Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიტერატურული დე-ენ-ემი

19 მაისი 2019

სულ ცოტა ხნის წინ მილენიუმის სერიის მეხუთე წიგნი გამოიცა, ქართულადაც ითარგმნა და იმედიც გაგვიცრუვდა. მას შემდეგ, რაც ტრილოგიის ავტორი, სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა, სერიის მეოთხე ნაწილზე მუშაობა დევიდ ლაგერკრანცმა დაასრულა. შეფასებები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს - „ცუდი არ არის, მაგრამ ტრილოგიასთან ახლოსაც ვერ მივა“.

არ არსებობს ორი იდენტური ხელწერა, ისევე როგორც არ არსებობს იდენტური გენეტიკური კოდი. სერიის გაგრძელება კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი გამოდგა, მაგრამ მწერალი, რომელიც სხვისი შექმნილი სამყაროს გაფერადებას დათანხმდება, სამუდამოდ დაისამარებს კარიერას.

მეხუთე ნაწილი კი შეგვიძლია დაკარგული წიგნების სექციაში გადავდოთ, ან შემოვდოთ იმ წარმოსახვით თაროზე, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია. სერიის მეხუთე ნაწილი იმ გაუგებრობას ჰგავს გაუდის დაუსრულებელ საგრადა ფამილიას, რომ მიაშენეს.

ლიზბეტ სალანდერი, რომელიც პირველ რიგში მისი სისუსტეებისა და კომპლექსების გამო გვიყვარს, ზე-ადამიანის როლში გვევლინება. ჰოლივუდელი ბაევიჩკა, რომელსაც ერთი ილეთით შეუძლია მტერი დანიის საზღვართან მოისროლოს.

ლიზბეტი კიდევ ერთი შვედის - საგა ნორენის იდენტური პერსონაჟია. მათი ცხოვრება, პროფესია და ინტერესები ღრმა ბავშვობაში მიღებულმა ტრავმებმა განაპირობეს. ამ ჭრილობების გამო გაჩნდა მკვეთრი ზღვარი მათსა და საზოგადოებას შორის, მათ შემოთავაზებულ ნორმებსა და წესებს შორის. ამავე დროს მარტოდ დარჩენილები დაუახლოვდნენ საკუთარ თავს და მიუხედავად დიდი ბრძოლებისა, ორივე შემთხვევაში მივიღეთ ძლიერი ინდივიდი.

ლაგერკრანცმა ეს ყველაფერი გააქრო.
ლაგერკრანცმა ლიზბეტი მოგვიკლა.  

მიქაელ ბლუმქვისტი კი მეგონა, წიგნშიც ისე ჩაანაცვლეს, როგორც ფილმებში ან სერიალებში ანაცვლებენ ერთი და იმავე პერსონაჟის განმასახიერებელ მსახიობებს.

ლაგერკრანცი „GOT“-ის ბოლო სეზონის ყურებისას კიდევ ერთხელ გამახსენდა. იგივე პრობლემაა. პერსონაჟები საკუთარ თავს აღარ ჰგვანან. სცენარისტებმა წიგნებს გაასწრეს. გასაგებია, რომ რეკომენდაციებს იღებენ ჯორჯ მარტინისგან, მაგრამ იმ კაცს, რომ ასე სწრაფად შეეძლოს ამბის მოყოლა, თითო წიგნზე ერთ სასიცოცხლო ციკლს არ დაკარგავდა. ის ხომ „ბიტნიკი“ არ არის, ერთი ამოსუნთქვით მოჰყვეს?! უნდა იცხოვროს, რომ მოჰყვეს.

ჩვენი ძმა უმბერტო ამბობდა „ვარდის სახელის“ პერსონაჟებს წლობით ვხატავდი, რომ ზუსტად მცოდნოდა როგორ აისახებოდა შიში მათ ნაკვთებზეო. ასე დეტალურად აღწერს თავის პერსონაჟებს ჯორჯ მარტინიც. ზუსტად იცის მათი გარეგნობა და იცის, ვინ რას წარმოადგენს.

ამ დროს იწყება დიალოგი პერსონაჟებთან. როდესაც შექმნი ნედ სტარკს, აღარ შეგიძლია მისი ბედი განსაზღვრო. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხარ, ასეთი პერსონაჟები თავის ბედს თავად განკარგავენ. არ შეგიძლია გადაწყვეტილება შეაცვლევინო, ისინი გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და როგორც წესი, კომპრომისზე არ მიდიან.

თუ მაინც იკადრებ და იმ გზას დაუწერ, რომელიც არ ეკადრება, უმალ იქცევი დევიდ ლაგერკრანცად. ავტორად, რომელიც თავისივე პერსონაჟებს არ იცნობს.

მარტინს არასდროს უღალატია პერსონაჟებისთის.

სცენარისტები ღალატობენ.

