Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმონ დე ბოვუარის უკვდავი მემკვიდრეობა

10 იანვარი 2019

ნაწილი პირველი

ბურჟუაზიული წუმპიდან ფემინისტურ ამბოხებამდე განვლილი გზა

,,ქალებო, თქვენ ვერასოდეს ამოხვალთ მისი ვალიდან! მისი წყალობით მოიპოვეთ ყველა უფლება. ამ ქალს უნდა უმადლოდეთ ყველაფერს. დღეს დასავლელი ქალები ერთ ქალს გლოვობენ. მარტოოდენ ,,მეორე სქესის’’ უთვალავი მკითხველი როდი დასტირის ჩვენს დედას!... სიმონ დე ბოვუართან ერთად დაიმარხება ფემინიზმი, ჩვენი არსების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ არ შედრკეთ. ნუ შეგიპყრობთ შიში. მან სამუდამოდ დაგვტოვა, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა წინამძღოლმა ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინა ყველა ის იდეოლოგიური ბრძოლა, ოდესღაც რომ წამოუწყია. მშვიდად იძინეთ, უცნობი მიწების დამპყრობელო ძვირფასო კასტორო (თახვი - ბოვუარის მეტსახელი. გ.ძ.) თქვენი ქალიშვილები არასოდეს დაგივიწყებენ!’’; ,,სულ რამდენიმე ბიბლია დაიწერა ქალებისათვის გასულ საუკუნეში; ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლია კი უკვდავი ,,მეორე სქესია!’’ - წერენ ელიზაბეთ ბადინტერი და ელიან ლეკარმ-ტაბონი მეოცე საუკუნის მიწურულს. ,,ჩვენ უნდა განვაგრძოთ ის ბრძოლა, რომელიც მან ასე გულუშიშრად წამოიწყო’’ - ღიმილით მეუბნება ისტორიკოსი, მწერალი, ფემინისტი აქტივისტი და ღირსების ორდენის კავალერი, მიშელ პერო, ბოვუარის სახელობის პრიზის გადაცემის ცერემონიაზე. 9 იანვარი სიმონის დაბადების დღეა. დღე მისი ნაანდერძევის, მისი მემკვიდრეობის გახსენებისა.

აი, ასე იგონებენ იმ ქალს, რომლისთვისაც თავისუფლება ის მარადუქრობი შუქვარსკვლავია, ცხოვრებისა და ინტელექტუალური მოღვაწეობის ციცაბო, ეკალ-ბარდით მოსილ ბილიკებს რომ უნათებს. პიროვნული და საყოველთაო თავისუფლებაა განმანათლებლებისაგან, პატრიარქალური ცრურწმენებისა და მჩაგვრელი ტრადიციების მარწუხებში მომწყვდეული მწერალი ქალებისაგან ნაანდერძევი ის სანუკვარი საუნჯე, ის ჩირაღდანი, რომლის წყალობითაც გზას მიიკვლევს არსებობის, ამქვეყნიური ქაოსისა და აბსურდის თვალუწვდენელ ლაბირინთში დაკარგული მწერალი და ფილოსოფოსი. სწორედ თავისუფლების შლეგმა სურვილმა აიძულა, მიეტოვებინა ოჯახი, ზურგი შეექცია ადამის ჟამინდელი ცრურწმენებით გონებადაბნელებული ბურჟუაზიული საზოგადოებისათვის და ღამეული პარიზის მხურვალებაში შთანთქმულიყო ცხოვრების აზრისა და არსის საპოვნელად. ჭეშმარიტად მემარცხენე სულისკვეთებით აღვსილი ეს ქალი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხმალამოღებული ებრძოდა ჩაგვრას, უთანასწორობას, სისხლისღვრას, მონობას, პატრიარქალურ იდეოლოგიასა და ყოველგვარ უსამართლობას, რადგან ამ სამყაროს ცენტრად ესახებოდა არა ღმერთი, არამედ ადამიანი და ძალას არ იშურებდა ნანატრი თავისუფლების მოსაპოვებლად. თავისუფლების წყურვილი კლავდა, როცა ბარიკადებზე იდგა 1968 წლის მაისში და მხარს უჭერდა გულანთებულ სტუდენტებს; როცა ილაშქრებდა ვიეტნამსა და ალჟირში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ; როცა აბორტის ლეგალიზების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქალებს წინამძღვრობდა და 343 მანიფესტს წერდა სამოცდაათიან წლებში. თავისუფლების საამოდ მოციმციმე ვარსკვლავი იყო მისი სამარადჟამო მეგზური, ერთგული წინამძღოლი, როდესაც თოთხმეტიოდე წლის ქალიშვილს წიგნების დიადი ეპოქა დაუდგა; როცა ხსნას დაეძებდა მონპარნასის ბარებში, ბოჰემური მხურვალებით სავსე, სიგარების კვამლითა და ჯინის სურნელით გაჟღენთილ კაბარეებში, ფილოსოფიაში, სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და ჟაკ ლეგილონის სიყვარულში; როცა დაუამებელი ტკივილით აღავსო საყვარელი მეგობრის, ზაზას ნაადრევმა და ტრაგიკულმა აღსასრულმა; როცა მტკიცედ გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო; როცა თავისი უკვდავი ,,მეორე სქესის“ წყალობით თვალი აუხილა ქალებს 1949 წელს, უმოწყალოდ გააწნა სილა, გამოაფხიზლა საღათას ძილს მიცემული ჩაგრულები, მილიონობით ქალის ცხოვრება შეცვალა მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების პატრიარქალურ, თვალშეუვალ წყვდიადში და სულ სხვა, სულ ახალი, იქამდის უცნობი გზა დაანახა თავისი სქესის წარმომადგენელთ.

