Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზღვართან - ანუ გადამრჩენელთან ახლოს…

03 ოქტომბერი 2018

განმანათლებლობის” ეპოქამ და ასევე მისმა ნაშიერმა, შემდგომმა ფილოსოფიურმა განხორციელებებმა, დაახშვეს და პრაქტიკულად თითქმის  მიასიკვდილეს ადამიანში ლიბიდო. ამ დროებაში -  საზოგადოებრივ/კულტურული ქცევის კანონ-წესმა, სოციალური საზრისის მოძრაობის ზუსტმა ტრაექტორიებმა და მკაცრმა ვექტორებმა, ადამიანს - „ჭეშმარიტების გამტარი” მანქანის ზუსტი და მკაცრდამჯერი როლი დააკისრეს. ადამიანის ლიბიდოგამოცლილ გონებას ჭანჭიკივით უნდა ემუშავა, თავისუფალი შემოქმედება/იმპროვიზაციის მიღმა, მანქანური გონის წარმოსახვითი სრულფასოვნების სივრცეში, რომელიც, როგორც წარმოედგინათ რუდუნებით წინ მიიწევდა კაცობრიობის აღზევებისკენ თავისუფლების მიზნის გზაზე! ასეთ ზუსტ და რაციონალურად  გარკვეულ მიზანს, რასაკვირველია, მისთვის შესაბამისი ტოტალიტარულ-დისციპლინარული ზომებიც თან სდევდა: კატეგორიული მითითებების, დასჯის, სიმკაცრის, ვალდებულების; ოჯახში, სკოლაში, ინსტიტუციებში, საჯარო სამსახურში - ყველგან, სადაც კი რაიმე კომუნალობას ჰქონდა ადგილი. მოკლედ ადამიანი, როგორც ამ „დიადი მოძრაობის” სეგმენტი, ამ იდეის მონად იქცა, ისე, რომ გაიჩითა პარადოქსი: მონის განთავისუფლება სწორედ მონურ მორჩილებას ითხოვდა! 

სულიერ-დისციპლინურმა მოთხოვნამ კაპიტალიზმი ფეხზე დააყენა, კაპიტალიზმმა მევახშეობის მეშვეობით მეცნიერება დააყენა ფეხზე, მეცნიერებამ კი შეცნობის ახალი გზები და ტერიტორიები აღმოაჩინა და სამყაროს სიმყარეს წყალი შეუყენა! - ისე რომ, ამაღლებული სულიერი ამოცანების დევნის გვერდით ეფექტად, უეცრად ნამდვილმა, სამომავლო მიზანმაც გამოანათა! მაგრამ თავად ადამიანი კი, სწორედ რომ სულიერად დაუძლურდა. მახინჯი მორალური წნეხის გამო ლიბიდოს ასეთმა დაკნინებამ, გადაავსო ადამიანის არაცნობიერი გამოდევნილი ვნებებით, მისი ქმედითი მოდელები კი მათი სუბლიმაციებით. მოკლედ, ადამიანი საკუთარი ფსიქიკის გაუგებრობების აბლაბუდაში მონურად გაეხვა და სრულიად დაკარგა შეხება ონტოლოგიურ სიცხადეებთან. ასე რომ, “განმანათლებლობის” მზის ჩასვლის პერიოდს კაცობრიობა ქალთა ნევროზების წარმოუდგენელი რაოდენობით და  კაცთა ობზეზიურობის სინდრომებით შეხვდა და  ფროიდის ფსიქო-ჰიგიენური მოძღვრება რომ არა, ადამიანი საკუთარი თავის მიერ შექმნილ ქიმერებში დაიძირებოდა (რაც საქართველოში ხდება დღეს!). მაგრამ ბუნება თავისას შვება და არა და არ უთმობს “კულტურის გამოგონილ/ხელოვნურ იდეალიზმებს”. ასეთ გაბრძოლებას კი კულტურის წინააღმდეგ (სავარაუდოდ)  კაცობრიობის ბედისწერაც უწყობს ხელს!

