Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წითელი, ნახევრად ტკბილი

06 ოქტომბერი 2018

ფაბულა. ლალალალალა ლალალა!

ლალალალალა ლალალა!

ლალალალალა-ა-ა-ა

ლა,

ლა,

ლა, -

გძე-ჟე ტი მაია სულიკო?!

თვით ლექსის ავტორი, რა თქმა უნდა, ჯერ რიტმულ მონახაზს გაჩარხავდა და დაბალი შაირის სადაგ სხეულზე რომანტიკულ ან უფრო იკონოგრაფიულ ნაკვთებს ამოაქარაგმებდა. მალე ეს ირაციონალური ლტოლვა მოკისკასე გოგოების კაბის შრიალში, თუ ბაფთიანი გიტარის მსუბუქ ტერციებში ჩაიკარგებოდა. თუმცა ღიღინის ლაღ ზვირთებსაც მალე ბლანტი, ნახევრად ტკბილი სანტიმენტები გადაფარავს. შესრულების ეს მანერა, მოგუდული კრინით, რაღაცნაირი, პერვერტული აღტყინებით სუნთქავს.

ეს არ არის ზესკნელში აჭრილი მეჩანგურეს სევდა ზუბოვკიდან მომავალი ხალიანი ქალის ან ნაადრევად წასული სატრფოს გამო. არც „ლეზგინკის“ მოცეკვავე ყმაწვილი ქალების კაბის არშიებში შემალული სასოწარკვეთაა. უფრო იმ იმპერატორის წუხილს ჰგავს, უზმოზე მირთმეული ნიმფების გამო რომ გულის მომსუყება იგრძნო.

ამბავი ამბად საკმაოდ გაუგებარია. ვიცით მხოლოდ, რომ ქალი მკვდარია (იქნებ, სულაც, არაქათგაცლილს სიყვარულის სარეცელზე ამოხდა სული) და კაცი, გულამოსკვნილი, იმ ძველ დროს დასტირის. მჯიღებს იცემს ფოლადის მკერდზე.

თუკი მაინც ჩავეძიებით, ფაბულა გაუპატიურებულ პყრობილზე მე-19 საუკუნის თითქმის ყველა ლიტერატურულ ამბავშია გაბნეული - ფერმიხდილი ქალწული, წარბებაზიდული ინტელიგენტი ქალი, ღონიერფეხებიანი უბირი გოგონა - ყველა მსხვერპლია. ამბები, რომლებსაც მამაკაცები თხზავენ მავანთა ცოლებზე, სატრფოებზე, დებზე, დედებზე, ქალიშვილებზე, დიდი დამცირებისა და უმწეობის განცდითაა დაღდასმული. ალბათ იმიტომ, რომ სახელმწიფო, რომელსაც ის „დედად“ / „სამშობლოდ“ ხედავს, შეურაცხყოფილი და გათელილია.

„შეიჭრნენ ჩრდილოს ვაშტნი წიაღსა გრანიტთასა,

არ ჰრიდეს ღელეთ სიღრმეს, არც სიმაღლეს მთათასა.

ფოლადნი, ქვათ მკვეთელნი, ათასთა შინა ხელთა,

ხელოვნებითნი მეხნი, მედგრად მჩენელნი ცეცხლთა,

ჰსცემდენ, ჰგლეჯდენ, ქუხოდენ და კავკასი მკვნესარედ

ეხოთა მიერ წყლულთა თვისთა ცხად ჰყოფდა მწარედ".

ნეკროფილი დამპყრობლის დიდი სიყვარულის შესწავლა ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარმა 2009 წელს დავიწყე და ისე მოხდა, დღემდე ამ საკითხებს ვუტრიალებ, როგორც ღვინის მწარმოებელი და ტურიზმის სერვისის მიმწოდებელი.

