Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩინჩალაძე და 11 ყაჩაღი

28 დეკემბერი 2018

ისინი ქვეყანას თავს დაესხნენ და სამართლიანობა კონსტიტუციური სისტემის სიცოხლისუნარიანობისთვის საშიში ძალადობით მიისაკუთრეს. ამ ორგანიზებულმა ჯგუფმა უკანონო ქმედებების კასკადით შეაღწია ხალხის კუთვნილ სასამართლო სისტემაში. ლეგიონია მათი სახელი, მეთაურად მიხეილ ჩინჩალაძე აურჩევიათ,  გადაწყვეტილების მიმღები გუნდიდან კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრია ცნობილი. მათ ჯერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების უცნაური სია წარუდგინეს პარლემენტს, შემდეგ კი ლევან მურუსიძეს, უსამართლო სამართლის სიმბოლოს უვადოდ მოასხეს  შავი მანტია.

ეს პოლიტიკური სიტემის კრიზისის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მისი არსებითად გაჯანსაღება მხოლოდ რადიკალური და სრული ცვლილებით შეიძლება, მაგრამ იქამდე დრო არ ითმენს და საგანგებო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომელიც სულს შედარებით მოგვათქმევინებს და იმედს გააჩენს.

იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელთაც გამოსავლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის  გაწერა  ესახებათ, მე უპირატესობას ინტერესთა კონფლიქტის შედეგად წარმოშობილ ბალანსს ვანიჭებ და არც იმის მჯერა, რომ მიუკერძოებელი ექსპერტები (განსაკუთრებით ქვეყნის გარედან) გააჯანსაღებენ ჩვენს დაავადებულ სასამართლო სისტემას. არცერთი ეს გამოსავალი ანგარიშს არ უწევს პოლიტიკურ სისტემას და პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ტექნიკური სამართლებრივი ბარიერების შექმნით ცდილობს. მაგრამ პოლიტიკურ სისტემას ერთი უნარი აქვს, მას შეუძლია ნებისმიერი „პოზიტიური“ რეფორმა საკუთარ თარგზე მოაწყოს და რაგინდარა კანონი თავისსავე სამსახურში ჩააყენოს. ნებისმიერი ასეთი ცვლილება ისევ და ისევ არსებული ვითარების შეფუთვას და ამდენად, მის გამყარებას მოემსახურება.

ამიტომ საჭიროა ვაღიაროთ იმ ვითარების ტრაგიკულობა, რომელშიც ვიმყოფებით - ეს მარტო თავზე ნაცრის დაყრას არ გულისხმობს, არამედ რეალობისთვის თვალის გასწორებასაც, რაც გვაძლევს შანსს მიზეზები ვეძიოთ, პოვნის შემდეგ კი მათი აღმოფხვრა გვმართებს. ჩვენ უნდა შევძლოთ და გამოსავალი იმ მოცემულობაში მოვნახოთ რომელშიც  ვართ, ის მასალა გამოვიყენოთ რაც გვაქვს, იმ ფალავნებს მოვუნაცვლოთ გვერდი მთელი ეს დრო სუფთაზე რომ გვამარცხებს. მთავარი ამოცანა სწორედ პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლაა.

დღესდღეობით ასეთი ვითარება გვაქვს, სასამართლო სისტემას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აკომპლექტებს, თუმცა მის მონოპოლიას პარლამენტი აბალანსებს. ამისთვის კი უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს ორი ბერკეტი აქვს:

