Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წათეს წითელი წაღები

09 მაისი 2019

ისტორიის მომავალს წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. შესაბამისად, უკვე წაშლილ საბჭოთა კავშირსა თუ მეორე მსოფლიოს ომს გადარჩენილ ვეტერანებს (თავიანთი მეხსიერებისა და გამოცდილება-ეგზისტენციის ჩათვლით) ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებას ვერ მოვთხოვთ... და როცა, კანტი-კუნტად შემორჩენილი და 90-ს მიტანებული ომის ვეტერანები ნაციზმზე გამარჯვებას ისევ ვაკის პარკში, ისევ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყვავილების მიტანითა და წითელი დროშების ფრიალით აღნიშნავენ, ეს წლებით განმტკიცებული რიტუალი უფრო მგონია. შეუძლებელია მათ ამის გამო საკუთარი გმირული თვითშეგრძნებისა და მნიშვნელობის განცდა წავართვათ.

მათი ომისა და მშვიდობის გზა ჩავლილია, მეხსიერება - მათივე ტრაგიკული ამბებითა და თავგადასავლებით დასახიჩრებული. შესაბამისად, 9 მაისიც მათი ფანტომური ტკივილების ყოველწლიურ შეხსენებას ჰგავს: სამხედრო ფორმებში გამოეწყობიან, არსებულ და მოგონილ მედლებს დაიკიდებენ, საბჭოთა სამხედრო სიმღერებს იმღერებენ, ყვავილებით ხელში მარშით ჩაივლიან. და ეს სრულებით არ არის საშიში. მათთვის არც ისტორიის ამოხეული თუ ჩამატებული ფურცლების წამოყვედრებაა გამართლებული.

საშიში გაცილებით სხვა რამეა - საბჭოეთს გამორიდებული საშუალო თაობა ან საერთოდ, მისი გაუქმების შემდეგ დაბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ისე გულუბრყვილოდ, ისეთი ნოსტალგიით მოთქვამენ და ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირზე, გეგონება წარსულის მოჩვენებანი ან გადამალული პოლიტიკური სისტემის სიმახინჯეები მათი თავისუფლებისა და ღირსების ნაწილია.

რუსულ-საბჭოთა დროშების ფრიალი, პოლიტიკური მითებისა და რეალობის აღრევა და პუტინის დანიშნული „უკვდავთა პოლკის“ პირველი ლეგალური მარში თბილისში - სწორედ ქერჩში დაღუპული ათიათასობით  ქართველი მეომრის დღევანდელობასთან და საბჭოეთთან გაიგივებას ნიშნავს. თითქოს ისევ ერთი ქვეყანა ვართ, თითქოს ერთმორწმუნეებს ათი წლის წინ არაფერი ჩაუდენიათ და მიწის პირისგან აღგვილ ივანე მაჩაბლის სოფელში ქართული სიტყვა ისმის.

როგორც არ უნდა გავანადგუროთ ჩვენივე ხელით მეორე მსოფლიო ომის ფაქტები და ისტორია (მერაბ ბერძენიშვილის მემორიალის განადგურება თავის დროზე, ქუთაისში დიდი შეცდომა იყო!), ამით საბჭოთა იმპერიის ამბავი ვერც დაიმალება და ვერც შეიფუთება. არც იმ 700 ათას კაცს წაერთმევა ღირსება, რომლებიც სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომში თავის სამშობლოს, საქართველოს იცავდნენ. ასე რომ, ვეტერანებს ვერავინ ვერაფერს წაართმევს, შეუძლიათ წაართვან მხოლოდ დღევანდელ თაობას, რომელიც იმედია, არც დაბრმავდება და არც დაყრუვდება, ვიდრე 1801 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით ყველაფერი ახსოვს.

დაე, იმღერონ „კატიუშა“ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ისევ აფრიალონ ნამგალითა და უროთი მოოქროვილი წითელი დროშები. მთავარი საფრთხე არა იმდენად ომის ვეტერანები და „უკვდავთა პოლკის“ რუსული დესანტია (თუმცა გასაგებია, რა მიზნები ამოძრავებთ და საიდან მოდიან), არამედ ისევ და ისევ ადგილობრივი საყდენ-სატელიტები, ჩვენი ახლადგამოჩეკილი, გაზულუქებული და კოლაბორაციის ნოტებზე მომღერალ-მოსიარულე წათეები... წითლად შემოტმასნულ, უცვეთელ და კარგად ნაცნობ წაღებში, რომელთაც პუტინის „რბილი ძალის“ მიუხედავად, არ უნდა დაავიწყდეთ თავისუფლების მძიმე ფასი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^