Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამოუკიდებლობა - ეს არის გააზრება იმისა, რომ შენ ხარ კენტი სიმრავლეში

27 მაისი 2019

რა არის დამოუკიდებლობა?

ერთ-ერთი პირველი რამ, რისი გააზრებაც აუცილებელია საკუთარი გამოფხიზლებისათვის, არის ის, რომ შეუძლებელია იყო თავისუფალი, ან გესმოდეს, იაზრებდე თავისუფლებას, თუ არ გაქვს გააზრებული დამოუკიდებლობა, თუ არ ხარ დამოუკიდებელი.

დამოუკიდებლობა სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ არ იყო რამეზე, ვინმეზე დამოკიდებული.

დამოუკიდებლობაზე საუბრისას დასაწყისში მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ილუზიებს, პირობითობას და ფსიქოლოგიურ კონსტრუქციებს. მოდით, დავფიქრდეთ. სამყაროსთვის დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი მისი ფენომენოლოგიური თვალსაზრისით უცხოა. სამყაროში არ არსებობს პრაქტიკულად არაფერი, რაც უნივერსალურად, თავისთავად დამოუკიდებელია. ვინაიდან სამყაროში არსებობს მიზეზ-შედეგობრიობა, რაც თავის მხრივ დამოკიდებულებას აჩენს მიზეზსა და შედეგს შორის. დამოუკიდებელი არც ცოცხალი ორგანიზმია ამ სიტყვის ფენომენოლოგიური თვალსაზრისით. ის, სულ მცირე დამოკიდებულია სასიცოცხლო პროცესების განხორციელებისათვის აუცილებელ მასალაზე - საკვებზე და შესაბამის გარემოზე (სიცოცხლის წარმოშობა/შენარჩუნებისათვის აუცილებელი გარემო). ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ დამოუკიდებლობის, როგორც რაობის ფენომენოლოგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიუკური სამართლებრივი და სხვა გააზრებანი. ამ სეპარირების გარეშე არაადეკვატურია, გსურდეს ის, რაც ისედაც შეუძლებელია, რომ არსებობდეს ბუნებაში. მით უფრო არაადეკვატურია ამისთვის ბრძოლა.

დამოკიდებულება, როგორც ფსიქოლოგიური კონსტრუქცია, თავის მხრივ, არც ისე ცუდია, თუ იგი აღქმულია, არა მომხმარებლურ საწყისებზე, არამედ პარტნიორობაზე. დამოუკიდებლობის თითოეული სეპარირებული სახეობის გააზრება აუცილებელია დამოუკიდებლობის, როგორც ფენომენის სხვადასხვა წახნაგის უკეთ დანახვისათვის და იმის არჩევისათვის, თუ რა გსურს.

დამოუკიდებლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჭრილში არც ისე იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჯერ მხოლოდ მისი გააზრება მოითხოვს არც ისე მცირე ინტელექტუალურ რესურსს, რაც თავის მხრივ - შრომაა, რომლის განხორციელება ხშირად ადამიანს უბრალოდ ეზარება. ამავდროულად გააზრებული დამოუკიდებლობა აუცილებელია თვითაქტუალიზაციისათვის, იმ მიზნების მიღწევისათვის, რომელიც გსურს შენ და არა სხვას.

ბოლო ორი ათეული წელია, ხშირად გვესმის ეს სიტყვა, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის დროს. პრაქტიკულად არცერთი ასეთი თავშეყრა არ არსებობს დამოუკიდებლობის ხსენების გარეშე. ასევე ვიბრძვით მისთვის, თავს ვწირავთ, ვპოპულისტობთ. გვესმის კი მისი მნიშვნელობა და არსი?

თუ დავფიქრდებით, დამოუკიდებლობა არის, როგორც თანდაყოლილი ბუნებრივი რაობა ჩვენში ადამიანებში, ისე შეძენილი და გააზრებული.

ბუნებითია ის, რომ ადამიანი თავისი განვითარების რაღაც ეტაპზე, მაგალითად, ბავშვობაში დამოუკიდებლად იწყებს ხედვას, სმენას, გარემოს აღქმას, სიარულს, საკვების მიღებას. ეს მასში არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს მასზე გარემო. შეძენილი დამოუკიდებლობაა, ის რასაც საწყის ეტაპზე მიმბაძველობით იღებს ბავშვი იმ პირებისაგან, რომლებთანაც იზრდება და რომლებთანაც ურთიერთობს, ანუ ის, რასაც ღებულობს გარემოსგან.

დამოუკიდებლობა გააზრებულია, როდესაც ადამიანი იაზრებს მის რაობას, მნიშვნელობას და აკეთებს საკუთარ არჩევანს, მოიქცეს ასე ან სხვანაირად იმიტომ, რომ ამ გზას მიიჩნევს საკუთარი შეხედულებების რეალიზების სწორ გზად.

