Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეშვიდე ქალის სევდები

24 მარტი 2018

არ ვიცი, ეს მე ვისწავლე ჭკუა თუ ამას გამოუსწორდა ხასიათი, მაგრამ თფუ, თფუ, თფუ, თვალი არ მეცეს ან ენამ არ მიყივლოს და ამ თვეში ერთხელ არ გვიჩხუბია. ცოტა კინკლაობა და კამათი არ ითვლება. აი ისეთი, ყველა ოჯახში რომ ხდება ხოლმე, მაგრამ სერიოზულად მართლა კარგი ერთი თვეა არ გვიჩხუბია.

ისე, რომ ვფიქრობ მეც ძალიან ვიცი ხოლმე ხანდახან ადამიანზე გადაკიდება. სულ მისი ბრალიც ხომ ვერ იქნება ყველაფერი. მითუმეტეს რომ დღეს ისეთი დროა, კაცებს ნერვები საერთოდ აღარ უვარგათ.

მე კიდევ თუ ჩავირთე, მერე გაჩერება აღარ ვიცი. ხანდახან ყოფილა, მეც ისეთი შეურაცხყოფები მიმიყენებია ჩხუბის დროს. მის ადგილზე ჩემს თავს რომ წარმოვიდგენ, დავლეწავდი კიდევაც და უარესაც ვიზამდი, მითუმეტეს რომ კაცია და მაგათ სულ სხვანაირი თავმოყვარეობა აქვთ.

ადამიანური გადმოსახედიდან ისე კარგად ვუგებ, მერე ჩემ თავზე უფრო ვბრაზდები ხოლმე. სიტყვაზე დავინახე რომ გაბრაზებულია, უკვე სახეზე ეტყობა.

ხომ შეიძლება ქალი ვარ და დავუთმო, გავჩერდე, მაგრამ მეც მომენტში ვეღარ ვჩერდები, ავყვებით დავყვებით და მერე ჩხუბი თვითონვე მიდის იქამდე, სადამდეც მიდის ხოლმე.

აი ამხელა ქალი ვარ და  ამდენი წელია ეს ვერ ვისწავლე რომ, თუ ვხედავ კაცი წყობიდან გამოდის, გავეცალო. რა დამაკლდება სიტყვაზე იქით ოთახში რომ გავიდე თუ არ მომემატება, ცოტას იყვირებს და გაჩერდება, მაგრამ არც მე ვარ ეს მამა აბრამის ბატკანი და ხანდახან ვარ ღირსი რომ გამლახოს მართლა კაცმა და ისე გამაჩუმოს. ნასვამზე ხომ მითუმეტეს. მთვრალ კაცს რა ჭკუა მოეთხოვება, მე ფხიზელი თუ ვერ ვაკონტროლებ თავს.

ხომ შემიძლია ადამიანურად მოვიქცე და გავჩუმდე. ცოტა გავუტარო, ცოტა მოვეფერო, ჩაი გავუკეთო, ჩახეთქოს და დაიძინებს მერე, აბა სად წავა?! მაგრამ ჩემიც ხომ გესმით არა?! ქალი კი ვარ მაგრამ, მეც ადამიანი ვარ და აღარც მე მივარგა ნერვები. არც ქალებს გვაქვს დღეს დალხენილი ცხოვრება. დროა ეგეთი. ხოდა, ვერ, თუ არ დავაჭერ ხოლმე ენას კბილს, მერე ავყვებით და დავყვებით ბატონო, ხან იქით, ხან აქეთ და მივდივართ იქამდე სადამდეც მივდივართ.

არადა, გგონიათ არ ვიცი რომ ვუყვარვარ?!. აი, ხო ამდენი წელია ერთად ვართ, მაგრამ სულელივით ეჭვიანობს ისევ. ან სად მე დავდივარ, ან რა მიზეზს ვაძლევ, მაგრამ კაცია და გუნება. გამომხედავს ხანდახან და მე უკვე ვიცი რომ რაღაცას ზედმეტად ვაქტიურობ, ბევრ ყურადღებას ვიქცევ ან ცოტა ხმამაღლა გავიცინე სიტყვაზე სადმე. წამში არ გამოეპარება, ცალი თვალი დღემდე სულ ჩემზე აქვს გასწორებული.