მაშინ თეორიულად ვეცნობოდი მე-19 საუკუნის ქართულ და რუსულ მწერლობას, დოკუმენტურ წყაროებს და ვსწავლობდი იმპერიალისტური ნარატივის, როგორც კულტურული და სოციალური პოლიტიკის მთავარი იარაღის აგებულებას. ამჯერად კი ჩემი გზა უშუალოდ პრაქტიკებთან იკვეთება, სადაც ეს გაცვეთილი, ორსაუკუნოვანი რიტორიკები ჯერ  კიდევ მუშაობს - „ორი რუსეთი“, „ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი“, „პოლიტიკას არ ვეხებით“, „მზიანი საქართველო“, „ერთმორწმუნე მოკავშირე“, „დოსტოევსკის ენა“, „განმანათლებელი რუსეთი“ და ა.შ.

შეიძლება ითქვას, ლიტერატურა და ღვინო ის ორი სფეროა, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობების მკვლევარს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს - ლიტერატურული მეხსიერება, რომელიც ბოლო ორი საუკუნის კულტურული ურთიერთობების ისტორიას ინახავს და ღვინო, ღვინის ტურიზმი, სადაც დღემდე განსაკუთრებით ინტენსიურია ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. უნდა გამოვტყდე, არცერთ კვლევას კულტურულ და სოციალურ ანთროპოლოგიაში არ უჩვენებია პრობლემის აღნაგობა ისე მკაფიოდ, რაც ერთი განაწყენებული ადამიანის გამომეტყველებაში იკითხებოდა.

- შენი ღვინო ნაგავია, საჭმელები ხომ უვარგისი, - მითხრა მან დამშვიდობების ნაცვლად, - ტურისტებს იღებ - რუსულად ლაპარაკი მოგიწევს, სხვანაირად შორს ვერ წახვალ!

მივხვდი, გაჩუმება სჯობდა. მოთმინებით ვადროვე, მშვიდობიანად დაეტოვებინა ეზო, სადაც შორიახლოს ჩემი მცირეწლოვანი შვილები თამაშობდნენ.

ქინძმარაული და ჭაჭა. ორი რუსეთი - ნახევრად ტკბილი და მკვლელი. სწორედ ისე, როგორც პუშკინის ერთ ლექსშია, მეომრის მკაცრი შუბლიდან - რისხვა, ხოლო ბაგეთაგან გულმოწყალე ღიმილი იღვრება. ამგვარი წინააღმდეგობრივი სახე პირველად, თუ არ ვცდები, კავკასიის მთავარმართებლის, ერმოლოვის გმირით ერთმა დეკაბრისტმა მწერალმა, ბესტუჟევ-მარლინსკიმ გამოძერწა მოთხრობაში „ამალათ-ბეგი“. ბესტუჟევი მეტად დაშვრა ისეთი ხელოვნური ხასიათის შექმნით, რომელიც ერთდროულად სასტიკიცაა და გულჩვილიც. ის მოხდენილად კლავს ჩეჩნებს, თუმცა ეს ცივსისხლიანობა, რაღაცნაირად, ჰარმონიულად თავსდება მის სულგრძელობასთან. ეგზალტირებული იუნკრებიცა და სწავლული დეკაბრისტებიც დითირამბებს უძღვნიან.

საინტერესოა, რომ მაშინდელი მხატვრები ერმოლოვს, უმეტესად, რომაული პროფილით ხატავდნენ. ეს პარადიგმა, დროთა განმავლობაში, უნივერსალური გახდა იმის ნიშნად, რომ რუსეთი და მხოლოდ რუსეთია რომაული ცივილიზაციის მემკვიდრე. მეორე მხრივ, პროფილის მიღმა ყოველთვის მოიაზრება ორბუნებოვნება. ამ პერიოდის რუსულ პოეზიაში საკმაოდ ხშირად იანუსის სახელიც გაიჟღერებს. საერთო ჯამში, ამგვარი მეცადინეობით იქმნება მითი მრისხანე და კეთილშობილი, დამპყრობელი და ამაგდარი, მილიტარისტული და კულტურული რუსეთის შესახებ.

სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი. ტურისტული სეზონი ნელ-ნელა ცხრება. მიუხედავად ამისა, ჩვენს მაგისტრალებზე ჯერ კიდევ ბევრ რუსულნომრიან მანქანას შევხვდებით. თბილისში, ბათუმში, ყაზბეგში თვალს გვჭრის დიდი წარწერები - "сдается квартира в аренду", "Хинкали", "Хачапури", "Чача". რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთ რუსულ სიმღერებს აგუგუნებს, დიდი ალბათობით, თავად ტურისტებსაც რომ საკუთარი ქვეყნის გამო რცხვენიათ. შეიძლება ესეც თავისებური შურისძიებაა, ნელი წამების სტილში.

ბევრი ტურისტული კომპანია ცდილობს ბაზრების დივერსიფიკაციას. ზოგი საერთოდ უარს ამბობს სტუმრების მიღებაზე ოკუპანტი ქვეყნიდან, სხვანი, პროტესტის ნიშნად ანტისაოკუპაციო სტიკერებს მანქანებზე აკრავენ - Russia is Occupant. მას შემდეგ, რაც ბევრ ადამიანს ვუმასპინძლეთ რუსეთიდან, მივხვდით, რომ  ველიკოძერჟავული პათოსი, სამწუხაროდ, რიგით ხალხსაც არ აკლია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაიმე ფორმით პროტესტი ჩვენც გამოგვეხატა. პირველ რიგში, პარტნიორებს შევატყობინეთ, რომ „ოდა“ რუსულ ენაზე აღარ იმუშავებდა. შემდეგ კი ჭიშკარზე ასეთი წარწერა დავამაგრეთ -  Russia is Occupant. The guests who are in agreement with this opinion are always welcome to our house. ეს ამბავი მედიაშიც გაშუქდა და ელვის სისწრაფით გავრცელდა ნაცნობებში, მეგობრებში, პარტნიორებსა და უცნობებში.

ახალმა პირობებმა ზოგიერთი სტუმარი გააბრაზა და ბევრი კომპანია დააფრთხო. იყო შემთხვევები, როცა კარს მომდგარი ტურისტები უკან ბრუნდებოდნენ, თუმცა ძალიან ბევრი ისეთიც, წარწერის გამო რომ მოდიოდნენ. სოციალურ ქსელებში ამ ამბავს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ზოგი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მარკეტინგი გვამოძრავებდა, სხვანი კი გვიქადოდნენ, რომ ეს მიდგომა ჩვენს ბიზნესს მალე ჩაძირავდა. ბუნებრივია, გვერდით იყვნენ მეგობრები, ვისაც ბოლომდე ესმოდა ამ გადაწყვეტილების არსი და იზიარებდნენ ჩვენს სულისკვეთებას.

შევეცადე, ჩვენ გარშემო ვნებათაღელვისთვის, როგორც მოცემულობისთვის, სტოიკურად შემეხედა. ჩვენ ხომ ამ 20-30 წლის მანძილზე, ცალკეული მცდელობების მიუხედავად, განათლების ვერცერთ დონეზე ვერ მოვახერხეთ რუსულ-ქართული პოლიტიკის ფართო კონტექსტში გააზრება. ესეც არ იყოს, ვერც იმას მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც მდიდარია ბუნებრივი და კულტურული ძეგლებით; გვაქვს ლანდშაფტის, წეს-ჩვეულებების, ფოლკლორისა და გასტრონომიის, მართლაც, გამორჩეული მრავალფეროვნება, მეღვინეობის რვაათასწლოვანი გამოცდილება და ბევრი სხვა ღირსება. გარდა ამისა, თითქმის, ყველა ტიპის ტურისტულ პროდუქტზე ფასები ხელმისაწვდომია. ამიტომ სტუმარი არამხოლოდ ჩვენ გვჭირდება, არამედ ვის, თუ არა მათ ვჭირდებით ჩვენ, განსაკუთრებით ხელმომჭირნე ტურისტებს რუსეთიდან.