ჩემთვის დამოუკიდებლობა თავის მხრივ არის აზროვნების თავისუფლება, აზროვნების კრიტიკული უნარი და გამჭრიახობა. ეს არის ჯანსაღი ცინიზმი და საკუთარი თავის რწმენა, ეს არის საკუთარი აზრის დაცვის უნარი და ხელოვნება. ეს არის სამყაროს აღქმა საკუთარი თავის პრიზმისა და შესაბამისი კუთხიდან.

სხვადასხვა დროს, ამა თუ იმ საზოგადოებაში ესა თუ ის ტერმინი ხდება პოპულარული, ზოგჯერ აკვიატებულიც კი. ყველა იყენებს მას, მიუხედავად იმისა, იაზრებს თუ არა მის რაობას. დამოუკიდებლობა შეუცნობელია ასერტულობის გარეშე. ასერტულობა - ეს ტერმინი არ არის პოპულარული დღევანდელ საქართველოში. ეს არის ადამიანის უნარი, არ იყოს დამოკიდებული გარე ზემოქმედებისა და შეფასებებისაგან, ანუ უნარი შეგეძლოს, დამოუკიდებლად არეგულირო საკუთარი ქცევა და პასუხი აგო მასზე. ამ უნარით აღჭურვილი ადამიანი გამოხატავს საკუთარი სურვილებს, გრძნობებს, საჭიროებებს და იცავს საკუთარ უფლებებს ისე, რომ ანგარიშს უწევს სხვების გრძნობებს და არ არღვევს მათ უფლებებს. მისი მთავარი თეზა შემდეგია: მე არ მაქვს შენი ვალი, შენ არ გაქვს ჩემი ვალი - ჩვენ პარტნიორები ვართ.

ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ასევე ჩემთვის სამწუხაროდ, არ არის აზროვნებით დამოუკიდებელი ინდივიდებისაგან შემდგარი. ის არ არის, ასე ვთქვათ, ასერტული. ის ან პასიური ან ხშირ შემთხვევაში აგრესიულია, რაც უკიდურესობებს წარმოადგენს. რეალურად მშობელთა (აღმზრდელთა) საკმაოდ მცირე ნაწილი ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან მათ აკისრიათ დიდი როლი მის დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბების პროცესში. ასევე მცირეა განათლების სექტორში მომუშავე პირთა გააზრება იმისა, თუ რაოდენ დიდი როლი აქვთ ადამიანთა დამოუკიდებელ ინდივიდებად ჩამოყალიბების პროცესში. ამის გააზრება არც სასულიერო წრეებშია მაღალი, აღარაფერი რომ ვთქვათ სახელმწიფო ინსტიტუციებზე. ანუ ამაზე პრაქტიკულად არავინ ფიქრობს, თუ ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში ის პასიურია, ინერტული და მხოლოდ თავის ფიქრების ამარაა.

საქართველოში ინდივიდის აზროვნების დამოუკიდებლობა, ასერტულობაზე რომ არაფერი ვთქვა, ხშირად მხოლოდ მისი მშობლების (აღმზრელის, მეგობრის) გარდაცვალებისას დგება, როდესაც ის აღმოაჩენს, ხშირ შემთხვევაში კი, არც (ვერც) აღმოაჩენს იმას, რომ ცხოვრება არის გზა, რომელზეც გადაწყვეტილებები თვითონ უნდა მიიღო. რომელ რელიგიას მიაკუთვნოს საკუთარი თავი ან არ მიაკუთვნოს, სად მიიღოს განათლება და რა სპეციალობა აირჩიოს ან საერთოდ არ მიიღოს განათლება, სად დაიწყოს მუშაობა ან არ დაიწყოს, რა აკეთოს ამ ცხოვრებაში და რა არ აკეთოს.

გაუაზრებელი დამოუკიდებლობა მისი პოლიტიკურ-სამართლებრივ-სოციალური შინაარსით ჩემთვის არ არსებობს, ისე, არამარტო ჩემთვის, ზოგადადაც არ არსებობს. ხოლო დამოუკიდებლობის რაობის, მნიშვნელობისა და აუცილებლობისათვის აღქმისათვის აუცილებელია, მოხდეს მისი გააზრება თითოეულ ჩვენთაგანში. ჩვენს „მეში“. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ და რეალურად განვახორციელოთ ახალი თაობის და ჩვენ გვერდით მყოფთათვის იმ გარემოს შექმნა, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი ინდივიდის, ინდივიდების, საზოგადოების, სახელმწიფოს შესაქმნელად და შესაბამისად ასერტული ქცევის ჩამოსაყალიბებლად.

გვიფიქრია ამის შესახებ? თუ გვიფიქრია და ფიქრის შედეგიც არის - მაშინ შეიძლება პასიურები ვართ? თუ დამოუკიდებელი ვართ - პასიურნი ვერ ვიქნებით, ვერც აგრესიულნი. იქნებ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ - რა არის დამოუკიდებლობა?

იქნებ არც გინდა იყო დამოუკიდებელი? ან რატომ უნდა იყო? იქნებ დამოკიდებულება სჯობია დამოუკიდებლობას? და საერთოდ... რა არის დამოუკიდებლობა შენთვის?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^