Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემიძლია, მხოლოდ დაგწერო

26 ივლისი 2018

მაგრამ ჩვენ... გახსოვს?...

სულ სხვანაირად შევხვდით ერთმანეთს

და გავეცანით;

და პირველი, რაც წილად მხვდა შენგან,

იყო ეს ხელი და საბოლოოც ეს ხელი არის,

რაც შენგან მრჩება...

და ღირს კი იგი იმდენად, ასე მადლიერების გრძნობით რომ გართმევ!..

და ამ ქარიშხლით ვშორდებით ახლა ერთმანეთს, რათა...

ეს ჩემი ხელი შერჩეს აი, ამ მაგიდას ისე, ვით...

რაღაც ნივთი მივიწყებული...

რომ ჩემთა თვალთა ძველ გარსს დააჩნდეს

ახალ-ახალი საკერებლები...[1]

როცა მიხვდებით, რომ ის უკვე დიდ ცვლილებებს გაუძლებს, გაუშვით ხელი. ვიცი, რთულია, საკუთარი სხეულიდან ნერვული უჯრედების ბლაგვი საგნით ამოჩეხვის ფასად გიჯდებათ. მაგრამ მაინც გაუშვით, რომ იაროს, ვიდრე ისევ არ დაეცემა სხვა საფეხურზე.

გინახავთ ამ ქალაქში მჩქეფარე შადრევნები? გიცდიათ მის გულში შეგეღწიათ? ალბათ არა.

გინახავთ ამ ქალაქის ბაღებში მომლოდინე წყვილები? ცალი წყვილები. ცალად მომლოდინე. გიცდიათ მათ გულში ჩაგეხედათ? ალბათ არა.

ცრემლებმომდგარი აგურის კედლებს შეფარებიხართ სადღაც, ქუჩის

კუთხეში? ვფიქრობ დიახ, დიდი ბურთი გადაგიყლაპავთ და რამდენიმე მძიმე ამოსუნთქვის შემდეგ, ნაცრისფერ ტროტურარებს ადევნებული თქვენი სხეული, იმეორებდა სამყაროს დინების შეუცვლელ სიმფონიას. შემდეგი ნაბიჯი, და ყოველი ნაბიჯი, ვიდრე ნახატის კუთხეს მივაღწევთ.

            მაშინ მისმინეთ. დიდ სევდას სულაც არ სჭირდება დიდი ამბავი. ხელებს ჩასჭიდებთ, გასასვლელში ჟანგიანი მავთულივით გამოდებულ მარტოობას და ყველა ქუჩა მზადაა თავიანთი უსახური, ახლად დაბერებული არქიტექტურით, მდუმარედ და მოწიწებით გემსახუროთ. ადამიანთა სევდის ნარჩენებზე ამოზრდილი ახალი სახლები იმეორებენ ამ სევდის მიუვალობას. და განცდას, რომ შეიცვლება სივრცე, რომელში გამოსახული ფორმებიც,  ასევე სადღაც ნახატის ბოლოში ასრულებენ მკვეთრ არსებობას.

            ხატვა შეგიძლია?

არ ვიცი. არა. შემიძლია მხოლოდ დაგწერო.

            მე შემიძლია. ისე, როგორც ალბათ ხატავენ და ისე, როგორც არსად, არასდროს არ დაუხატავთ.

            მე მჯერა მისი. როცა დამხატეს, საკუთარ სხეულზე ვგრძნობდი ფუნჯის ყოველ მოსმას. ისიც ამ ნახატის ერთ ბოლოში იდგა. მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა იმ მიმართულებით საიდანაც მე მოვდიოდით.

ასე შეხვდება სადღაც, ფუნჯის ერთ გასმაზე დატოვებულ ღია სივრცეში ორი უსახელო სხეული ერთმანეთს. სურვილების დიდ მორევში ჩაძირული ორი მითი სხეულს შეისხამს, ფრთებს გაშლის, და იმავე ფუნჯით გადაკლაკნილ ხაზებს შორის დროს გაუსხლტება.

            უნდა გკითხოთ: გიცეკვიათ ღვთიურ სხეულზე ჩუმად... თითებით? როცა ნელი ბლუზის აკორდები ფარავს ფანჯრებს მიღმა ჩამომდგარ ქაოსს. ზაფხულის ცხელ, სამხრეთული მტვრით გაზავებულ ჰაერში. ეს ცეკვა, იქნებ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევაა - იფიქრეთ ამაზე.