ამას წინათ სოციალურ ქსელში „ოდას“ გვერდზე უცნობი პეტერბურგელი კაცისგან შეტყობინება მივიღე. ჩვენი მთავარი ფოტოდან გამომდინარე, ვარაუდობდა, რომ შესაძლოა რუს სტუმრებს ენთუზიაზმით არ შევხვედროდით. აქაური ხელისუფლების თაყვანისმცემლები არც ჩვენ ვართო, მოკრძალებით იწერებოდა, ხშირად გვიგრძნია თავი უხერხულად ჩვენი სახელმწიფოს ანტიჰუმანური პოლიტიკის გამოო. მიუხედავად ამისა ძალიან გვინდა „ოდას“ საქმიანობის გაცნობა, სწორედ, თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოო. ვფიქრობ, ეს არის ადამიანებს (და არა, აბსტრაქტულად, „ხალხებს“) შორის ნამდვილი მეგობრობა. დამოკიდებულება, რასაც საფუძვლად ღირსება, ჰუმანიზმი უდევს. ის იზიარებს შენს ტკივილს, აღიარებს შენი არჩევნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

სტანდარტული კვების ობიექტებისგან განსხვავებით, „ოდა“ საოჯახო რესტორანია, ჩვენ არა მხოლოდ ღვინოსა და კერძს ვთავაზობთ სტუმრებს, არამედ - ოჯახის კარს ვუღებთ და ვმასპინძლობთ. ამიტომ ბუნებრივია, გაგვიჭირდება ისეთი ხალხის სტუმრად მიღება, ვინც მეგობრობას გვეფიცება, მაგრამ ჩვენს მთავარ სატკივარს წაუყრუებს და იტყვის, პოლიტიკაში არ ვერევიო. ვფიქრობ, ეს არა მეგობრული, არამედ ცალსახად მომხმარებლური დამოკიდებულებაა.

ძრწოდე, კავკასო!... ვინც ამბობს, რომ „ხალხთა ძმობის“ კონტექსტში შესაძლებელია ზღვრის გავლება პოლიტიკასა და კულტურას, ან პოლიტიკასა და ადამიანურ ურთიერთობებს შორის, ძირითადად, ან დაინტერესებული მხარეა, ან უბრალოდ, საკითხში ჩაუხედავი. ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ყველაზე ძლიერი იარაღი მუდამ იყო კულტურული და სოციალური პოლიტიკა. ახალი არაფერია იმაში, რომ რუსეთი აკონტროლებდა კულტურული ურთიერთობების პლატფორმებს 1850-იანების ლიტერატურული სალონებიდან საბჭოთა ინტელიგენციამდე.

მაშინ, როდესაც ჩვენი პოეტები რუსეთის იმპერატორს მადლიერების ოდებს უძღვნიდნენ, კავკასიის მეფისნაცვალი, ქართველ არისტოკრატთა ლიტერატურული სალონების სული და გული, მიხეილ ვორონცოვი ნიკოლოზ I-ისთვის წარდგენილ რაპორტში, უბრალოდ, გვაღადავებდა: რომ არა თქვენი და ჩემი კეთილი ნება, თეატრის დასი „ტუზემცებს“ ყველაზე ნათელ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდათო. თუმცა ალალი იყოსო, რადგან ეს დასი „ტუზემცების“ იმპერიაში გათქვეფას დააჩქარებსო.

მე-19 საუკუნეში კავკასიისა და კავკასიელების შესახებ თქმულებებს აქაური ომის მონაწილე სამხედროები ქმნიდნენ - ხელმოცარულებიცა და ჯვრიან-ჩინიანებიც. ლევ ტოლსტოის მოთხრობებში ჩანს, რამდენად შორს მიდიოდა ფანტაზია. მათი მონათხრობის საფუძველზე ხალხს სჯეროდა, რომ კავკასიელებს სამი თვალი აქვთ და ისინი სადილად ქვებს კვნეტენ. ამგვარ პროპაგანდისტებს აკაკი წერეთელი ირონიულად „კავკასიათმცოდნეებად“ მოიხსენიებდა და წუხდა, რომ მათი წყალობით კავკასია რუსეთში ბევრს ყაჩაღთა ბუნაგად წარმოედგინა. დროთა განმავლობაში დეზინფორმაციის საშუალებები მომრავლდა და მეთოდებიც დაიხვეწა. დღეს ამ ფუნქციას ასრულებენ ბლოგერები, მოგზაურები, რომლებიც გამორჩეულნი არიან დესტრუქციულობით და განსაკუთრებით აგრესიულნი ხდებიან, როცა ხედავენ, რომ საქართველო ტურიზმშიც და ღვინის ექსპორტშიც ცდილობს, რუსეთის გარეშე გაიკვალოს გზა.

