Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეხვედრის ადგილი

03 მაისი 2019

ქამრანს

შენი წერილი ზუსტია და მადლობას გიხდი, რადგან გამიადვილა სასუბრო ენა მეპოვა. ის მკაფიოდ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც არსებობს ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში. საჯარო სივრცეში მოჩვენებითი პატივისცემის და ინტეგრაციაზე ფუჭი სიტყვების უკან, ბევრი საშიში მითი არსებობს, რომელიც ჩვენი ხალხის ურთიერთობას ხშირად კეტავს ყალბი პატივისცემის ფარგლებში. სინამდვილეში ერთმანეთს ვერ ვცნობთ, ერთმანეთზე წარმოდგენა ყალბი ცნობიერებისგან ჩამოყალიბებული ტყუილებით გვაქვს შექმნილი. არ ვეცდები რაიმე დავმალო, რადგან ამ განწყობების შესახებ შენც კარგად იცი და ალბათ ყველა სტუდენტმა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობს. მე მინახავს, როგორი დამანგრეველია ეს ყველაფერი ბევრი მათგანისთვის, მაგრამ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ამ ყველაფრის მიზეზებზე დავიწყოთ საუბარი. ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ ამ რთული პრობლემის შესახებ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ მოვახერხებ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვის პოვნას. ჩვენმა ხალხმა იცის წერილების ფასი. ,,ქემალ-უდ დოვლეს წერილებმა’’ ორი საუკუნის წინ ვრცელი დისკუსია გაშალა განმანათლებლობაზე და რელიგიაზე. ვფიქრობ, ახლა პერიფერიულ კაპიტალიზმზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი.

საუკუნეები გავიდა, რაც ჩვენ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ, მაგრამ არასოდეს შევხვედრივართ, პირველად ალბათ ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ გვისაუბრია და ამიტომაც ასე იოლად დავიკარგეთ მითის ლაბირინთში.

თავიდანვე გეტყვი, მე ჩემი ძაფის გორგალი მაქვს, რუსთაველის, ბარათაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის... სიტყვებით და ათასგზის ნატანჯი ხალხის ბრძოლითა და შრომით დართული. შენც გაქვს ძაფი, რომელზეც, ჩემი ფიქრით, ნიზამის, ფიზულის, ვაგიფის... მარგალიტებია ასხმული. მებრძოლი, მშრომელი ხალხის ცრემლთან და ოფლთან ერთად. ასე რომ ჩვენ ლაბირინთში არ დავიკარგებით, მაგრამ როგორც მითში წერია, აქ ჯერ მხეცი უნდა დავამარცხოთ.

ვისაც ჩვენი ამ ლაბირინთში სამუდამოდ დარჩენა სურს, მისი იარაღი ყალბი ცნობიერებაა, იდეოლოგია რომელიც ჩიხებს და მატყუარა ნიშნებს ქმნის გზის ასარევად. ისინი ქმნიან კულტურულ ჰეგემონიას, რომელიც გზას აბნელებს და ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ. მათ ჩვენი ხალხის ისტორიაც ისე გადაწერეს, რომ ერთმანეთში მტერს ვხედავდეთ და უფრო უარესიც, მათი მიზანი ყოველთვის იყო, ერთმანეთის პატივისცემა არ გვქონოდა.

