Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილის სიმფონია, დარიჩინის სურნელით

19 თებერვალი 2018

ზოგჯერ გრძნობ, რომ სიტყვა უნდა იშვას, მაგრამ გონების ფეხმძიმობა სხეულისთვის შეუძლებელი აქტია. გონება გარბის, არ გემორჩილება, უფრო ფიქრები, ალბათ, რაც მეტაფიზიკური სხეულის ნაწილებია. უფორმო, უწონო სხეულის, დასხივების შესაძლებლობით. განსხვავებით ფიზიკურიდან, რომელიც ყოველ დილით, გაღვიძებისას, ნელ-ნელა შეიგრძნობს ჰაერის ჩასუნთქვას, მაგრამ მხოლოდ წამებით, რადგან ჰაერი ტყვიით ივსება, ფილტვებში მძიმედ ეშვება და ზემოდან, როგორც ოკეანე, სრული სიმძიმით გაწვება არსებობა.

სიტყვა, ჩაბნელებული, დარაბებდახურული ოთახის შიგნით სუფევს, როგორც ფიქრი თავში, სადღაც შიგნით, უამრავ წერტილში. ტვინის ნეირონები, დაგრეხილი ლიანდაგებივით მიაქანებს სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა ფიქრს, ერთმანეთსაც ჩაუქროლებენ ხოლმე და ცივი საყვირივით მტკივნეულია  გადაკვეთის ეს წერტილები.

დარიჩინის სუნი, სიზმრებიდან რომ მოგყვება და მისი მნიშვნელობის, ცხოვრებაში განხორციელების, გემოს, როგორც დიდი აღიარების ტკივილს იზიარებს. ერთი კოლოფი დარიჩინი, თუ შეიძლება. მარკეტის გამყიდველი ყოველ დილით ატარებს ამ მოთხოვნას და მერე შენ ისევ აუქმებ შეკვეთას, ყოველ ჯერზე, ისევ და ისევ. რამდენიმე კვერცხით და ტოსტის პურით ხელში ტოვებ მუსიკით და პროდუქტებით სავსე სუპერმარკეტს. ჯერ არა, ჯერ ვერა. აქ ყველაფერმა იცვალა ფორმა და ფერი, იცვალა სუნი. მხოლოდ ერთი ყუთი გჭირდება, მძიმე, ჰერმეტულად დახურული, რომ ჩაჯდე და უბრალოდ გაიტრუნო, რომ აიცილო ოკეანის სიმძიმე და ტყვიადქცეული ჰაერი გაფილტრო. გაფილტრო დარიჩინის სურნელისგან, რომელიც ასე გენატრება. გჭირდება.

გარემო იცვლის მნიშვნელობას, ადგილები - ფორმას. იქნებ ვიზუალურად ვერ აღიქვა, მაგრამ ვიზუალი, რომელიც მასთან გაკავშირებდა, შენს შეგრძნებებზე გადის, და ის იცვლება. ეკლებს ისხამს პარკები, სკვერები, პატარა, ხელით გაშენებული ბაღები, ან სულაც მთაწმინდის მცენარეებით სავსე ბილიკები. ეკლები ეზრდებათ, რომლებიც გიზიდავს და ახლოს მისულს გაინტერესებს, უკვე ისეთი მყარია შენი მერქანი, რომ ვერ გაატანს, თუ ისევ ღრმად შედის საფეთქელში, ტვინში ატანს, მკერდის არეში, სადაც ფილტვები ჩუმად ემორჩილება ბრძანებას: ისუნთქე! სადაც გული, ცდილობს საწამლავისგან დაცალოს ყოველ ყლუპზე წნევით მიწოდებული სისხლის შემდეგი ნაკადი.