ასე და ამგვარად, საჭიროებების შესაბამისად, აქტუალური ხდებოდა წინააღმდეგობრივი მითები, ერთმორწმუნე ქართველების / პირდაუბანელი ტუზემცების / რაინდი კავკასიელების / სისხლისმსმელი კავკასიელების / მზიანი საქართველოს / ჯინსებში ჩატენილი გოგოების შესახებ. თითოეულ ნარატივს აქვს თავისი პოლიტიკური ისტორია და განსაზღვრული ადგილი ძალაუფლების სტრუქტურის სხვადასხვა დონეზე, პოლიტიკის შექმნიდან - სოციალურ კავშირებამდე.

ასე, მაგალითად, მითი რუსი ხალხის მიერ საქართველოს გარდარეულ სიყვარულზე გაჩნდა, რაც რუსეთმა საქართველოს მდიდარი ტურისტული რესურსები შეისწავლა და იაფ საზაფხულო აგარაკად შეიგულა. აღმოჩნდა, რომ ეს ციცქნა და საყვარელი ქვეყანა მუდამ მზადაა გზებზე სუფრის გადასაფენად, სტუმრის გულში ჩასაკრავად; მუდამ მხიარული, მიმტევებელი და მოწადინებულია.

დიდი ამბავი, თუ შენი სამხედროები ამ ქვეყანაში, თითქმის, ყოველ კვირაში ადამიანებს იტაცებენ?! რა მოხდა, თუკი შენი არჩეული ხელისუფალი ყოველთვე ახალ და ახალ ვენახებს, ბაღებს, სახლებს ტოვებს საზღვრის მიღმა?!

მთავარია, თავისი როლი გონივრულად შეაფასოს - ცომში ხელი სტუცოს და ოცდახუთნაოჭიანი ღიმილით დაატყვევოს მხიარული მეზობლები ჩრდილოეთიდან.

ონიშენკოს სადღეგრძელო. იაკობ მარს ჯანის, მტევანდიდისა და სხილათუბნის (თუ რცხილათუბნის) ვენახები გურიაში, სოფელ იანოულში ჰქონდა გაშენებული. ის წარმოუდგენლად დიდ ყურადღებას უთმობდა ნედლეულის ხარისხს და მოსავლის აღების დროს სათითაოდ, მარცვალ-მარცვალ არჩევდა საღ და მკვახე, ან გაფუჭებულ ნაყოფს; ცალ-ცალკე ჭურჭელში აყენებდა ვაზის ქვედა, შუაწელის და წვერის მოსავალს. ეს ღვინოები ჯერ კიდევ 1820-იან წლებში გადიოდა ექსპორტზე ევროპასა და რუსეთში.

თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსეთის გიგანტური ბაზარი ქართულ ღვინოს ყოველთვის იაფ პროდუქტად ხედავდა. მოთხოვნა რუსეთიდან მუდამ იყო, საუკეთესო შემთხვევაში, ევროპელი ტექნოლოგების მიერ დამუშავებულ, ე.წ. კლასიკურ, ნახევრად ტკბილებზე, უარეს შემთხვევაში - ფალსიფიცირებულ პროდუქტზე. ამ მოვლენამ კიდევ უფრო გროტესკული სახე მიიღო საბჭოთა პერიოდში.

