Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZ[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი გასეირნება ფრანკფურტში

13 ნოემბერი 2018

რთული სათქმელია, ისტორია რას იტყვის, მაგრამ ფაქტია - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თანამედროვე ქართული მწერლობის, დრამატურგიის, კრიტიკის, ქართული კულტურის დიდი გასეირნება შედგა! ჩვენი ისტორიული სამშობლო, ევროპა კი დიდი სიყვარულით, აღფრთოვანებით, ოსანათი შეგვხვდა.

ჩვენმა პავილიონმა, ქართულმა დელეგაციამ, ქართულმა კულტურამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს გერმანელ მასპინძელზე, რომ ეს დიდი გასეირნება მომაკვდინებლად ჩაითვალა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მომავალი სტუმრისთვის -  ნორვეგიისთვის, რომელსაც ნამდვილად გაუჭირდება საქართველოს მსგავსი ფურორის მოხდენა.

სულ თავიდან, გახსნით დავიწყოთ... ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ადრეც ვყოფილვარ, როცა სტუმარი ჩინეთი იყო, რომელმაც უდიდესი რესურსისა და აქტივობების მიუხედავად, გახსნაზე დარბაზის შევსებაც კი ვერ შეძლო. ქართველებმა არათუ დარბაზი გავავსეთ, ადამიანები ფეხზეც კი იდგნენ.

ამ გახსნაზე ბევრი რამ იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის ქალბატონ ფედერიკა მოგერინის გამოსვლა, როდესაც განაცხადა -  გაგიკვირდებათ აქ რომ ვარ, მაგრამ როცა საქართველოსა და კულტურაზეა საუბარი, ჩემი ადგილი აქ არისო. მისი სიტყვები მრავლისმთქმელი და მიმანიშნებელი იყო.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე არაერთი გამომსვლელი იყო, მთავარ გამოსვლად მაინც მწერლის სიტყვა იქცა. აკამ იმით დაიწყო, რომ:

„არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ მეცნიერების მოწადინებით ცხოვრობენ უნივერსიტეტებში. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია. განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა:

ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს - „რაღაცა“. მას ვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტო „რაღაც“ არ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს“.

ამ ბრწყინვალე გამოსვლით, მრავლისგამგონე გერმანელ მსმენელს ქართველმა მწერალმა უთხრა, რომ ქართველებს აქ უბრალოდ მწერლობა კი არ მოგვაქვს, არამედ მოგვაქვს მწერლობა, რომელიც ადასტურებს, რომ არა მარტო ჩვენი კულტურაა ცოცხალი, არამედ ჩვენი ხალხია ცოცხალი, ეს მწერლობის დამსახურებაა და თანამედროვე მწერლობაც ჩვენი ხალხის სიცოცხლის ნიშანია.

აკა მორჩილაძის სიტყვაში ბევრი რამ იყო მნიშვნელოვანი, რაც შესანიშნავი თარგმანით მოისმინეს უცხოელებმა. ეფექტი გამაოგნებელი იყო, დარბაზი ტაშით დაინგრა!

ამის შემდეგ ხალხი ქართული პავილიონის სანახავად წავიდა, რომლის დიზაინის კონცეფციაც ქართულ ანბანზე იყო მორგებული. თავდაპირველად, პავილიონი საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, როგორც კი ხალხით გაივსო, ეს უზარმაზარი სივრცე საოცარ სანახაობად იქცა. დეკორატიული ქართული ასოების საყიდლად რიგები დადგა; ყველა წიგნი აიღეს ხელში, პატარა თუ დიდი სცენები სავსე იყო ადამიანებით; ჩვენ კი, ზღვა ხალხში ჩაკარგული ქართველები, ხან „ლას“-თან ვპოულობდით ერთმანეთს, ხან „ჭარ“-თან ვუნიშნავდით შეხვედრას... ერთი წამით მაინც რომ აღმოჩენილიყავით იმ პატარა სივრცეში, სადაც ფოტოსა თუ ვიდეოზე აღბეჭდილი ქართველი მწერლების სახეები „გამოდიოდა“ კედლიდან  და უხმოდ გესაუბრებოდა, ნამდვილად გაიზიარებდით უცხოელების იმ გულწრფელ ემოციებს, რომლებიც ამ ინსტალაციამ მოხიბლა.

ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი საქართველოთი გადაჭრელდა! მეორე დღეს უკვე იცოდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, თვითონაც გახარებული იყვნენ და ჩვენ ხომ გვიხაროდა და გვიხაროდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თარჯიმნების საოცარი კლასი და მოდერატორები, რომლებმაც გამაოგნეს!

ზოგადად, მოგეხსენებათ, მწერლები თავისებური ხალხია, წერაში არიან მაგრები, საუბრისას ზოგჯერ თავს იკავებენ, ზოგჯერ ზედმეტად მოკრძალებულნი არიან, ან მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ამიტომაც ვერ ლაპარაკობენ. ასეთ ვითარებაში მთავარი როლი მოდერატორს აქვს -  მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია უნდა „ამოიღოს“ მწერლისგან.

გერმანელი მოდერატორები ისეთ კითხვებს სვამდნენ, იმდენად ღრმად შედიოდნენ საგანში და ისეთ შეფასებებს აჟღერებდნენ, რომ ცხადი ხდებოდა, საოცრად მომზადებულები დახვდნენ ქართულ ლიტერატურას.

მაგალითად, ერთ-ერთმა მოდერატორმა, ვიქტორია ცეცემ მოახერხა და ისეთი კითხვები დამისვა, რამაც მაფიქრებინა, რომ „წმინდა წყვდიადი“ იმაზე უკეთ დამიწერია, ვიდრე მეგონა.

ბრწყინვალე მოდერატორები ჰყავდათ ლაშა ბუღაძეს, ზაზა ბურჭულაძეს, გურამ დოჩანაშვილს, ბესიკ ხარანაულს...

ბესიკ ხარანაულის მოდერატორმა ასე წარადგინა პოეტი - ახლა ჩვენ პოეზიის ლეგენდას ვესაუბრებითო. ამაში გასაოცარი არაფერია, ხარანაული მართლაც ლეგენდაა, თუმცა ასეთი წარდგენის შემდეგ პოეტი მეტად გაიხსნა და პოეზიაზე სასაუბროდ განეწყო.

ამ ჩვენი ავტორის ერთი ფრაზა მინდა გაგახსენოთ -  „თვალები შუქს ვეღარ იტევდნენ, თითქოს იქიდან მობეზრებული სინამდვილე მცვიოდა“.

სწორედ ეს მოხდა ფრანკფურტში, ისე წაიკითხეს მისი პოეზია, ისეთი კითხვები დაუსვეს, რომ მისი „თვალები შუქს ვეღარ იტევდნენ“.

პირადად მე, მისი კიდევ ერთი გამონათქვამიც გამახსენდა -  ქვების სროლა არ მჭირდებოდა იმიტომ, რომ მე უკვე ვისროლე ქვები ჩემში, ჩემგან გავუსწორდი მტარვალს -  ერთგვარი დავითისგან გოლიათის ნასროლი შურდული იყო პოეზიაო. დიახ, სწორედ ეს იყო პოეზია, რომელიც მან ისროლა ფრანკფურტში...

ანალოგიური რამ მოხდა დიანა ანფიმიადის, პაატა შამუგიას, ეკა ქევანიშვილის, შოთა იათაშვილის, ზვიად რატიანის, შალვა ბაკურაძის, რატი ამაღლობელის, ლია სტურუას, გიორგი ლობჟანიძის შემოქმედების განხილვის დროსაც. ეს იყო ფოიერვერკი, საოცრება, რადგან პოეზიას უცხოელებთან იოლად მისასვლელი არ აქვს.

თანამედროვე ქართული პოეზია, ეს უზარმაზარი განძი დავუდეთ გერმანელებს. ადამიანები განიცდიდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ისეთი რამ დავმართეთ, ნორვეგიას კი არა, იტალიას გაუჭირდება ფრანკფურტში.