რომ არ ვუყვარდე, ხომ სულ აღარ შემომხედავდა და აღარც იეჭვიანებდა, მაგრამ ხდება ხოლმე რომ კაცია და დალევს ხანდახან. ზოგჯერ ბევრსაც დალევს და მე კიდევ სულ ველოდები, სულ ვნერვიულობ და შევაღონებ ხოლმე რეკვებით. მოდის მერე ნასვამი და თან ცხოვრებაც ისეთია, რთულია მშვიდი ნერვები გქონდეს ადამიანს. რაღაცას მეტყვის, მეც შევეპასუხები და ესე ავყვებით მერე ერთმანეთს, მერე ჯანდაბამდე ჩავყვებით და მეც რომ ვერა და ვერ ვისწავლე გაჩუმება მივდივართ იქამდე, სადამდეც მივდივართ! ვოტ!

მაგრამ დამეფიცება ყველაფერი, ბავშვებს ცხოვრებაში ხელით არ შეხებია. ეგ რომ გაბედოს, ხო ერთი წუთი აქ გამჩერებელი აღარ ვარ! პირიქით, ისეც ყოფილა მე რამდენჯერ დამიწყია ჩხუბი და თვითონ უხვეწნია არ გინდა გაჩერდი ქალო, ნუ მიმიყვან იქამდე რომ წყობიდან გამოვიდე, ბავშვები სახლში არიან, მაგრამ მე ხო ვიცი ჩემი თავის ამბავი... თუ ჩავირთე რაღა გამაჩერებს, მერე ავყვებით, დავყვებით და მივდივართ იქამდე სადამდეც მივდივართ. სულ ისეც კი არაა, მეც ვიცი ხოლმე ხანდისხან ხელის შებრუნება. ამაზე ეს კიდე უფრო მწარდება, კიდე უფრო გიჟდება და რავიცი ჯანდაბა, მერე მივდივართ ხოლმე იქამდე, სადამდეც მივდივართ.

იმის იქით წასულა თქო, რამდენჯერ მიფიქრია... მითქვამს კიდეც, გულში არ შემინახია. რამდენჯერ ყოფილა ჩემი უმცროსი ბავშვი გამოსულა ოთახიდან და ტირილზე გამოვფხიზლებულვარ. უფროსი დიდი ხანია აღარ ერევა ჩვენ საქმეში.

იცის ვიჩხუბებთ და გავჩერდებით. პატარას ეშინია ეტყობა. თან კოშმარები აწუხებს, ღამეში ეღვიძება რამდენჯერმე ტირილით და ამ ჩხუბში მე მაგის ტირილს რას გავიგებ და თვითონ გამოდის. აქაც ხვდება ვაი უშველებელი და თავისი ტირილით გვაშველებს ხოლმე უნებურად. ენაცვალოს დედა.

უხ, მეც ძაან ვიცი ხოლმე რა აყოლიება! მერე ჩავიკრავ ხოლმე ამ პატარა ჭიაყელას და ვალიდოლივით ჩამიბრუნებს ხოლმე გულს საგულეში. შვილებზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არაფერი არაა.

ჩავეხუტები ხოლმე და ძილისწინ ვუხსნი მერე, რომ ეს არაფერი არაა დედიკო, რა მოხდა მერე, ესეა ოჯახი, ხან იჩხუბებ, ხან იცინებ, ხან იტირებ ადამიანი. სხვანაირად არსად არ ხდება-მეთქი და გვეძინება ესე ტკბილად. ეს ძილია ჩემი წამალი. მეორე დღეს მეც მრცხვენია და თვითონაც, ბავშვებს კიდევ სულ აღარ ახსოვთ ხოლმე არაფერი.

უსაუზმოდ არ გავუშვებ სახლიდან და ასე ვდგავ ისევ მე, როგორც ქალი პირველ ნაბიჯს. იმასაც გული ულბება მერე. საღამომდე, ამდენ საქმეში მეც გადამდის წყენა და კი შევაბერდით ამასობაში ლამის ერთმანეთს. ასეა ცხოვრება მოწყობილი, რას ვიზამთ. უნდა გავუძლოთ! უკონფლიქტო ოჯახები არ დაიჯეროთ არც არსებობს.