ასეთი მითების კონსტრუირება ალბათ ყოველთვის ისტორიის გაყალბებით იწყება. ნაციონალისტურ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია აზრი, რომელის თანახმადაც, ქართლში აზერბაიჯანელების დამკვიდრება საქართველოს საზღვრის მორღვევისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო. რეალური ისტორია სხვანაირად ვითარდება. მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში უზუნ ჰასანის ლაშქრობას მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე ელების ჩამოსახლება. ეს პროცესი გაგრძელდა მომდევნო საუკუნეშიც, როცა შაჰ თამაზმა ყაზახის სახანო დაარსა. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ ბორჩალოს ტომი დაასახლა. ამ ისტორიულ ფაქტებს ნაციონალისტი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები ისე კითხულობენ, რომ არაფერი იციან ფეოდალური ეკონომიკური ურთიერთობების, აზიური წარმოების წესისა და ფეოდალური ექსპლუატაციის ფორმების შესახებ. ამასთან, არ გააჩნიათ უნარი დასძლიონ ჩაკეტილობა და გლობალურად გაიაზრონ სეფიანების ირანის პოლიტიკა. საბოლოოდ ისე ლაპარაკობენ თითქოს, არ იციან, რომ სეფიანების დინასტია დაეცა, დასრულდა მისი პოლიტიკური პროექტი და ირანშიც და კავკასიაშიც სულ სხვა ვითარება მივიღეთ.

ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ქართველი მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ ქართლის ეს მიწები დაესახლებინათ. მეტიც, ისინი შეღავათებს უწესებდნენ ამ მიწაზე მოსულ ახალმოსახლეებს. ამ დროისათვის კი, ირანს უკვე სხვა პოლიტიკა გააჩნდა. ნადირ შაჰმა 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და ბამბაკი ერთიანად ირანში გადაასახლა. ,,კუალად აჰყარა ყაიყული და და სრულიად წარგზავნა ხვარასანს’’. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა (ვახუშტი ბაგრატიონი, ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა’’ გვ. 514).

ირანის ამ ახალ პოლიტიკას წინ აღუდგა ერეკლე II, მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელები (1758) ( განჯას რაც ქართლის ელები იყო ყაზახ ბორჩალო-დემურჩიასანლუსი სულ მოიყვანა. პაპუნა ორბელიანი ,,ამბავი ქართლისანი’’ გვ. 245).

ვისაც ისტორია უსწავლია, მისთვის გასაგებია, თუ რატომ ატარებდნენ სეფიანებიც და საქართველოს მეფეებიც იდენტურ პოლიტიკას. თემურის ლაშქრობების შემდეგ, რომელსაც თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. ფეოდალური ეკონომიკისათვის აუცილებელი იყო მშრომელი ძალა. მაშინდელ პოლიტიკოსებს, ცხადია, სასაცილოდ არ ეყოფოდათ ერთნო-ნაციონალისტური ხედვები, რომლითაც ახლა გვატყუებენ. მაშინ ჩვენი ხალხი ერთი ბედის ქვეშ იყო, ფეოდალური ექსპლუატაციის მძიმე უღლე ქვეშ, რომელსაც თან ერთვოდა დაუსრულებელი ომები და გადარჩენისთვის ბრძოლა.

ერეკლეს სახელმწიფოში, ბორჩალოელები ქვეყნის უერთგულესი მებრძოლები იყვნენ. ხუდია ბორჩალოელის სახელი, რომელმაც ასპინძის ომში გმირობა გამოიჩინა, ყველამ იცის. ბარჩალოელები თბილისს იცავდნენ კრწანისის ბრძოლაშიც.

კავკასიაში რუსეთის გაბატონების შემდეგ, ადგილობრივი არისტოკრატიის დიდი ნაწილი იმპერიის სამსახურში ჩადგა. ისინი უკვე რუსეთის დროშის ქვეშ ანადგურებდნენ თავისუფლებისმოყვარე კავკასიელებს. გამონაკლისებიც იყვნენ. ზოგიერთი ქართველი უარს ამბობდა ასეთ ლაშქრობაში მონაწილეობაზე, ისევე როგორც პოლკოვნიკმა აბას-ყული-აღა ბაქიხანოვმა თქვა მტკიცე უარი აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ დაგეგმილ ექსპედიციაში მონაწილეობაზე, თუმცა ეს ერთეული შემთხვევა იყო. კავკასიის არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიის პოლიტიკას ატარებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ეს მხოლოდ დასაწყისია ისტორიის და მე აქ დიდხანს არ შევჩერდები, თუმცა ვგეგმავ სტატია დავწერო პირველ რევოლუციონერებზე კავკასიაში და იმ მძიმე ეპოქაზე, როცა რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიის ფედერაცია შექმნა, პოლიტიკოსები კი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ნაცვლად ერთიანი კავკასიური ინტერესებზე ფიქრისა, დამფრთხალები ეძებდნენ თავშესაფარს ინგლისის, გერმანიის, თუ ოსმალეთის კალთის ქვეშ. ბოლოს კი ამ იმპერიალისტურ თამაშებში საბოლოოდ დაკარგეს სახე და ერთმანეთთან სისხლისმღვრელი ბრძოლები წამოიწყეს. ასე დაამთავრეს სამარცხვინოდ. სამწუხაროდ, ეს ეპოქა ჯერაც არ გაგვიაზრებია სათანადოდ.