გერმანული ნაციზმის წარმოშობის საფუძველს ვილჰელმ რაიჰი სწორედ ლიბიდოს დათრგუნვის ფაქტში ხედავს. ომის მიერ გამოთავისუფლებული დათრგუნული ენერგია და გამოწმენდილი ფსიქიკა კი 60-იანების ლიბიდოზე დაყრდნობილი ეროსის აღზევებით დამთავრდა. 60-იანების სუსტი, სოციალურ/პოლიტიკური თეორიების და პრეტენზიების უკან, რომლებიც პრინციპში ფასადზე ფარდას წარმოადგენდნენ, მთავარი ხდებოდა ის, რომ - ადამიანმა ლიბიდოს აღზევების ხარჯზე კვლავ დაინახა წმინდა  ტერიტორია: ონტოლოგიური სივრცე და ღრმად და ალბათ უკანმოუბრუნებლად მოიხიბლა! ახალი მოძრაობა კაცობრიობის ისტორიაში, საკუთარი თავის განახლებისა და კულტურის დანატოვარი შლაკების გაწმენდაში “მესამე სივრცისა” და ფსიქოანალიტიკური ტერიტორიის უსერიოზულესმა პრაქტიკამ შემოიტანა, რომელიც საზოგადოებაში კულტურის დამთრგუნავი ზემოქმედების  ალტერნატივად დამკვიდრდა და რომელსაც დასავლეთი თავისი სიბრძნის გამო ძალიან უფრთხილდება და უმთავრეს სასიცოცხლო ძალად აღიქვამს.

ონტოლოგიურის (ანუ ფენომენალური სამყაროს დინებად მოდუსთან) ლიბიდურ/ეროტიკულ პრაქტიკაში შედის: სექსი, ფიზიკურ/სულიერი სიშიშვლისკენ სწრაფვა, ტოქსინების მოხმარება, მუსიკა/პოეზია (არაკულტურული ტერიტორიიდან ამოზრდილი), გახეული დისკურსი (არათანმიმდევრული და ლოგოსს ნაღალატევი), ქცევითი მოდელები (არარეგულირებულ/სპონტანური) და ა.შ. და ა.შ.

ჩამოთვლილთაგან არცერთი, რაც სიამოვნებასთან ასოცირდება, ლიბიდურ/ეროტიულ პრაქტიკაში სინამდვილეში სიამოვნებას მიზნად არ ისახავს - არამედ ტრანსგრესიის, თვითშეცნობის, ან თვითგანწმენდის მიზნისკენ მოძრაობს. (ამის შესახებ ინტელექტუალურად ქალწულ საქართველოში ჯერ არავინ არაფერი იცის! ჩვენში ხომ მხოლოდ დღეს იწყება ადამიანის თითისმქნეველი კულტურისგან გამოთავისუფლების პირველი უსუსური მოძრაობები.  

დღეს საქართველოში უამრავი ადამიანი (განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები), ამაყობენ ნარკოტიკებით სიკვდილთან სიახლოვის გამოცდილებით. მე პირადად მისაუბრია ბევრთან! პატრიარქატს, რისკი და სიკვდილთან ახლოს ყოფნის გამოცდილება (უმნიშვნელოვანესი სულიერი განვითარებისთვის) ქალისთვის დაბლოკილი ჰქონდა - ინკუბატორს (ასე აღიქვამს ქალს პატრიარქატი) ხომ გაფრთხილება სჭირდება! არადა, არაფერი ისე არ ზრდის ადამიანს და არ აკეთებინებს „კვანტურ ნახტომს”, როგორც ზღვრული, სიკვდილის პირას ყოფნის გამოცდილება. ტყუილად არ ამბობდა ჰაიდეგერი „იცხოვრე სახით სიკვდილისკენ”. ასეთი გამომაფხიზლებელ/გამაცოცხლებელი გამოცდილება ადამიანებისთვის, წესით, უნდა ყოფილიყო ომი, ან სიცოცხლისთვის საფრთხის მქონე კონფლიქტები. მაგრამ, ასეთი მოვლენები ადამიანისთვის იმდენად დაიტვირთა სოციალური შინაარსებით (მედიის უწყვეტი ინტერპრტაციების გამო), რომ მათი ონტოლოგიური ეფექტი დღეს პრაქტიკულად დაიკარგა. ანუ, ადამიანის მყარად კონდიცირებულ ცნობიერებას ონტოლოგიურის ასეთი სტრესული შემოჭრაც კი ვერ აცბუნებს.

