე ბურუსით მოცული არ იქნებოდა ამბავი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.

როზალინდ ფრანკლინმა სრულიად ახალი გეზი მისცა როგორც მეცნიერებას, ასევე, აგროკულტურას. ახალი სიტყვა თქვა თავისი პიონერული კვლევებით. მის აღმოჩენებზე დაყრდნობით შექმნეს აირწინაღების სულ სხვაგვარი მოდელი და ასე იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი ეს კვლევები დღემდე გამოიყენება საავიაციო ინდუსტრიაშიც. დეტალურად გამოიკვლია ნახშირის პოროვანი ფენები და პასუხი გასცა არაერთ შეკითხვას, მოსვენებას რომ არ აძლევდა წამყვან მეცნიერებს. მანვე აღწერა გრაფიტიზაციის პროცესი და დაადგინა, - ნახშირი ასრულებდა ერთგვარი „მოლეკულური საცრის“ როლს: ანუ ტემპერატურის ცვლილებისას, ზოგ მოლეკულას ატარებდა, ზოგს კი - ბლოკავდა (Maddox 2003). აგრეთვე, რევოლუციური კვლევები ჩაატარა ვირუსების სტრუქტურის გასაშიფრად. 1953 წლის მარტში რომ გადავიდა ბირკბექის კოლეჯში, თავად განსაზღვრა თამბაქოს მოზაიკური ვირუსის სპირალური აგებულება კრისტალოგრაფიული მეთოდის დახმარებით. გამოაქვეყნა კვლევა და თავდაყირა დააყენა დამკვიდრებული იდეები; დაამხო ცნობილი ვირუსოლოგის, ნორმან ფაირის მოსაზრებები და მართალიც აღმოჩნდა. მისი იდეების სისწორე დამტკიცდა მისი სიკვდილის შემდეგ (Maddox 2003, 252). სამწუხაროდ, დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1956 წელს შეიტყო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავდაუზოგავად შრომობდა. 1957 წელს დაფინანსება მოითხოვა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისაგან, რათა ბირკბექის კოლეჯს გაეგრძელებინა კვლევა-ძიება. მიზანს მიაღწია - 10 000 სტერლინგი გამოუყვეს. ასეთი მსუყე თანხა არასოდეს მიუღია ამ დაწესებულებას. იმავე წელს მიიწვიეს ბრიუსელში, ცნობილ სიმპოზიუმზე, სადაც უნდა წარმოედგინა ვირუსის სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც თავად ააწყო კოლეგებთან ერთად. გახარებული როზალინდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა მოახლოებულ გამოფენაზე; სიამაყით ამბობდა - მალე წარვუდგენ ხალხს ჩემს მოდელსო. სამწუხაროდ, არ დასცალდა: ისე დასუსტებული და დაუძლურებული იყო, ვერ შეძლო გამგზავრება. 1958 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში. მეორე დღეს, 17 აპრილს, მისმა თანამშრომლებმა სევდანარევი სიამაყით გამოფინეს მაგიდის ჩოგბურთის ბურთებითა და ველოსიპედის სახელურებით აწყობილი მისი მოდელი (Maddox 2003). საუბედუროდ, ვერ მოესწრო ამ დღეს, ვერ იამაყა თავისი ნახელავით. დასნეულებულმა ქალმა არაერთი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის მტანჯველი კურსი გადაიტანა. მიუხედავად ყველაფრისა, ღონემიხდილი და სასოწარკვეთილი, მუხლჩაუხრელად იბრძოდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. მისი უსასოობა, თავდადება, გულმოდგინება და შეუდრეკლობა გულს უკლავდა მისსავე კოლეგებს. ვერაგმა სენმა საბოლოოდ დარია ხელი, მაგრამ თითქმის მთლად დავრდომილი როზალინდი მაინც არ ჰყრიდა ფარ-ხმალს. მისი თანამშრომლები იხსენებენ: როცა უკვე აღარ შეეძლო სიარული, გაჭირვებით მიბობღავდა ხოლმე ბირკბექის კოლეჯის კიბეებზე; მთელი ძალით ეყრდნობოდა ხელისგულებსა და მუხლებს; საცოდავად მიხოხავდა დერეფანში; ტანჯვა-წვალებით მიიწევდა ერთი ლაბორატორიიდან მეორისაკენ. სასიკვდილო სარეცელზე მწოლმა, დახმარების ხელი გაუწოდა გაჭირვებულ კოლეგებს. 3 000 ფუნტი და თავისი მანქანა დაუტოვა აარონ კლუგს, რომელიც უმწვავეს ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 1000 ფუნტი უსახსოვრა თავის ორ მეგობარს, რათა ამ უკანასკნელთ შესძლებოდათ შვილებისთვის განათლების მიცემა (Maddox 2003). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო მოწვევა ვენესუელის ერთ-ერთი ლაბორატორიისაგან - ერთი წელი უნდა ემუშავა კარაკასში. გახარებულ ქალს, სასთუმალთან ედო ეს დოკუმენტი (Maddox 2003). სწორედ 16 აპრილს უნდა წაეკითხა თავისი უკანასკნელი სამეცნიერო სტატია. სამწუხაროდ, არც ეს არ დასცალდა - მაინცდამაინც იმ დღეს მიიცვალა, სწორედ მაშინ, როცა სხვები კითხულობდნენ მის უკანასკნელ ნაშრომს, მის მაგნუმ ოპუსს, მის გედის სიმღერას.

