Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ორი“ ელენე: სიზმარი

09 თებერვალი 2018

 მას ჰყავდა ორი ელენე, ღამით ესიზმრა. მისი მანქანა შეუმჩნევლად ყვითელი იყო, როგორც ეჭვი. Cadillac de ville მტვრიან გზაზე მიდიოდა, სიმინდის ყანებს შორის. მზე - უფრო ყვითელი, ვიდრე მისი კაბრიოლეტი... ასეთ მზეს შუბის ტარებს დაუთვლიან ხოლმეო, ფიქრობდა სიზმარში. მტვრიანი გზა სიმინდის ყანებს შუაზე ჰკვეთდა, მანქანაში მასთან ერთად ორი ელენე იჯდა. ზუსტად ერთნაირი, როგორც ტყუპები ან, როგორც ზამთრის ქარიანი ან ზაფხულის სიცხით დამდნარი დღეები. ერთს უკანა სავარძელზე ეძინა, მეორე წინ იჯდა, ჰორიზონტს მიშტერებული, დროდადრო სიგარეტს ქაჩავდა, ტუჩის კუთხეში შეუმჩნეველი ღიმილით.

წყალი მინდა - თქვა ელენემ.

წყალი არ იყო. გარშემო იდგა სიზმრის ვრცელი სამყარო, მაგრამ წყალი არ იყო. სიზმრებში ალბათ წყალზე წასვლა და მისი პოვნა ძალზე რთულია. ჩუმად მიუყვებოდა მტვრიან გზას. სიმინდის ყანას ისევ სიმინდის ყანა მოსდევდა, მათ შორის კი ვიწრო ჩასახვევები. სიზმარს მთები ჰქონდა, მაგრამ ძალიან შორს, მხოლოდ ერთ მხარეს, მკრთალი კონტურები. მთებთან მისვლა ისე რთულია. მთებს აქვს წყარო და წყურვილიც არ შეაწუხებს, მაგრამ ძნელია სიზმრის ვრცელი ველები გადალახო.

იქნებ ცხოვრებაზე ძნელიც? ჰკითხა თავის თავს.

შუა გზაზე გააჩერა, მანქანიდან გადავიდა. თავის სიზმარში თავს უცხოდ გრძნობდა, შორს იყო, თითქმის დაკარგული. წინ გადასახვევი მოჩანდა, ბოლოში ხის ძველი ანგარი. ალბათ ორი ბიპლანი დაეტეოდა. სათვალე შუბლზე აიწია და დააკვირდა. სიზმრებში აქამდე არასდროს ენახა თვითმფრინავები, არც ქაღალდის.

იქ ექნებათ წყალი, - თქვა თითქმის დარწმუნებულმა და ელენეს გახედა, რომელსაც ეღვიძა. მანქანაში იდგა, საქარე მინას მკლავებით დაყრდნობილი და ისიც უყურებდა.

მერე მივიდეთ, - მხრები აიჩეჩა ელენემ, რომელსაც ეღვიძა, და მძიმედ დაეშვა სავარძელზე. ჩაჯდა, კარი წყნარად მიიხურა. მისი სიზმარი მანქანაზე ყვითელი იყო. სიმინდის ყანებსაც გადაჰკრავდა ეს სიყვითლე. 

მტვრიანი გზიდან, ისევ მტვრიან, მაგრამ უფრო ვიწრო გზაზე გადაუხვია. გზას გვერდით თვითმფრინავების ასაფრენი მინდორი გასდევდა.

ნელა მიგორავდა კაბრიოლეტი, უკან ფიქრებივით ადევნებულ მტვერს ტოვებდა. გამომშრალ მიწაზე საბურავები ისე ხრაშუნობდა, თითქოს ვიღაცას ცხელი პოპკორნი დაუყრიაო.

„ძალიან რეალურია ეს სიზმარი და ეს ორი ქალი,  ორივე ელენე“. ასე ფიქრობდა და ანგარს თვალს არ აშორებდა. რეალური იყო, მაგრამ მაინც ეშინოდა, რომ ეს ანგარი არ გამქრალიყო. ფართო შესასვლელთან შეაჩერა. შიგნით, ზუსტად შუაში, ჭა იყო, ქვებით ამოშენებული ნაპირებით. „მგონი წყალი იქნება“, თქვა მან. მანქანა დაძრა. შემოუარა ჭას და გასასვლელისკენ ცხვირით გააჩერა. პოპკორნების ხრაშუნი შეწყდა, ძრავა დადუმდა.