ტრადიციული, ქვევრის ღვინის ფასეულობის გაგება, ბუნებრივია, რუსეთში არ არსებობდა და, მცირე გამონაკლისების გარდა, დღემდე არ არსებობს. მე-19 საუკუნის მოგზაურები, მწერლები და ეთნოგრაფები - პლატონ ზუბოვი, ორესტ ევეცკი და სხვები თავიანთ ჩანაწერებში ქვევრის ღვინის დაბალ ხარისხზე ჩიოდნენ, თვლიდნენ რა, რომ თიხის ჭურჭელში ხარისხიანი ღვინის დაყენება წარმოუდგენელია. რაოდენობრივი თვალსაზრისით ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზრის გემოვნება და მოთხოვნა საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა ჩვენს სამეწარმეო პოლიტიკას. შედეგად, ქართული ღვინო, თავისი ხარისხით, ათწლეულების მანძილზე, ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება:

2006 წელს რუსეთის მთავარმა სანიტარმა - გენადი ონიშენკომ ქართული ღვინისთვის ემბარგოს დაწესება საბოლოოდ დაამტკიცა, რაც საქართველოში მეტად საინტერესო პროცესების სტიმული გახდა. დიდ მეღვინეობებს მოუწიათ რთული გზის გაკვალვა და დაიწყეს ფიქრი ბაზრის დივერსიფიკაციაზე. ეს პროცესი მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზაა. ბევრმა მათგანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი ნახა - შეამცირა დასაქმებულთა რაოდენობა და წარმოების მასშტაბი; დაიკლო ნედლეულზე მოთხოვნამ და შესაბამისად, ყურძნის ფასმაც. როგორც ჩანს, სახელმწიფომ ამ პრობლემაზე რეაგირება სწორად შეძლო - მცირე მარნებისთვის ღვინის წარმოებასა და გაყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები გამარტივდა, რათა მათ არ დარჩენოდათ აუთვისებელი ნედლეული, თავად ეწარმოებინათ საკუთარი ღვინო, ბოთლში ჩამოესხათ და ექსპორტზეც გაეტანათ.

ამას დაემთხვა ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - UNESCO-ის მიერ ქვევრის მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება, მსოფლიოში ბუნებრივი ღვინის მოძრაობის გაძლიერება, არქეოლოგიური მტკიცებულებების გარშემო საბოლოო სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა და სხვ.

ფაქტია, რომ გენადი გრიგორიევიჩმა რაღაც ძალიან ბედნიერ ვარსკვლავზე მოაწერა ხელი იმ ემბარგოს. ამიტომ მეც და ჩემი მეგობრებიც ლხინის სუფრებზე ყოველთვის ავწევთ მის სადღეგრძელოს და დაველოდებით ცის გახსნას, რომ შესაბამისმა პირმა ტურიზმის სფეროშიც იქნებ, რაიმე მსგავსი წყალობა გადმოაგდოს.

კახეთში რთველი დასრულდა. ბევრი ცრემლი დაიღვარა საყვარლის საფლავის ძიების თემაზე, ჭარმაგმა მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა გოჯ-გოჯ ჩაკოცნეს ქართული მიწა, ვაზის კოჟრები, მარნის საძირკვლები, ქვევრის ყელ-ყური, ქართველ წინაპართა საძვალეები, ეკლესია-მონასტრების ბარელიეფები და ჩუმ დიასახლისთა ფქვილიანი ხელები. არც ჩექმების გახდა და საწნახელში ჩადგომა დაიზარეს და მოწყურებულნი დაეწაფნენ ახლადგამოწნეხილ, სხეულიან ტკბილს.

ლალალალალა ლალალა

ლალალალალა ლალალა

ლალალალა ლა-ა-ა-ა

ლა ლა ლა

გძე-ჟე ტი მაია სულიკო.

ყურძენი ისრისება, საფერავის თბილი ნაჟური შუშხუნით ჩქეფს ყელგამშრალ ქვევრში. 

P.S. ბლოგის დაწერიდან გამოქვეყნებამდე საოჯახო მარან „ოდას“ კარზე დამაგრებული წარწერა - Russia is Occupant - გაურკვეველმა პირმა ჩამოგლიჯა და რეპლიკის სახით მიაწერა: Не ходите 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^