Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერას ხმოვანი სიგნალები

14 მაისი 2018

კლუბებში დაპატიმრებული და შემდგომ რუსთაველზე გაფანტული ნარკოთავისუფლება შს მინისტრმა ყველაზე სწრაფად შეაგროვა, ადგილზე დაამუშავა და თავისთვის სასარგებლო ნივთიერებად - კოხტად შეფუთულ ძალაუფლებად აქციის მონაწილეთა თვალწინ აქცია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დროში ეს ყველაფერი შუშის რეპერის, ბერა ივანიშვილის ახალ კლიპს, მრავალისმეტყველი სათაურით - „ლეგალიზება" დაემთხვა, გასაგები გახდება „საოცნებო" სინქრონული ცურვის ორმაგი ეფექტი.

ცალკე მიზეზები აქვს, რა ეშმაკის მანქანებით იქცა აქციის მონაწილეთა გულწრფელი თუ გულუბრყვილო,  შინნაკეთი პაციფიზმი სახელწოდებით „არა ვართ პოლიტიკურები"- ხელისუფლებისთვის მომგებიან და სასარგებლო შიდა პოლიტიკად. თუმცა ეს სხვა როკ-ოპერის არიიდანაა. ჩვენ უფრო ბერას ხმოვანი სიგნალები გვაინტერესებს, რომლებიც უფრო ტრამპის ტვიტერსა და უილიამ ჰილის ტოტალიზატორ-კატალიზატორს ჰგავს - რეაქციებს აჩქარებს, განაპირობებს და თვითონ არ იხარჯება.

კრეატიულმა, მაგრამ უხმო რეპერმა ახალი გზავნილების წყება დააწყო, რომელიც ცოტა ხნით ადრე გაცხადებული პოსტისგან განსხვავებით (რომ კლუბი მაინც სხვაა და სიძვა სხვა) უფრო მომთხოვნი და მკაცრია: „მოკითხვა ციხის დარაბებს, რასტამანებს, ვისაც უყვარს და არ ასაღებს"... არც თუ სანიმუშო მეხსიერება სჭირდება იმის გახსენებასაც, თუ რა როლი ითამაშა ბერას მიმართვამ გასულ წელს „ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლების საქმეში.

პარადოქსი ისაა, რომ საზოგადოებას ფსევდორეპერის ამ სიტყვების, მესიჯების, სიგნალების თუ კლიპების რეჟიმში უწევს ცხოვრება, რომელთაც ვიწრო პარტიულ თუ პოლიტიკურ გზავნილებზე გაცილებით მაღალი ფასი ადევს. და რაც უფრო დაკონკრეტდება მოვლენები და დანაწევრდებიან მისი მონაწილეები - „თეთრი ხმაურით" დაწყებული „შავრაზმელებით" დამთავრებული (აქვე დავაზუსტებ, რომ მათ შორის არანაირი ტოლობის ნიშანი არ  იგულისხმება!), მით უფრო იოლი გახდება ხელისუფლების მხრიდან მათი მართვა და კონტროლი.

გასაგებია, რომ სრული სიგიჟე იქნებოდა კლუბებისა და გართობის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა პარალელურად ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო და კულტურული ინსტიტუციების მიუწვდომლობამ, კარჩაკეტილობამ და კრიზისმა (რომ არა ვთქვათ მოსპობამ) ხელი შეუწყო ამ სამწუხარო სიცარიელის შექმნას. კლუბი ფაქტობრივად ერთადერთი სივრცე დარჩა, სადაც გართობა, სმა, ნარკოტიკები და კულტურა ერთმანეთს ერწყმის და ერითმება. ამ იოლად გასაგები და მისაღები ფორმის მიღმა ძნელია ახალგაზრდამ საკუთარი შესაძლებლობა დაინახოს.

ცოცხალი, დამოუკიდებელი კონტრ-კულტურული აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალი თაობა ბერას კლიპებისა და გზავნილების ამარა არ დარჩეს: „ბარიგები კლავენ ხალხს და ვითხოვ ლეგალიზაციას...". თუ „შავი პარასკევის" შემდეგ ერი და ბერი მაინც კლუბური აქციების მძევლად იქცა, უკვე ორშაბათიდან, ერი ბერას ახალ კლიპებსა და ახალ ხმოვან სიგნალებს დაელოდება, თუმცა, უკეთესია, თუ მოლოდინის რეჟიმიდან თავისუფალ არჩევანზე გადაინაცვლებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^