ტრადიციულ, ბურჟუაზიულ, კათოლიკურ ოჯახში დაბადებული გოგონა რელიგიაში დაეძებდა ცხოვრების აზრს. სასოებითა და კრძალვით მოიყრიდა ხოლმე მუხლს ჯვარცმის წინაშე და გულმხურვალედ ლოცულობდა. უფალი ეგონა ამ სამყაროს შემოქმედი. ეჩვენებოდა, რომ იესოს მოწყალე თვალი დაჰყურებდა ღვთაებრივი შარავანდედით გაციკროვნებული ზეციდან, მაგრამ როცა წამოიზარდა, შეკითხვებისა და ეჭვის ხანა დადგა, ჟამი თავისუფლებისა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა განარისხა პატრიარქალური ცრურწმენებით შეპყრობილი მამის იდეებმა. ჟორჟ დე ბოვუარი მუდამ დარდობდა, რომ შეუცნობელმა ღვთიურმა განგებამ ორი ქალიშვილი უბოძა. დღედაღამ იმას ნატრობდა, ვაჟიშვილი ჰყოლოდა. მისი აზრით, ქალის ერთადერთი მოვალეობა იყო ქმარსა და წმინდა ოჯახურ კერაზე დაუღალავად ზრუნვა, სამშობლოსათვის შვილების აღზრდა და ა.შ.

,,მამაჩემი მგზნებარე ანტიფემინისტი იყო. გამუდმებით გაიძახოდა, ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოსო. დაუნდობლად აქილიკებდა სუფრაჟისტებს, ჰკილავდა თავიანთი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსულ ქალებს და აცხადებდა, მხოლოდ ის ქალი იმსახურებს პატივისცემას, ქმარ-შვილს რომ შესწირავს კარიერასო“ - წერს მწერალი ,,ზრდილი ქალიშვილის მოგონებებში’’. პატარა სიმონი არასოდეს მოიხრიდა ქედს მამის წინაშე, არასოდეს შეეგუებოდა მის მიუღებელ იდეოლოგიას, რამეთუ მის გულში უკვე მომწიფებულიყო მრისხანებისა და ამბოხების მტევნები. ,,ზიზღსა მგვრიდა ბავშვის საფენები, საწოვრები და სხვა ამგვარი უსახური ნივთები“; ,,დედა ყოველ ცისმარე დღეს ამზადებდა სადილ-ვახშამს; გაუთავებლად რეცხავდა ჭურჭელს... ო, რა უსასრულოდ, რა ზანტად, რა გულისგადამლევად მიიზლაზნებოდა ეს ამაო, უნაყოფო წუთები! ,,ნუთუ, მეც ასეთი ყოფა მელის?“ - გამიელვა ანაზდად და ისე თვალნათლივ დავინახე რუხ დღეთა წყება, თავზარი დამეცა. ჩემ თვალწინ გადაშლილიყო ერთნაირი, უფერული, უღიმღამო, უსიხარულო, უიმედო დღეების, კვირების, თვეებისა და წლების უკიდეგანო ოკეანე. სუნთქვაშეკრული, საკუთარ თავს დავპირდი, საოცარი მგზნებარებითა და სასიცოცხლო ძალით ავივსები და არასოდეს დავუშვებ ამ საშინელებას-მეთქი“.

