Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხერხეს ფოტოხერხები

25 მაისი 2018

რა შეიძლება თქვა ახალი და გამორჩეული ადამიანზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია იცნობ? სამუშაო ოთახში წლებია გვერდით გიზის. თითქმის დაზეპირებული გაქვს მისი ფსიქო-ფიზიკური მონაცემები, ჩვევები, გამოთქმები, სიტყვები, იუმორი, განწყობები. რამდენადაც შესაძლებელია მის მსოფლმხედველობას, შეხედულებებსა და სამოქალაქო პოზიციასაც იზიარებ (ან არ იზიარებ). თუმცა დგება რაღაც ჭეშმარიტების მომენტის მსგავსი, როცა მისი პროფესია და უნარები სრული დისტანცირების საშუალებას გაძლევს და ხელახლა აღმოაჩენ თუ დაინახავ იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი...

მინდა, ცოტა რამ ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის პერსონალური გამოფენის შესახებ დავწერო, უფრო სწორად ის სუბიექტურ-ემოციური ნაკადი წამოვიყოლო, რომელიც მისი ფოტოგამოფენიდან გამომყვა და რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა TBC ART Gallery-ში. ფოტოგამოფენა KOLGA TBILISI PHOTO-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სხვათა შორის, აქამდე „ტი-ბი-სი გალერიში“ ეს პატივი მხოლოდ სახელოვან რობერტ კაპასა და ქართველ მთამსვლელსა და ფოტოგრაფს, გურამ თიკანაძეს ხვდა წილად. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც ლევან ხერხეულიძის გამოფენა-პორტრეტები სახელწოდებით SPIRITS მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.   

SPIEIRTS - ქართულად „სულსაც“ ნიშნავს და „განწყობილებასაც“. ამდენად იმ 28 ფოტოპორტრეტში, რომელიც ავტორმა ერთ საგამოფენო სივრცეში ჩაატია, ვიღაცების სულსაც ამოიკითხავთ და ზოგ შემთხვევაში  მათი განწყობაც გადაგედებათ. ამ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ხერხეულიძემ ორიგინალური ფორმის ფოტოწიგნი შექმნა, რომელშიც ყოველ ფოტოს გარკვეული მინაწერი, უფრო ზუსტად, კონცეფტუალური შინაარსის წინადადებაც წაუმძღვარა. ამავე პრინციპით გადაწყვიტა, რომ პორტრეტებზე აღბეჭდილ ადამიანებს ორი-სამი ფრაზით დაეწერათ საკუთარი თავის ან ცხოვრების შესახებ... და ეს იქნებოდა მათი სულისა და განწყობის ერთგვარი აღწერაც.

თქვენ წინაშეა 28 ადამიანი - ზოგი ძალიან ცნობილი, ზოგიც - ნაკლებად; ერთი გარდაცვლილი (მუსიკოსი და პოეტი ირაკლი ჩარკვიანი, რომლის ფოტოზე მინაწერი ქეთათო ჩარკვიანმა შეარჩია), დანარჩენები - ცოცხლები; ერთადერთი უცხოელი (ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ანტუან დ’აგატა, რომლის პორტრეტი ლევან ხერხეულიძემ თბილისში მისი სტუმრობისას გადაიღო), დანარჩენები - ამქვეყნიურები, ანუ შინაურები.

ყველაზე არსებითი, რასაც გრძნობთ, ავტორის დისტანციაა და ამავდროულად, პორტრეტების ხელშესახები იდუმალება-ინტიმურობა. პერსონაჟები ცალკე სამყაროში არსებობენ, ცხოვრობენ, რომელთა საიდუმლოს ფოტოგრაფი არ გვიხსნის, თუმცა ყველგან ტოვებს პატარა, ვიწრო და ზოგჯერ შეუმჩნეველ ბილიკს მათთან მისასვლელად. და მაინც, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ფოტოგრაფი თავის თავს სხვების პორტრეტებში, სახეებსა და იდუმალებაში ეძებს. ის თითქოს ცალკე არსებობს და უფრო დამკვირვებელია, ვიდრე თანამგრძნობი, რაც, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანსა და პერსონალურს ხდის თავად ნამუშევარს.

...რეჟისორი გიო მგელაძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, მუსიკის კრიტიკოსი და ჟურნალისტი კახა თოლორდავა, მხატვარი იური ბერიშვილი, გამომცემელი და კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია. მწერალი არჩილ ქიქოძე... რასაკვირველია, მნახველი ბევრს ალბათ იცნობს, ზოგთან მეგობრობს კიდეც, ზოგისგან კი დისტანცირებას ამჯობინებს. თუმცა ესეც არ არის მთავარი. მნიშვნელოვანი მათი სრულიად სხვა თვალით დანახვაა, რასაც ობიეტივის მიღმა მდგარი ავტორი გრძნობს და გვაზიარებს.

ხერხეს ფოტოხერხები ერთი შეხედვით, არც განსაცვიფრებელია და არც შთამბეჭდავი. მაგრამ საკმარისია თუნდაც სამ ოსტატურად შესრულებულ პორტრეტს ოდნავ ჩაუღრმავდეთ - მაგალითად, მოქანდაკე მარინა ივანიშვილს (რომელის პროფილი თეთრ ქვასთან ერთად ქანდაკების ნაწილად აღიქმება), მხატვარ ნატა ბუაჩიძეს (რომელიც ვერმეერის ფერწერიდან გადმოსულს წააგავს), ლიტერატორსა და კრიტიკოსს, მალხაზ ხარბედიას (რომლის არაჩვეულებრივი პორტრეტი ვან გოგის შორეულ რეინკარნაციად აღიქმება), რომ დარწმუნდეთ ავტორის უბრალო და ზუსტი ხერხები ზუსტად იმას ემსახურება, რაც პორტრეტს, ანუ „სულსა“ და „განწყობას“ სჭირდება. 

როგორც პოეტი იტყოდა: „სულს სწყურია  საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 აგვისტო
12 აგვისტო

სხვა საქართველო სად არი

„ეშმაკმა თუ შენი დაწიხლვა მოინდომა, თავის ჩლიქს სულ არ გამოაჩენს, სულ კაცის ფეხით დაგწიხლავს“ © სტანისლ ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

რა შუაშია მურღულია და ,,ორი ღორი“?

ზაფხულია.მასწავლებლები შვებულებაში არიან, მაგრამ თან საქმეც აქვთ. სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები უნდა შეარჩიონ. დასრულ ...
26 ივლისი
26 ივლისი

„ჭყიპინა" აგენტის მალული ინტენცია

ჩვენი დროის სიმპტომია: ყველა ნახევარტვინა, ნახევარნიჭა,  ნახევარგულა, მოკლედ ყველა  & ...

მეტი

^