            ქალაქის პარკებში შეხვდებით ადამიანებს, შავი სმარტფონებით. ისინი ნაღვლობენ რაღაცას, რაღაც შორეულს, თითქოს საკუთარს და მაინც სხვის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ნაღვლობენ, თუმცა არ ნანობენ, და თუ ნანობენ, იცოდეთ რომ გატყუებენ, რადგან მათ საკუთარი თავიც ატყუებთ ამ სინანულში. ისინი ყვირიან ტელეფონებში, უყვირიან თანამედროვე ტექნოლოგიებს მიღმა გაქცეულ ადამიანებს. და ამ დროს, მათი რაღაც ნაწილი, მხოლოდ იმაზე ღელავს, რომ ვეღარასდროს განმეორდება. მაგრამ მათ ამის შესახებაც ხომ არ იციან.

            მოდით დავტოვოთ ისინი იქ, სადაც არიან.

ფუნჯით გასმულ გზაზე კი, როგორც გითხარით, ორნი შეხვდებიან ერთმანეთს.

            ჩამჭიდე ხელი, სულ ცოტა ხნით, და გასწავლი როგორ იარო. არა ისე, როგორც აქამდე.  გასწავლი, როგორ გაიარო საღებავის ფერად ტალღებში.

            ჰო ასეც ხდება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ხელს გავუშვებთ, ეს საჭიროა, გარდაუვალი და ის მშვიდად აგრძელებს სვლას, მისი სურვილები არ იკვეთება და ის უკვე აღარ უსმენს სმარტფონებიდან ამოსულ ამბებს. ხმებს. ყვირილს. ის აღარ ხედავს, რაც იყო დღემდე. თქვენ უბრალოდ უნდა ეცადოთ, რომ დაეხმაროთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ფეხი უცურავს სველ ტილოზე. ხოლო, როცა ისწავლის, ნუ ჩასჭიდებთ ხელს ისევ მაგრად, მხოლოდ მიუშვით თავის ნებაზე. დაე მიწაზე გააგრძელოს სიარული. დაე ქარებმა, მისმა ქარებმა, ქარიშხლებმა გადაწყვიტონ, როგორ შეუცვლიან გეზს ფრთებგაშლილ ხომალდს.

            ყველა, ვინც სწავლობს, როგორ ააწყოს იარაღი, სწავლობს იმისთვის, რომ სხვის წინააღმდეგ მიმართოს იგი. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცივი ლულა, შენს საფეთქელთან იწყებს საუბარს.

            იმ ღამით მე მხატავდნენ. და უკვე გითხარით, საკუთარ სხეულზე ვგრძნობდი ფუნჯის ყოველ მოსმას. ნახატის კუთხეში დათარიღებით. ეს ციფრები მეტყველებენ ამბავზე, რომელსაც ალბათ, დადგება დღე და ვინმე ამოიცნობს ჩემი ქაოსით დაღლილ ტექსტებში.

            და კიდევ, თუ სადმე ქუჩაში მთვრალი ქალი შეგხვდებათ, ერთი სიტყვაც არ დაუჯეროთ. იცოდეთ, რომ ის ყველაფერს იტყუება ჩემი სახელით.

 

[1] ნაწყვეტი პარუირ სევაკის ლექსიდან „ჩემგან, თუ შენგან“, კრებულის დასახელება „იქმენინ ნათელი“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“. სომხურიდან თარგმნა: გივი შაჰნაზარმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ოქტომბერი
16 ოქტომბერი

მიფრინავენ წეროები

სად? შორს… დედა სახლიდან სამ საათზე უკანასკნელად გავიდა. რამდენი წლის იყო? ავადმყოფობდა? 81-ის. ავადმყოფობდ ...
12 ოქტომბერი
12 ოქტომბერი

აბა ის სჯობდა?!

დადგა ისევ ის უმნიშვნელო დღე, როცა იურა უნდა მენახა. შვედეთში გაცნობილი რუსი მეგობარი. მე ჩრდილოეთით წამსვლელი არ ვ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

მორიგი გაქცევა თვითნაკეთი თავისუფლებისგა ...

ოცდახუთ წელზე მეტია დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნები ახალი ისტორიის ისტერიულ მართლწერასა თუ უბრალოდ, კარნახის წერას ჰ ...

მეტი

^