Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ სასამართლო ხელისუფლებას ვიმსახურებთ ჩვენ, ქართველი ხალხი?

08 თებერვალი 2019

დღეს ჩვენ, საზოგადოება ვაღიარებთ, რომ სასამართლო კრიზისშია. ისიც კი, ვინც ამას ხმამაღლა არ ამბობს, ასე ფიქრობს. ასე ფიქრობს თვით სასამართლოც! იგი კარგად გრძნობს საზოგადოების უნდობლობას, რომელიც მან დაკარგა და ხედავს, რომ მისი აღდგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თანამედროვე სახელმწიფოში სასამართლო სისტემა ხელისუფლების ყველა შტოს შორის, ყველაზე მეტი ნდობით უნდა სარგებლობდეს. იგი უნდა იყოს საყრდენი და იმედი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სახელმწიფო უსამართლოდ ექცევა, რომელთაც ხელისუფლება უსამართლო კანონებით სჯის.

უნდა ვენდოთ კი ისეთ სასამართლოს, რომელსაც სახელმწიფოს ყველა ქმედება, ყველა კანონი სამართლიანი ჰგონია?! რომელიც კითხვებს არ სვამს სახელმწიფოს წინააღმდეგ?! რომელიც, სამართლიანობის უგულებელყოფით, მხოლოდ სახელწიფოს მიერ დადგენილი წესების უპირობო შემსრულებელია? რომელიც არასდროს ფიქრობს ამ წესების სამართლიანობაზე? კიდევ  მრავალი კითხვა  ჩნდება... პასუხებს ჩვენ ყველა ვეძებთ. თუმცა ერთი ყველაზე უჩინარი კითხვა, რომელიც ყველგან ჩვენ ირგვლივ -  სახლში თუ გარეთ, დღისით თუ ღამით, სამშობლოში თუ უცხოეთში - არ გვასვენებს, ძილს გვიფრთხობს, სულ თან დაგვდევს, და ყველაზე გამბედავებსაც კი გვაშინებს, არის კითხვა -  ვიმსახურებთ თუ არა ჩვენ, ხალხი ისეთ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც გვყავს და მინიმუმ ორი ათეული წელი კიდევ გვეყოლება?!

ფრანგი ფილოსოფოსი და დიპლომატი ჟოზეფ დე მესტრი დაახლოებით ორი საუკუნის წინ, ამ კითხვაზე ალბათ მშვიდად და დამაჯერებლად მიპასუხებდა, რომ - თითოეულ ხალხს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც ის იმსახურებსო....  სასამართლოც ხომ ხელისუფლების ნაწილია. ეს არის ჩვენი სახე?! არის კი ჩვენი საზოგადოების ანარეკლი ის სასამართლო, რომელიც გვყავს?

ასევე საუკუნეების წინ, შარლ ლუი და მონტესკიეს მიერ შემოთავაზებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, თუ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, სახელმწიფოს განვითარებისათვის, დემოკრატიისა და სამართლიანობისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამგვარ კრიზისში ხელისუფლების სხვა, მეორე ან მესამე ნაწილი ერევა, რომელიც, ე.წ. მუხრუჭის ფუნქციითა აღჭურვილი. ეს არის სახელმწიფოს მოწყობის მარტივი მექანიზმი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, ყოველთვის არსებობს სათადარიგო ინსტიტუცია, რომ სახელმწიფო არ ჩამოინგრეს, ფუნქციონირება განაგრძოს, რათა ადამიანმა სახელმწიფოში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.

ამის კარგი მაგალითია, ამერიკის შეერთებული შტატების. სასამართლო სისტემამ წინააღმდეგობა გაუწია დონალდ ტრამპის დისკრიმინაციულ განგარგულებას, იმიგრაციის შესახებ, რომელიც მან ფიცის დადებიდან ძალიან მალე გამოსცა.  ინსტიტუციური ბალანსი ნიშნავს, სასამართლო ხელისუფლების ვალდებულებას, რომ მან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილება გამოასწოროს, და ამით შეინარჩუნოს ადამიანის უფლებათა გარანტიები და კონსტიტუციური წესრიგი სახელმწიფოში. ამიტომ არის თანამედროვე სახელმწიფოში სწორედ სასამართლო, ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხითა და საზოგადოების ნდობით უნდა გამოირჩეოდეს.

კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებდა ქართული სასამართლო იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების რომელიმე ნაწილი უსამართლოდ მოექცევა ადამიანებს, პასუხი ცალსახაა. იგი არ დაიცავს ადამიანს სახელმწიფოსგან! ამას ხომ სასამართლო დღეს პირდაპირ ამბობს! საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი კი გვეუბნება, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების მსახური იყო და არის, და არა ხალხისო! ის გვეუბნება, რომ სასამართლო ხელისუფლება ვერ უძლებდა პოლიტიკურ ზეწოლას და ეს ასეც უნდა იყოსო...

კითხვა ისევ კითხვად რჩება. ვიმსახურებთ ამგვარ სასამართლო ხელისუფლებას ჩვენ, ქართველი ხალხი?! მე ვეთანხმები ჟოზეფ დე მესტრის პასუხს ამ კითხვაზე. დიახ, მესიე დე მესტრ, თუ ჩვენ, საზოგადოებას, ხალხს, არ შეგვწევს იმის უნარი, რომ წინ აღვუდგეთ ამგვარ სასამართლო ხელისუფლებას, სწორედაც ვიმსახურებთ მას! დიახ, თუ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი შვილების თაობა დავიცვათ უვადო უსამართლობისაგან, დიახ,  სწორედაც ასეთ სასამართლო ხელისუფლებას ვიმსახურებთ ჩვენ, მუსიე დე მესტრ!

ანა ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

რეგულაცია სიცოცხლისთვის

ეძღვნება ნიკუშას, გიორგის და ბაქარს, რომლებმაც მხოლოდ ადამიანების სიყვარული მოასწრეს. ქართველებმა ყველაფერი უნორმო ვი ...
16 თებერვალი
16 თებერვალი

აიწიეთ ხელი, ვის არ გვეშინია?

მეთვრამეტე საუკუნეში, ჟან ჟაკ რუსო წერდა, რომ კაცები მოქალაქეებად და საზოგადო მოღვაწეებად, ხოლო ქალები ცოლებად და დედე ...
15 თებერვალი
15 თებერვალი

როგორ ვუშველოთ ქართულ ციხე-სიმაგრეებსა დ ...

როდესაც კულტურულ მემკვიდრეობას ვახსენებთ, პირველი ალბათ ყველას ეკლესიები გვაგონდება. სხვეტიცხოველი, ჯვარი, სიონი, გერგეთ ...

მეტი

^