სავარძლის ქვემოდან მათარა გამოაძვრინა. ჭასთან მოხუცი იჯდა, თითქოს ეცნო გაუხეშებული ნაცრისფერი წვერი. ოდნავ მოღიმარი თვალებით გამოხედა. „ეს მე ვარ“, გაიფიქრა მან.

და რეალობა დამთავრდა. მისი სიზმარი სავსე იყო სივრცით, სიმინდის ყანებით, და მასთან იყო ორი ელენე, ერთს ეძინა. ახლა უკვე საკუთარი თავიც, წლების შემდეგ, სიმინდის ყანაში. ანგარში, რომლის კუთხეებში თვითმფრინავის ნაწილები ეყარა, მაგრამ არსად ჩანდნენ თვითმფრინავები. მოხუცმა გაუღიმა და სკამიდან წამოდგა, მანაც იცნო, ან უფრო იცოდა საკუთარი ახალგაზრდობა, არაფერი მოულოდნელი. 

ჯერ არ ჰქონდა შესწავლილი მთელი სიზმარი. ისევე, როგორც ცხოვრება.

მიესალმა და გული ყელში მოებჯინა, მანქანას გახედა, უყურებდა ის, რომელსაც ეღვიძა, ის კი, რომელსაც ეძინა, შეიშმუშნა. მეწამული... მისი ფერია. ასეთი იყო მზე ამ სიზმარში, ყვითელი სხივებით.

  • წყალი იქნება? - მიანიშნა ჭაზე.
  • ალბათ იქნება.

მოხუცს არაფერი უკვირდა, თვითონ კი სიზმარს ვეღარ მისდევდა, თითქოს საკუთარი გონებიდან გამოვიდა, ორად გაიყო, და ახლა მოხუცის სიზმარში გრძნობდა თავს. განვლილი ცხოვრება ესიზმრებოდა. მთელი სამყარო ამ სიმინდებში იყო ჩაფლული.

- მანქანა ხომ არ ჯიუტობს? - მოიკითხა მოხუცმა კადილაკი, ძველი ნაცნობივით.

- არა, მხოლოდ ხრაშუნობს ამ გზებზე. როგორც... როგორც პოპკორნი.

  • ორივე შენთანაა. თქვა სევდიანად. მაგრამ არაფერი უკვირდა.
  • ჰო, ისინი...  ასე გადაწყვიტეს.
  • მეწამულია - გაუღიმა მოხუცმა და თვალი ჩაუკრა - ვნახოთ აბა წყალი. 

ჭას თავი გადახადა. არც ისე ღრმა იყო, სუფთა, გამჭირვალე წყალი, ფსკერზე ფერადი კენჭები. ხელით მიწვდებოდი. კენჭებს შორის შუშის თვალი ეგდო. მათარა აივსო.

ერთი, რომელსაც ეღვიძა, გადმოვიდა, წყალი დალია. როგორი ცივია, თქვა მან, თვითონვე აავსო ისევ მათარა და წაუღო მას, რომელსაც ეძინა. შეიშმუშნა, მიიხედ-მოიხედა, ცოტა მოსვა და სამყაროს გაუღმა, ორივემ გაუღიმა. მერე მათარა მანქანიდან ესროლა. თვითონაც დალია. ისინი ისევ მანქანაში ისხდნენ.

            იგრძნო, გონებაში გაიგონა, მოხუცის ფიქრები ესმოდა, და თვითონაც ფიქრებში პასუხობდა.