საბჭოთა კავშირის ისტორიაზე ძალიან ცოტა ვიცით. არადა, ახლა ყველა ამაზე ლაპარაკობს, ვუსმენ და ხშირად მგონია, რომ მათი წარმოდგენით, სტალინიზმის შემდეგ პირდაპირ პერესტროიკა დაიწყო. ჩვენ არაფერი გვასწავლეს, არც სკოლაში და არ უნივერსიტეტში იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი სახელმწიფო კაპიტალიზმად, სადაც ბიუროკრატიამ ყველაფერი ხელში ჩაიგდო. ამ ფონზე კორუფციასთან ბრძოლა იყო საბჭოთა ჩინოვნიკების მთავარი მესიჯიც, მაგალითად კორუფციასთან მებრძოლ გმირად მოგვევლინა ე. შევარდნაძე, რომელიც 1965-72 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რეალურად მან ერთი ელიტური კლანი მეორეთი შეცვალა. ახლანდელი პოლიტიკოსებიც ვერ წავიდნენ უფრო შორს და კორუფციასთან ბრძოლაა მათი მთავარი მესიჯი, ნაცვლად უთანასწორობის სიღრმისეული მიზეზების ძიებისა.

ბიუროკრატიის და საბჭოთა ელიტის ფუფუნებაში გაზრდილმა შვილებმა მოირგეს მერე დისიდენტების როლი 80 -90 იან წლებში. ,,ჯინსების თაობა’’, რომელის ხატიც რონალდ რეიგანი იყო დღემდე რჩება ქვეყნის კულტურულ ელიტად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სწორედ ძველმა ბიუროკრატიამ, აწ უკვე თავისუფალ საქმოსნებად ქცეულებმა, გადაინაწილეს ქვეყნის მთელი ქონება. ოღონდ არც ეს ისტორია გვისწავლია სათანადოდ.

ამ დროს კი ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები, საუკუნის მანძილზე, ამ მიწაზე გამიწათმოქმედებულები, არავის ახსოვდა. მაშინ თუ გაახსენდებოდათ, როცა მტრის ხატი დასჭირდებოდათ ნაციონალისტებს.

უკეთ იცი, ქართლში ადამიანების ბედი დრამატულად წარიმართა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქ მიწები ე.წ. არენდატორებმა ჩაიგდეს ხელში. ისინიც ძველი საბჭოთა ბიუროკრატები ან მათ ოჯახებთან დაახლოებული პირები იყვნენ. დღემდე ისინი ფლობენ ამ მიწებს. უბრალო ხალხს არც საძოვარი გააჩნია და არც მიწა. ქალები აუტანელ სიცხეში მუშაობენ ველებზე, დღიურ მუშებად და მათი ანაზღაურება ზოგჯერ მხოლოდ 10-20 ლარია. ამ შრომაშია ჩაბმული ყველა. ხანდაზმულები და ბავშვებიც.

