Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოქალაქო აქტივიზმი - „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“

10 დეკემბერი 2018

არა ღმერთს ან ბაზრის „უჩინარ ხელს“,

არამედ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ!

სამოქალაქო აქტივიზმის როლი, დემოკრატიულ პროცესებში მისი ჩართულობა და შედეგები რომ შევაფასოთ, ალბათ პირველ რიგში საჭიროა განვიხილოთ თვითონ დემოკრატიის ის რეფლექსია, რომელსაც კაპიტალისტურ სისტემაში, ნეოლიბერალური ეკონომიკის პირობებში მოწყობილ სახელმწიფოებში ვხვდებით. ჩვენს შემთხვევაში უპრიანი იქნება თუ საქართველოს მაგალითზე ვიმსჯელებთ.

სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ჯგუფები ბოლომდე არასოდეს არ იზიარებენ იმათ მოთხოვნებს, ვინც ამ გზით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე და მასში რაღაც შეცვალოს.

მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ზოგჯერ სისტემა ემიჯნება ამ მოთხოვნებს იმდენად, რამდენადაც ცდილობს ის აქციოს საკუთარ „კეთილ ნებად“ და დაფიქსირდეს, როგორც არა მოწინააღმდეგე იმისა, რასაც სინამდვილეში არ უშვებს, არამედ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი. და საკუთარი „კეთილი ნება“ თარგმნოს, როგორც მის მიერ გადადგმული „პროგრესული ნაბიჯი“.

თუმცა, მიუხედავად სამოქალაქო აქტივიზმის პოლიტიკური მნიშვნელობისა, მაინც ჩნდება კითხვა, თუ რამდენად რეალურია ლიბერალურ დემოკრატიაში მისი შედეგები, და ხომ არ არის ეს კიდევ ერთი ილუზია, რომელსაც სისტემა გვთავაზობს? თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ და შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ ვნახავთ, რომ პოლიტიკური სისტემა ახდენს პროტესტისა და სიტყვის თავისუფლების სხვადახვა ფორმების დაშვებას. მაგრამ, მეორე მხრივ, აქცევს რა ამ აქტივობას საკუთარი წესებისა და დაშვებების ჩარჩოებში, ფაქტობრივად მას გარდასახავს საკუთარ ნაწილად. რჩება შეგრძნება, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული ადამიანთა ჯგუფები, ხელს უწყობენ არა პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლასა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, არამედ პირდაპირ სთავაზობენ ძალაუფლებაში მყოფ პირებს, საკუთარ ანგარიშზე დაიწერონ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მათი (აქტივისტების) მოთხოვნების ნიადაგზე შეიძლება განხორციელდეს.

ასეთ შემთხვევაში, სისტემა თითქოს კი არ ემიჯნება მის წინააღმდეგ გაჟღერებულ მოთხოვნებს, არამედ ის ირგებს მოკავშირის როლს, და ფაქტობრივად იძულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო აქტივიზმი არ მოიცავს მოსახლეობის უმრავლესობას და იგი ხშირად პროცენტულად ძალიან მცირე ჯგუფების აქტივობისა და მონდომების შედეგად წარმოიშვება. მმართველი ჯგუფების რეიტინგი კი - დანარჩენი მოსახლეობის თვალში, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაფიქსირებული მკაფიო პოზიცია - იმატებს სწორედ ამ აქტივიზმის ხარჯზე. ისინი, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული „გონივრული ნაბიჯების“ შემდეგ, ცალსახად ემხრობიან მათ (ხელისუფლების) პოზიციას. რის საპირისპიროდაც, იმ ძალების მოთხოვნები, რომლებიც ითხოვდნენ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლასა და ამის პარალელურად ცდილობდნენ დარჩენილიყვნენ აპარტიულები, საზოგადოების თვალში კარგავენ ნდობას, სისტემა კი ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას.

მხედველობაში მაქვს 2018 წლის 12-13 მაისის მოვლენები, რომელიც რამდენიმე „ღამის კლუბში“ პოლიციელების შეჭრის საფუძველზე განვითარდა. რის შემდეგაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „გაბრაზებული ახალგაზრდები“ გამოვიდნენ პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, მანამდე უკვე ბევრჯერ გაჟღერებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით.