  • კი, თვითმფრინავები არიან, ორი. ახლა დაფრინავენ, სადღაც მთებისკენ. ქალაქი შორსაა. შენ კადილაკი გყავს, თანაც აღარ ჯიუტობს. მიხვალ, მაგრამ არც ისე კარგია. მე გამოვექეცი. ყველა ქალაქს გამოვექეცი. და მათაც, ორივეს. ჰო, შენი ფიქრი, ჩემი ფიქრია. ნუ ენდობი მხოლოდ თვალებს, ის ერთია, მაგრამ ორია ისევე ჭეშმარიტად, როგორც ერთი. შენ მე ვარ. ასეც ხდება, ნახე სიზმარი როგორი ვრცელია, ამ მზით და ზაფხულის სიყვითლით. როცა გზაზე მოვდიოდი, მეგონა მხოლოდ ჩემი იყო, მაგრამ შენთან გაიყო. ერთი სიზმარია მაგრამ ვგრძნობ შენი სიზმარია, ისევე როგორც ჩემი. ეს როგორ მოხდა? აქ დავბრუნდი, შენ არ გიკვირს. რამდენჯერ ვბრუნდებით, ნუთუ მარადიულად? ამ მტვრიან გზაზე. ჰო ვიცი, ძირითად გზას გავყვები და მერე მარცხნივ გზაჯვარედინზე. საბედისწეროა, მაგრამ მაინც მარცხნივ ვუხვევთ. ეს საიდან ვიცი? საიდან ვიცი, რომ ამ ხის ანგარში მოვდიოდი და კითხვაზე, იყო თუ არა წყალი, პასუხი რომ მქონდა თავიდანვე, ესეც ვიცი, მაშინაც ვიცოდი, მაგრამ არ მესმოდა ჩემი ხმა. ახლა კი... ახლა ეს მზე უფრო დიდი ჩანს.
  • ლოგიკურია, ეს ფიქრი შენია, და ჩემი. თუ ვერ გაიგებ, ნუ შეგეშინდება, როგორც სიკვდილის. სხვა სამყაროც არსებობს. არ არის საჭირო აქ იჯდე, ამ ანგარში და თვითმფრინავებს ელოდო ყოველ საღამოს. რადგან მზეც არ ჩადის, და ჯერ ადრეა, ვიდრე ბინდი დადგება. თითქოს აქ ქვეყნის კიდეა, მაგრამ ვიცი რომ ცენტრია. აი ეს ჭა, შენ რომ მანქანით შემოუარე, ესაა ცენტრი. წასვლას რომ არ აპირებდე, ასე არ გააჩერებდი, ჰოდა ნუ გეშინია. ბიპლანებს მე ვდარაჯობ, მოფრინდებიან მოხუცები, მხიარული ამბები მოაქვთ. მაგრამ მშრალია ეს ყანები. ჩვენ კი ვცდილობთ, მაინც მშრალია.

ისინი, ორივე... ვიცი, ორივე ავსებენ სამყაროს, მე მესმის შენი, ვიდრე აქ ხარ, ამ სივრცეში, შენს სიზმარში, აქ ყველაფერი აიხსნება, მაგრამ მერე, ქალაქში? ქალაქი სხვაა. ლოგიკას მისდევს, ცდილობს. მერე რა თუ მოჩვენებითია. ეს გახსოვდეს, სამყაროს ცენტრი აქ არის, ის კი კიდეა, ნებისმიერ წამს შეიძლება გადავარდე, და ქვემოთ, ისევ ის სამყარო დაგხვდება. იქ კიდეში, ზოგჯერ ვინმე ჩამოვარდება, ზედა სამყაროც ასეთია. ეს ცენტრი კი გვაერთებს. მეტი არაფერი. დაუსრულებლად შენც არ ივლი ამ მანქანით. ვიცი, მოგწონს პოპკორნის ხრაშუნი. მაგრამ მაინც, არავინ დადის დაუსრულებლად.

ჭასთან იდგა. საკუთარ თავთან, პირისპირ. ფსკერი ისე ახლოს იყო, ხელით ფერად კენჭებს ამოიღებდი, და იმ თვალსაც. ორი ელენე მანქანიდან უყურებდა ღია ანგარში შემოჭრილ სივრცეს. ორი იყო, და თან ერთი, როგორც ჭეშმარიტება. ზაფხულის სიცხე ბუღს ადენდა ყველაფრისგან აცდენილ სამყაროს. ამ ალოგიკურ ჯაჭვში შეიძლება ეს სიზმრები ოდესმე დასრულდეს, მხოლოდ სიზმრები.  მაგრამ უმალ უფრო გვიან, ვიდრე ცხოვრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე

“არ შეუძლია იყოს პირფერი… არ შეუძლია მტვერი არ იყოს..” - გალაკტიონი. ეს მონოლოგი ჩემ მიერ სხვად ...
12 აგვისტო
12 აგვისტო

სხვა საქართველო სად არი

„ეშმაკმა თუ შენი დაწიხლვა მოინდომა, თავის ჩლიქს სულ არ გამოაჩენს, სულ კაცის ფეხით დაგწიხლავს“ © სტანისლ ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

რა შუაშია მურღულია და ,,ორი ღორი“?

ზაფხულია.მასწავლებლები შვებულებაში არიან, მაგრამ თან საქმეც აქვთ. სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები უნდა შეარჩიონ. დასრულ ...

მეტი

^