სოფლებში ერთხელ ჩასვლაც საკმარისია დაინახო ადგილზე შექმნილი უთნასწორობა. აქ წყალზე ხელმისაწვდომობაც პრივილეგიაა. ბევრი ოჯახი იჯარით იღებს მიწას კერძო მესაკუთრისგან, რომელიც ადრე მთელი სოფლის საკუთრება იყო და ხშირად მთელი შემოსავალი იჯარის საფასურსაც ვერ ფარავს. ამ ხალხს, რომელიც თანამედროვე პერიფერიული კაპიტალიზმის ამ მარწუხებში ცხოვრობს, ჩვენ არასოდეს შევხვედრივართ. მხოლოდ მათ მცირე ნაწილს ვნახულობთ ჩვენი ყოფის ყველაზე უფრო გაუსაძლის და გადარჩენისთვის ტანჯვის ადგილზე- ნახევრადლეგალურ ბაზრობებზე, სადაც ურთიერთობის და ლაპარაკის წესებს ჩვენ არ ვადგენთ. სამაგიეროდ აქ ყალიბდება უმარავი სტერეოტიპი, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენში.

პარლამენტში, ადგილობრივ თვითმართველობაში და საჯარო სივრცეებში ამ ხალხის წარმომადგენლები, მათი სახელით მოლაპარაკენი, სწორედ ექსპლუატატორები არიან, ბიზნესმენები, რომლებმაც გაძარცვეს ხალხი და ახლა იმის შნოც არ აქვთ, რომ ამ დემოკრატიის ფარსში ჩაეწერონ. ხმას ვერ იღებენ, ვერაფერს ამბობენ. ისინი ნამდვილად კუდს აქნევენ, როცა ბიზნეს ელიტებთან ურთიერთობენ, მაგრამ საოცრად სასტიკები არიან თავიანთი ხალხის მიმართ. იქნებ ვინმემ გვირჩიოს, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ამ დეპუტატებს ხმა ამოიღონ, ხალხის გასაჭირზე ილაპარაკონ, სამოქალაქო ინიციატივები გაითვალისწინონ, მაგრამ ჩვენ რომ ასე მოვიქცეთ, ისინი მაინც ვერ გაგვიგებენ, რაც დრო გადის უფრო ემსგავსებიან კარიკატურებს ჟურნალ ,,მოლა ნასრედინიდან’’ და რაც მთავარია, მათი რეალური ინტერესი წინააღმდეგობაში მოდის ხალხის ინტერესებთან. მათ სულაც არ სურთ ამ ხალხის მძიმე ვითარებიდან გამოსვლა, რადგან ასე პირველ რიგში უიაფეს მუშა ხელს დაკარგავენ.

ეს მხოლოდ მკრთალი მონახაზია იმ უთანასწრობაზე, რომელიც საკუთრივ აზერბაიჯანულ თემშია გაბატონებული. იმედი მაქვს, ჩვენ, სხვებთან ერთად უფრო სიღრმისეულად აღვწერთ ამ უთანასწორობის რეალურ სურათს.

როცა ქართლის სოფლებში ჩავდივარ, ყველგან მეუბნებიან, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი თურქეთშია გადახვეწილი სამუშაოდ. ისე, როგორც მაგალითად გურიის ან იმერეთის სოფლები, აქაც ზაფხულობით სახლები ცარიელდება.

შენ როგორ ფიქრობ, ცნობენ აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდები იქ ერთმანეთს ?

იქ როგორ მუშაობს მითები, რომლებიც აქ გვითხრეს ერთმანეთზე?

რას ფიქრობენ აზერბაიჯანელი და ქართველი სტუდენტები ერთმანეთზე უნივერსიტეტში, საიდანაც დიდი ალბათობაა, ერთად გადაინაცვლონ მომსახურეობის სფეროში?

ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუყვეთ ინდივიდულური წარმატების მაგალითები, მაგრამ ყოველი ასეთი ბედნიერი შემთხვევის უკან, ასიათასობით დაკარგული ნიჭი და ცხოვრებაა.