ერთი შეხედვით, ეს იყო და არის ჯანსაღი[1] რეაქცია საზოგადოების მხრიდან. თუმცა სისტემა არც ამ შემთხვევაში დარჩა წაგებული. აქციაზე, გამომსვლელების უმრავლესობა გამოირჩეოდა ისეთი შინაარსის ტექსტებით, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ნეოლიბერალური ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპებთან. რომელიც, თუ სიღრმეებში ჩავყვებით, პირდაპირ უწყობს ხელს საზოგადოების ატომიზაციას. რის შემდეგაც სისტემის მხრიდან მარტივად ხდება მათზე კონტროლის დამყარება. აქ კი იკვეთება სამოქალაქო აქტივიზმის ძირეული პრობლემები. იგი ცდილობს დაუპირისპირდეს სისტემას არათუ მისივე იარაღით, არამედ საერთოდ უიარაღოდ. ამის შედეგი ისაა, რომ ჩვენ ფაქტობრივად მზად ვართ მცირე შედეგი მივიღოთ და თვალს ვხუჭავთ ძირეულ პრობლემებზე, რაც არის ბაზისი,  და რაც ხელს უწყობს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების მხრიდან ადამიანების ჩაგვრას.

დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციებზე, არ შეინიშნება მონაწილეთა ნაკლებობა. მაგრამ, როგორც კი საქმე ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებას, მშრომელთა უფლებების დაცვასა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს ეხება, ჩვენ ვხედავთ მცირერიცხოვან მიტინგებს, დაცლილს იმ ელიტური ჯგუფებისგან, რომლებიც მხოლოდ ნარკოპოლიტიკაში ხედავენ ერთადერთ პრობლემას.

ეს „ჯგუფები“ (როგორც ზემოთ ვთქვით) ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ქვეყანაში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მიიჩნევენ, ისინი არასოდეს ჩნდებიან სხვა სოციალური პრობლემების გაპროტესტების მიზნით გამართულ აქციებზე. ვერ აცნობიერებენ რა საკუთარ როლს, და არ განიხილავენ საკუთარ თავს „სხვა სოციალური ფენების“ გვერდით. აქ საუბარი აღარ გვაქვს იმ პოლიტიკური პარტიების სრულიად დამცინავ და არაჯანსაღ პოლიტიკურ ხედვებზე, რომლებიც საკუთარი ნეოლიბერალური თუ რადიკალურად მემარჯვენე პოზიციების მკაფიო დაფიქსირებით, პირდაპირ შედიან არსებულ სისტემასთან კოჰაბიტაციაში და არანაირი, სოციალური მნიშვნელობით ღირებული ხედვა არ გააჩნიათ. ისინი ნებსით თუ უნებლიეთ, ცდილობენ ძირგამომპალი სისტემის გამაგრებას და მათი წვლილი ამ საქმეში მართლაც რომ დიდია.

 ის, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა პრობლემაა, საერთოდ არ ცვლის სხვა სოციალური პრობლემების სიმძიმეს. სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევა არის მუშაობა იმ მიმართულებით, რომლის მიზანიც ყველა საკითხის თანაბარი მნიშვნელობით დასმაა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი და რთული ამოცანაა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც „ცეკვის უფლების“ მოთხოვნით გამოვიდა, თვლის, რომ საკუთარი სხეული მხოლოდ მათი უფლება და საკუთრებაა და სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევა, ცალსახა ბოროტებად მიაჩნიათ. ამ ლოგიკით თუ მივუდგებით, გამოდის, რომ პოლიციელი, რომელიც ინდივიდს ხელს შეუშლის ხიდიდან გადახტომასა და თვითმკვლელობაში, მკაცრად უნდა დაისაჯოს ამ ქმედებისთვის. მსგავსი მავნე იდეოლოგია „ერგება“ ყველა სხვა სახის სოციალურ პრობლემებს, იქნება ეს მშრომელთა უფლებების დაცვა, განათლება, ჯადაცვა თუ სხვა. რაც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის (რომელიც მისი სხეულის სახით რეპრეზენტირდება) უფლებას.

ნეოლიბერალური სისტემის პირობებში არსებული დისკურსი, მათ პირდაპირ კარნახობს, რომ ყველა სახის სოციალური პრობლემა არის ინდივიდის მიერ დასაძლევი, და სახელმწიფოს „აქ“ არაფერი ესაქმება. ანუ, ის ცდილობს დაგვაჯეროს, რომ „ეს არ არის პოლიტიკური“. რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ამ მავნე იდეოლოგიის წინააღმდეგ გაერთიანების მცდელობას. ფაქტობრივად, სამოქალაქო აქტივიზმის დღის წესრიგი, დღესდღეობით მიბმულია მხოლოდ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. და იმ ადამიანების უმრავლესობის მოსაზრებით, რომლებიც ამ აქციების მხარდამჭერები ან ორგანიზატორები არიან, მსგავსი სახის აქტივობა, არავითარ კავშირში არაა სხვა სახის სოციალურ პრობლემებთან.