აქვე ერთ საკამათო საკითხსაც მინდა შევეხო: ვიცი, საქართველოში არაერთი ადამიანი ფიქრობდა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი სიძველით, პოლიფონიური სიმღერით, ცეკვით, რაც მთავარია, ძველი, ძველი ამბებით უნდა წარვმდგარიყავით, რადგან ჩვენი ძალა, პოტენციალი და საერთოდ ყველაფერი, სწორედ წარსულშია.

არავინ დავობს იმაზე, რომ დღეს რუსთაველი არ გვყავს, ან მასზე მეტს ვერაფერს შევქმნით, მაგრამ კონცეფცია, რომ ფრანკფურტში რუსთაველი ვერ გვიშველიდა, აბსოლუტურად სწორი იყო! ჩვენ უნდა წარვმდგარიყავით, როგორც ნაცია, რომელიც დღესაც ცოცხალია, რომელსაც დღეს აქვს კულტურა, მწერლობა და ეს მწერლობა ევროპული მწერლობაა.

დღეს ევროპაზე რომ წერ, სწორედ ამით დააჯერებ ევროპელს, რომ მისთვის ნაცნობი ხარ!

მაგალითად, დავით გაბუნიას „დაშლამ“ დიდი ბუმი გამოიწვია და გერმანიაში ბრწყინვალედ იყიდება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თავად გამომცემლობამ რამდენად კარგი რეცენზია და ანოტაცია მიუძღვნა, საუბარი მაქვს იმაზე, თუ რა ბრწყინვალე რეცენზიები დაიწერა ამ რომანის შესახებ გერმანულ პრესაში. 10-ზე მეტი პირადად მე წავიკითხე. ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო რომანი - ასე შეაფასეს გერმანელებმა „დაშლა“.

ზაზა ბურჭულაძეზე საუბრისას ნახსენები იყო, არც მეტი, არც ნაკლები -  თომას მანი! ზაზა ბურჭულაძე კინაღამ დაიბნა, როცა თომას მანი ახსენეს. ასეთი კითხვაც დაისვა -  როდესაც თომას მანი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, თქვა, რომ გერმანული კულტურა იქ არის, სადაც მე ვარო. თქვენ რას იტყვითო? ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს მწერლისთვის, საქართველოსთვის, როცა გერმანელი გადარებს თომას მანს?!

ერთხელ თქვეს, ზაზა ბურჭულაძე ერთი კაცისთვის წერსო. იმ „ერთ კაცში“ მე ვიგულისხმებოდი და მეამაყება კიდეც.; ბედნიერი ვარ, რომ ზაზასთან ერთად მკითხველთან წიგნის მაღაზიაშიც მქონდა შეხვედრა.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსს, გურამ დოჩანაშვილს ისეთი შეხვედრა მოუწყვეს, იფიქრებდი მთელი გერმანია „სამოსელ პირველზეა“ გაზრდილიო.  

მშვენიერი იყო რატი ამაღლობელის გამოსვლა, როცა გოგი ძოძუაშვილთან ერთად, პოეზიას ელექტრონული მუსიკის თანხლებით კითხულობდა. ამაზე გერმანელების რეაქცია და კომენტარები იყო გასაოცარი -  უბრალო კაცი არ გეგონოთ, გოეთეს, ნიცშეს, რილკეს, ტექსტები ქართულად აქვს თარგმნილიო.

სრულიად აღფრთოვანდნენ ზვიად რატიანის პოეზიით, ჩაიხუტეს, მოეფერნენ და გაოგნდნენ, როცა გაიგეს, რომ ასეთ კაცს საქართველოში სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდა. გერმანელებმა ზვიადი დაინახეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლაშა ბუღაძის გამოსვლა პრემია „საბას“ დაჯილდოებაზე, როცა თქვა, ორი სიტყვა მინდა გითხრა ზვიად რატიანზე, პოეტზე, რომელიც საქართველოში დაიჩაგრაო. დარბაზი ტაშით დაინგრა! როცა ასეთ სწორ პოზიციას ევროპაში, სწორ ადგილას აჟღერებ, ე.ი. სწორი წიგნებიც გაქვს დაწერილი და სწორი კაციც ხარ.