ხსენებული მრავალი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის, მეორე მსოფლიო ომისა და 60-იანების გამოცდილების შემდეგ კაცობრიობის კონდიცირების დონე ბევრად დაბალია, ადამიანის ცნობიერება ბევრად მსუბუქია და ამიტომ სტრესული გამოცდილების შემდეგ ცნობიერება მყისიერად უკან კულტურულ სტრუქტურაში არ ვარდება, ის ინარჩუნებს დროის გარკვეულ პერიოდში თავისუფალ (სტრესულ/უპირობო) მდგომარეობას - აი აქ იზრდება და იცვლის ადამიანი ცნობიერების დონეს, აქ ამ გამოთავისუფლების შეყოვნებულ დროში. 

ზემოთ მოტანილი თეორიული მასალა ზოგადად მხოლოდ მაშინაა ღირებული, როცა ადამიანის ცოცხალი გამოცდილება/განცდები და მისი თვითობის მშენებლობის შინაგანი პრაქტიკა ამას მოწმობს და თვალსაჩინოს ხდის. აი, სწორედ ასეთი თვალსაჩინო მაგალითის მაჩვენებლი წერილი გამომიგზავნა ჩემმა ფეისბუქმეგობარმა, თეონა მღებრიშვილმა, რომლიც ბევრისთვის იქნება ახლობელი და გასაგები, ბევრისთვის დასაფიქრებელ-გასათვალისწინებელი და უმრავლესობისთვის გამაღიზიანებელი, მაგრამ პირველი ბზარი იმ ლოკალურ-კულტურულ კედელში, რომელიც მაღალი თვითშეგნება/კონტროლის გამოცდილებებს მალავს ქართველებისგან.

წერილი:

„რამდენიმე წლის წინათ მიღებული სტრესის გამო ემოციონალურ-ფსიქიკური მდგომარეობა თანდათანობით გამიმძაფრდა და ფიზიკურადაც მანგრევდა, ისე რომ, ამ ობობის ქსელივით გაბმული მახიდან თავის დაღწევის განუწყვეტელ მცდელობებს უზარმაზარი ენერგია მიჰქონდა. რაც შემეძლო, ყველა ღონე ვიხმარე... ყველა ხერხი ვცადე, მაგრამ როგორც კი დამარცხებულად ჩავთვლიდი ამ სენს, მალე კვლავინდებურად იჩენდა თავს და მთელს ჩემს გონებას ისევ ჭაობში ეზიდებოდა. ამას არავის ვახვევდი თავს - გარეგნულად არც კი ვიმჩნევდი, დანაშაულის და საკუთარი თავის სისუსტის განცდა კი გამიმძაფრდა... დანაშაულის განცდა დედის მიმართ, რომელსაც არ ვუზიარებდი მანამ, სანამ ფიზიკური ძალა ისე არ გამომელეოდა, რომ ფეხზე წამოდგომა მიჭირდა; საკუთარი თავის მიმართ კი - რომ ცხოვრება გადის, ვერაფრით ვეწევი მას, ვერ ვაღწევ თავს კოშმარს, რომელიც ხელს მიშლის დავკავდე და გული ჩავდო იმაში, რაც მინდა, ან უბრალოდ მიხაროდეს, რომ ვარსებობ.

ვცდილობდი პრობლემის გაცნობიერებას, მის შესახებ ძალიან ბევრს ვკითხულობდი. შემდეგ ფსიქოლოგს, მოგვიანებით კი ფსიქიატრს მივმართე.  ამ უკანასკნელს მალევე შევეშვი, რადგან ხატებით სავსე ოთახმა და განმკითხავის მზერამ საშინელი დისკომფორტი შემიქმნა. უშედეგობამ საკუთარი თავის არარაობის შეგრძნება გამიჩინა. პერიოდულად ვეღარ ვცნობდი თავს. მხოლოდ ნარჩენები შემორჩა იმ ადამიანისგან, რომელსაც პატივს ვცემდი ან რომლითაც კმაყოფილი ვიყავი. თუ პოზიტიური განცდები დროდადრო კიდე ბრუნდებოდა... ისტერიულად ვცდილობდი მათში ჩაჭიდებას… უშედეგოდ.

