Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაგალითებს ჩვენ ვქმნით

04 თებერვალი 2019

ერთხელ ჩემმა საყვარელმა მამამ პირდაპირ მითხრა: კი არ გეწყინოს, მაგრამ შენნაირებს ჩემს ახალგაზრდობაში ინტრიგანებს ეძახდნენო. ჩემნაირებში იმ ადამიანებს გულისხმობდა, ვინც ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხელ ხაზზე საათობით რეკავს, საჩივარს წერს, განაცხადებს აფრიალებს, მოკლედ, უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

მამას ახალგაზრდობა საბჭოთა პერიოდს ემთხვევა: დროს, როდესაც მყარი კლიშეები და სტერეოტიპები არსებობდა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენ ახლა აქტიურ მოქალაქეებს ვუწოდებთ და რომელთა შორის ყოფნას მეც ძალიან ვცდილობ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკითხი პერსონალური მონაცემების დაცვას შეეხება.

ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა გარკვეული შედეგი გამოიღო: დღეს ჩვენი პერსონალური მონაცემებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ბევრად მეტი ვიცით, ვიდრე წლების წინ, როცა ამ თემაზე საუბარი ის-ის იყო იწყებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დამოკიდებულება - „ნეტავ ერთი, მოგცლია“, ან „არ გეზარება მაგათი დევნა“, ან „რა ინტრიგანივით იქცევი“ - ჯერ კიდევ შემორჩენილია. და ეს დამოკიდებულება არის კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვისგან თავს იკავებენ, ან ამბობენ, რომ - ამისთვის დრო არ აქვთ.

სინამდვილეში, რაც უფრო მეტი შევქმნით პერსონალური მონაცემების დაცვის მაგალითს, მით უფრო მალე მივალთ რეალობამდე, რომელშიც ამ თემის მიმართ ყველანი - მოქალაქეებიცა და ორგანიზაციებიც - უფრო ანგარიშვალდებული ვიქნებით. ცხადია, ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელია: დრო მუდმივად იცვლება, ტექნოლოგიების ეპოქას კი ჩვენთვის ყოველდღიურად ახალ-ახალი გამოწვევები მოაქვს, თუმცა კულტურისა და ქცევის ცვლილება რეალურია.

მანამდე კი მიეცით შენიშვნა ლექტორს, რომელიც საჯაროდ გამოგიცხადებთ შეფასებას, იმიტომ, რომ თქვენი აკადემიური მოსწრება თქვენი პერსონალური მონაცემია და სრული უფლება გაქვთ, არ გინდოდეთ მისი გამჟღავნება.

არ დაგეზაროთ სარეკლამო შეტყობინებებზე რეაგირება. თავის დროზე სწორედ ამ რეაგირებას მოჰყვა მათი გათიშვის ფუნქციის შექმნა.

უთხარით მეგობრებს, პატივი სცენ თქვენს პირად ცხოვრებას ინტერნეტსივრცეში და ყოველთვის გკითხონ, გსურთ თუ არა „დაჩექინება“, ან იმ ფოტოს ატვირთვა, სადაც თქვენც ხართ, ან თქვენთან დაკავშირებული ისტორიების ფეისბუქზე მოყოლა.

მოსთხოვეთ ექიმს, მიხუროს კარი, როცა დანიშნულებას გიწერთ, ან მკურნალობის მეთოდზე გესაუბრებათ. აღარაფერს ვამბობ კოლექტიურ გასინჯვაზე, როდესაც რამდენიმე პაციენტი კონსულტაციაზე ერთდროულად შეჰყავთ.

როცა გასაუბრებაზე ოჯახური მდგომარეობის შესახებ გეკითხებიან, გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახური მდგომარეობა თქვენი პერსონალური ინფორმაციაა და მას პროფესიულ შესაძლებლობებთან საერთო არაფერი აქვს, ამიტომ ამ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება შეგიძლიათ.

დაოჯახებას როდის აპირებ? რამდენი გაქვს ხელფასი? კარგად გიხდიან? - ამ შინაარსის შეკითხვებზე არასდროს მოგერიდოთ, პირდაპირ მიახალოთ, რომ მათი დასმა მინიმუმ არაეთიკურია. 

ყველას, მათ შორის მეც, გვიცინია იმ მხიარულ ჩანაწერებზე, რომლებიც ინტერნეტში სხვადასხვა კომპანიის ოპერატორებისა და მომხმარებლების გასაუბრების სახით გავრცელებულა. გვიცინია, თუმცა ცოტას თუ გაგვიპროტესტებია, როგორც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება.

და საერთოდაც: ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც დაგვზარებია, ან თავი აგვირიდებია და არ მიგვიმართავს პერსონალური მონაცემების დაცვისთვის. არადა, ეს თანამედროვე ადამიანის კულტურაა.

მაგალითებს მხოლოდ მოქალაქეები ვქმნით. თანაც, შეიძლება პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, ან მათი უსაფუძვლოდ მოთხოვნა ზოგჯერ უბრალოდ არცოდნის გამოც ხდება. ჩვენი აქტიურობით კი ამ არმცოდნეებსაც დავეხმარებით, რომ მაგალითებით ისწავლონ და პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველდღიურობის ისეთივე ჩვეულებრივ ნაწილად აქციონ, როგორიც მისალმებაა.

პ.ს. 28 იანვარი პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეა. ჰო, ბლოგპოსტი დაგვიანდა, მაგრამ თემა სულ აქტუალურია. მამამ კი იცის, რომ მის შესახებ საჯაროდ ვყვები, რადგან მასაც აქვს უფლება, დაიცვას პერსონალური ისტორიები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ხაზარაძე - დაფასთან!

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...

მეტი

^