Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცხადებული ტერორის ქრონიკა

11 სექტემბერი 2018

კუდიანებზე ნადირობა
თრილერები ვისაც გიყვართ, ალბათ, ამ ქრონიკას უცებ წაიკითხავთ. თუ ქვემოთ მოთხრობილ ამბებზე არაფერი გსმენიათ, მაშინ აღელდებით. აქ ნახავთ ბევრ საიდუმლოს, შიშსა და ძალადობას. ერთი სიტყვით,  სპექტაკლი საინტერესოა.

2016 წლის 15 ივლისი, საღამო.

გადატრიალება მზადდება. ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს დაუპირისპირდა. მმართველმა  ამბოხი ჩაახშო, ქვეყანაში წესრიგს ამყარებს. ეს ამბავი თურქეთში მოხდა.

2016 წლის 16 ივლისი, დილა. 

თურქეთის კონსულმა საქართველოში განაცხადა: სამხედრო გადატრიალება ვერ შედგა, თუმცა ტერორისტები მომავალ თაობებს სკოლებში ზრდიან. ასეთი სკოლა ბათუმშიცაა. არ გაუშვათ ბავშვები შაჰინის სკოლა-ლიცეუმში და დასძინა: „უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს“.

ვინ ჰკითხავს კონსულს ჩვენი სკოლების ამბავს, - იფიქრა ერმა და შეწუხდა. თან კარგი სკოლაა, 23 წელია არსებობს, - ამბობდა ხალხი. ამ დღის  შემდეგ ვითარება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.

2017 წლის 3 თებერვალი, შუადღე.

ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა.

სკოლის წარმომადგენლები ღელავდნენ. ამდენი წლის შრომა წყალში ეყრებოდათ. ნადგურდებოდა სკოლა. მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ამბობდნენ, რომ არ არიან ტერორისტები და თავიანთ წარმატებებსა და კარიერაზე საუბრობდნენ. ბავშვები და მშობლები ღელავდნენ. შუა სასწავლო წელს ირღვეოდა ბავშვების ერთობა. რატომ ხურავთ? - სვამდნენ კითხვას.  მოსწავლეები თურქულენოვანი კლასიდან ქართულ კლასებში პროცედურების დარღვევით გადაიყვანეს, - ამბობდა ავტორიზაციის საბჭო.

იყო პროტესტი. ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა შეწუხებულ მოქალაქეებს მტკიცედ განუცხადა, რომ სკოლის ამგვარი ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შეიზღუდა სექტორიდან სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება. მერე ბავშვები? - კითხულობდნენ მშობლები. ჩვენ რა ვქნათ? - ამბობდნენ ქუჩაში გამოსული მოსწავლეები. საქართველოში ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრებთ, - ამბობდა სკოლის დირექტორი. თუ სკოლას უნდა აღიარება, მაშინ სახელმწიფოს კანონები უნდა დაიცვას. სასამართლოთი სურთ აჟიოტაჟის შექმნა. თუ საბჭოს მხრიდან დარღვევა იყო, სასამართლო გასცემს პასუხს. (ბავშვთა) უფლებები არ ირღვევა, რადგან ის ბავშვები მობილობით გადავლენ სხვა სკოლებში, - პასუხობდა  საბჭოს წევრი.

სკოლა განადგურდა. საბჭოს ყველა წევრმა, ორის გარდა, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ერთმა წევრმა დატოვა საბჭო. 340 მოსწავლე სხვა სკოლებში გადანაწილდა და გაგრძელდა ბედნიერი ცხოვრება.

2017 წლის 24 მაისი, დილა.

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს. ის 12 წელი ცხოვრობდა საქართველოში და ასწავლიდა ბავშვებს.

„პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს ხელზე ბორკილი და ის თავის საქმიანობას უნდა ეწეოდეს“, - ამბობდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი. „ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჯიბეში მხოლოდ ცარცი მედო, - ასე ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას მასწავლებელი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც ქართულ საზოგადოებას თანადგომას სთხოვდა: გადაარჩინეთ ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ცარცით ხელში იცავდა სიკეთეს, სიყვარულსა და ადამიანებს შორის მეგობრობას. დაუბრუნეთ ოჯახს მამა, სკოლას - პედაგოგი და საქართველოს - მეგობარი. დაგვიბრუნეთ სიკეთის რწმენა!'“

2017 წლის 29 აგვისტო, საღამო

ჩაბუქის დაკავებიდან სამ თვეში დემირელის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. პრაქტიკულად, ნათელი გახდა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეზე თურქეთის ჩარევის ფაქტები, თუმცა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და მასთან არსებული ავტორიზაციის საბჭოს წევრები ამას არ აღიარებდნენ. სკოლის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. უწყება არ აპირებდა უკან დახევას.

როდესაც ლაპარაკია კანონის დადასტურებულ უხეშ დარღვევაზე, პოლიტიკურ საფუძველზე აპელირება აბსურდულია, - ამბობს საბჭოს წევრი. 

დამფუძნებლები უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ, ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, - აცხადებს ცენტრის ექსდირექტორი.

ეს არასწორი ინფორმაციაა, რომელიც უხეშად ლახავს  ჩემს პატივსა და ღირსებას, - ამბობს სკოლის დირექტორი. 

გადავარჩინოთ დემირელის კოლეჯი, - ამბობენ ბავშვები.

მე არ ველოდები რაიმე ცვლილებას, რომ დასკვნას დახევენ, მაგრამ არც ცხვრის პოზაში ყოფნას ვაპირებ. ვიღაცამ, ალბათ, ბოდიში უნდა მოგვიხადოს, რომ ასე მოგვექცა. სკოლა და ამდენი წლის გამოცდილება გადაჰყვა პოლიტიკურ თემას, - ამბობს მშობელი.

უწყება აკონკრეტებს დანაშაულის სახეს და ტონიც უფრო მკაცრია:

ცენტრის ყოფილი დირექტორი: გამოიკვეთა 87 მოსწავლის საქმე.

საბჭოს წევრი: იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც შუა სემესტრში ამორიცხულები იყვნენ სკოლიდან, მაგრამ შეფასდნენ წლის ბოლოს.

ცენტრის ყოფილი დირექტორი: კოლეჯში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება

საბჭოს წევრი მოუწოდებს უწყებას, დემირელის სკოლის საქმე გადასცეს პროკურატურას.

მერე ბავშვები? - კითხულობს საზოგადოება.

ამ დროისთვის 6 კერძო სკოლა მზად არის, დემირელის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სრულად მიიღონ, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

სკოლა განადგურდა, გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. დემირელის სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე სხვა სკოლებში გადანაწილდა. გაგრძელდა მშვიდი ცხოვრება და განათლების საკითხებზე კანტიკუნტი, მაგრამ მგზნებარე დისკუსიები მუხის ჩრდილქვეშ.

2018 წლის 19 თებერვალი, შუადღე

ჩაბუქის დაკავების ამბავი გასცდა საქართველოს ფარგლებს. ქართველი ხალხის პროგრესული ნაწილის გარდა, მასწავლებელს მხარი ევროპარლამენტარებმაც დაუჭირეს. მათ თქვეს:  ჩვენ გვსურს, ვნახოთ გათავისუფლებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი.

ის 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

2018 წლის 16 აგვისტო, შუადღე

თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ აქვს უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა

2018 წლის 20 აგვისტო, საღამო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, მიუხედავად ექსპერტთა დადებითი დასკვნისა, პირველკურსელთა მიღება შეუზღუდეს. მიზეზი სასამართლოში არსებული დავაა. სახელმწიფო უნივერსიტეტს 700 000 ლარს ედავება, მაგრამ ვინაა მართალი, ეს ჯერ არავინ იცის. სასამართლო არ დასრულებულა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს ყველა წევრმა, ერთის გარდა. გაგვიმართლა, ის ერთი, საბედნიეროდ, ყოველთვის არის იქ, სადაც უნდა იყოს.

