Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღვთაებრივი პარასკევი

13 თებერვალი 2018

გეცოდინებათ ალბათ მითიური სიზიფეს სასჯელის შესახებ, რომელიც ღმერთებმა მძიმე ლოდის აღმართზე დაუსრულებელი თრევისთვის გაიმეტეს. უნაყოფო და რუტინული შრომით, იგი უზენაესი ღმერთების უპატივცემულობისთვის დაისაჯა. თუმცა მისი ტრაგედია ყოფის ამ აბსურდულობაში კი არა, მისი გააზრების შესაძლებლობაშია. უფრო მეტიც, თავად სასჯელი სრულებითაც არ იქნებოდა ასეთი სასტიკი, სიზიფეს მომავლის ან დასასრულის იმედის განცდა მაინც რომ შეეძლოს. პირიქითაც კია, მან დაზუსტებით იცის, რომ აღარ არსებობს ქვესკნელისგან თავის დაღწევის გზა და მაინც შესაშური ძალებით განაგრძობს ლოდის ზიდვას. სხვანაირად შეუძლებელია.

მიუხედავად აბსურდული ყოფის ტრაგიკულობისა, სიზიფეს მითის უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი მაინც ის არის, რომ თავისი შეუპოვრობით იგი ახერხებს საკუთარ ბედზე ძლიერი იყოს, დაამარცხოს ტრაგედია საკუთარ თავში. უდავოა, რომ სწორედ ამ სიმტკიცით იმორჩილებს იგი საკუთარ უაზრო ყოფას და საბოლოოდ იმარჯვებს საკუთარ ბედისწერაზე. დაქანცული ქმნის თანხმობის, ესე იგი არჩევნის თავისუფლების ილუზიას და ერევა სევდას. ამ მოცემულობაში, იმის წარმოდგენაც კი შეგვიძლია რომ სიზიფე ბედნიერია. სინამდვილეს ხომ მაინც ვერასოდეს გავიგებთ. სიზიფე არაფერს ამბობს. მისი დუმილი გადასარევად მალავს რეალურ განცდებს. სასტიკ სულიერ ტანჯვას. სწორედ ისე, როგორც ხმამაღალი მუსიკა ადუმებს ხოლმე სასოწარკვეთილ ფიქრებს.

სწორედ ამიტომ, იმედგაცრუებების დედაქალაქში, დღევანდელი ახალგაზრდების მთავარ მონაპოვრად ხმაურიანი პარასკევი დღე იქცა.

თბილისურმა თანამედროვეობამ ყოფიერი აბსურდულობიდან გამოსავალი პარასკევიდან პარასკევამდე გაძლებაში ჰპოვა. თუ გაუძლებ ორშაბათს - საკუთარ ოჯახთან დაკარგული საერთო ენის სევდას  და თავის ტკივილს; მერე სამშაბათს, ონლაინ კრედიტების აურაცხელ შეტყობინებებს და ქალაქის უდროო დროს საცობებს, რომელსაც ცალსახად მკვდრის სუნი ასდის; ოთხშაბათს დაგვიანებულ გაკაპიკებულ ხელფასს და ხუთშაბათის სამუშაო საათებს, ძილის წინ შეგიძლია თვალდახუჭულმა გაიღიმო კიდეც, ხვალ ხომ პარასკევია!

პარასკევი გართობის დღეა.

ეს მარტივი დოქტრინა შეთქმულთა მიერ დადებული ახალი ფიცის ნაწილია. ეს შეთქმულებაა მოწყენილობის წინააღმდეგ, რომელშიც შეუძლია გაერთიანდეს ყველა დაკარგულ სულს, ვისაც ამ აუტანელი ყოფიერებისგან გაქცევა სწადია. ამ ქალაქის გული კი ღამით და ისიც მხოლოდ ღამის კლუბებში ცემს.

 „თქვენ, აქ მოსულნო, ყველა იმედი დატოვეთ მანდვე!”

ეს წარწერა ღვთაებრივ კომედიაში, ჯოჯოხეთის ბჭეზე წერია. სწორედ ამ ჯოჯოხეთის კარიპჭესთან მიიყვანს ვერგილიუსი დანტეს, საიდანაც ერთ საშინელ გუგუნად გაერთიანებულ ხმათა ერთობა ისმის. ვერგილიუსი დანტეს უხსნის, რომ აქ იმ ადამიანთა სულები იტანჯებიან, რომელთაც დიდი ცოდვა არ ჩაუდენიათ, მაგრამ არც რაიმე დამსახურება მიუძღვით უფლის წინაშე. ისინი იმ ანგელოზებს ჰგვანან, არც ღმერთის ერთგულნი რომ ყოფილან და არც მოღალატენიო. დაკარგული სულები, რომლებიც არც სამოთხემ მიიღო და არ ჯოჯოხეთმა შეიფარა.

სწორედ ასეთი ანგელოზებით არის გადავსებული ღამის კლუბების საცეკვაო სცენა. ბნელეთში და კვამლში ჩაძირული ქვესკნელი, უღალატო და უიმედო ახალგაზრდების ერთადერთ თავშესაფრად ქცეულა. ყოველ პარასკევს სიბნელე სინამდვილის გაქრობას იწყებს. ხმამაღალი ტექნო კი ჩვენი გრძნობების კარგად შენიღბვას ემსახურება. სიბნელეში ხომ რთულია, დაინახო უიმედობით და ბრაზით გადავსებული თვალები. ცეკვის დროს რთულია, დროებით მაინც არ გათავისუფლდე ქრონიკული შიშებისგან და ისევ შეინარჩუნო უსუსურობის განცდა. ზოგჯერ ამ ხმაურში, გავიწყდება საკუთარი უუნარობაა და ის, რომ შენი ცხოვრება სიტუაციური ერთფეროვნების, შავ-თეთრი სიზმრების და აუხდენელი ოცნებების დროში გაწელილი ყოფაა.

ამ ქვესკნელში ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ მანამდე მოუსავლეთში ჩაკარგული ბედნიერება უბრუნდება სხეულს. სული ისევ ერთიანდება საკუთარ ფიზიკურ მანიფესტაციასთან. სიბნელე კი კოსმიური მდინარეებით და წვიმებით ნათდება. ამ დროს ცეკვას მშვიდი ცურვა ცვლის.

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მალე ისევ გათენდება და ცაზე ამოცურდება მზე, რომელიც ვეღარ ათბობს უსიყვარულო ყოფისგან გაყინულ და დაღლილ სხეულს. გაილევა პარასკევის ორი თანმხლები დღეც და დადუმდება მუსიკა. მზის სხივებს იმედების ნამსხვრევები მომდევნო პარასკევამდე აირეკლავენ. მბჭუტავ ნათელში  კი ირბენენ განსხვავებულ იდენტობაზე, ფერად თმებზე და საყურეებზე დაგეშილი მგლები, რომლებსაც ისევ პარასკევობით გამეფებულ სოციალურ წესრიგში თუ გაექცევი. თავზე ძალდატანებულ სასოწარკვეთილ გართობაში კი ნუ შეჩერდებით, თორემ თქვენც აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ ეს გართობა, სინამდვილეში, ტრაგიზმის აბსურდულობის ზეიმია, ჩვენ ყველანი კი ღმერთებისგან ქვესკნელში შეყრილი უიმედო სიზიფეები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^