გოგონამ ცხადად დაინახა უთვალავი მანკიერებით სავსე, მორალურად გახრწნილი, საბოლოოდ დაცემული, დაკნინებული, ფარისეველი ბურჟუაზია, რომელიც წარსულის ნარჩენებს ებღაუჭებოდა; თითქოს, თვალი აეხილა და დაინახა უფლებააყრილი, ხმაწართმეული, დამონებული, ინკუბატორებად ქცეული ქალები. იგრძნო, სული უგუბდებოდა ასეთ გარემოში. ვეღარ იტანდა მკაცრ რელიგიურ მორალს. მალევე ჰპოვა ახალი თავშესაფარი, ნეტარი ნავსაყუდელი - წიგნების ჯადოსნური სამყარო. ოთახში ჩაიკეტებოდა და გატაცებით ეწაფებოდა ლიტერატურას. წაიკითხა ,,აკრძალული’’ და ,,სამარცხვინო’’ მწერლები და პოეტები: მარკიზ დე სადი, ჯორჯ ელიოტი, ჟორჟ სანდი, ანდრე ჟიდი, არტურ რემბო, ვერლენი, ბოდლერი, კოლეტ ივერი და სხვები. ,,უარვყოფდი ყოველგვარ იერარქიას, ნორმას, ადათს, წეს-კანონსა და ცერემონიას. არადა, სწორედ ამის წყალობით გამოირჩეოდა ,,ელიტა“ ,,მდაბიოთაგან“. ოდენ იმიტომ არ ვემორჩილებოდი წესებს, რომ უსაზღვრო სიამეს განმაცდევინებდა აჯანყება. ვიზიარებდი ახალი თაობის მწერალთა თავდადებასა და მგზნებარებას. თავდავიწყებით ვკითხულობდი მათს ესეებს. ბუნებრივია, საკუთარ თავს ვხედავდი იმ ნაწარმოებებში. ის კალმოსნებიც ცუდად გრძნობდნენ თავს სულისშემხუთავ ბურჟუაზიულ გარემოში. მსოფლიო ომმა მოსვენება დაუკარგა მათ, მაგრამ მათი გარემოცვა მაინც ვერ შეცვალა. ეს გმირები ხომ გავეშებით ებრძოდნენ ოჯახსა და ტრადიციებს?! ლიტერატურა უმნიშვნელოვანესი გახდა ჩემთვის... წიგნებმა ერთბაშად შთანთქა ჩემი ყოველდღიური ყოფა და სამუდამოდ შეცვალა კიდეც. საყვარელი წიგნები იქცა ჩემს ბიბლიად და თავშესაფრად. უამრავ სასარგებლო რჩევა-დარიგებას ვპოულობდი მათში“. ,,სანამ საწოლში ჩავწვებოდი, ფანჯარასთან გავირინდებოდი ხოლმე. ფეხის წვერებზე შემდგარი ვცდილობდი, მთელი არსებით შემეგრძნო ღამის მშვიდი სუნთქვა. რაფას დავეყრდნობოდი და თითებს შევაცურებდი დეკას გრილ, ნორჩ ფოთლებში. შადრევნის წყალი დუდუნით ეცემოდა მომწვანო ქვას. ძროხა დროდადრო ჩლიქსა სცემდა თავისი სადგომის კარს. ვტკბებოდი თივის სურნელით. ჩამესმოდა კუტკალიის გაბმული ჭრიჭინი, გულისცემასავით ჯიუტი. უსასრულო მდუმარებაში ვიყავი შთანთქმული. უძირო ზეცის ბინდმოსილ ნათელში გახვეულს მეჩვენებოდა, - მიწა ეხმიანებოდა ჩემს იდუმალ ხმას, რომელიც დაუღალავად ჩურჩულებდა: ,,აქა ვარ...“. ჩემი გული სასიცოცხლო სითბოთი ფეთქავდა ვარსკვლავების ყინულივით ცივ შუქზე. ნიავი მეალერსებოდა, საამოდ მელამუნებოდა კანზე, ღამეული სურნელი თავბრუს მახვევდა და ყურს ვუგდებდი, როგორ ჩუხჩუხებდა სისხლი ჩემს ძარღვებში. მთელი ჩემი არსება ზეიმობდა. მარადისობას ვერწყმოდი“.