ნარკოტიკი შველა არ იყო. მაგრამ ორი წლის წინ მომხდარმა კი უდიდესი გამოცდილება შემძინა მოულოდნელად.

მოსაწევმა ერთი ჩასუნთქვის შემდეგ გამთიშა. სანამ ბოლომდე გონებას დავკარგავდი, ირგვლივ მყოფებს დაჟინებით ვთხოვდი, რომ ემეორებინათ ჩემი სახელი, გვარი - იდენტობა სადღაც უჩინარდებოდა… ვგრძნობდი, რომ იქ, რაშიც მე მიწევდა ჩაძირვა, ვინაობა არ არსებობდა. რაღაც, ეტყობა  ჩემთვის უმთავრესი ტოვებდა ჩემს სხეულს. რაღაც იმის მაგვარი, აი ძველად, ტელევიზორს რომ გამორთავდი და ეკრანზე რაღაც განათება ჩნდებოდა და მერე კი… უკუნითი სიბნელე. ბოლოს ჩავიძირე - დავკარგე ყველაფრის აღქმა და რაღაც კოსმოსურ სივრცეში გაჭედილ აზრად ვიქეცი, რომელსაც თან დაჰყვებოდა კ ო შ მ ა რ უ ლ ი  მარადიულობის განცდა. მე ვიყავი აზრი - ერთ სივრცეში გამომწყვდეული. არავინ, არაფერი, არსად - მხოლოდ მარადიული თვითობაა არაფერში დატუსაღებული სამუდამოდ…

აი სწორედ ამ მკვდარმა მარადისობამ გამწმინდა და მოახდინა ჩემში კათარზისი. მის წინაშე ყველა პრობლემა ჭიანჭველების გოდებაა და ეს, ზეადამიანურის სიდიადე გამაგრებს და გხდის ა დ ა მ ი ა ნ ს. გაშორებს საკუთარი ცხოვრების მცირე არსებობის ნავსაყუდელს, გაყავხარ ზღვაში.

მიღებული გამოცდილების გააზრებამ რამდენიმე თემა გამიაქტიურა, რომელთა შორისაც რწმენას განსაკუთრებული ადგილი აღმოაჩნდა. განმიმტკიცდა შეხედულება, რომ ჩემთვის რწმენა არ გულისხმობს თვალდახუჭულ სიარულს „სულიერ მამებთან“ (რომლებშიც აგრესია უფრო დუღს, ვიდრე სიკეთე. ისინი გადარჩენის სახელით ჩვენს დეგრადირებას ახდენენ.)

რწმენის გარეშე სრულფასოვანი არსებობა ალბათ შეუძლებელია. რწმენა იმისა, რომ სამყაროში არსებობს გონიერება, რომელსაც უნდა მოუსმინო. მას შეიძლება უწოდო მამა ღმერთი, ბუდა, მოცარტი თუ ნებისმიერი სხვა შთაგონების წყარო. რომელიც უკეთესს გხდის, მეტად ჰუმანურს, ღმერთის სიწრფელესთან მიახლოვებულს საღი და ჯანმრთელი გონებით. მთავარია, იპოვო ამგვარი მასწავლებელი შენში ან გარეთ. შესაძლოა, შენ გვერდით მყოფმა ადამიანმა ან მხოლოდ შემხვედრმა ეს ყველაფერი გააღვიძოს შენში, თუ ფაქიზად უგდებ ყურს და უთვალთვალებ ამ მიზნით სამყაროს. სწორედ ამგვარ შინაგან ხმას უნდა მიჰყვე, უნდა მოუსმინო იმას, ვინც ამ ხმას გაპოვნინებს. 