ჩვენ გვინახავს აქციები, სადაც ხეების მოჭრას აპროტესტებენ.[2] მაგრამ იგივე ადამიანების უმრავლესობა, ხშირად გულგრილნი რჩებიან მეშახტეების გარდაცვალების გამო გამართული მიტინგების მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი დუმილი, ყველაზე ცოტა, დამნაშავე სისტემისთვის მხარდაჭერის ტოლფასია. ეს მხარდაჭერა კი, სისტემის მიერ მეშახტეების მკვლელობის (სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ) და მისი დანაშაულის ეკვივალენტურია.

პრობლემებში ჩაღრმავება (რაც, რა თქმა უნდა, საჭიროა), კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს. შესაძლებელია ბევრი მაგალითის მოყვანა თუნდაც მხოლოდ უახლესი ისტორიიდან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ გადავაწყდებით ერთი და იმავე შინაარსის მქონე მოცემულობას. სადაც, დამნაშავე სისტემის მიერ კონსტრუირებული აზროვნების ჩარჩოებში მოქცეული ადამიანები (როგორც უკვე ვთქვით და ალბათ კიდევ მრავალჯერ უნდა გავიმეოროთ!), თვლიან, რომ უამრავი, მნიშვნელოვანი, პრობლემური სოციალური საკითხის გადაწყვეტაში არათუ მთავარი როლი, არამედ საერთოდ არანაირ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ ეკისრება.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიბერალური ჯგუფების მიერ გამართული კონკრეტული აქციები, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას, საერთო ჯამში არ ეხება არსებული პრობლემების ფუნდამენტური გადაჭრისა და მოგვარების საკითხებს. არამედ, ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის წერტილოვანი აქტივობები (დარტყმები), რომელიც კვალს ამჩნევს პოლიტიკურ დღის წესრიგს მხოლოდ იმ მომენტში, როცა ეს მოვლენა ხდება, მაგრამ სერიოზული ცვლილებები ვერ შეაქვს მის სამომავლო პერსპექტივასა და დაგეგმვაში. სახელმწიფო კი ასეთ შემთხვევაში გვესაუბრება იმ ტექსტებით, რომლებიც დაახლოებით ასე იწყება - კარგი, მოდით, დავიწყოთ ბოდიშით(!) - რის შემდეგაც ის გვიბრუნებს სიტყვას და ისევ ჩვენგან ითხოვს ბოდიშის მოხდას.

და ეს ასე იქნება მანამ, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ძლიერი, ფუნდამენტური იდეების ირგვლივ გაერთიანებული მოძრაობა, რომელიც შექმნის პრეცედეტს, სადაც გამოსმვლელები, რომანტიზებული და სისტემის ჩარჩოებში მოქცეული მეოცნებე ჰიპსტერების სახით კი არ დადგებიან, არამედ მათ ექნებათ თანხმობა ძირეულ პრობლემებსა და მათი შეცვლის გზებზე.

ასე იქნება მანამ, ვიდრე ამოსავალ წერტილად აქცევენ არა მხოლოდ ელიტური ჯგუფების ვიწრო ხედვებზე დამყარებულ მოთხოვნებს, არამედ თანაბრად განიხილავენ ყველა სახის, სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საკითხს. და ყველა  სასიკეთო ცვლილება იქნება ხალხისთვის. და არა ხალხის ხარჯზე, პოლიტიკური ელიტებისთვის ქულების დასაწერად.

რადგან, პირადი არის პოლიტიკური! (ამ ფრაზის ფემინისტური და პოლიტიკური საფუძვლების მოძიება თქვენთვის მომინდვია).

 

[1] სიტყვა „ჯანსაღი“, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამკვიდრებული, და მასმედიის მიერ წარმატებით ატაცებული ტერმინი. ამ შემთხვევაში ვიყენებ მათი ენის უკეთ წარმოსაჩენად. სხვა დატვირთვა ამ სიტყვას ჩემი მხრიდან არ გააჩნია.

[2] რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მაგრამ არა მხოლოდ ხეების მოჭრა, არამედ ზოგადად სამოქალქო სივრცის დაკავება კერძო მესაკუთრეებისა და სხვადასხვა კომპანიების მერ. თუნდაც იქ არც ერთი ხე არ იდგეს. ეს ის საკითხია, რომელსაც „მწვანეების“ დიდი ნაწილი ჯერჯერობით ბოლომდე ვერ იაზრებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აგვისტო
22 აგვისტო

მამის ბლოგი - წერილი N3

წინა წერილში თავისუფლებაზე გესაუბრე. ახლა მინდა კიდევ უფრო გავირთულო მშობლის საქმე (ვიცი, რამდენჯერ მომიწევს მომავალში ა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

დაშვება არარატიდან

ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი მძიმე მარცხი დაფიქსირებულა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთი თამაშების გა ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

დროის ისარი

ადრეული ადამიანების დაკვირვებამ, რომ რაღაც მოვლენები პერიოდულად მეორდება, დროის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მიწათმოქმედები ...

მეტი

^