Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"საძულველი ჩვენი" - ანუ დევნილების დაუსრულებელი ბრძოლა

04 აპრილი 2019

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ისნის რაიონში მდებარე „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი შენობა 1993 წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა დევნილებმა დაიკავეს, რომლებიც 26 წელია, სახელმწიფოსგან თავშესაფარს ელოდებიან.

სანამ პოლიცია კომპანიის კერძო საკუთრებას უფრთხილდებოდა და დევნილებს „მათივე უსაფრთხოების გამო“ ბლოკადაში ამყოფებდა,  სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებებებს აწარმოებდნენ, რომ მათ დაკავებული შენობები დაეტოვებინათ.

აღნიშნულის პარალელურად კი, იმის ნაცვლად, რომ „დირსის“ კომპლექსში მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა დევნილების ყოფას იაზრებდეს, მათი უფლებების დაცვისთვის იბრძოდეს და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მოთხოვნით სახელმწიფოს უპირისპირდებოდეს, დევნილების წინააღმდეგ აწყობს საპროტესტო აქციას. მეტიც, „დირსის“ კორპუსის მცხოვრებთა მეტყველებაში დევნილების დეჰუმანიზების მცდელობაც შეიმჩნევა. კერძო მესაკუთრეები მათთვის თითქოსდა კრიტიკულ შეკითხვებს სვამენ: „საიდან მოვიდა ეს ხალხი, რა უნდათ?!“, „გაზონებზე დადიან“, „ღამით ეზოში ჩასვლა გვეშინია “, "საშიში არიან", "მანქანებს ვერ ვტოვებთ, გაგვიქურდავენ"...

„დირსის“ ბინების მესაკუთრეების მხრიდან ამგვარი განცხადებები განზრახ თუ არა, უნებლიეთ მაინც უწყობს ხელს დევნილებზე იმგვარი აზრის ჩამოყალიბებას, თითქოს ისინი კრიმინალები, არაცივილურები და საშიში იყვნენ, და რაც მთავარია, ახდენს მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დელეგიტიმაციას საზოგადოებისა და სახელმწიფოს თვალში. ამრიგად, თუ ემპირიულად არა, თეორიულად მაინც შეგვიძლია გამოვთქვათ ლეგიტიმური ეჭვი, რომ დევნილები საქართველოს ცენტრში მცხოვრებთათვის აღიქმება, როგორც „საძულველი სხვა“, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მის პირად კომფორტს არღვევს და მის კერძო საკუთრებაში „იჭრება“. ამაზე დაქირავებული მუშების მიერ დევნილთა გარშემო აშენებული მეტალის ღობეც მეტყველებს.

ეს სიძულვილი არახალია, მისით წლებია დაავადებულია ქართული საზოგადოების ნაწილი და ზოგჯერ სხვადასხვა კონტექსტში ამოტივტივდება ხოლმე. ყველას გვახსოვს ნარატივი - როგორ "შემოესია" თბილისს დევნილების რამდენიმე ტალღა თავის დროზე. „შეგვჭამეს ჩამოთრეულებმა“, „ლტოლვილია, მაგრამ რა ეტყობა“ -  ეს ის სიტყვებია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება მათ, ვინც თავშესაფრის დაკარგვით გაოგნებულებსა და ენაწართმეულებს ცენტრში მცხოვრებთა სიბრალულნარევი ზიზღისთვისაც უნდა გაგვეძლო. ამაში ვერც აფხაზებს და ვერც ოსებს ვერ დავადანაშაულებთ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება დევნილების მიმართ იმთავითვე ორად გაიყო - სიბრალულად ან სიძულვილად. ვინაიდან სიბრალულთან შედარებით სიძულვილი უფრო გულწრფელი განცდაა, გულწრფელი მადლობა თქვენ ამისთვის. თუმცა ქართული საზოგადოების ამ ნაწილისთვის კითხვა მაინც რჩება. რატომ შეიძლება ასე სძულდეთ „ადგილობრივებს“ დევნილები?

იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ ყველა იმ ომის სახე ვართ, რომელშიც საქართველო დამარცხდა? ჩვენ ვერ გესაუბრებით თქვენს დიად გამარჯვებებზე? ჩვენ ხომ არ ვართ თქვენთვის ის გმირები, რომლებზეც იმღერებთ, დაწერთ წიგნებს, თქვენს ფსევდოპატრიოტულ სულისკვეთებას დააშენებთ, რომლითაც აღზრდით მომავალ თაობებს და მოუყვებით იმ ომების შესახებ, რომლებიც თქვენ არ გამოგიცდიათ. ჩვენ ხომ ისინი ვართ, ვინც სოხუმიდან და ცხინვალიდან შორს მყოფი ცენტრის ცხოვრებაში დისონანსი შემოვიტანეთ და ფსევდომშვიდობა დაგირღვიეთ.

სიძულვილი ნაწილობრივ გაქრა მხოლოდ მათ მიმართ, ვინც „გაძლიერდა“ , საკუთარი შრომით შეიძინა კერძო საკუთრება, რითიც  „უსაფრთხო“ მოქალაქედ იქცა და „დევნილობის“, როგორც რაღაც ცალსახად უარყოფითისა და „შეჭრილის“ იარლიყი მოიცილა. დანარჩენებმა, ვინც ვერ შევაღწიეთ კაპიტალისტური შრომის სისტემაში, ვინც კვლავ სახელმწიფოზე „დამოკიდებულების“ სტიგმას ვებრძვით, ვინც ვბედავთ და სახელმწიფოს ვთხოვთ პასუხისმგებლობის ბოლომდე შესრულებას, ერთადერთი ფუნქცია რაც შეგვრჩა, ეს არის ვიყოთ პოლიტიკური იარაღი, რომ დასავლეთის წინაშე კიდევ ერთ ცრემლი გადმოაგდოთ ჩვენ გამო და მთავარ მაგისტრალზე მიმავალ უცხოელებს ფანჯრიდან დაანახოთ, თურმე - როგორ განიცდით რუსულ ოკუპაციას, დევნილების პრობლემებს და ჩაჩაჩულ ანტიოკუპაციურ წინდას სხვების დასანახად გაისწორებთ.

ჩვენ აღარ გვჯერა მითიური „დაბრუნებების“. ჩვენი ომი არ დამთავრებულა არც 90-იანებში და არც 2008  წელს. დევნილების ბრძოლა გაგრძელდა როცა აქ ჩამოვედით, ღირსეული საცხოვრებელი პირობებისთვის, დასაქმებისთვის და ბოლოს - არსებობისთვის, რომლითაც თურმე ასე გაწუხებთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ქართულ საზოგადოებაში დაბრუნებაა, რომელიც არასდროს მომხდარა და შეიძლება ისეთივე უტოპისტურია, როგორც თავად სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნება, აღნიშნული კი ორმაგ უარყოფაში დარჩენილ "უსამშობლო" დევნილებს უსასრულო მოხეტიალობისთვის სწირავს იმ "სამშობლოს" ძიებაში, რომელიც მათი და მათთვის არასდროს იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივნისი
19 ივნისი

იგი წავა და სხვა მოვა...

ბავშვობაში თუ ვინმე ფერს კარგავდა, სუნთქვა უჭირდა და სიკვდილის ჩაბღაუჭებულ კლანჭებს გრძნობდა, აუცილებლად რუსეთში გააქანე ...
17 ივნისი
17 ივნისი

რატომ გვეხება ღირსების მარში ყველას?

ფოტო: ვახო ქარელი 14 ივნისს სამსახურიდან გამოსვლის წინ ფეისბუქზე ინფორმაცია ვნახე, ფრაიდის გუნდი აქციას მართავდა კ ...
14 ივნისი
14 ივნისი

ინტერნეტში მკვლელი დადის და მას კიბერბულ ...

შარშან ზაფხულს ჩვენი სმარტფონების ეკრანებს 16 წლის გოგონას ფოტო მიეხატა.    გოგონამ თავი მოიკლა მის მიმა ...

მეტი

^