Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვუშველოთ ქართულ ციხე-სიმაგრეებსა და კოშკებს

15 თებერვალი 2019

როდესაც კულტურულ მემკვიდრეობას ვახსენებთ, პირველი ალბათ ყველას ეკლესიები გვაგონდება. სხვეტიცხოველი, ჯვარი, სიონი, გერგეთი, ნიკორწმინდა; თუ კიდევ კარგად დავფიქრდებით - შემდეგ უკვე თბილისის შენობები, აივნიანი სახლები. ყველაზე ნაკლებად გვახსენდება ის ნაგებობები, რომელთა წყალობითაც არათუ პირველი ორი მემკვიდრეობა, არამედ მთელი ქვეყანაც შემოგვრჩა.

ის მემკვიდრეობა, რომელსაც ყველა დამპყრობლის ჯარი ეხეთქებოდა. მემკვიდრეობა რომელიც ილეწებოდა, ინგრეოდა, ისევ შენდებოდა, იღებდა დარტყმებს და იფარავდა ხალხს. ახლა კი ეს ნაომარი, ნაბრძოლი, ასჯერ დანგრეული და აღდგენილი მემკვიდრეობა უფუნქციოდაა მიტოვებული. მიხვდით ალბათ საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა მთასა და გორაკზე აღმართულ ციხე სიმაგრეებს, კოშკებსა და გალავნებს ვგულისხმობ.

ერთ დროს მრისხანე ბურჯები და ციხეები ახლა უფუნქციოდაა მიტოვებული და ყველა მათგანი ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება. რაც ომმა და შემოსევებმა ვერ დააკლეს, ის მშვიდობამ და უფუნქციობამ დამართა.

თელავის ბატონის ციხის, გონიოს და ნოქალაქევის გარდა, არ მახსენდება არცერთი ციხე-სიმაგრე, სადაც მუზეუმი იქნება მოწყობილი, ან რაიმე ფუნქციით იქნება დატვირთული. არადა, ციხე-სიმაგრეები, გალავნები და კოშკები ათასობითაა მთელ საქართველოში. მათზე მზრუნველობა სახელმწიფოს, უფრო ზუსტად ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს აქვს მინდობილი. სააგენტოს უამრავი ძეგლი აქვს მისახედი, სიმაგრეების გარდა. რომც მიხედოს და დროდადრო გაამაგროს ხოლმე სახელმწიფომ ჩამონგრეული გალავნები და ქონგურები, რა აზრი ექნება? ის, რომ 50-80 წლის მერე ისევ ჩამოინგრეს და ისევ გავამაგროთ? ამაში საბიუჯეტო ფული ვხარჯოთ და მერე ისევ დაველოდოთ როდის ჩამოინგრევა? მაშ სადაა გამოსავალი? როგორ შეიძლება მივხედოთ ამ საფორტიფიკაციო მემკვიდრეობას? არსებობს თუ არა ამ მემკვიდრეობის მართვისა და მენეჯმენტის მსოფლიო გამოცდილება? რა თქმა უნდა, არის უამრავი გზა, ხერხი და მოდელი. უბრალოდ ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო, სხვაგან მოქმედი მოდელების აწონ-დაწონვა და ჩვენს რეალობაზე მორგება.

მაგალითად, სულ ახლახან იტალიის მთავრობამ ტურისტული ნაკადების გადანაწილების მოტივით პროვინციებში არსებული ციხე-სიმაგრეები და კოშკები (რამდენიმე ასეული) 1 ევროდ გამოიტანა გასაყიდად. მყიდველს ევალება შენობების რეაბილიტაცია, სარეაბილიტაციო პროექტის ძეგლთა დაცვის სამსახურთან შეთანხმება, ხოლო აღნიშნული სამსახური იტოვებს დროდადრო ზედამხედველობის უფლებას, რათა მფლობელმა შენობა შეუსაბამოდ არ გადაკეთდეს.

თუ ამის გაკეთება შეუძლია იტალიას ან სხვა ევროპულ ქვეყანას, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ? ვითომ ციხე-სიმაგრეების ახალი ფუნქციებით დატვირთვა არ იქნება საინტერესო? ამის ინტერესის არსებობას ისიც კი ადასტურებს, რომ საქართველოში ძველს მიმსგავსებული «შატოების» ლამის ბუმია. ხელოვნურ, ყალბ «შატოებს» ვაშენებთ, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ათეულობით კოშკი და სიმაგრე ინგრევა!

რამე მკრეხელობა იქნება კოშკში ან ციხე-სიმაგრეში სასტუმრო, რესტორანი ან სულაც უბრალოდ საცხოვრებელი რომ განთავსდეს? დაშავდება რამე? მგონი პირიქით. ეს შენობები ახალ სულს, ახალ შინაარსს შეიძენდნენ, რაც მთავარია - გადარჩებოდნენ და კიდევ ყველა სოფელში ხალხს დაასაქმებდნენ: რეაბილიტაციაზე, აღდგენაზე, მშენებლობასა და მომსახურებაზე! დიახ ასეა: ჩვენი საამაყო და ახლა უფუნქციოდ მიგდებული საფორტიფიკაციო მემკვიდრეობა უზარმაზარი საინვესტიციო და ეკონომიკური რესურსის მატარებელია. უბრალოდ ამ რესურსს სწორად გააზრება და ამოქმედება სჭირდება. ამოქმედების შემთხვევაში კი ლამის თითოეულ სოფელში რამდენიმე ათეულს თუ არა, რამდენიმე ადამიანს მაინც დაასაქმებდა, სწორედ იმ სოფლებში, რომელთა დაცლაზეც ამდენს წუწუნებს მთელი საქართველო.

აბა წარმოიდგინეთ, რა ეშხიანი რამ იქნებოდა საქორწილო ცერემონიებისთვის ქვემო ნიჩბისის ციციშვილების უზარმაზარი ციხე-გალავანი? წარმოიდგინეთ სასტუმროდ აღდგენილი ლევან კახთა მეფის ცხრაკარას მე-16 საუკუნის სასახლე? რესტორანი ვაშლოვანის ორბელიანთა სალხინო კოშკში? რატომ არა? რატომ არ უნდა გაიცეს ნომინალურ ფასად და მკაცრი საზედამხედველო პირობებით ჩვენი ციხე-სიმაგრეები, კოშკები და გალავნები? ამ სტატიის მიზანი დისკუსიის წამოწყება და უფუნქციო საფორტიფიკაციო მემკვიდრეობისადმი ყურადღების გამოჩენაა! საგანგებოდ მაქსიმალურად პროვოკაციულად დავწერე, რომ უფრო მძაფრი მსჯელობა გამოვიწვიო, რომ ამ მსჯელობისას აზრები შევაჯეროთ და ერთ კალაპოტში მოვაქციოთ. ერთად მივიდეთ საერთო დასკვნამდე, როგორ ვუშველოთ ქართულ სიმაგრეებსა და ციხე-კოშკებს! დიდი ხანია, მათი დარდი მადარდებს და ამიტომ ვწერ და ამიტომაც მინდა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^