შენ ყურადღებას ამახვილებ იმ მანკიერ პრაქტიკაზეც, როცა აზერბაიჯანელები ,,ძმებად’’ გამოცხადება ხდება, სომხების მტრულ ძალად გამოცხადების ფონზე. ცხადია ამ ყველაფრსაც თავისი მითოლოგია გააჩნია და მის ამოსახსნელად ისტორია უნდა მოვიშველიოთ, თუმცა ამგვარი რიტორიკა ,,ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდა ქართულ საზოგადოებაში. პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა და მთავრობის ყურმოჭრილმა ინტელექტუალებმა მსოფლიოს ახალი რუკა დაგვიხაზეს. ერთ მხარეზე აქ მონიშნულია პროდასავლური ქვეყნები, მეორე მხარეზე რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები. ამგვარი ლაყბობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ეს დაშვება ემყარება კონკრეტული ქვეყნის სამთავრობო ელიტების ხედვებს და ცვალებად პოზიციებს და არა ხალხის ნამდვილ სურვილს და ინტერესს.

ამგვარი უპასუხისმგებლო მიდგომის შედეგია, რომ დღემდე ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ჩინოვნიკების და ბიზნესმენების შუამავლობით ელაპარაკება.

ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ, ვერც ინტეგრაციაზე ფუჭი სიტყვებით და ვერც კულტურული დიალოგით. ეს დაპირისპირება კლასობრივია. ერთ მხარეზე დგას ექსპლუატირებული ქართველი, აზერბაიჯანელი ხალხი და მეორე მხარეზე უსახო საქმოსნები, რომლებიც თავის კარიკატურულ სახეს მალავენ ქართული და აზერბაიჯანული ნაციონალისტური იდენტობის და ფასადური პროდასავლურობის იმიჯის უკან.

შენი წერილი სწორად ასახავს იმ ყალბი ცნობიერების, იდეოლოგიის შექმნილ აზრებს, რომლითაც იკვებება თანამედროვე საქართველოს მეშჩანი საზოგადოება. ოღონდ ისინი ყველაზე საბრალოები არიან, ყოველ დღე უნდათ დაამტკიცონ, რომ ევროპელებს გვანან, რაღაცით მაინც (მათი წარმოდგენა ევროპაზე, რა თქმა უნდა, მცდარია და უნიჭო მიბაძვაა). აქ კი, ყოველთვის ეძებენ სხვებს, ვისზეც მაღლა დგანან კულტურულად.

ეს ჯგუფი მსგავს მითებს ქართველებზეც ქმნის. ისინი ყოველთვის ზემოდან უყურებენ დაბალ კლასებს. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში სიმართლის დამალვა რთულია, ის შეიძლება მხოლოდ ჩაკარგო ყალბი ცნობიერების ღრუბელში. ქართულმა ელიტამ დამოუკიდებლობის პირველსავე წლებში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩამორჩენილებად, უკულტუროებად გამოაცხადეს. მოქალაქეებს, რომლებიც მთავრობის სახლთან დემონსტრაციებს მართავდნენ, ადგილობრივი ელიტა პასუხობდა, რომ მათ რუსთაველის გამზირზე ნეხვის სუნი დააყენეს. ამგვარმა კულტურულმა ფაშიზმმა მათ მალევე მისცათ ლეგიტიმაცია, რომ ეს ხალხი ქუჩაში დაეხვრიტათ. ქართულ საზოგადოებას მაშინ კადრები არ უნახავს ან თვალი აარიდა. სამაგიეროდ აქციების დახვრეტის კადრები მუდმივ რეჟიმში გადაიცა რუსულ ტელევიზიებზე. ეს კადრები ნახა მაშინ სრულიად კავკასიამ. ასე ჩამოუყალიბდათ მათ წარმოდგენა ქართულ სახელმწიფოზე. ამგვარი კულტურული ფაშიზმის გაგრძელება იყო სადამსჯელო ექსპედიცია სამეგრელოში და შეირაღებული კონფლიქტის გამწვავება აფხაზეთში. სულ ბოლოს კი სისხლისმღვრელი დაპირისპირება დედაქალაქის ქუჩებში, რომლის ნამდვილი მიზეზიც ხალხისგან მიტაცებული ქონების გადანაწილება იყო. ასე ჩამოყალიბდა მაშინ ქვეყნის ბიზნეს ელიტა, რომელიც დღეს კულტურაზე ლაპარაკობს. პარალელურად, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლებისა და გართობის სივრცეებს ქმნის.