კოლეგები იხსენებენ ამ ბრწყინვალე მეცნიერის რევოლუციურ შრომას, თავდადებას, პიონერულ კვლევებს; იგონებენ მის სიკეთეს, გულუხვობას, თავაზიანობას, მეგობრულ კეთილგანწყობას, სილაღეს, მხიარულებას, სიხალასეს, ნიჭს, საოცარ კომპეტენციას, სიძლიერეს, გამბედაობას, სიმამაცესა და სიმტკიცეს. აი, ესაა როზალინდ ფრანკლინი - შეთქმულების თეორიების, „თითზე დახვევის“, „გაბერვის“, „გაზვიადების“, „გაბუქების“, სეირის ყურების მოყვარულთა ჭორების, კონსპირაციების მაძიებელთა ლეგენდების, „ისტორიული რევიზიონიზმისა“ და მითების გარეშე. აი, ესაა როზალინდ ფრანკლინი  - „მატილდას ეფექტის“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. როზალინდ ფრანკლინი - სექსიზმს შეწირული მეცნიერი ქალის სიმბოლო, ფემინისტური სახე-ხატი; დავიწყებული გენია, ძალზე გვიან რომ ეღირსა სახელი და დიდება. მიჩქმალულსა და ჩრდილში დარჩენილს, უდიერად რომ მოეპყრნენ კოლეგები, დიდი უღირსობა და უსამართლობა გამოიჩინეს და განგებ დააკნინეს მისი ღვაწლი. როზალინდ ფრანკლინი - სტრუქტურული, ინსტიტუციონალიზებული სექსიზმის, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობისა და სამეცნიერო-აკადემიური პატრიარქატის წინააღმდეგ მედგრად მებრძოლი ქალი. სამარადჟამო დიდება და არდავიწყება როზალინდ ფრანკლინს. დაე, სიკვდილის შემდეგ მიეღოს იმაზე ბევრად დიდი ჯილდო, ვიდრე ნობელის პრემიაა (რომელიც უთუოდ დაიმსახურა). უოტსონის, კრიკის, უილკინსისა და პერუცისაგან განსხვავებით, ჩვენ უნდა დავაფასოთ მისი ღვაწლი და საკადრისი პატივი მივაგოთ ამ დავიწყებულ გმირს. დიახ, დავიწყებული გმირი.

ბიბლიოგრაფია

                                                         

1) Bernal, John Desmond, 1958, “Dr. Rosalind E. Franklin”, Nature, Vol, 182 (158), p. 154

2) Chargaff, Erwin, 1968, “A Quick Climb up Mount Olympus”, Science, Vol, 159 (1968): 1448–1449. Review of James D. Watson’s The Double Helix, 1968

3) Crick, Francis, 1961, “Letter to Jacques Monod”. The Francis Crick Papers https://profiles.nlm.nih.gov/ps/retrieve/ResourceMetadata/SCBBFW

4) Cruicksheank, Durward, “Letter to the Editor : 50 Years of DNA continued a little further”, International Union of Crystallography https://www.iucr.org/news/newsletter/volume-12/number-1/letter-to-the-editor

5) Donohue, Jerry, 1976, “Honest Jim?”, Review of “Rosalind Franklin and DNA” by Anne Sayre. The Quarterly Review of Biology, Vol, 51, No. 2, (Jun., 1976), pp. 285-289. The University of Chicago Press. http://www.jstor.org/stable/2823632?origin=JSTOR-pdf

