Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის სურნელი

31 იანვარი 2018

გაიღვიძე დაო და მიპასუხე, ბოლო ერთი თვის მანძილზე რამდენჯერ გაიმართლე თავი მამასთან, ძმასთან და ბატონ ქმართან?! რამდენჯერ შეგეშინდა და დაიბენი?!

ნეტა რამდენჯერ იტირე ამ კვირაში ან რამდენჯერ გაგარტყეს “დამსახურებული” სილა?!

გამოფხიზლდი და დაფიქრდი, იქნებ დაიღალე მუდმივ რეჟიმში თავის მართლებით გამოგონილ და დაბრალებულ იდიოტურ დანაშაულებზე, რომელიც არც კი ჩაგიდენია?!

იქნებ დაიღალე მუდმივი ორჭოფით სახლიდან გასვლის წინ. ხომ არ არის ზედმეტად გამომწვევი შენი სრულიად უწყინარი კაბა?! ხომ არ იჩხუბებს შენი ქმარი ამ ლაქის ფერზე ან მაისურის გულის ფორმაზე?!

შემთხვევით მაპროვიცირებელი ხომ არ არის შენი ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე, შენი თმის ფერი ?!

გაიხსენე, რამდენჯერ გაჩუმდი კამათის დროს და ბოლო სიტყვა მამაკაცს დაუთმე.

რამდენჯერ გადაგწიეს მეორე პლანზე, შენი ფიქრებით და ოცნებებით, შენი სურვილებით და ნიჭით. რამდენჯერ არ დაგაწინაურეს სამსახურში, მხოლოდ და მხოლოდ შენი სქესის გამო. მერამდენედ არ დაგიფასეს შრომისმოყვარეობა?!

მითხარი, რამდენჯერ გადაიფიქრე პირსინგის ან ტატუს გაკეთება სტატუს-კვოს დაკარგვის შიშით?!

ახლა კი შეწყვიტე ფიქრი და იგრძენი როგორ საამურად უბერავს ცვლილებების ქარი?! როგორ აშკარად დაჰყვება მას ქალის სურნელი და რამდენად უკეთესი შეიძლება იყოს შენი მომავალი. როგორი მშვიდი და ლაღი იქნებოდი რომ შეგეძლოს შენი თავისთვის ბრძოლა.

ალბათ ხედავ ხომ რომ, სხვა ქალებმა ხელ-ახალი ძალებით გამოუცხადეს გაბატონებულ პატრიარქატს ომი. არადა, შენც შეგიძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდე. ბრძოლის, რომელიც უპირისპირდება შენი უფლებების ხელყოფას და ძალადობაზე დუმილს.

ჩვენ ვიცით რომ, ცვლილებები გარდაუვალია. ამაზე აღარ არსებობს ორი აზრი. აქტიურად და წარმატებულად ჩავლილმა ფემინისტურმა კამპანიებმაც უკვე მერამდენედ გაიმეორეს შენი სათქმელი, შენს გარეშე. არადა, ახლა ჩვენი დროა და ჩვენთან ერთად დრო მოვიდა შენც დაარღვიო დუმილის ჯოჯოხეთი.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლამ და აქტივიზმმა უკვე გაარღვია ფემინისტური წრეები და ელიტარული წითელი ხალიჩაც კი დაიკავა. ავად თუ კარგად, ათი ათასიან ნაჭრებში გახვეული ვარსკვლავებით, კარნავალიზაციით თუ სნობური მიმბაძველობით შეგულიანებულებმა ჰოლივუდმა, ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე, რომელიც მრავალ ქვეყანაში პირდაპირი ტრანსლიაციით გადაიცემოდა, მილიონობით  ქალის სათქმელი გააჟღერა; “Time is up”- დრო ამოიწურა!

ამოიწურა დუმილის დრო და თმენის ფიალა და შენც უკვე უფრო თამამად და იმედიანად შეგიძლია ხმა ამოიღო გაბატონებულ უსამართლობაზე. შემოუერთე მრავალრიცხოვან არმიას, რომელიც გარდაუვალი გამარჯვებით დაასრულებს დაწყებულ ბრძოლას, იმიტომ რომ ჩვენ, ქალები, ომებს გვიან მაგრამ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიწყებთ.

ეს არის ბრძოლა, რომელიც უკვდავყოფს ყველა მოკლული ქალის სახელს და შურს იძიებს ყველა გაუპატიურებული ქალის სახელით. ეს ბრძოლა გაანთავისუფლებს მილიონობით ქალს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან. შეცვლის არსებულ დღის წესრიგს და დაასრულებს გენდერული ნიშნით ჩაგვრას. ეს არის ბრძოლა საკუთარი სხეულის და ცხოვრების დასაბრუნებლად. ეს არის ბრძოლა ქალებისთვის და ჩვენ ვუხმობთ ყველა ქალს...  

ყველას ვისაც ეშინია.

ყველას, ვისაც რცხვენია.

ყველას, ვისითაც მანიპულირებენ.

ყველას, ვისაც ჯერა რომ მარტოა...

ყველას, ვისაც რწმენა დაუკარგავს...

ყველას, ვისაც თავი დამნაშავე გონია...

ყველას, ვისაც ძალადობისთვის სახელი ვერ დაურქმევია.

ყველას, ვინც მოატყუეს და გამოიყენეს.

ყველას, ვისაც ძალინ უჭირს და ფიქრობს რომ ვეღარ უძლებს.

ყველას, ვისაც სტკივა.

ყველას ვინც თავს ირწმუნებს თითქოს ეს ტკივილი ასატანია.

ყველას, ვისაც ძალით ეფერებიან.

ყველას, ვისაც ძალით კოცნიან.

ყველა მოტაცებულს, გალახულს, დამცირებულს,

ყველას! ყველას! ყველას!

ყველას, ვინც მსხვერპლია და ისევ დუმს !

ვუხმობთ ყველას, იმიტომ რომ დუმილის დრო დიდიხანია ამოიწურა.

უსამართლობა კი, მხოლოდ შენი მოქმედების ხარჯზე დაიძლევა. მიუხედავად იმისა რომ,  სხვა ვერავინ დაგიცავს, თუ არ მოისურვე დაიცვა საკუთარი თავი, გამბედაობის პირველ ნაბიჯთან ერთად, აუცილებლად იპოვი სხვა ქალებს, რომლებიც მოგცემენ ძალას და აღარ მოგცემენ წაქცევის უფლებას. ქალებს, რომელთა ერთობაც ხვალინდელ თანასწორობას შექმნის და მთელი გულწრფელობით იბრძოლებს შენი ღირსების დასაბრუნებლად. ეს ბრძოლა კი არ დასრულდება იქამდე, სანამ ერთი დაჩაგრული, გალახული და დაშინებული ქალი მაინც იარსებებს დედამიწაზე.

ნუღარ შეადარებ ბატონებს. ნუღარ მოერგები და ნუღარ მოითმენ ამდენს. შეწყვიტე საკუთარი თავის ცოცხლად გლოვა და გააკეთე არჩევანი!

მოინდომე უკან დაიბრუნო ჩამორთმეული თავისუფლება.

ირწმუნე რომ #futureisfemale და გაიხსენე რომ მე გადავრჩი, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ბრძოლაში შენც აუცილებლად გადარჩები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^