Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენადაა დამფუძნებელი კრება პარლამენტარიზმის ისტორიის ნაწილი

12 მარტი 2019

ზუსტად 100 წლის წინ, 2019 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრება გაიხსნა.  „ქართული პარლამენტარიზმის ასი წელი“ - ასე დაარქვა საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც დღევანდელი დღის აღსანიშნავად იმართება.

ეს ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს დამფუძნებელი კრება ჩვენი ქვეყნის პირველი პარლამენტია. ეს მცდარი პერსპექტივა ორმაგ შეცდომას ეფუძნება: პირველი - დამფუძნებელი კრება პარლამენტი არ არის; და მეორე - ის არც პირველი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც ჩვენში უარსებია.

მეორე შეცდომა საქართველოს ისტორიის ამავე პერიოდში აშკარავდება. საქმე ის არის, რომ დამფუძნებელ კრებამდე არსებობდა სხვა წარმომადგენლობითი ორგანო: ეროვნული საბჭო. მან 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მეტიც მას ამავე წლის 8 ოქტომბერს პარლამენტიც ეწოდა.

შესაძლოა მისი ამ სტატუსის საწინააღმდეგოდ გარკვეული არგუმენტები არსებობდეს, მაგრამ გაუგებარია რატომ არ მუშაობს იგივე არგუმენტები დამფუძნებელ კრებასთან მიმართებით, მით უმეტეს, რომ მას უმალ დამფუძნებელ კრებას წაუყენებენ, ვიდრე ეროვნულ საბჭოს. ე.ი. თუ დღევანდელი პარლამენტი, რომელიმე ორგანოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ჩასართველად წარმომადგენლობითობის კრიტერიუმს იყენებს, მაშინ ეროვნული საბჭო წინ უსწრებს დამფუძნებელ კრებას და ათვლა სულ ცოტა აქედან უნდა დაიწყოს, და თუ კრიტერიუმი თეორიულია, მაშინ დამფუძნებელი კრება მას ვერ აკმაყოფილებს.

ამგვარად, მივადექით პირველ საკითხს: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დამფუძნებელი კრება და პარლამენტი შეუიარაღებელი თვალით მსგავს ორგანოებად მოჩანდეს, სინამდვილეში ეს ასე არ არის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას ასე არც მაშინდელი ლიდერები ხედავდნენ. მაგალითად, შემონახულია ნოე ჟორდანიას გამოსვლა, რომელიც მან დამფუძნებელი კრების პირველ სხდომამდე ორი კვირით ადრე, 1919 წლის 27 თებერვალს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების გაერთიანებულ კრებაზე წაიკითხა.[1] მისი სიტყვის მთავარი მიზანი სწორედ დამფუძნებელი კრების ფუნქციისა და ძალაუფლების ანალიზია. გამოცდილებასა და თეორიულ წინამძღვრებზე დაყრდნობით, სწორედ აქ ჩამოაყალიბა მან ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც წარმომადგენლობითი ორგანოს ამ ორ ფორმას ერთმანეთისგან განასხვავებს. წინამდებარე ტექსტში მოყვანილი არგუმენტები სრულად ეფუძნება ამ გამოსვლას.

დამფუძნებელ კრებასა და პარლამენტს შორის განსხვავების ერთი ნიშანი ძალაუფლების შეზღუდვაა. პარლამენტი კონსტიტუციის შედეგია და მას ზღუდავს უზენაესი კანონის მიერ მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ჩარჩო, მაშინ, როცა დამფუძნებელი კრების პირობებში ამგვარი შემზღუდავი მექანიზმი არ უნდა არსებობდეს. იგი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებაში.

პარლამენტისგან განსხვავებით დამფუძნებელი კრება უშუალოდ თვითონ მართავს. მართვის ინსტრუმენტად გამოიყენება დეკრეტები. ამ კონტექსტში დეკრეტი კანონისგან იმით განსხვდება, რომ კანონი მომავლისკენაა მიმართული, დეკრეტი კი აწმყოში წარმოშობილ პრობლემებს გადაჭრის. ის არა სამართლებრივი (ე.ი. კონსტიტუციური სტანდარტებით შებოჭილი), არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა (ანუ ყოველგვარი კონსტიტუციური მოთხოვნებისგან თავისუფალი). დეკრეტი, როგორც, მმართველობის რუტინული პრაქტიკა და იარაღი უცხოა პარლამენტისთვის.

აქ მივედით კიდევ ერთ საკითხთან, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას ეხება. დამფუძნებელი კრების პირობებში არ არსებობს ხელისუფლების დანაწილება, ისე როგორც ეს პარლამენტარიზმს ესმის. მას ხელთ უპყრია არა მხოლოდ დამფუძნებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, არამედ აღმასრულებელი და საკანონმდებლოც.

სამინისტროებიც კი, რომლებიც ამ პერიოდში არსებობს, საქმიანობის მხრივ არ უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული წარმომადგენლობითი ორგანოსგან. დამფუძნებელ კრებას უნდა შეეძლოს ჩაერიოს აღსრულების საქმეებში, არამხოლოდ პოლიტიკის განსაზღვრის, არამედ ოპერაციულ დონეზე.

ამავდროულად დამფუძნებელი კრება შეიძლება იყოს უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების მატარებელი.

ბოლოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ნოე ჟორდანია წერს: „ხალხს და დამფუძნებელ კრებას შორის არ არის სამინისტრო, როგორც ეს პარლამენტარულ რეჟიმშია; ის მთელი თავისი საქმიანობით პირდაპირ ეკავშირება ხალხს“.

სამწუხაროდ, პირველ რესპუბლიკას წყევლად დაჰყვა მისი ფენომენის მარტივი აღქმა. ეს მაშინ, როცა ამ მოვლენას ბევრი ნიუანსი აქვს, რომლებიც თეორიულ დამუშავებას მოითხოვს და არა რევანშისტული კრიტიკის კოპირებას ან ანგარიშმიუცემელ ხოტბას. ამისთვის, უპირველესად მაშინდელი კონტექსტის გამოკვლევაა საჭირო, რომელიც არამხოლოდ ფაქტობრივ ვითარებას გაითვალისწინებს, არამედ მაშინდელი აზროვნების თეორიულ საფუძვლებსაც გამოკვეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ მარტივ შეცდომებს დავუშვებთ, როგორც ახლა და როგორიც აქამდეც ბევრი დაგვიშვია. მაგრამ დღეს ანალიტიკური ძალისხმევის გაწევისკენ მოწოდება საზეიმო განწყობაში იკარგება, ხვალ კი ამ ზეიმის მიზეზს ისევე მარტივად დაივიწყებენ, როგორც ზედაპირულად გაიხსენეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^