6) Elkin, Lynne Osman, 2003, “Rosalind Franklin and the Double Helix”, Physics Today, March 2003. Pp 42–48. http://zillanatomy.com/Elkin_Rosalind_Franklin_and_Double_Helix_Physics_Today2003.pdf

7) Franklin, Rosalind, 1953, “Notes on Pauling and Corey's "Proposed Structure for Nucleic Acids". The Rosalind Franklin Papers

8) Glynn, Jenifer, 2012, “My Sister Rosalind Franklin: A Family Memoir”, Oxford University Press

9) Judson, Horace Freeland, 1996, “The Eighth Day of Creation: Makers of the Revolution in Biology”, Commemorative expanded Edition, Cold Spring Harbor Laboratory Press

10) Klug, Aaron, 2004, “The discovery of the DNA double helix”, Journal of Molecular Biology, Vol, 335: 3–26

11) Klug, Aaron, 1968, “Rosalind Franklin and the Discovery of the Structure of DNA”, Nature, Vol, 219, 24 August 1968, pp. 808-810, 833-844

12) Klug, Aaron, 1974, “Rosalind Franklin and the Double Helix”, Nature, Vol, 248, 26 April 1974, p. 78

13) Krude, Torsten, 2004, “DNA: Changing Science and Society”, Cambridge University Press

14) Livio, Mario, 2014, “Brilliant Blunders: From Darwin to Einstein - Colossal Mistakes by Great Scientists That Changed Our Understanding of Life and the Universe”, Simon & Schuster, reprint edition

15) Maddox, Brenda, 2003, “Rosalind Franklin: The Dark Lady of DNA”, Harper Perennial

16) McGrayne, Sharon Bertsch, 1998, “Nobel Prize Women in Science: Their Lives, Struggles, and Momentous Discoveries”, Joseph Henry Press

17) Olby, Robert, 1974, “The Path to the Double Helix”, Dover Publications

18) Sayre, Anne, 2000, “Rosalind Franklin and DNA”, W. W. Norton & Company

19) Sherman, Irwin, 2012, “Malaria Genome Projects, The: Promise, Progress, And Prospects”, Imperial College Press

20) Shils, Edward and Carmen Blacker, 1996, “Cambridge Women: Twelve Portraits”, Cambridge University Press

21) Stasiak, Andrzej, 2001, "Rosalind Franklin", EMBO Reports. 2 (3): http://embor.embopress.org/content/2/3/181.full

22) Stasiak, Andrzej, 2003, "The First Lady of DNA", EMBO Reports. 4 (1): http://embor.embopress.org/content/4/1/14?utm_source=TrendMD&utm_medium=cpc&utm_campaign=EMBO_Rep_TrendMD_0

23) Stent, Gunther, 1980, “The Double Helix: A Personal Account of the Discovery of the Structure of DNA”, Norton Critical Edition. W. W. Norton & Co Inc

24) Polcovar, Jane, 2006, “Rosalind Franklin and the Structure of Life”, Greensboro, N.C.: Morgan Reynolds Publishing Inc

25) Tobin, Allan and Jennie Dusheck, 2005, “Asking About Life”, Thompson learning Academic

26) Watson JD and Crick FH, 1953, "Molecular Structure of Nucleic Acids: A Structure for Deoxyribose Nucleic Acid", Nature, Vol, 171 (4356): 737–8

27) Watson, James, 1968, “The Double Helix: A Personal Account of the Discovery of the Structure of DNA”, Atheneum

28) Wilkins, Maurice, 2005, “The Third Man of the Double Helix”, Oxford University Press

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ოქტომბერი
16 ოქტომბერი

მიფრინავენ წეროები

სად? შორს… დედა სახლიდან სამ საათზე უკანასკნელად გავიდა. რამდენი წლის იყო? ავადმყოფობდა? 81-ის. ავადმყოფობდ ...
12 ოქტომბერი
12 ოქტომბერი

აბა ის სჯობდა?!

დადგა ისევ ის უმნიშვნელო დღე, როცა იურა უნდა მენახა. შვედეთში გაცნობილი რუსი მეგობარი. მე ჩრდილოეთით წამსვლელი არ ვ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

მორიგი გაქცევა თვითნაკეთი თავისუფლებისგა ...

ოცდახუთ წელზე მეტია დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები ახალი ისტორიის ისტერიულ მართლწერასა თუ უბრალოდ, კარნახის წერას ჰ ...

მეტი

^