Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანი, რომელიც მოკვდა

25 მაისი 2018

ბევრჯერ იფიქრებთ მასზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ტყუილად ეცდებით ტექსტებს შორის მის ამოცნობას, რადგან თქვენ მას ვერ იცნობთ.

თუმცა სცადეთ, ძველ სარკეში. 

თქვენი საქმეა.

იგი ჩემ გვერდით მოდიოდა, რეალობიდან გამოყოლილ ტყიან სიზმარში. ხელში „მამალოს“ ჯოხებზე აცმული ორი მთვარე ეჭირა. უფრო სწორად ნახევარმთვარე. ღამეებში, რომლებშიც ტყეები გვესიზმრებიან, ყოველთვის არიან უსხეულო და უსახელო, ცოცხალი არსებები, რომელთაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ და გვესმის მათი სიმღერა. ეს საერთო შეგრძნება, ცოდნა, მათი არსებობის შესახებ, არის უსიტყვო შეთანხმება და ამ შეთანხმებით ჩვენც შეგვიძლია ვიმღეროთ:

„ლურჯ ღამეში მივაბიჯებდით.

უმთვარო ცისთვის, დედამიწიდან

მიგვქონდა მთვლემარე მთვარე.

ასეთ ჯოხებზე დამაგრებულ ტკბილეულებს

ყიდდნენ ბოშები,

ჩვენს ბავშვობაში.

ალბათ ზოგს ახსოვს“.

შეგვაწყვეტინეს.

მამლის სამი ყივილივით წითელ პარასკევს, შემომიერთდა ადამიანი, რომელიც მოკვდა.

აქ ისევ ეძებთ ვიღაც ნაცნობს? - ვკითხე მე, - არ  გამოგივათ. მე არ გიმალავთ, როცა ვხედავ გამოდარებას და ტემპერატურაც ცელსიუსით ნაკლებია ფარენჰეიტზე, მხოლოდ ციფრებში.

ეს არც იმ სიზმრებს ჰგავს „შეუმჩნევლად ყვითელი კადილაკით“ რომ დაეხეტება ადამიანი, რომელიც მოკვდა. არც ჭაში მოსროლილ ოდინის მარცხენა თვალს შეხვდებით სადმე. ნურც სიბრძნეს ეძებთ, რადგან ჯადოქარიც დიდი ხნის მკვდარია.

აქ მხოლოდ მე მიპოვით და კიდევ მას, თუმცა მას თქვენ ვერ იცნობთ.  ვზივარ ჩემთვის, ხის მონგრეულ სკამზე და ვფიქრობ - იქნებ არც არსებობს ძაღლის კუდზე გამობმული კონსერვის ქილები და ყველაფერი ერთი დიდი თამაშის ნაწილი იყო. ან იქნებ არ ვფიქრობ და უკვე ვიცი. არავინ იცის, რას იტყოდა ადამიანი, რომელიც მოკვდა (უკვე მერამდენედ), რადგან იგი ბნელ ღამეში გაუჩინარდა, მის ზურგზე ჩანდა დაღლილობის სველი კვალი და ბეჭებს შორის, ხერხემლის ხაზის ოდნავ გამრუდებული ტრაექტორია.

ვაგრძელებთ:

ჩვენ კი ახლა, როგორც გითხარით, ლურჯ ღამეებში დავეხეტებით, დავეძებთ ასასვლელს წყნარი ცის თაღზე, რადგან მოვასწროთ მზის ამოსვლამდე, და ორი, ნახევრად სავსე მთვარე ჩამოვკიდოთ.

როგორ?

ისევ შეგვაწყვეტინეს.

რა იცით, იქნებ მოგატყუეთ, რაც აქამდე ვწერე ანკარა გველებზე, რომლებიც  დიდი მდინარის შავ და ღრმა წყლებში გაიკლაკნებიან ხოლმე. ჩამავალ მზეებზეც არაფერი  მსმენია საერთოდ.

ძალიან  ცდებით, თუ ამ სიტყვებში გრძნობებს ეძებთ, გრძნობები მხოლოდ დიდ და სავსე დუმილში გამოიხატება ყველაზე მძაფრად. ეს დუმილი კი შენახულია.

სხვა ნაპირებზე გასაცურად ემზადება იალქნებდაკერებული დიდი ხომალდი. ყველამ დატოვეთ გემბანი, ვინც აქამდე მშვიდად თვლემდით კასრის ფსკერზე და სიტყვებში გეგონათ გრძნობის სავანე!

უკვე ქარებმაც ზურგის მხრიდან წამოუბერეს, ჩვენ გვაქვს ორი ნახევარმთვარე და ამ ზღვის გაღმა, აუცილებლად ვიპოვით ასასვლელს ცაზე, სადაც ავიტანთ და გავამთლიანებთ.

მხოლოდ ისინი, ვინც  ვიწრო, გაბლანდული ჭოგრიტებით არ უყურებთ ირგვლივ სამყაროს, მოდით! დავეჭიდოთ გასანთლულ თოკებს და კიდევ ერთხელ ავღმართოთ, ეს დაფლეთილი „მხიარული როჯერი“, მთავარ ანძაზე!

მანამდე მე, კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით.

ერთხელ, უეცრად გამეღვიძა კაიუტაში, ძველი სარკის წინ ვიდექი, და იქიდან მიყურებდა ადამიანი, რომელიც მოკვდა (ჰო, კიდევ ერთხელ). მიყურებდა და ნელ-ნელა უკან იხევდა. სიკვდილიდან სიკვდილამდე ალბათ არის რაღაც მომენტი, შეიძლება მას დაბადება ჰქვია.

თქვენ გინახავთ სიზმრებივით დამალული ნახატები? ვფიქრობ - არა, რადგან მას თქვენ ვერ იცნობთ.

ახლა კი ერთ საიდუმლოს გეტყვით. ყოველთვის, როცა ცარიელი კასრის ფსკერიდან ცაზე თვალს მოჰკრავთ სავსე მთვარეს, იცოდეთ, რომ ჩვენ იქ ასასვლელი ვიპოვეთ. ჩვენი ხომალდი კი აღარ არის მოდრეიფე, ოკეანის მძიმე ტალღებში.

ხოლო ადამიანი, რომელიც მოკვდა...

არ ვიცი, უბრალოდ ძველ სარკეში გაუჩინარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე

“არ შეუძლია იყოს პირფერი… არ შეუძლია მტვერი არ იყოს..” გალაკტიონი. ეს მონოლოგი ჩემს მიერ სხვადასხვა ...
12 აგვისტო
12 აგვისტო

სხვა საქართველო სად არი

„ეშმაკმა თუ შენი დაწიხლვა მოინდომა, თავის ჩლიქს სულ არ გამოაჩენს, სულ კაცის ფეხით დაგწიხლავს“ © სტანისლ ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

რა შუაშია მურღულია და ,,ორი ღორი“?

ზაფხულია.მასწავლებლები შვებულებაში არიან, მაგრამ თან საქმეც აქვთ. სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები უნდა შეარჩიონ. დასრულ ...

მეტი

^