ვერც კი წარმომედგინა, მაგრამ ფაქტია, ქართული მწერლობა, დღევანდელიც და გუშინდელიც საოცრად ღრმად აღმოჩნდა გერმანელების გულში!

კიდევ ერთ მაგალითს მოვიტანთ: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალზე“ საუბრისას, გერმანელ მოდერატორს ვუთხარი, დავით კლდიაშვილის მამაც ბეკინა სამანიშვილივით მოიქცა, 70 წლის ასაკში, ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ღოღობერიძის ქალი შეირთო-მეთქი. მოდერატორი შეშფოთდა რამე შეცდომა არ დამეშვა და სასწრაფოდ მიმითითა -  მაგ შემთხვევას რომანზე გავლენა არ მოუხდენია, მაგ დროს დავით კლდიაშვილს „სამანიშვილის დედინაცვალი“ უკვე დაწერილი ჰქონდაო!

რომანზე არა, მაგრამ მამამისზე კი იქონია გავლენა-მეთქი ვუპასუხე და გულწრფელად შემშურდა მისი პროფესიონალიზმის, წარმოიდგინეთ რა ღრმად ერკვეოდა ამ თემაში!

დასასრულ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ჩვენი მხრიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა -  ეს ახალგაზრდა გოგონები ნამდვილი ათასოსნები არიან! მათ შეძლეს ის, რაც უფროსი თაობის ხალხს ვერც კი წარმოგვედგინა და ალბათ ვერც ვერასდროს შევძლებდით, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამხელა ენერგიის, ენთუზიაზმისა და მასთან შერწყმული კეთილგანწყობის, სითბოს, სიყვარულის მობილიზება!

საერთო ჯამში, ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ - საქართველო საოცრად წარსდგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტით, რომლის კონცეფციაც ითვალისწინებდა, რომ ჩვენ ვართ პირველი ევროპელების სამშობლო, მრავალეთნიკური კავკასია, კულტურის გამტარი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ანტიკური სამყაროს განუყოფელი ნაწილი, შავი ზღვის აუზის უძველესი ცივილიზაცია; ასევე, ამაყად დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს საკუთარი ენა, დამწერლობა, ლიტერატურა, იდენტობა, ვართ შემოქმედებითი, აკადემიური თავისუფლების პლატფორმა და უბრალოდ ქვეყანა, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 300 ათასი სტუმარი გააოცა! 

სასიხარულოა, რომ მოვახერხეთ და გავაქარწყლეთ ის ცუდი წარმოდგენებიც, რაც, რიგი მიზეზების გამო, გერმანული საზოგადოების ნაწილს საქართველოზე ჰქონდა შექმნილი. ამ არასწორ წარმოდგენებს თავად გერმანელებმა გასცეს პასუხი! უბედნიერესი ვიყავი, როდესაც გავიგონე სიტყვები -  რა კარგია, რომ ამ კულტურას, ამ ხალხს ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა აქვსო.

დიახ, ჩვენ ვისარგებლეთ ვიზალიბერალიზაციით, წიგნის ბაზრობით, მისი დიდი შესაძლებლობებით და ეს იყო საქართველოს, ქართული მწერლობის, ჩვენი კულტურის დიდი გასეირნება ფრანკფურტში, ევროპაში, ისტორიულ სამშობლოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 დეკემბერი
13 დეკემბერი

„მოგხვდებათ ცხვირში“ - ვის ემუქრება ხელი ...

დასრულდა ავადსახსენებელი საპრეზიდენტო არჩვენები. ვიფიქრეთ, ახლა მაინც შერბილდებოდა ეს აუტანელი დაპირისპირება ხელისუფლებ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე

რაც დღეს  ხდება, „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. აი რატომ: - ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო- ...
10 დეკემბერი
10 დეკემბერი

სამოქალაქო აქტივიზმი - „მოდით, დავიწყოთ ...

არა ღმერთს ან ბაზრის „უჩინარ ხელს“, არამედ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ! სამოქალაქო აქტივიზმის როლი, ...

მეტი

^