სიმონი ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის გოგონა იყო, როცა ერთ მკაცრ კათოლიკურ სასწავლებელში, ,,კურ დეზირში’’ შეიყვანეს. ასეთი ხვედრი ერგო ყველა იმ სათნო და ღვთისმოშიშ ქალიშვილს, თავდადებული დედა რომ უნდა გამხდარიყო, ქმრის ყურმოჭრილი მონა და ვასალი. ბოვუარს არ სურდა ამგვარი ცხოვრება. მისთვის ნაცნობი გახდა სიტყვები: წესის დარღვევა, ურჩობა, დაუმორჩილებლობა, შეურიგებლობა, ქედუხრელობა, აჯანყება, არჩევანი, თავისუფალი ნება, კრიტიკა, აზროვნება, განსჯა, აქტიურობა, კითხვა, წერა, შემოქმედება, ბრძოლა. სულშემხუთავმა ოჯახმა და ანტურაჟმა კიდევ უფრო გაუმძაფრა და გაუცხოველა თავისუფლების ისედაც შლეგი წყურვილი. ეწადა, თავად გამხდარიყო საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. მალევე დაუმეგობრდა ელიზაბეთ მაბილს, რომელსაც მოფერებით ზაზას ეძახდნენ. ეს ორი „ზრდილი ქალიშვილი“ მზის სხივივით ბრწყინავდა იმ ძველთაძველი სასწავლებლის დრო-ჟამისაგან ხავსმოკიდებულ, ჩაშავებულ კედლებში. მეგობრები დღეს და ღამეს ასწორებდნენ კითხვაში, მუსაიფობდნენ, კამათობდნენ, შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთიმეორეს, ფილოსოფიას შეისწავლიდნენ, ბუნებაში სეირნობდნენ და მსჯელობდნენ ქალთა მდგომარეობაზე, რელიგიაზე, ადამიანთა ხვედრსა და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. მათ დაუღალავად უმეორებდნენ, რომ თუ არ გათხოვდებოდნენ და სამაგალითო დიასახლისები და მრავალშვილიანი დედები არ გახდებოდნენ, საფუძველი გამოეცლებოდა ბურჟუაზიულ სახელმწიფოს - იერარქიაზე, ბატონყმურ ურთიერთობებზე, მორჩილებაზე, უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, კაცის უპირობო და ერთპიროვნულ მბრძანებლობაზე დამყარებულ ამ მჩაგვრელ წყობას. მშობლებმა ზაზას მალევე გამოუძებნეს ,,სამაგალითო’’, ,,ზნემაღალი’’ და მორწმუნე საქმრო. თავისუფლებას მოწყურებულ ქალიშვილს სულაც არ სურდა, ცოლქმრულ უღელში შებმულიყო, თითზე წამოეცვა ნიშნობის ბეჭედი - ეს სამარადჟამო დაღი, ქალთა ჩაგვრის, მონობისა და დაცემის ეს სიმბოლო და ქცეულიყო თვალებჩამქრალ, უსურვულო, ვნებებჩამკვდარ დიასახლისად. მუხლჩაუდრეკლად იბრძოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლო არ უჩანდა მის ტანჯვას. სიმონი ძალ-ღონეს არ იშურებდა დობილის გასამხნევებლად. უმეორებდა, ადამიანის სურვილი ყოველგვარ საზოგადოებრივ მორალზე მაღლა დგას, არავის არა აქვს შენი ნების დათრგუნვის უფლებაო, მაგრამ ვერ შეძლო მისი ხსნა: ოცდაერთი წლის ზაზა გარდაიცვალა. სიმონს ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ გოგონა ცივსისხლიანმა ოჯახმა შეიწირა, საზოგადოებამ, უსულგულო დედ-მამამ, სასტიკმა მორალმა, სულიერებისა და რელიგიის ზეობამ, რომელიც ადამიანს საუკუნოდ უსპობს თამამი აზროვნების, საკუთარ ნებაზე ცხოვრების საშუალებას და სამუდამოდ იმონებს მის გონებას. სასიკვდილო სარეცელზე მწოლმა ზაზამ დედას უთხრა: ,,ნუ მიდარდებთ, დედა. ყველა ოჯახს აქვს სამარცხვინო ლაქა, საზიზღარი ხორცმეტი... თქვენი წმინდა კერის სამარცხვინო ლაქა და ხორცმეტი კი მე აღმოვჩნდი“.

