Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერესის ობიექტი

07 მარტი 2019


დაახლოებით ღამის 11 საათია. ტიპური დღეა, უნივერსიტეტისგან დაღლილ-დაქანცული ვზივარ მეტროს ვაგონში. მზად ვარ კიდევ ერთი გადაჯდომისთვის, იმ იმედით, რომ სახლში მალე ვიქნები და ასევე, მალე დავიძინებ.

ერთი ჩვეულებრივი დღეა. ისეთი, როგორსაც ყოველთვის შეხვდებით მეტროში. მაგრამ… უცებ… ვგრძნობ დაჟინებულ მზერას ჩემკენ… გავიხედე, ახალგაზრდა ბიჭი მომჩერებოდა. შევიშმუშნე, სახე გავიმკაცრე, თუმცა გავიფიქრე, ისეთი არაფერია, ასეთი ფაქტები ხომ ხშირია… დავივიწყე ეს ვითარება…

საბურთალოს ხაზის დროც მოვიდა…

უცებ, წინ გავიხედე… კვლავ ის მზერა… ჩემი ქმედებები იგივე - შევიშმუშნე, სახე გავიმკაცრე… დავივიწყე.

აი, მოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტის დროც. ვდგავარ ექსკალატორზე და ვიცი, რომ სახლში მალე ვიქნები. ბედნიერი ვარ. უცებ გვერდით ვიხედები (მოგეხსენებათ ექსკალატორთან ერთად კიბეებიც აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროს)… ისევ ის მზერა… თუმცა ჩემი განსხვავებული მდგომარეობა. აღელვებული…შეშინებული…

სწრაფად დავიწყე მოძრაობა. მივდივარ ჩქარი ნაბიჯებით, უკან არ ვიყურები. მეშინია. გზაზე გამოვედი, ძალიან ცოტა ხალხია. უფრო მეშინია. მივდივარ წინ, უკან გახედვას არ ვცდილობ. და ვგრძნობ, ვიღაც მიახლოვდება. რა მოვიმოქმედო? ვიკივლო? ხალხს დავუძახო, თუმცა ირგვლივ ხომ არავინაა? პოლიციაში ხომ არ დავრეკო? მაქვს თუ არა რაიმე ნივთი ჩანთაში, თავი რომ დავიცვა?

წინ გადამიდგა ახალგაზრდა, სიტყვებით: „ერთმანეთი ხომ არ გაგვეცნო?“ ძალიან მედგრად დავდექი… მოვიშორე… თუმცა თუ მკითხავთ - „როგორ?“ - ამაზე პასუხი არ მაქვს.

3-წუთიანი გზა - მეტროდან ჩემს სახლამდე 3 საუკუნედ მექცა… სახლში ვარ, თითქოს დავმშვიდდი… მაგრამ არა…. ისევ მეშინია…

კიდევ ერთი ჩვეულებრივი, ახლა უკვე მზიანი დღე. ყაზბეგის ქუჩაზე მივსეირნობ. უცებ წინ შუახნის მამაკაცი დავინახე, აშკარად რაღაცის კითხვა უნდოდა. მე, რა თქმა უნდა, მოვუსმინე. ჰოი, საოცრება… მის მოსწავლეს მივემსგავსებინე.

მთელი ყაზბეგის ქუჩა ეს ადამიანი გვერდით მომყვებოდა, ათასი კითხვით, რეპლიკითა და თხოვნით. ვიფიქრე, პოლიციისთვის შემეტყობინებინა, მაგრამ ეს ადამიანი აშკარად არ გამოხატავდა რაღაც ამორალურს ჩემ მიმართ, არ დავურეკე პოლიციას… ეს იყო ქმედება, რომელსაც დღეს ძალიან ვნანობ.

კვლავ მეტროში ვარ… საღამოს 8 საათია. უამრავი ადამიანი, პიკის საათი. ერთმანეთზე მიმწყვდეულნი ვაგონში ძლივს ვდგავართ… რაღაც უცნაურ შეხებას ვგრძნობ, თუმცა ვიფიქრე, ამდენი ხალხია და ნორმალური მოვლენაა, ვიღაცა ვიღაცას შეეჯახება და ასე შემდგომ. ეს ხომ ბუნებრივია ამდენ ხალხში… თუმცა კვლავ ვიგრძენი ეს შეხება, უკვე შევიშმუშნე, უკან გავიხედე… ჩემზე აშკარად ძალიან უფროსი მამაკაცი დავინახე. გვერდით გავიწიე, ეს ადამიანიც გამომყვა… რა გავაკეთო? საჯაროდ დავადანაშაულო? დამიჭერს კი ვინმე მხარს? რომ მეჩვენებოდეს? თუმცა არა… არანაირად. ადამიანებმა მატყუარად რომ შემრაცხონ, შემდეგ რა გავაკეთო? და მსგავსი უამრვი კითხვა…

მოვიდა გაჩერება… ჩამოვედი.. არაფერი ვთქვი. კვლავ გავჩუმდი.

დიახ, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ შემთხვევებისა, რომლებსაც ჩვენ, ქალები ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში ძალიან ხშირად ვხვდებით. როგორია ჩვენი რეაქცია? როგორც ზემოხსენებულმა შემთხვევებმა ცხადყო, ვდუმდებით

ამ ყოველივემ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გარდამტეხი გავლენა იქონია. მეშინოდა ღამე ქუჩაში გასვლა. უარი ვთქვი მეტროთი მგზავრობაზე… ასევე, ყოველთვის ვერიდებოდი გამომწვევად ჩაცმას, ხალხი ხომ არ უნდა გამომეწვია? ვიყიდე წიწაკის სპრეი, თავი უფრო დაცულად რომ მეგრძნო. თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ყოველი ამგვარი თავის დაცვის მცდელობა იქნებოდა სრულიად უუნარო და უნაყოფო, სანამ შინაგან თავისუფლებას არ ვიგრძნობდი.

ალბათ, იკითხავთ რა არის დუმილის მიზეზი? რამ გამოიწვია ჩვენი ასეთი პასიური დამოკიდებულება? მიზეზი, ვფიქრობ, ერთია - ჩვენ შეგვეშინდა თქვენი რეაქციის. სწორედ იმის, რომ ჩვენ არათუ მსხვერპლნი, არამედ დამნაშავეები ვიქნებოდით. თქვენთვის ხომ მთავარია - „ხალხი რას იტყვის“ და არა მსხვერპლის მდგომარეობის გაანალიზება და გათვალისწინება?

მე დიდი ხნის წინ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. საუბარი თუნდაც facebook-ის საშუალებით, თუმცა შემდგომ ბათუმში მყოფი ჩემი ოჯახი წარმოვიდგინე - დედაჩემი, ბებია, ჩემი ახლობელი ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეძრწუნდებოდნენ და ინერვიულებდნენ ამ ამბის გამო… თუმცა …

მე არ ვაპირებ გაჩუმებას. და იმასაც ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე ხმა არ ამოვიღე…

მინდა ვიყო უკანასკნელი, ვინც ამ თემაზე გაჩუმება ამჯობინა...

რა ხდება დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი კუთხით? კანონი გამკაცრდა, თუმცა რაც არ უნდა მკაცრი იყოს აღნიშნული რეგულაცია, თუ ჩვენ, მსხვერპლნი ყოველი კონკრეტული შემთხვევისას ხმას არ ამოვიღებთ, დამეთანხმებით, მხოლოდ და მხოლოდ ფიქციური ხასიათი და დატვირთვა ექნება მის არსებობას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^