ამ გამოცდილების უსასრულოდ დიდმა მოცულობამ მომცა საშუალება, ჩავწვდომოდი ჩემი ფსიქიკის ყველაზე ბნელ კუნჭულებს; ვიპოვე და თვალი გავუსწორე  ყველა სირთულეს. საკუთარ თავთან გავიარე  და ვეძიე მიზეზები; გვერდიდან შევხედე ყველაფერს. ვაღიარე რაღაცები და… დედა ვუტირე!

როცა გრძელვადიანი კოშმარი დასრულდა, მეგონა, რომ სხეულიდან რაღაც გაუბედურებული, დაჭმუჭნული, ბინძურებული უმძიმესი ტვირთი ჩამოვიხსენი... თითქოს კანი გამოვიცვალე, ისევ დავბრუნდი ჩემს სხეულში.

სხეულსა და გონებას ახლა განიავება, დასვენება სჭირდებოდა და ისევ დავუბრუნდი ზღვას.

რამდენიმე დღის წინ ზღვის ნაპირას ვიდექი მაგნიტურ ქვიშაზე. შიშველ ფეხებს ქვიშაში ვფლობდი და ვგრძნობდი ენერგიას, რომელსაც ჩემკენ ვექაჩებოდი; ენერგიას  წყლის, ზღვის, მიწის... ალბათ ასე იწყებს ახალშობილიც აღქმას. დავიბრუნე სამყარო ისეთი, როგორიც ოდესღაც მქონდა. ალბათ, ეს 5-წლიანი ტკივილისა და ბრძოლის პერიოდი რომ არ ყოფილიყო, ვერ აღმოვაჩენდი ჩემში არსებულ ბედნიერებას. ვერ გარდავქმნიდი მეტასტაზს კრისტალურ, სუფთა წარმონაქმნად. ასე ვიპოვე კვლავ საკუთარი თავი.

ჯიმ კერის ფილმია. მთავარი პერსონაჟის ირგვლივ ყველაფერი დადგმულია და ბოლოს ხვდება და არღვევს ამ კედელს. იპოვის კარს და გაძვრება “მარაზმიდან”, სადაც სხვების მიერ მოწყობილი და  მოგონილი თამაშის წესებით იტანჯებოდა. აი, სწორედ ამგვარი კედელი დავანგრიე და აღმოვჩნდი ზღვაში - სივრცე, უსასრულო შეცნობისა და ტკბობის ღირსი.

არავისთვის არაფრის მტკიცება! როგორც მას(!) ან მათ მოეწონებათ. ლანგრით თავის მირთმევა ვინმესთვის, ან საზოგადოებისთვის... - მხოლოდ შენს კანში დარჩენა, კითხვების დასმა, უსასრულო შეცნობა... ამას წინათ ჩავრთე ბეთჰოვენის შილენცე, ეკრანზე მონა ლიზა მოვაახლოვე და ასე განვმარტოვდით მე და ეს ქალბატონი... სააბაზანოდან დაბრუნებულ მეგობარს ვუთხარი, თუ რამდენი რამის გონზე არ ვართ, რამდენი რამ არსებობს და იმალება რაღაცის მიღმა... და ჩვენ ჯერ მხოლოდ ნაპირას ვდგავართ, გვავიწყდება ზოგჯერ ყველაფერი და რუტინის მკვდარ სხეულს ვათრევთ ზურგზე... ჰორიზონტს მიღმა კი სულ სხვა სამყაროა. მე ეს ყველაფერი განცდაში მოვიყვანე.

ასეთი კათარზისის შემდეგ თავიდან იწყებ სამყაროს შეცნობას; სვამ კითხვებს. აი, ისეთი მდგომარეობაა, ბავშვი რომ ფეხს იდგამს, პირველად რომ იწყებს სამყაროს აღქმას. პეპელას ვაკვირდებოდი, ძალიან დიდხანს. ვიგრძენი მისი აფრენა - სამყაროს ენერგია და მოუთოკავი სურვილი - წყურვილი, რომ შეერწყა მას, ნაზ და ჰაეროვან ფარფატა სივრცეში.

მენტალურ ვაკუუმში მყოფი ადამიანების რიცხვი კლებულობს ჩემ ირგვლივ, ყველაფრით ტკბობის ვნებაში.... და უბრალოდ მიხარია, მიხარია, რომ ვარსებობ“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^