Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში მარი ჯაშმა

01 მარტი 2019

ორი დღის წინ მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა.

როგორც ყოველთვის, ქართული ფეისბუქ საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად, ჯაშის დამცველებად და ჯაშის მოწინააღმდეგეებად. სახალხო დამცველის ჩათვლით, ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა ეს განცხადება და დამატებითი განმარტებები მოითხოვა ჯაშისგან. დიდი ალბათობით, ახლა ჯაშიც არ არის მთლად კმაყოფილი იმით რაც თქვა.

ალბათ, იგი ამ დღეებში შეეცდება თავი აარიდოს მედიას და დაელოდოს სანამ საზოგადოებას გადაავიწყდება მისი ნათქვამი. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ასეც მოხდება. ყველა დაუბრუნდება საკუთარ რუტინას და ჯაშის ეს განცხადებაც აღარ იქნება აქტუალური. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო, რომ დავსვათ კითხვა:

  • იყო ჯაშის ეს განცხადება მისი პირადი აზრი, რომელიც როგორც პროგრესულმა ფეისბუქ საზოგადოებამ „გავაჩუმეთ“ და აღვკვეთეთ უკუნითი უკუნისამდე? ვასწავლეთ მას ჭკუა, რომ მისი ეს შედარება იყო როგორც მინიმუმ უადგილო და მიუღებელი?
  • თუ იყო ჯაშის ეს განცხადება საზოგადოებაში ისტორიულად და კულტურულად ღრმად გამჯდარი რეალური პრობლემა, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ არის ქართველი? ვის იცავს ქართული სახელწიფო? და ვის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ ქართული სახელწიფოს საჭეთმყრობელნი და მესვეურები?

ვაღიარებ, რომ ჩემი პირველადი რეაქციაც იყო ჯაშისგან ბოდიშის მოთხოვნა. ფაქტია, რომ მან თქვა ცუდი რამ და უნდა გამოასწოროს ეს.

მან ბოდიში უნდა მოიხადოს გადასახადების გადამხდელ მოსახლეობის კონკრეტული ნაწილის წინაშე, რომლებიც მან „გააუცხოვა“ და საერთაშორისო ვაჭრობის საგანი გახადა. თითქოსდა ლოგიკის მარტივი ხაზია: რამე დააშავა ადამიანმა, ბოდიში უნდა მოიხადოს. მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდეთ, მთავარი კითხვა არის შემდეგი:

  • რამე შეიცვლება იმით, თუ ჯაში ბოდიშს მოიხდის?

ამ კითხვაზე, მე მაქვს ცალსახა პასუხი. არაფერი. ჯაშის ბოდიში დიდი ალბათობით მისი, როგორც პოლიტიკოსის სახის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. მაგრამ სამწუხაროდ, ბოდიშიც რომ მოიხადოს არაფერი შეიცვლება.

იმიტომ, რომ ჯაშის ნათქვამს საფუძვლად უდევს დღევანდელი ქართული სახელწიფოს, ეკლესიის, პოლიტიკოსების, აკადემიკოსების, არასამთავრობო სექტორის, ჟურნალისტების, ბიზნესმენების, მუშათა კლასის, უმუშევრების, დიასახლისების, ბებოების და ბაბუების, ახალგაზრდების და ბავშვების მიერ ქართველობის თანამედროვე აღქმა. და ამ აღქმაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი არაფერს ნიშნავს. ქართველობა არის ეთნიკური ქართველობა. ხოლო ქართველობის ამ დეფინიციის მიხედვით, საქართველოს სახელწიფოს უპირველესი საზრუნავი არის ეთნიკური ქართული კულტურის გადარჩენა და დაცვა.

და თუ თანამედროვე ქართული სახელწიფოს მთავარი მიზანი არის ეთნიკურად ქართველობის და ქარული კულტურის გადარჩენა, მაშინ რა თქვა ჯაშმა არასწორი? სინამდვილეში ჯაშის ნათქვამი მისი პატიოსანი გულისტკივილი იყო. მისი აზრით და ქართული სახელმწიფოს თანამედროვე გაგებით, ჯაშს ცუდი არაფერი უთქვამს.

შედეგად, მინდა მივმართო ჯაშს, რომ მას არ სჭირდება დამალვა მედიისგან. მას არ სჭირდება ბოდიშის მოხდა. არც ცუდად უნდა იგრძნოს იმის გამო რაც თქვა. პირიქით, მან თქვა, რასაც რეალურად ფიქრობდა და არ მოიქცა ფარისევლად. უფრო მეტიც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას მისი პატიოსნების გამო.

ან ვიმუშავოთ, რომ შევცვალოთ ქართველობის თანამედროვე გაგება, სადაც საქართველოს მთავარი საზრუნავი იქნება მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^