კაი ოჯახი ისაა, ამ ყველაფერს რომ გადალახავთ და მაინც ერთად იქნებით ბავშვების სიყვარულში. აბა, მე რომ ყველა ჩხუბზე ოჯახი დამენგრია, აქამდე მილიონჯერ უნდა წავსულიყავი სახლიდან მაგრამ, სად წავიდე რომ წავიდე. არც მე ვიქნები მერე მართალი, ოჯახი რომ დავანგრიო. მითუმეტეს რომ კონფლიქტში ყოველთვის ორივე მხარე დამნაშავეა. მარტო ერთის ბრალი ვერაფრით იქნება ყველაფერი.

მე არ ვიცი მეც როგორ ძაან ვიცი ხოლმე ხანდახან ადამიანზე გადაფიჩინება?! ამდენი წელია, ვერა და ვერ ვისწავლე ჭკუა ამხნის ქალმა. ცოტა სასაცილოცაა უკვე ეს ჩვენი გამიშვი გამატარე. ნეტა რაღა დაგვრჩა გასაყოფი. თვითონაც მაგაზე არ ბრაზობს რა გგონიათ? ამდენი წელია, ჭკუა ვერ ისწავლე ქალმა, გამაგიჟებ, გამაცხოველებ და მერე მე გამოვდივარ არაადამიანიო. არადა, მე ხომ ვიცი რომ მეც დიდი შეუგნებელი ვინმე ვარ, ძალიან ვიცი ადამიანზე გადაკიდება და გულის გაწყალება.

ესე იყო საწყალი მამაჩემიც, მაგრამ დედაჩემი ჩემზე უფრო დიპლომატი ქალი გამოდგა. ისე დააპურებდა, მოეფერებოდა და დააძინებდა ხოლმე, რომ ათაში ერთხელ საყვედური ეთქვა. მე რა ღმერთი გამიწყრა და რა ვარ ესეთი უჯიშო ვერ გავიგე. თუ დავიწყებ რომ ვერა და ვეღარ ვჩერდები. თან ერთი თუ ამომასხა ხოლმე, ჩამივარდება ამ ყელში ბურთი და მერე მოდის და მოდის თვითონ ეტყობა ეს წლების ნაგროვები წყენები, მერე ავყვებით დავყვებით და მივდივართ იქამდე სადამდეც მივდივართ.

რა ვიცი, ალბათ ეს ყოფილა ქალის ტვირთი. უკეთესი ბედი მე არ მაღირსა ღმერთმა, მაგრამ არც ბევრი არ გამიგია სხვანაირი ოჯახები. ათასში ერთი სადმე თუ გამოერია, ეგ არ ითვლება, თორემ ისე ყველა ოჯახშია პრობლემა და აქ უკვე მთავარია ქალი როგორ მოიქცევა. მე კიდევ არ დამყვა ეს მოკლე ენა და დიპლომატია რა ვქნა?!.

მე თვითონ რა, განა არ ვიცი რა ცუდი ენის პატრონიცა ვარ, კაცი იმ მდგომარეობამდე მიმყავს ადამიანს აღარ გავს ხოლმე. გავაცხოველებ და მერე ვზივარ და დავტირი საკუთარ თავს. ტკივილით აღარც რა მტკივა. მრცხვენია ხოლმე უბრალოდ, რომ ცოტა მეტი მოთმინება არა მაქვს. თორემ, ისე ჭკვიანურად მოვიქცეოდი, ძაღლი ჩემს ბედს არ დაყეფდა.

ტყუილად ხომ არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს; კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყავსო. მაგრამ, აბა მე ცხენი კი არა, სახედარი გამოვდექი. იქნებ კარგი ქალის ხელში ჩემი ქმარიც სულ სხვა კაცი ყოფილიყო. მე ვარ გონია მარტო ასეთი უჯიშო თორემ ცხონებული დედაჩემის თქმის არ იყოს, კაცს ამდენს როგორ ვაჩხუბებდი?! ცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

P.S. კვლევის თანახმად, ყოველი მეშვიდე ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^