დარიჩინი არ ჰგავს საწამლავს. მისი ფერი თბილია, სასიამოვნო, ისეთი, რომ უნდა ჩაიცვა, შეიძლება გააღმერთო და რომ უნდა გახსოვდეს. მაგრამ ყველაზე ნაკლებად გვახსოვს. ერთი კოლოფი დარიჩინი თუ შეიძლება, ისევ ითხოვ მარკეტში. ეს სხვა დილაა. გამყიდველი გაოცებულია, მან არც კი იცის, რომ დარიჩინი დევს დახლებზე. ატარებს. მაგრამ მოთხოვნას აუქმებ. რამდენიმე კვერცხი და შავი პური. იმისთვის, რომ მიიღო არსებობისთვის საჭირო კალორიები. შიმშილის შეგრძნების გარეშე. ჭამა, მოვალეობაა. ინგრედიენტები ბოსტნეულის წვნიანისთვის მაგიდაზე ლპება. ამ ლპობაში სინამდვილეს ამჩნევ, არ ეხები, უბრალოდ აკვირდები ყოველ დილით, მაგიდაზე დატოვებულ სტაფილოს, სიშავეშეპარულ მწვანილს და დამჭკნარ კარტოფილს. ლპობა...

და გამოსავალი იქნებ წვაშია. მაღალ ტემპერატურაზე, სხეულის ბოლომდე დაწვა, ფერფლად ქცევა. რადგან ფენიქსი, ადამიანის ყველაზე განწირული ოცნებაა, რადგან ფენიქსი შესაძლებელია, რადგან ფენიქსი გრძნობაა, მისი აღზევება ფერფლიდან, არა ლპობიდან, არამედ მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად დარჩენილი ნარჩენისგან აღდგომის შესაძლებლობა.

სიკვდილის სიმფონია, დარიჩინის სურნელით, როგორც ღამეში გამკრთალი ვარსკვლავი, როგორც შემდგარი გრძნობა. თუ ასეთი არსებობს. გულიდან ტვინში, ტვინიდან ისევ უკან, გულში. წვა. ვიღაც ახლა, ძალიან შორს, ორიათასი სინათლის წლის მიღმა, თავისი პლანეტის ერთ ჩვეულებრივ ღამეს, იქნებ ზეცას უყურებს. მასთან ცის კაბადონი სხვანაირადაა გაწყობილი ვარსკვლავებით, და ამ შუქში ერთ-ერთი ჩვენია, ჩვენი ვარსკვლავის, ჩვენი პლანეტიდან ასხლეტილი შუქის ნაფლეთი და რადგან იქ, ეს სხივი, ორიათასი წლის დაგვიანებით მივიდა, ის ხედავს იმ დღეებს, როცა ადამიანებმა ვიღაც ჯვარს აცვეს... შეეშინდათ. ხედავს, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. და აქედან კიდევ ორიათასი წლის შემდეგ, დაინახავს ვიღაც სხვა, იმ პლანეტაზე, თუ როგორ გამოდიხარ დღეს დილით მარკეტიდან, დარიჩინის კოლოფით ხელში, და ვერც ამის შესახებ ვერ გაიგებს. იმიტომ, რომ მაძნილი და დრო, ეს ერთადერთი ტრაგედიაა. იმიტომ, რომ ჩვენ, ორივენი, ადამიანები ვართ და ვფიქრობთ ერთმანეთის შესახებ, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ტრაგედიაში, თუმცა არ ვიცით, და ვერც გავიგებთ ამ არსებობას, ვიდრე ჩვენი ფიქრები  არ შეხვდება კოსმოსში, სივრცისა და დროის მიღმა და ჩვენ, ისევ არ აღმოვაჩენთ ერთმანეთს, თუნდაც თავიდან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

#ნელაზვიადი

ჩვენი ქვეყნის კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ნორმადაა მიჩნეული, ნუ გაგიკვირდე ...
12 ივნისი
12 ივნისი

სარაგბო ი(ა)პონია

- ახლავე გირჩევნია, თუ ხვალ - დამშვიდებულზე? ლამის ყვითელი ფერი დაჰკრავს ამ სათაურს და ძნელი გამოსაცნობია, რაგბისთან რა ...
07 ივნისი
07 ივნისი

ღია წერილი თეა წულუკიანს

მოგესალმებით ქალბატონო თეა! ალბათ გაინტერესებთ, რატომ გწერთ მედიის მეშვეობით, ღია წერილის ფორმატში. იქნებ იმიტომ, რომ ...

მეტი

^