(1) ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების 15-დან 5 წევრს (ერთ წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ერთი კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, დანარჩენ 8-ს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს); (2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ჩვენი მიზანი სწორედ ამ მექანიზმის კონსტიტუციურ ლოგიკაში ამოქმედება უნდა გახდეს. (1) ქვედა ინსტანციებში მოსამართლის დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრის ხმაა საჭირო - როგორც ხედავთ, წევრთა ეს რაოდენობა მოსამართლეებს არ ყავთ და ყველა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების დროს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა სჭირდებათ. აქამდე ისინი დახლქვეშ ურიგდებოდნენ ზოგიერთ მათგანს, რომელთაც ამ გარიგებაზე ხელდასხმა მმართველი უმრავლესობიდან ჰქონდათ, და ამგვარად აგროვებდნენ საჭირო 2/3-ს. ამიტომ აუცილებელია ისეთი არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტება, რომელიც პარტიულ ინტერესებს არ მოემსახურება. (2) თუ იუსტიციის საბჭოს ეცოდინება, რომ უზენაეს სასამართლოში მის მიერ ნომინირებულ კანდიდატებს პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნება, და მეტიც, თუ იმასაც გააცნობიერებს, რომ ყველა უღირსი კანდიდატის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს,: მაშინ ის იძლებული გახდება კონსენსუსუნარიანი კანდიდატები წარადგინოს.

თუ არსებული პრობლემის მოგვარება გვინდა, გამოსავალი სწორედ ამ ინსტიტუციურ ჩარჩოში უნდა ვეძიოთ. სამწუხაროდ, გვაქვს ის პარლამენტი რაც გვაქვს და გვყავს ის მოსამართლეები რომლებიც გვყავს. დღეს ვერც პარლამენტს ავირჩევთ თავიდან (და არც არის სასურველი) და ვერც 300 მოსამართლეს ჩავანაცვლებთ. ამიტომ, როგორც ზემოთ ითქვა, თვალი უნდა გავუსწოროთ ამ რეალობას და მისი გათვალისწინებით ვიმოქმედოთ:

  • პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და უზენაესი სასამართლოს იმ უხერხულ სიას, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და გადადგნენ;
  • ამის შემდეგ ეს ორგანო თავიდან უნდა დაკომპლექტდეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქ პარლამენტის კვოტას უნდა მიექცეს, გაჩენილი ვაკანსია, ორმხრივი (უმრავლესობა-უმცირესობის) მხარდაჭერით არჩეული წევრებით უნდა შეივსოს. ამგვარი პროცედურა უზრუნველყოფს ისეთი ადამიანების დანიშვნას, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აწყობს და ვინც მათ არ აწყობთ გვაწყობს ჩვენ, ამომრჩევლებს. ამგვარად საბჭოში გაგვიხდება იმდენი კეთილსინდისიერი წევრი, რამდენიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არ დაუშვან პირველ და მეორე ინსტანციაში უღირსი მოსამართეების დანიშვნა (ჩინჩალაძეს და სხვებს უბრალოდ ხმები აღარ ეყოფათ სათავისო გადაწყვეტილების მისაღებად).
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არსებული სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს (სიის უკან გაწვევის პროცედურას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს);
  • ახალი სია ახალმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში, სადაც ის ასევე ორმხრივი მხარდაჭერით უნდა დამტკიცდეს.

ამ ეტაპზე ესაა მაქსიმუმი რისი მიღწევაც შესაძლებელია. ეს სასამართლოში გაბატონებულ კლანს აიძულებს გონორს დაუწიოს და ფარები ჩააქროს. ნელ-ნელა კი ვითარებაც არსებითი გაუმჯობესებისთვის შემზადდება, რასაც პირველადი მიზნის - საარჩევნო სისტემის შეცვლის - მიღწევის შემდეგ დავუბრუნდებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 მარტი
14 მარტი

ცარიელ-ტარიელი ნარიყალა

ბოლო ბლოგში საქართველოს მასშტაბით ციხე-სიმაგრეების, კოშკებისა და ციხე-გალავნების, ანუ საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის მძიმე ...
12 მარტი
12 მარტი

რამდენადაა დამფუძნებელი კრება პარლამენტა ...

ზუსტად 100 წლის წინ, 2019 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრება გაიხსნა.  „ქართული პარლამენტარიზმის ასი წელი& ...
08 მარტი
08 მარტი

ვართ თუ არა ქართველი ქალები ქართველ კაცე ...

სიღარიბე ქვეყნის პრობლემაა და არა კონკრეტული სქესის, ასეთი შეიძლება იყოს მყისიერი პასუხი კითხვაზე - ვართ თუ არა ქალები კ ...

მეტი

^