Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პლანეტების აღლუმი

06 მარტი 2019

ჰოდა, ერთ არამშვენიერ საპარლამენტო დღეს ჰოროსკოპით გამოთვლილ სწორ დროს შეარჩევ, ცოტა გაბრაზდები კიდეც და ხმასაც აუწევ... მერე სხვებისთვის მოულოდნელად კარს გამოიჯახუნებ და წამოხვალ!  ძალიანაც არა; ოდნავ ფრთხილად, მაგრამ  მედიისთვის გამოჯახუნების ხმაც და შენი საჯარო გაოგნებაც მკვეთრი და დასამახსოვრებელი იქნება -

„ვაიმეთ, ხალხოთ, თურმეთ!“

წამოხვალ და თან გაიფიქრებ, რა იცი, რა დროს დაგჭირდეს უკან მიბრუნება. მაინც თანამებრძოლები იყავით და გენანება ოდესღაც ერთ სულ და ერთ ხორც შეკრებილთა მიტოვება დიდი საბრძოლო ქარტეხილების შემდეგ.

მერედა ოპოზიციური ბრძოლებისთვის რა მდიდარი და შინაარსიანი დრო იყო მაშინ - მღელვარე  და შინაარსით სავსე მიტინგები, რკინის გალიები ცუდი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი პოეტური შიგთავსით, კოალიციურ-კოლექტიური გადაფსმები ღამის რუსთაველზე! დიდი გუბაზი და პატარა კუკავა, რესპუბლიკელთა პათოსი, ძმები „გრეჩიხების“ თავგანწირული სულისკვეთება, მებრძოლი ეკას კოლორატული „ხალხოოო!“ ზედა რეგისტრში, ორიგინალური რეჩიტატივი - „ძიალოგიო“, უკვე ყოფილი საგარეო მინისტრის შესრულებით და ოპოზიციურ სამშვიდობოს გადმოსული „რკინის ნინოს“ საჯაროდ დაყენებული გულმხურვალება. მოგვიანებთ ტელევიზიასთან შესრულებული „ბელა ჩაო“ და კაპოტებზე განფენილი  სტიქიური როკვა სისიხლიანი ცხრა წლის საპირწონედ!

ყველაფერს უბრალოდ, ვერც გაიხსენებ, დანარჩენისთვის კი „მასტერკარდი“ არსებობს, რომელზეც უკვე წლებია აკურატულად გერიცხებოდა და გერიცხება მცირე ხელის ჭუჭყი - ოთხნიშნა ციფრიანი ხელფასი, დამსახურებული შრომისა და სანიმუშო წარსულისთვის. რასაც ერთი იმდენი დანამატი თუ პრემია ემატებოდა და სადღაც საშობაოდ, ცოლ-შვილით დატვირთული მილანში თუ პარიზში საშოპინგოდ მშვიდად დადიოდი. ოდნავ უფერული ვიზიტები და მივლინებები პაჭა-პუჭა ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში ხომ გასახსენებლად არც ღირს.

არადა, თითქოს ისევ კარგად დაეწყო ყველაფერი, ახლახან საპრეზიდენტო არჩევნები როგორც იქნა გადააგორეთ. ის განდევნილი, გიჟმაჟი და ჭკუამხიარული გველეშაპიც კოხტად აქციეთ აპოკალიფსის მაუწყებელ შურდულად თუ რაკეტად და თან აქაურის, შინ და შიშნაზარდის, სტაფილოსფერი გველეშაპის გულიც 2020 წლამდე მოიგეთ. მაგრამ თანამერბრძოლთა ეს მატრაკვეცობა თუ უდროოდ ატეხილი თამაში - გვინდა პატიოსანი მოსამართლეები! - ზედმეტად ძვირ სიამოვნებად დაგიჯდათ.

და ახლა ფიქრობ, ღირდა წამოსვლა და თუ ისევ შიგნით, „მამის საშოში“ სჯობდა? რადგან მოახლოებულია მერამდენეღაც მეორედ მოსვლის ჟამი, როცა უკვე ქოცები განაცდნენ და ნაცები განქოცდნენ.

ყველაფრით დაღლილს ახლა ეკაც, გედიც და თვით ადაც სინამდვილეში, ფეხებზე გკიდია, რადგან უსაგნო აყალ-მაყალი მოგბეზრდა და უბრალოდ, სიმშვიდე გინდა. სამზარეულო, მაცივარში ჩაწყობილი „ბუდვაიზერი“ ხუთოთახიან  “m კვადრატის” ბინაში, რომელიც იმ მცირე ხელის ჭუჭყით უკვე ქათქათა ევრორემონტით შემოსე. ხალათმოსხმულსა და ოდნავ მელანქოლიურს, ალბათ „იუვეს“ თამაშების ნახვა თუ დაგამშვიდებს, მაგრამ სტაფილოსფერი გველეშაპის აჩრდილი მოსვენებას მაინც არ გაძლევს. საკმარისია ერთხელ, სადღაც არასაჭირო დროსა და ალაგს გამოგიძახოს, რომ შენი საქმე ცუდად იქნება. ამიტომ მთლად მშვიდად ვერ იქნები, რაღაც აუცილებლად უნდა მოიფიქრო...

მსუბუქ რეფლექსიაში გადავარდნილ-გარინდებული ფანჯარასთან მიდიხარ და მთაწმინდის დარჩენილ ხედს გასცქერი. ფანჯარას გამოაღებ, ქარი დაუბერავს და გაიხსენებ სახლში დაბრუნებული, რა სუფთა სინდისით შეეგებე გაზაფხულის ამ დღის დადგომას. მეზობლებიც რა სხვანაირად მოგესალმნენ, როცა ძაღლს ასეირნებდი და საერთოდ, ფაქიზად იგრძენი რომ ცხოვრება მშვენიერია.

არადა, მჩხიბავი ცაგარელის გულში მაინც გჯერა და ფიქრობ, რომ 2020 წელს, როცა პლანეტების აღლუმი ისევ დადგება, შენი ადგილი ახლავე მონიშნო და დაჯავშნო. დიდსა და მრისხანე პლანეტებზე არა, რადგან იქ ადგილი აღარ იქნება და, გარდა ამისა, შენი აღარ სჯერათ. ისევ პატარა კომეტა ან მეტეორიტი გირჩევნია, სადაც რაგინდარა გველეშაპებს არც მადა ექნებათ და არც სურვილი რომ მოგწვდნენ და სადაც შენნაირად გამოცალკავებულ-გამოკრისტალებულთათვის ცალკე, პატარა დასაკვირვებელი მეტეო-სადგური აშენდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^