Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილით სავსე ქალაქი

08 მაისი 2018

ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში. ამ ქალაქში ხომ ასე კვდებიან. ერთ დღესაც დილით ისაუზმებთ, ოჯახთან ერთად, ბავშვებს ჩამოსვამთ სკოლასთან, მერე სამსახურისკენ წახვალთ და მესამე დიდ საცობს რომ გამოცდებით, რომელიმე მოედნის წრეზე, გაუმართავი BMW-თი მაღალი სიჩქარით მომავალი, პატრულის პასიურობით გათავხედებული რომელიმე ახალგაზრდა გზას არ დაგითმობთ და დაგეჯახებათ. სასწრაფოს კი დაუძახებენ, მაგრამ საცობების გამო ის 20 წუთით დაიგვიანებს და თქვენ მოკვდებით. აქ ასე კვდებიან. ან, თუ მანქანას არ ატარებთ, შეიძლება ეს ყველაფერი ოდნავ განსხვავებულად მოხდეს. თქვენს სახლთან რომ ზებრაა, ავტობუსიდან ჩამომავალ ბავშვს რომ დახვდებით, რომელიმე დასიცხული და ტელეფონში თავჩარგული მძღოლი ამ გადასასვლელთან არ გააჩერებს. მერე კი ძალიან ინანებს, თუმცა თქვენ ხომ უკვე მკვდარი იქნებით.

შეიძლება ასე არ მოხდეს. თქვენ შეიძლება ფილტვების სიმსივნით მოკვდეთ. თქვენი სახლიდან ასე 200 მეტრში ხომ ბენზინგასამართი სადგურია, თქვენი კორპუსის წინ ხომ პატარა ბაღის მაგივრად დიდი მშენებლობაა, სამსახურის მერე კაფეში რომ სხედხართ მეგობრებთან ერთად, იმ ქუჩის პირას ჰაერში ჟანგბადზე მეტი საწამლავია - ამ დაბინძურებულ წყაროთაგან რომელიმე  აუცილებლად იმუშავებს. ამ ქალაქში ასე კვდებიან. თქვენიანები ეცდებიან გიშველონ, გერმანიაში გაგიშვან, ფული შეაგროვონ, მაგრამ გერმანელი ექიმები სევდიანად ხელებს გაასავსავებენ და პროფესიონალურად საავადმყოფოს გადასახადს გამოგიწერენ. თქვენ აუცილებლად მოკვდებით, იმიტომ, რომ ამდენი დაბინძურების წყაროდან რომელიმე აუცილებლად გაიმარჯვებს.

არა, შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირად მოხდეს. აი მომავალ კვირას ბავშვის გაცილებას რომ აპირებთ ექსკურსიაზე ანანურში, მანქანიდან რომ გადმოხვალთ, მათ ქუჩაზე გადასაყვანად, მარჯვნივ, ახალი მშენებლობის შუშები არ იქნება კარგად ჩასმული. ჩამოვარდება, დაგეცემათ და თქვენ ადგილზევე გარდაიცვლებით. პატრული მოვა, შემთხვევის ადგილს შემოსაზრღვარვს, გამოიძებას დაიწყებენ, მაგრამ თქვენ უკვე ვეღარაფერს გიშველიან.

კიდევ სხვა ვერსიებიც არსებობს. აი, ამდენი ხანი ცენტრალური გათბობის ფული რომ ვერ შეგიგროვებიათ, თქვენი ძველი გაზის გამათბობელი ერთხელაც გაჟონავს და მთელი დილის რეკვის შემდეგ თქვენი მეგობრები შუადღისას გაზისაგან გაგუდულს გიპოვიან, სახლში მშვიდად მძინარეს. ან კიდევ სახლს სახანძრო კიბე ამოშენებული ექნება, ან არ ექნება საერთოდ და გაუმართავი ელექტრობის გამო დაწყებულ ცეცხლს ვერ გაექცევით. შეიძლება ასეც არ მოხდეს, შეიძლება უბრალოდ საბანაოდ ჩახვიდეთ და არავინ გაგაფრთხილოთ, რომ იმ ადგილას მცოცავი ქვიშები იცის და ბანაობა საშიშია. შემდეგ რამდენიმე დღე გეძებონ და გარდაცვლილი გიპოვონ. ან გააფთრებულმა ყოფილმა მამამთილმა შეიძლება მოგკლათ, ან გადამტერებულმა მეწილემ.

მაინც მოამზადეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩაეხუტეთ შვილებს. რადგან თქვენ მოკვდებით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ არ გემუქრებათ. არადა, ამ ქალაქში ასე კვდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მომავლი ჯერ ვერა, მაგრამ… (მოდა და “ვეფხ ...

რაო მოდამ - რა მინდაო?  მამრებმა და მდედრებმა ერთმანეთი მოხიბლონო? მდედრებმა მამრები დაიმონონო? მდედრებამა ინარცის ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

გამოცხადებული ტერორის ქრონიკა

კუდიანებზე ნადირობა თრილერები ვისაც გიყვართ, ალბათ, ამ ქრონიკას უცებ წაიკითხავთ. თუ ქვემოთ მოთხრობილ ამბებზე არაფერი გ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

"ოთარაანთ ქვრივი", ანუ რატომ ვერ ვიმჩნევ ...

თავის დროზე ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ რომ წავიკითხე, ვერ გავიგე. არ უყვარდა და ნუ უყვარდა. არც იყო ვ ...

მეტი

^