ახალი არაფერი ხდება.  ცენტრის ყოფილი დირექტორისა და საბჭოს წევრის  განცხადებები ერთმანეთს ჰგავს. საბჭოს წევრი ამბობს: „ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ  ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვას [...] დაწესებულების ყველა ქონება დაყადაღებულია, რაც არ არის პასუხისმგებლობიანი მიდგომა მათი მხრიდან". ცენტრის ექსდირექტორი ამატებს (ან პირიქით, ეს ამბობს და ის ამატებს) „[ავტორიზაციის] საბჭომ მაქსიმუმი გაიკეთა, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, ოპტიმალური იქნებოდა უნივერსიტეტისთვის".

უნივერსიტეტმა სასამართლოს დასრულებამდე გადაიხადა თანხა. მაგრამ ცენტრის ყოფილი დირექტორი კვლავ მტკიცე პოზიციაზეა. ის იცავს კანონებს და მას სურს უკეთესი განათლების სისტემა. ესაა მისი ცხოვრების მისია და შეუვალია ამ მძიმე, ეკლიან გზაზე.

მაგრამ ცენტრის ექსდირექტორისა და მისი საბჭოების გარდა, არის საზოგადოება, ექსპერტები, სტუდენტები. მათ არ მოსწონთ განათლებაზე მოამაგე ცენტრის დირექტორისა და მისი საბჭოების გადაწყვეტილებები.

ერთი სიტყვით, სიმართლემ თავი ვერ დამალა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის,  მაგრამ არ დაგვავიწყდეს: ცენტრის დირექტორი და მისი საბჭოები იცავენ კანონებს და, შესაბამისად, გიცავენ თქვენ, ყველას ერთად და ცალ-ცალკე. მათ არ სჯერათ, რომ სუვერენიტეტი იზღუდება; არც ის იციან, რომ კარგი საგანმანათლებლო დაწესებულება არ უნდა გაანადგურო.
მაინც რა არის ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი?

ცენტრის ვებგვერდზე დაინტერესებული მკითხველი შეიტყობს ცენტრის მისიისა და საქმიანობის შესახებ. ის შეიმუშავებს სკოლების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტანდარტებს; ამოწმებს მის შესაბამისობას სტანდარტებთან და აძლევს მათ საქმიანობის უფლებას, ან უზღუდავს საქმიანობის უფლებას. ერთი სიტყვით, ეს უწყება არის პასუხისმგებელი, რომ გაგვაგებინოს, რას ნიშნავს კარგი საგანმანათლებლო ორგანიზაცია და, ამასთან ერთად, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია კარგი.

ამ პროცესის სანდოობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ ცენტრს დაქირავებული ჰყავს დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობას, ხოლო ექსპერტების გადაწყვეტილების განხილვის შემდეგ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. საბჭოს შემადგენლობაშიც გათვალისწინებულია დამოუკიდებლობა. საბჭოს წევრები სხვა ორგანიზაციების - სკოლების, უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არიან.

თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, თუმცა ამ პროცედურებით, 2017 წლიდან დღემდე განადგურდა ორი კარგი სკოლა, ხოლო ასევე კარგ უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება შეუზღუდეს. დამოუკიდებელი ექსპერტები და საბჭოს წევრთა უმცირესობა ვერ ახდენს უკანონო გადაწყვეტილებაზე გავლენას.

ჩვენი დროების გრიგოლ სურამელები

რა შუაშია გრიგოლ სურამელი? მეცამეტე საუკუნეში, როდესაც მონღოლებს ჩვენი ქვეყანა დაპყრობილი ჰქონდათ, მონღოლებმა ქართველებს ჩაღატა ნოინის მკვლელობა დააბრალეს და მათი დასჯა გადაწყვიტეს. ქართველებმა ბრძოლა დააპირეს.  გრიგოლმა  ქართველი სარდლები შეაჩერა და ქვეყანას სისხლისღვრა ააცილა.