სიმონი განარისხა მისმა სიკვდილმა. დაუამებელი ტკივილითა და უმწეობის საშინელი შეგრძნებით აღავსო. მის შემოქმედებას სევდიან რეფრენად გასდევს ნაადრევად წასული მეგობრის მონატრება და გულდამწველი სინანული. აი, ამ სიტყვებით ასრულებს ,,ზრდილი ქალიშვილის მოგონებებს“: „თითქმის ყოველღამ მეზმანებოდა ზაზა. დაჟინებით შემომცქეროდა ავადმყოფურად ფერმკრთალი, სანთელივით გაყვითლებული მეგობარი, რბილფარფლებიანი, ვარდისფერი ქუდი რომ შვენოდა. თითქოს, უტყვ საყვედურს ვკითხულობდი მის თვალებში. ჩვენ მხარდამხარ ვემზადებოდით იმ საზიზღარ ხვედრთან თავგამეტებით საბრძოლველად, ჩასაფრებული სისხლისმსმელი ნადირივით რომ გვითვალთვალებდა. ძალიან, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ მისი სიკვდილის ფასად მოვიპოვე ნანატრი თავისუფლება“. მწერალმა მიზნად დაისახა მჩაგვრელ ადათ-წესებთან ბრძოლა. სისხლით მორწყულ პატრიარქალურ სამსხვერპლოზე შეწირულ მეგობარსა და გულის მესაიდუმლეს უძღვნა თავისი პირველი რომანი,, „ჟამი სულიერების ზეობისა“, რომელშიც ხატოვნად და პათეტიკურად აღწერა მისი ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული. თვალნათლივ გვიჩვენა, როგორ აკნინებს ქალს ის უკიდურესად მიზოგინიური რელიგია, რომელიც კაცებმა კაცების საკეთილდღეოდ და ქალთა დასამონებლად გამოიგონეს.

გულისამრევ ოჯახს გამოქცეული ქალიშვილი დაუმეგობრდა თავის კუზენს, ჟაკს - ამ მწყაზარ ახალგაზრდას, რომელსაც დიდ მოლნის ადარებდა. ეს დაუდგრომელი, ქარიზმატული, ახირებული, მეტად უცნაური ბიჭი მეგზურობდა გულფიცხ გოგონას ღამეული საოცრებების სამყაროში, ბოჰემური მგზნებარებითა და სიცხოვლით სავსე პარიზულ კაფე-ბარებსა და კაბარეებში. ზრდილი ქალიშვილი საბოლოოდ მოსწყდა თავის კერას, თბილ სალონებს, მყუდრო საძინებელს, წვეულებებს, მაღალფარდოვანი საუბრის, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების მოყვარულ პირმოთნე, მლიქვნელ, თვალთმაქც ბურჟუაზიას და იხილა აურაცხელი სიმდიდრით, სილამაზითა და ბიწიერებით აღსავსე, ჭეშმარიტი პარიზი, შლეგი ვნებისგან გონდაკარგული, ათრთოლებული ღამეული ქალაქი, მეძავები, კაბარეს მოცეკვავეები, ლესბოსელები, პოეტები, მხატვრები, მწერლები, ჰომოსექსუალები და სხვა „გარიყულები”. ,,ისე მიყვარდა ჭეშმარიტება, თავი დავიხსენი ოჯახური მყუდროების, უსაფრთხო, მშვიდი, მზამზარეული ცხოვრების მარწუხებიდან“, - წერს იგი.

