Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ მოგვპარეს პოლიტიკა

13 ნოემბერი 2018

ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ გაანადგურა პოლიტიკის იდეა. მან არჩევანი პოლიტიკის იმგვარ გაგებაზე გააკეთა, რომელიც მთავარ მიზნად ძალაუფლების მოხვეჭასა და მისით ტკბობას ისახავს.

სინამდვილეში, პოლიტიკური ერთობის საბოლოო ამოცანა სამართლიანი საზოგადოების შემქნაა. ქართულმა პოლიტიკამ კი სამართლიანობა ინსტრუმენტად გამოაცხადა, იმად, რაც მის პირად კეთილდღეობას უნდა ემსახუროს. თან ისე, რომ ამ გამოცხადებით იმგვარ უღირს ინსტრუმენტებს გაუთანაბრა, როგორიცაა: კომპრომატებით ბრძოლა, შანტაჟი, ღალატი, ზეგავლენით ვაჭრობა, კორუფცია და ანტიპოლიტიკის სხვა ენდემური მეთოდები. ამით მან არა მარტო პოლიტიკა აქცია ბინძურ საქმედ, არამედ პოლიტიკის მთავარ მიზანს - სამართლიანობას - გამოაცალა შინაარსი.

ამ ვითარებაში ნებისმიერი ჯგუფისგან სამართლიანობის მისაღწევად გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პოლიტიკური ელიტების ბრძოლის საერთო სურათში ეწერება და ავტონომიურ მნიშვნელობას კარგავს. ქართული პოლიტიკა წარმოგვიდგება უშინაარსო ფანტომებით მოფენილ ბრძოლის ველად, რომელსაც რეალობასთან არავითარი შეხება არ აქვს და საზოგადოების პრობლემების არეკვლა არ შეუძლია. ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია ამ ბრძოლის კონტექსტში იკითხება. ნებისმიერი პროტესტი ინტერპრეტირდება, როგორც ერთის, მეორის, მესამის და ა.შ. წისქვილზე წყლის დასხმა. ეს მაშინ, როცა სინამდვილეში არავითარი პოლიტიკურ ძალთა სიმრავლე არ არსებობს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს საკუთარი ინტერესების დამცველი ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფებია, რომლებიც არავის წარმოადგენენ საკუთარი გაუმაძღარი მადის გარდა.

ამგვარ ვითარებაში პოლიტიკა, როგორც სამართლიანობის მიღწევის მექანიზმი აღარ არსებობს. ნადგურდება პოლიტიკა, როგორც საერთოზე ზრუნვისა და მოქალაქეთა მიერ ურთიერთმხარდაჭერის იდეა. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ერთსა და იმავეს - როგორ ცდილობენ ეგოისტურ პრინციპებზე მოწყობილი პოლიტიკური ელიტები ნებისმიერი ორგანული პოლიტიკური აქტის გადაფორმებას. ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია ორმაგი ტრაგედიაა. ამ ტრაგედიის ერთი ნაწილი ვერნაპოვნი სამართალია, ხოლო მეორე - მისით სპეკულირება. მათ შორის კი ბევრი სხვა შრეა მოქცეული, არანაკლებ მტკივნეული და შემზარავი. ეს გზა ამ ორ ტრაგედიას შორის, მხოლოდ ამ ორი კაცის გზაა. ქართულ პოლიტიკაში არ აღმოჩნდა ძალა, რომელიც ამ გზას მათთან ერთად გაივლიდა. ამ შემთხვევამ ქართულ პოლიტიკას ფარდა გადაუწია.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა დადგეს ტრაგედია, სადაც მამებს შვილების სიკვდილს უსასრულოდ აყურებინებენ. ეს ხალხი ვერასოდეს გამოვა ამ პროცესიდან, რადგან ვერ პოულობენ სამართალს. მათი სამართალი ხელისუფლებამ ურმიდან გადმოსვა და რაღაც უფორმო, საზღვრებმორღვეულ, შემზარავ სანახაობად აქცია. დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა კი ადამიანურ ტრაგედიას დაუწყეს ფლეთა. მათთვის ეს ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებაა, რომელსაც იმ წამს დაივიწყებენ, რა წამსაც მიზანს მიაღწევენ. ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმალ იმავეს გაიმეორებენ და ასე დაუსრულებლად.

ამ მანკიერი წრის დატოვების ერთადერთი შესაძლებლობა მისი გარღვევაა. გარღვევის აქტმა პოლიტიკაში ხალხი უნდა დააბრუნოს და ხალხს უნდა დაუბრუნოს ის, რაც მათ პოლიტიკურმა ელიტამ წაართვა. ეს ნიშნავს თანაგანცდასა და თანასწორობაზე დამყარებული დემოკრატიული პოლიტიკის სასარგებლო არჩევანს. არჩევანს, რომელიც ამ ელიტებთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე, მათზე იმედის დამყარების ნებისმიერ აზრზე გადაჭრით იტყვის უარს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^