ახლა დავუბრუნდეთ 21-ე საუკუნეს. დემოკრატიის სახელით შექმნილი საბჭოებისა და ცენტრის დირექტორის უცნაური თანამშრომლობის შემსწრენი ვხდებით. მშვიდობიან დროს, როდესაც მათ პირად პერფორმანსებს ხელს არაფერი უშლის, მორჩილ და მუყაით მუშაკებად გვაჩვენებენ თავს. ზოგი თავს სიტყვაკაზმულობით იწონებს, ზოგი - სამეცნიერო მოღვაწეობით, ზოგი -ლიბერალობით. ერთი სიტყვით, ერთი დიდი სუფრაა გაშლილი და სხვადასხვა იმიჯის მქონე ქართველები ღვაწლში არიან, ვინ უკეთ აღმოთქვამს სამშობლოსა და განათლებაზე ზრუნვის სადღეგრძელოს.

მძიმე დროს კანონებს იცავენ, ამიტომ კანონის სადარაჯოზე მყოფნი ასეთი სასტიკნი ჩანან. ესეც განვითარებისთვისაა. რა თურქეთი, რის თურქეთი? აღშფოთებულები კითხულობენ: რატომ მხოლოდ ამ სკოლებსა და უნივერსიტეტზე? სხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეუწყდათ ავტორიზაცია. არადა, ჩვენ კარგ სკოლებსა და კარგ უნივერსიტეტზე ზეწოლას ვედავებით. ნუთუ, არ წაუკითხავთ, არ მოუსმენიათ, არც გაუგიათ კონსულის, ელჩის განცხადებები, არც სხვა ქვეყნებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ სმენიათ რაიმე?

იქნებ, ჩვენი დროების გრიგოლ სურამელები არიან, საფრთხეს გრძნობენ და უნდა დაგვიცვან, საკუთარი სიცოცხლისა და კეთილდღეობის ხარჯზე. ამიტომ გვამშვიდებენ, გვაჩერებენ, როგორც გრიგოლმა შეაჩერა დიდი ხნის წინ სიმართლის მაძიებელი ქართველები. იქნებ რაიმე აქვთ დაგეგმილი და ჩვენი დაცვა უნდათ, იქნებ ერთმანეთს უთხრეს: „არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ. და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდის მოგუწყუედენ, და თუ არ ვებრძვით, ჩუენ წარჩინებულთა ოდენ ვგონებ მოკუდინებად, და უმჯობეს მიჩნს, რათა ჩუენ მოვიკლნეთ და არა ყოველი ესე ძალი“. დავიჯერებდი, მაგრამ ჩვენზე როგორ იფიქრებენ, როდესაც ორი წელია თრილერში გვაცხოვრებენ, საკუთარი თავის გარდა არაფერი ანაღვლებთ და მათ შორის არც 1000-ზე მეტი გადანაწილებული მოსწავლე თუ სტუდენტი.  

სადაა გამოსავალი?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმის ბევრმა მოქალაქემ გამოხატა თავისი პოზიცია, „სამართლებრივი დარღვევების შესახებ წერს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი რევაზ ხოფერიაც.  არსებული პრაქტიკა ხელს უშლის დემოკრატიისა და, აგრეთვე, განათლების სისტემის განვითარებასაც. ამ საკითხზე შეგიძლიათ, იხილოთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის  განცხადება.

დღეს სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, ნდობა აღუდგინოს რეპუტაციაშერყეულ ხარისხის მართვის პროცესს. ორი წლის განმავლობაში მიმდინარე თრილერი იმედს აკარგვინებს საზოგადოებას, მცირდება რწმენა პროცესის მიუკერძოებლობის შესახებ.

საგანმანათლებლო ინსტიტუციების ხარისხის განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანია აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესების დეცენტრალიზაცია. მისი გამიჯვნა სახელმწიფო უწყებებისგან.

აუცილებელია ნდობის აღდგენა სახელმწიფო უწყებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის, მხოლოდ ნდობის საფუძველზეა შესაძლებელი განვითარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^