თოთხმეტი წლის ქალიშვილმა ღვთის რწმენა დაკარგა: ,,როცა აბე გაუთავებლად ლაქლაქებდა, მომეჩვენა, რომ ვიღაცის უჩინარი, ტყვიასავით მძიმე ხელი მთელი ძალით დამაწვა კეფაზე და ქედი მომადრეკინა. მიწას შევეხე სახით. ეს საზიზღარი არსება მაიძულებდა, კუბოს კარამდე ასე მეხოხა მუხლებზე, უკუნი ღამისგან, გულისამრევი ტალახისგან დაბრმავებულს, მის ფერხთით მონასავით განრთხმულს. თუ მას დავემორჩილებოდი, სამარადჟამოდ გამოვეთხოვებოდი სანუკვარ ჭეშმარიტებას, ნანატრ თავისუფლებასა და სიხარულს“; ,,თითები შევაცურე საამოდ გრილ ფოთლებში, ყური მივუგდე წყლის საამო დუდუნს და მივხვდი - ვერავითარი ძალა ვერ მათქმევინებდა უარს ამქვეყნიურ ნეტარებაზე. ზღვარდაუდებლად დავტკბებოდი მიწიერი მშვენიერები. ,,ღმერთის აღარ მწამს“ - გავიფიქრე მშვიდად. სულ არ გავოცებულვარ. ეს თვალისმომჭრელი ჭეშმარიტება იყო. იქამდე ღრმად მწამდა - არად ღირდა საწუთრო, რამეთუ ზეციური, მარადიული ცხოვრება ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. რა სულელი ვყოფილვარ! უეცრად მივხვდი, - წუთისოფელი ყველაზე ძვირფასი ძღვენი იყო. გატაცებით ვეტრფოდი ამ მსწრაფლწარმავალ სიცოცხლეს. ანაზდად ვიგრძენი, - უკვალოდ გაქრა ის ღმერთი, მანამდე მძიმედ რომ დამწოლოდა მხრებზე. თითქოს, თავი დავაღწიე მონობის უღელს. მისი სხივმომფინარე სახელი მარტოოდენ წარმტაცი მირაჟი და ლამაზი სიცრუე გამოდგა. უფალს არც ჩემს გულში არ დაევანებინა და არც ზეცაში არ ზეობდა. წყვდიადმა შთანთქა უძიროდ ლურჯი ცის ღვთაებრივი შარავანდედი. რაწამს გონება გამინათდა და მივხვდი - ღმერთი არ არსებობდა, უშიშრად შევაბიჯე ურწმუნოთა სამყაროში და ხელაღებით გავწყვიტე ის ძაფი, სარწმუნოებასთან რომ მაკავშირებდა”. ,,მნუსხავდა და გულს მიჩქროლებდა მთვარის მოვერცხლილი შუქი. მინდოდა, კალამი ამეღო, ფურცელზე უკვდავმეყო ჩემი წამიერი შეგრძნებები და ხელი გამეწაფა წერაში. როცა თხუთმეტი წლის ვიყავი, მთელი გულით მიყვარდა წერილებისა და დღიურების კითხვა, რადგან მათი ავტორები დაუღალავად ცდილობდნენ დროის შეჩერებას. ყოველ შეგრძნებას, მსწრაფლწარმავალ განცდასა და გრძნობას „იჭერდნენ“ და წამს მარადისობად აქცევდნენ... ვნატრობდი, ჩემი ბედის მჭედელი ვყოფილიყავი. ლიტერატურა ამ სანუკვარი გულისწადილის ასრულების საშუალებას მომცემდა. წიგნების საოცარი სამყარო უკვდავებას მაზიარებდა, მიწიერი დიდების შარავანდედით შემმოსავდა და დაკარგულ მარადისობას დამიბრუნებდა. ოდესღაც მეგონა, ძალიან ვუყვარდი ღმერთს, მაგრამ ანაზდად მივხვდი, თურმე, სულ არ არსებობდა მამაზეციერი. სამაგიეროდ, მილიონობით ადამიანის გულში დავიმკვიდრებდი ადგილს და სიყვარულის ცეცხლს ავაგიზგიზებდი... განა შემეძლო, წიგნებზე უკეთესი საჩუქარი მეძღვნა კაცობრიობისათვის? ლიტერატურა ყველა იმ ნატვრას ამიხდენდა, მთელ თხუთმეტ წელიწადს საამური შანთით რომ მიდაღავდა გულს“.

თავისუფლების დაუოკებელი წყურვილის წყალობით, ოცდაორი წლის ბოვუარმა ნანატრი ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა, წარჩინებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ლექტორი გახდა. სწორედ სასწავლებელში დაუახლოვდა ფრანგ ინტელექტუალებს: ჟან-პოლ სარტრს, კამიუს, ნიზანს, ბორის ვიანს, მორის მერლიუ-პონტის, ჟაკ-ლორენ ბოსტს, კლოდ ლანზმანს და ფილოსოფიისა და ლიტერატურის ერთ-ერთი მიმდინარეობის, ეგზისტენციალიზმის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა. სარტრსა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ჟურნალი ,,Les temps modernes“.

„შეუჩერებლად ვწერდი წიგნებს. ერთ ნაწარმოებს მეორე მოჰყვებოდა. ქვეყნიერებას იდუმალების საბურველი შემოეძარცვა და თვალნათლივ დავინახე, - იგი აღსავსე იყო ყოველივე იმით, რისი სიღრმისეულად განცდა, შეცნობა და სიტყვებით გამოთქმაც მსურდა“ - წერს ახალგაზრდა სიმონ დე ბოვუარი, რომელიც გახელებული მწყურვალივით ხარბად დაეწაფა ცხოვრების საამურ ბანგს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^