Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბა ის სჯობდა?!

12 ოქტომბერი 2018

დადგა ისევ ის უმნიშვნელო დღე, როცა იურა უნდა მენახა. შვედეთში გაცნობილი რუსი მეგობარი. მე ჩრდილოეთით წამსვლელი არ ვარ, ის კი ჩვენს დალოცვილ მიწაზე არ ჩამოდის. (თავად ასე ამბობს, დალოცვილიაო). ამიტომ, როგორც წესი, გარყვნილ დასავლეთში ვიკვეთებით, მაგრამ ამჯერად ისე მოხდა, რომ დემონურ ამერიკაში გვიწევდა შეხვედრა.

გულუბრყვილოს მეგონა, რომ იურა აუცილებლად დადგამდა ფეხს სამომავლოდ აპოკალიფსის მხედრების საბოგინო მიწაზე, მაგრამ შენც არ მომიკვდე! ამერიკოფობია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჩრდილოელმა დარჩენა ამჯობინა.

ტრადიციული მეზობლური დატოლება არა ლუდის, არამედ კლავიატურის ტყაპა-ტყუპის ფონზე წარიმართა. ყველაზე საინტერესო მონაკვეთზე გავამახვილებ ყურადღებას: იცით, რას ამბობს ჩრდილოეთში პუტინისტი, რომელსაც აქა-იქ მაინც ესმის ყოვლად უპირველესის ლანძღვა-გინება? ბევრს არაფერს ამბობს, უბრალოდ მიამიტურ, რიტორიკულ კითხვას სვამს - აბა ელცინი სჯობდა? მერე იწყებენ ძალიან მძიმე 90-იანების გახსენებას და მიდიან დასკვნამდე, რომ - არა, არ სჯობდა! კრიმინალი საგრძნობლად აღიკვეთა, მერე რა, რომ მთავარ კრიმინალად დუმის წევრები იქცნენ?! სამაგიეროდ, გარეთ მშვიდად მიმოდიხარ, ისე გძარცვავენ, შეურაცხყოფას არ გაყენებენ. ეკონომიკურად გიგანტური ნაბიჯებით წაიწიეს წინ, მერე რა, რომ ყველაზე მდიდარი კაცი ქვეყნის პირველი პირია?! მოსახლეობის ნაწილს გაუმართლა და „ახალ რუსებში“ გაერია. აბა ლოთი ელცინი და ბანდიტური რუსეთი სჯობდა? არა, არა, ნწუ! სამი-ოთხი ჟურნალისტი შემოაკვდათ, სულ რაღაც 3-4. მეტი არა. პროგრესია. ვინც ვერ ხვდება ამ პროგრესის ძალას ან თვლა არ იცის, ან თავს იბრმავებს.

ოჰ, რა მტკივნეული და ნაცნობი სურათია.

რას ამბობდა საშუალო სტატისტიკური ნაცი, რომელმაც აიტანა დარბევები, რეპრესიები, ტოტალური უმუშევრობა, კორუფცია, გაუპატიურება, ომიდან მიწაზე ფორთხვით გაქცევა, თვალებში ნაცრის შეყრა და წაგებულის მოგებულად ზეიმი? ბევრს არც არაფერს ამბობდა, უბრალოდ აგრესიულად სვამდა რიტორიკულ კითხვას - აბა შევარდნაძე სჯობდა?

არ ვიცი, რას ამბობდნენ ბაბუს მხარდამჭერები, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, ალბათ მხედრიონისკენ იშვერდნენ ხელს, იმათ ხომ მაინც ვჯობივართო, არა?

და რას აკეთებს დღევანდელი მმართველობა აგერ უკვე მეექვსე წელია? განსხვავებულს არც არაფერს, ისინიც ხომ ამ საზოგადოების წევრები არიან?! ხალხის, რომელთაც ყველა მტერზე მეტად სძულს აზროვნება.
ყოველთვის ვედრებით ყველაზე ცუდს! ჩვენს უსაყვარლეს პოლიტიკურ სივრცეში დამოუკიდებლობის დღიდან საღი აზრი ძირს გდია და ვისაც გაუსწორდება ყველა ურტყამს, ზოგი გამეტებით, ზოგი მორიდებით, მაგრამ მაინც ყველა ურტყამს. აბა როგორ? როცა დასარტყმელია ყველამ უნდა დაარტყას, უკლებლივ! ასე გვასწავლის 90-იანების ადათ-წესები. საღი აზრი კი ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში მუდმივად მტყუანია, ამიტომ მუდმივად ნაცემი და შეურაცხყოფილია.

