Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკობაროკო საავტორო უფლებით

30 იანვარი 2018

ერთი დღე-ღამეც არ გასულა, რაც ერეკლე დეისაძემ ფსიქო-დელიასა და ელექტრომუსიკით გაწყობილ პაწია ნარკოსოციოლოგიას „ჩამოჰკრა“ კლიპში სახელწოდებით „ხალხური“, მაგრამ ვნებათა ღელვამ უკვე ზღვარს მიაღწია. მთელი ეს დაგუბებული ნარკობაროკო - საავტორო უფლებების დარღვევით შეშფოთებული ხალხით, დეისაძის მუდმივი თუ დროებითი ფანებით, ხინკლისა და გია ყანჩელის დამცველებით, ნატო მეტონიძის ხმის გაელვებით, იმაზე მეტყველებს, რომ „ქარი, რომელიც შიგნიდან ქრის“ (ერეკლე დეისაძის ტექსტია) ჩვენს გონებას ჯერჯერობით ვერაფრით ეხმარება.  

რა შეიძლება ვიგრძნოთ ახალ კლიპში, რომლის მხოლოდ 15 წამი ეთმობა ნატო მეტონიძის ხმას,  ორ წუთზე მეტი კი ერეკლე დეისაძის ლექსსა და ვოკალს? ის, ცხადია, შეგვახსენებს გია ყანჩელის ცნობილ კომპოზიციას ნიკოლოზ რაჭველის არანჟირებით (ეს სწორედ ის თემაა, რომელიც თავის დროზე რობერტ სტურუამ „ხანუმაში“ გამოიყენა) და გვამცნობს, რომ პოსტმოდერნით გამოტენილ სამყაროში ყველაფერი უკვე გამეორებასა და მუდმივ ციტირებაზე დაყრდნობით იგება. და იმის მტკიცება, რომ ცნობილი კომპოზიციის გამოყენებით დეისაძემ კომპოზიტორისა და მომღერლის საავტორო უფლებები შელახა, აბსურდია.

რასაკვირველია, შეიძლება ვედავოთ კლიპის ავტორს „ნარკატას“ მეტაფიზიკასა და იაფფასიან კრეატივზე. შესაძლოა, უმი ხინკლის ჭამაც ეროვნულ-გასტრონომიულ სიმბოლოებზე უგემოვნო პაროდიად აღვიქვათ ან ოდნავ შეგვაწუხოს ბუმბულში დაფლული და ტრანსში ზომიერად გასული მუსიკოსის სხეულის პულსაციებმა. თუმცა, საბოლოდ, ეს მაინც მუსიკის პულსია, რომელიც რეალურად გადმოსცემს ახალ და ფეთქებად სოციალურ იმპულსებს - იმას, რაც თავის დროზე ჩაიდო „თეთრ ხმაურში“, რაც მძლავრად იგრძნობოდა კლიპში „სისტემა უნდა დაინგრეს“, ან რითაც ასე გაღიზიანდნენ მორიგე ხინკალდამცველები კომპოზიციაში „რაც მამას უნდა“.

მთელი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი და უკვე 21-ე საუკუნეც დაწერილი და შექმნილი კულტურის ხელახლა გადაწერაა. ამდენად, მუსიკის წერა, ფილმის გადაღება, ან სპექტაკლის დადგმა ფაქტობრივად  შეუძლებელია წინარე ცოდნის ან ვინმეს გავლენის გარეშე. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც ვიდეოარტი, ტექსტი და მუსიკა იმეორებს და თან ებრძვის წარსულის არქეტიპებს, ნიშნებს, სიმბოლოებს. ამდენად შეუძლებელია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაზე ლაპარაკი.

ყველაზე მნიშვნელოვანი დეისაძის ახალი კლიპის კონტექსტში მაინც არის ტერმინი music sampling („მუსიკალური ნაგლეჯი, ნაწყვეტი“), რომელიც პირველად  გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ჰიპ-ჰოპმა ფართოდ გახელილი თვალებით დაიპყრო მსოფლიო, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მანამდეც, დიდი ხნით ადრე, ჯაზის ცნობილი მუსიკოსები ყოველთვის იყენებდნენ ერთმანეთის თემებსა და ფრაგმენტებს. კოლაჟებისა და მუსიკალური ციტატების ეპოქა გაცილებით გვიან დადგა, როცა ელექტრომუსიკაში დიჯეები გამოჩნდნენ და სხვადასხვა მუსიკალური კომპილაციის კეთებას მიჰყეს ხელი.

საავტორო უფლებებისათვის ბრძოლა ერთნაირი ნოტების თვლასა თუ მსგავსი მუსიკალური თემების  ძიებაში გადავიდა. დაიწყო სასამართლოების კასკადი: მაგალითად, ნაკლებად ცნობილი ავტორები უჩიოდნენ ჯორჯ ჰარისონს მელოდიების მითვისებაში, უფრო მეტნი და მეორეხარისხოვანნი - მაიკლ ჯეკსონს პლაგიატისთვის, „რადიოჰედი“ საჩივარს საჩივარზე წერდა ლანა დელ რეის სახელზე, რომ „მან მუსიკა მოიპარა“ და ა.შ.

სინამდვილეში, საავტორო უფლებების დარღვევა თანამედროვე მუსიკაში  რთულად დასასაბუთებელია, რადგან იმდენი მსგავსი მელოდია და თემები დაგროვდა, რომ ძნელია, გაარკვიო, ვინ ვისგან რა ისესხა და რა მუსიკალური ციტატა გამოიყენა. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონის დარღვევა არ ეხება დეისაძის კომპოზიციას, რადგან მას ყანჩელის მუსიკის მხოლოდ თემა აქვს გამოყენებული და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნატო მეტონიძის სიმღერის მხოლოდ 15-წამიანი ნაგლეჯი.

სხვა საკითხია, რომ დეისაძემ უშუალოდ არ სთხოვა ნატო მეტონიძეს  ვოკალის, გია ყანჩელს კი კომპოზიციის გამოყენების უფლება. მაგრამ ეს ეთიკური პრობლემაა და არა იურიდიული. ვიმეორებთ, დეისაძეს სრული უფლება ჰქონდა music sampling-ის, ანუ „მუსიკალური ნაგლეჯის“ პრინციპის გამოყენების, რასაც დღეს უამრავი დიჯეი, მომღერალი თუ კომპოზიტორი იყენებს...

არა მგონია, თავად ელექტრომუსიკის რიტმმა და ტექსტმა - „მე მეცვა შენი თმისფერი პალტო/ მზე გავდა დამწვარი მანქანის საბურავს“ - რამით შელახოს ქართული კულტურის არქეტიპები; ისევე როგორც ილიკო სუხიშვილის ახალი, საკლუბო ცეკვის კონცეფცია ვერაფრით „წაგვართმევს ქართველობას“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^