ასეთი ნოველები, როგორც წესი, ბორხესიადას ოთხივე სიუჟეტს მოიცავს:

I - ქალაქი ალყაში  –  „GOT”-ში არაერთხელ შეგვხვდა ეს სიუჟეტური ხაზი. მათ შორის იმ ქალაქისა, რომელმაც იცის, რომ დაეცემა, მაგრამ მაინც იბრძვის.

II - განძის ძიება - ეს ხაზი რომანის ერთ-ერთი ღმერთივით მრავალსახიანია. ვიღაცისთვის მთავარი განძი პასუხია კითხვებზე, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევთ. ვიღაცისთვის ბანალურად - ოქრო; ვიღაცისთვის დრაკონის კვერცხი და შესაბამისად ძალაუფლება, მაგრამ მთავარ განძს მაინც ეაგონ დამპყრობლის მტრების ხმლებისგან დამზადებული ტრონი წარმოადგენს.

III - გზა - მოგზაურობა, თავგადასავალი და, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება. „ვეფხისტყაოსანი“, „ოდისეა“, „ულისე“, „დონ კიხოტი“, შეგვიძლია მოკრძალებით და მორიდებული ხმით “GOT”-იც ვახსენოთ. სისხლიანი გზებიდან სახლში ყველა ვერ ბრუნდება.

სტარკები დაბრუნდნენ.
„ვინ გასწავლა ასე ბრძოლა?“ - ეკითხებიან არია სტარკს.
არავინ - ვპასუხობთ ყველა. არია იღიმის, ვიღიმით ჩვენც.

შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ოდისევსის ცბიერება, როცა ციკლოპს მოატყუებს „არავინ“ მქვიაო; დაათრობს, დააძინებს და ერთადერთ თვალს ამოთხრის. დაბრმავებული პოლიფემოსი სხვა ციკლოპებისგან ითხოვს შველას. ჰკითხავენ, ვინ ჩაგაგდო ამ დღეშიო? ის კი პასუხობს - არავინ. ეს ყველაფერი არავინ მიქნაო.

IV - ღმერთის სიკვდილი - უკანასკნელი სიუჟეტი, რომელსაც შეუძლია იდეალური წერტილი დასვას.
მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი რომანი წერტილით ვერ დასრულდა. უფრო სწორად დასრულდა მრავალწერტილით. ისიც კი წამოაძახეს - რომანს ვერ ასრულებს, წერტილის დასმა არ იცისო. აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ნახევარი იყო სრული წიგნისა. მეორე ნახევარში რომანის ერთადერთი ნათელი წერტილი, უკეთილშობილესი და ქრისტესთან შედარებული კაცი, ხდება ტერორისტი და კლავს მეფეს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფედიამ მეორე ნაწილი ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. უცნაური ამბავია, მწერალმა რომელმაც იცის, რომ მისმა ნაშრომმა აუცილებლად უნდა იხილოს დღის სინათლე, არაფრის დიდებით არ მოკვდება. ეს ერთგვარი გარიგებაა ღმერთთან ან ეშმაკთან.
ფედია მოკვდა. გარიგება არ შედგა.

ჩვენ ყველა ვიცნობთ ბიჭს, რომელიც ძალიან ჰგავს ალიოშას, განსაკუთრებით მისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით. ორივემ ნაჩქარევად გადაწყვიტა, შემოსილიყო, მაგრამ განგებას სხვა გზა ჰქონდა მომზადებული. ორივე იხდის სამოსს და ეგუება იმას, რომ მართლაც არაფერი იციან.

ჯონ სნოუს აუცილებლად უნდა მოენატროს ის, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა. რადგან შესაძლოა შეპირებული პრინცი აღმოჩნდეს, რომლის გამოც GOT კიდევ ერთ მესიანურ ხაზს იძენს.
ბიჭი, რომელიც გადარჩა.

მძიმეა ეაგონის გვირგვინი. როგორც „GOT“-ის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ძალადობა დაავადებაა. სნოუ დაიღალა ბრძოლით, მაგრამ განგება, სახელი, ტრონი თავისთან ექაჩება. სნოუ დაავადდა.
შეუძლებელია ამდენი სისხლის მერე ავიდეს ტრონზე და არაგორნივით განათდეს მისი სახე. ვესტეროსი განწირულია ცეცხლისა და ყინულისათვის.

სნოუ განწირულია იმისათვის, რომ გახდეს შეპირებული პრინცი, მიიღოს განგებისგან ის, რაც არასდროს უნდოდა. განწირულია იმისათვის, რომ დაავადებამ ჭკუიდან შეშალოს და დაასრულოს ამბავი სიტყვებით, რომლითაც შეშლილმა მეფემ დაასრულა სიცოცხლე - Burn them all.

მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სცენარისტებმა პერსონაჟები დაკარგეს, ჩვენც ისევ და ისევ ვკარგავთ შანსს, რომ ერთ-ერთი დიდებული რომანის დაუსრულებელი ნაწილის კარიკატურული რეინკარნაცია ვიხილოთ.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ზაზა ურუშაძემ კინოაკადემია დატოვა

„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმ ...

მეტი

^