თანამედროვე კულტურული ჰეგემონიაც ძველ, მოყირჭებულ მითებს ამკვიდრებს, მათი იდეოლოგიის თანახმად, ქართული საზოგადოება უმწიფარი, უკულტურო, ზარმაცი ხალხია, რომელსაც აღზრდა სჭირდება. ჰიგიენის დაცვა უნდა აუხსნა და ისეთი სიტყვები დაასწავლო, რომ თავისი სათქმელი ვეღარასოდეს თქვან. მომსახურეობა ისწავლონ ან სადმე გადაიმალონ, რომ ტურისტები არ დააფრთხონ.

ჩვენ ამ მითების ლაბირინთში არ დავიკარგებით, მაგრამ მის გასაუქმებლად საფუძველი უნდა ამოვხსნათ, რომელიც არსებულ საწარმოო ურთიერთობებშია.

როცა აზერბაიჯანელ თანამოქალქეებზე და მათი ჩაგვრისთვის, გარიყვისთვის არსებულ მითებზე ვლაპარაკობ, მე ვგულისხმობ სხვა ასიათასობით მოქალაქესაც მთელს ქვეყანაში, რომელებიც გამორიცხულნი არიან დემოკრატიული პროცესიდან და როცა ყველაზე მარგინალიზებული ხალხი მოიშორებს ამ საბურველს, რომელიც ექსპლუატატორებმა მოახვიეს და უშიშრად ილაპარაკებს ჩვენი ქვეყნის განვითარების მისეულ ხედვაზე, მაშინ ყველა ჩაგრული ხმამაღლა იტყვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა ბიზნეს ელიტების, თანამედროვე ფეოდალების და სახელმწიფო ბიუროკრატების.

ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აზერბაიჯანელები, რომლებიც ახლა მეორეხარისხოვანი მოქალაქეების როლში ჰყავს მოქცეული მმართველ კლასს, ვერ გათავისუფლდებიან, თუ უბრალოდ ეცდებიან ჩაეწერონ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში. ეს მხოლოდ დაქვემდებარებულის სურვილია აღიარება მოიპოვოს. მჯერა, რომ აზერბაიჯანელი მოქალაქეები ხვალ არამხოლოდ თავიანთი ეთნიკური უმცირესობის პრობლემებზე ილაპარაკებენ, არამედ მთელი ქვეყნის ბედზე და რაც მთავარია, მისი განვითარების მისეულ ხედვაზე და ახალ გზებზე. ასე ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ ბრძოლას ცხოვრების შესაცვლელად. ამ გზით აუცილებად შევხდებით. შეხვედრის ადგილი ალბათ ბრძოლის ველი იქნება, ურჩხულის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ხალხს ცხოვრებას ართმევს.

პერიფერიული კაპიტალიზმი კარს უხსნის მაღალ და საშუალო ფენას, რომელიც ბიზნესს გააკეთებს, ნებისმიერი ქვეყნიდან, მას არ ადარდებს რელიგიური ან ეთნიკური საკითხი. ცხადია, ეს გულისხმობს იაფი მომსახურე პერსონალის საჭიროებას. განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა და რელიგისაა. იაფი მუშა ხელი ვერ იქნება თუ არ იარსებებს უმუშევართა უაზარმაზარ სარეზევო არმია, რომელიც გარიყულია და მოკლებულია ყველანაირ სიკეთეს. ცხოვრობს რეალობაში, სადაც დამამცირებელი ან მომაკვდინებელი შრომაც სანატრელია. ეს ჩვენი ყველას ბედია, რომელიც უნდა შევცვალოთ.

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა emc.org.ge - ზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^