ვინმეს ხომ უნდა შევედაროთო, ბრძანა ჩვენმა თმახუჭუჭა თავმჯდომარემ, ენაცვალოს ერი. თან ისე თქვა, ხელიც არ აკანკალებია! აი, ესეც პროგრესია. იჯდე პირდაპირ ეთერში ისე, რომ ხელი არ აგიკანკალდეს და არც ხმა გაგებზაროს - ეს ის უდიდესი პროგრესია, რომელსაც აუცილებლად ჩამოეკიდება საშუალო სტატისტიკური დრიმერი.

თუ ვინმეს უნდა შევედაროთ - ეს არის მხოლოდ მაჩვენებლები, ოღონდ არა ყველაზე ცუდი, არამედ ყველაზე კარგი. ეს იქნება ადამიანის უფლებების სტატისტიკა, ბიზნესის თავისუფლება, შრომითი უფლებები, ურბანული გენოციდი თუ სხვა. ყოველი წლის დასაწყისში მმართველი პარტია უნდა ცდილობდეს გააუმჯობესოს მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს (როგორც ზეპირი გადმოცემით ვიცით) დალოცვილ ქვეყანას ოდესმე ჰქონია. გაუმჯობესება შესაძლოა გამოვიდეს, შესაძლოა არა, თუ გამოვა ხომ კარგი, დააღონ პირი და იმეორონ, რომ მარველის სუპერგმირები არიან, მე პირადად ტაშს დავუკრავ. თუ არ გამოვა, უნდა მოხდეს დეტალური ანალიზი იმისა, თუ რატომ არ გამოვიდა, რატომ ვერ გავუმჯობესდით, რატომ ვერ წავედით წინ? და ასე მანამდე, სანამ მცირე, მაგრამ მაინც უმნიშვნელო ბაჯბაჯით არ მოვცილდებით ჭაობს.

მაგრამ! როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩვენთან სხვა წესებია - უნდა შეედარო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე უარესს, იმისათვის, რომ არასდროს იყო მტყუანი. მერე რა, რომ ქვეყანა დამუხრუჭებულია?! 

და რა ქნას ხალხმა, რომელიც არჩევანს მუდმივად აკეთებს ცუდსა და უარესს შორის? ამავე დროს გამოირჩევა საერთოდ უადგილო მოთმინების უნარით და იქამდე უთმენს მმართველ ძლიერ ხელს, სანამ ეს ხელი ჩუკენობას არ დაიწყებს.

ვერც ვერაფერს ვიზამთ, ჩვენ მოკვდავებს ძირეული ცვლილებების განხორციელება არ ძალგვიძს. მხოლოდ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, რაზეც დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა ჩვენი წინაპარი ფიქრობდა. იმიტომ, რომ ასევე ზუსტად ვიცი, ეს ფიქრი უბრალოდ სისხლში გვაქვს - „მე, რომ ვიყო პირველი პირი, აი ამას ასე გავაკეთებდი და იმას ისე“. იქნებოდა ყველაფერი გადასარევად! არა? როგორ არა.. იქნებოდა.

მაგრამ ის ვართ, რაც ვართ, ამიტომ ძალიან ძალიან რთული არჩევნის გაკეთება მოგვიწევს, იმიტომ, რომ ერთი შეხედვით ყველა უარესია და ნაკლებად ცუდი უბრალოდ არსად ჩანს.

დასასრულ, იურას მივწერე ომი თქვენ დაიწყეთ-მეთქი. მეგონა ვაწყენინებდი, წაქცეული, მიბულინგებული ბავშვის მოქნეულ ხელს ჰგავდა ჩემი სიტყვები.

რა თქმა უნდა, ომის გარეშე არ შეგვიძლიაო - ასე მიპასუხა. დიდი სევდა ვერ შევატყვე. ჩვენს მხარდასაჭერ აქციაზე, რომ ხელკეტი მოხვდა თავში, იმის მერე ვემეგობრები, მაგრამ ამ სისხლში გამჯდარი იმპერიალიზმის გამო ქართულ დალოცვილ სიტყვებსაც შევაპარებ ხოლმე - ტყ..  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^