Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერ ქალებს ესროლეთ და მერე...

11 აპრილი 2019

გამოხდა ჟამი და ოცდახუთმა ზომიერად ნაკვებმა, ზომაზე ოდნავ გაპრანჭულმა, ფიტნესგამოვლილმა, კარგად ჩაცმულ-დავარცხნილმა და კორექციით გაკეთილშობილებულმა ვაჟკაცმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ახალი მუსიკალური კლიპი შეგვახსენა. არადა, ჯემალ სეფიაშვილის სიმღერამ, რომელიც მორის ფოცხიშვილის ტექსტზე უშუალოდ 1989 წლის აპრილში მომხდარი ტრაგედიის დღეებში დაიწერა, მაშინდელი საზოგადოების კონსოლიდაცია ნამდვილად მოახდინა. 

კარგად მახსოვს, იმდროინდელი კლიპის ჩანაწერს ტელევიზია დღე და ღამე უჩვენებდა. ცხადია, ეს მომხდარის უშუალო, ძალიან გულწრფელ და ემოციურ გამოძახილს უფრო ჰგავდა. ისიც მესმის, რომ ქართული ესტრადის შესახებ მითები მაშინ ჯერ კიდევ შეურყვნელი იყო და, შესაბამისად, ნანი ბრეგვაძის, ნანული აბესაძის, ირმა სოხაძის, რობერტ ბარძიმაშვილის, გოგი დოლიძის, თამრიკო გვერდწითელისა და კიდევ ბევრ სხვათა ნამღერიდან რაღაცნაირი, მადლისმაგვარი გადმოდიოდა, რაც მაშინდელი საზოგადოების განწყობასაც და ესთეტიკასაც კარგად ერგებოდა.

არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ თავად სიმღერის შესრულების ხარისხი, ტექსტის გააზრება, მომღერალთა მრავალფეროვანი შემადგენლობა და, რაც მთავარია, გულწრფელობა ზუსტად გადმოსცემდა მომხდარი ტრაგედიის განწყობას.

30 წლის შემდეგ, როცა ურიცხვი დრამატული პოლიტიკური მოვლენა გადავიტანეთ, ისე, რომ თავად 9 აპრილის ტრაგედია იქცა შორეულ ისტორიულ წერტილად, მითოლოგიად თუ „მეხსიერების ადგილად“, ძნელია იმავე სიმღერით და კორექტირებული ტექსტით იმავე ემოციის აღდენა-რესტავრაცია. მით უმეტეს, როცა ეს თავად კომპოზიტორის სრულიად გაუაზრებელი და გაუგებარი კონცეფციითაა ახსნილი: „მე ვიცი, რომ ოჯახის ბურჯი არის მამაკაცი, სიძლიერე არის მამაკაცი და ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი“...

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ  ახალგაზრდა თაობის მამაკაც მომღერალებს ამგვარი სტრიქონების სიმღერა უწევთ - „თქვენს ღამის სიზმრებში ვიჭრები“ ან „ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი“ - გასაგები გახდება ამ გაუაზრებელი და სექსისტური განწყობის მნიშვნელობა.

ახალი კლიპი ზუსტად და მკაფიოდ ასახავს დროს, რომელშიც ისინი მღერიან, უფრო სწორად კაცების ტრანფორმაციას ჩვენს ეპოქაში. როგორც წესი, მათი დიდი ნაწილი „ტკბილ ცხოვრებასა“ და „მოღვაწეობას“ სწორედ ქალების სიყვარულით, მხარდაჭერით ან წახალისებით აღწევს. ამდენად, კაცურ-კოლექტიური ნარცისიზმით შეკმაზული ეს ექვსწუთიანი კლიპი, რომელიც ხან პუბლიკის წინაშე პრანჭიაობას ჰგავს, ხან არაცნობიერ სინანულს ქალების მიმართ და ხანაც სიმღერით ნათქვამ სადღეგრძელოებს, სხვა არაფერია, თუ არა ირაციონალური შფოთვა დაკარგული კაცური „მეობის“ გამო.

ვერ ვხდები და არ მესმის, რაში სჭირდებათ კარგ მომღერლებს - მაგალითად, რატი დურგლიშვილს, აჩიკო ნიჟარაძეს, ოთო ნემსაძეს ან გიორგი სუხიტაშვილს ამგვარ სიყალბეში მონაწილეობა? ან ეს მანჭვა-გრეხვა და პოზები რა საჭიროა ისედაც ყველაფრის გაყალბების მზაობაში მყოფი კამერის წინაშე? რას ნიშნავს ეს ვითომ დრამატული და შეწუხებული ან პირიქით - სარკის წინ ნასწავლი დაჭიმული და დაძაბული სახეების დემონსტრაცია?

კარგად შეწყობილი ხმების მიუხედავად („შევუწყოთ ერთმანეთს ხმები...“), თვალში საცემია ის ემოციური სიცარიელეც, რომელიც მათ სიმღერაში იგრძნობა... და ეს გასაგებია, რადგან თითქმის არც ერთ მათგანს არანაირი შინაგანი და ემოციური ბმა არ გააჩნია 9 აპრილის მიმართ, რომელიც ასე კარგად და ზუსტად იგრძნობოდა ძველ კლიპში.

სინამდვილეში, „სამშობლოს დამცველების“ ვიკალურ-არტისტული იმიჯი უქალობამ მხოლოდ დააზიანა. როცა 9 აპრილს დაღუპულები ძირითადად ქალები იყვნენ, იმის ხაზგასმა, რომ ოჯახის ბურჯი მამაკაცია და რომ „ქვეყნის განვითარების მთავარი ძალა კაცია“, ცოტა არ იყოს სამარცხვინოა. მამაკაცურ სტერეოტიპებს ისევ სჯობდა გენდერული ბალანსის დასაცავად ან თუნდაც თვალის ასახვევად, ბატობ ჯემალ სეფიაშვილს კლიპში რამდენიმე ქალი მომღერალი მაინც მიეწვია... ამით სულ მცირე, ხილულ ესთეტიკურ მანჭვა-გრეხვას მაინც აიცილებდა თავიდან. თუმცა, როგორც სიმღერაშია ნათქვამი - „ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე...“

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

გზავნილი მთვარეს

„შეშლილის წერილების“ მონოვერსია მუსიკისა და დრამის თეატრში შეიძლება ათობით საჭირო თუ არასავალდებულო მიზეზი& ...
19 ივნისი
19 ივნისი

იგი წავა და სხვა მოვა...

ბავშვობაში თუ ვინმე ფერს კარგავდა, სუნთქვა უჭირდა და სიკვდილის ჩაბღაუჭებულ კლანჭებს გრძნობდა, აუცილებლად რუსეთში გააქანე ...
17 ივნისი
17 ივნისი

რატომ გვეხება ღირსების მარში ყველას?

ფოტო: ვახო ქარელი 14 ივნისს სამსახურიდან გამოსვლის წინ ფეისბუქზე ინფორმაცია ვნახე, ფრაიდის გუნდი აქციას მართავდა კ ...

მეტი

^