Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გვეხება ღირსების მარში ყველას?

17 ივნისი 2019

ფოტო: ვახო ქარელი

14 ივნისს სამსახურიდან გამოსვლის წინ ფეისბუქზე ინფორმაცია ვნახე, ფრაიდის გუნდი აქციას მართავდა კანცელარიასთან. მათ სურდათ გაეპროტესტებინათ საპატრიარქოს ძალადობისკენ მოწოდებით აღსავსე განცხადება.

ჩემი მეგობარი გიორგი თბილისი ფრაიდის ორგანიზატორია. მასთან არც დამირეკავს, ისე წავედი კანცელარიისკენ. სიმართლე გითხრათ, არც თვითონ გვრაზმავს ხოლმე მეგობრებს საპროტესტო აქციებზე მისასვლელად.

აქციაზე რამდენიმე წუთით მეგობრის მხარდასაჭერად მისული, ექვსაათიან ალყაში აღმოვჩნდი, რომლის დატოვებაც ნებისმიერ დროს შემეძლო, მაგრამ არ შემეძლო ჩემი მეგობარი მხეცებისთვის შემეტოვებინა.

მას მერე ყველა მეკითხება, რა მაიძულებს ლგბტ ადამიანების მთავარ მოთხოვნას, ღირსების მარშის ჩატარებას დავუჭირო მხარი. ყველა საუბარი საბოლოოდ ასე მთავრდება: - კარგი რა, ანა, რა დროს ესენია, ხალხს შია!

მართლაც, როცა ჩემი ფანჯრის წინ, მწვანე ზონაში ახალ უზარმაზარ კორპუსს აშენებენ, როცა ოჯახის წევრები პრაქტიკულად ტყვეობაში მყავს აფხაზეთში და მაგთიკომის ბრძნული გადაწყვეტილებით, მათთან სატელეფონო კონტაქტსაც ვეღარ შევძლებ - ამდენი რამე რომ მაქვს გასაპროტესტებელი, მაინც და მაინც თბილისი ფრაიდის აქციაზე რატომ მხედავთ?!

ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ლგბტ ადამიანების გვერდით ვდგავარ, ჩემი მეგობარი გიორგია. მას და ჩემ სხვა გეი მეგობრებს სურთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად და თავისუფლად იცხოვრონ - ზუსტად ისე ჩვეულებრივად, რასაცმათგან საზოგადოება ითხოვს. მაგრამ იგივე ხალხი მათგან ითხოვს დათმონ მათი იდენტობა, დაიმალონ და “თავის სახლში რაც უნდათ ის აკეთონ”. თითქმის ათი წელია ვუყურებ ჩემს გეი მეგობრებს, ვმოგზაურობ მათთან ერთად, ვსადილობ მათთან ერთად, სტუმრად დავდივარ და ჩემთანად დადიან და ვერ ვიხსენებ მათგან ისეთ ქცევას, რაც მე შეურაცხყოფას მომაყენებდა ან მენდომებოდა, რომ ჩემ შვილს არ ენახა. ჩემი გამოცდილებით, სექსუალური იდენტობა არ არის გადამდები.

მას შემდეგ რაც გიორგიმ ფრაიდის ორგანიზება გადაწყვიტა, სულ ვფიქრობ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ვიცი, როგორ ზის დედამისი ტელევიზორთან და ყოველ წამს ფიქრობს, რომ ხვალ ცოცხალს ვეღარ ნახავს. ეს საფრთხეები რეალურია, რადგან ლგბტ ადამიანებს ხელისუფლება არ აძლევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გარანტიას. ამ ქვეყანაში, ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი.

14 ივნისის ღამეს, “ქათმებს” რომ გვეძახდნენ, მაშინ მივხვდი, რომ მარტო ჩემი მეგობრის მხარდასაჭერად არ ვიდექი იქ და ეს ჩვენ ყველას გვეხება.

ყოველთვის, როცა იფიქრებთ, რომ რა დროს ფრაიდია, როცა ხალხს შია, გაიხსენეთ - თბილისი ფრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მდგომი ძალა:

ა) დაფინანსებულია რუსეთიდან;

ბ) ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში და ევროკავშირში;

გ) ისინი ზუსტად იმავეს ფიქრობენ ქალთა უფლებებზე, რასაც ლგბტ თემის უფლებებზე;

დ) მათთვის მიუღებელია ხმის ამოღება ოჯახში ძალადობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ცოდვად მიაჩნიათ სუროგაცია და არც ჰეტეროსექსუალი კაცი და ქალია თანასწორი მათთვის;

ე) მათ ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ მიგრანტებთან, სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და ყველა განსხვავებულ ადამიანთან;

ვ) მათ სურთ იდგნენ კონსტიტუციაზე მაღლა და მხოლოდ მოცემულ მომენტში იბრძვიან ფრაიდის წინააღმდეგ, რადგან ეს თემაა აქტუალური.

გამოდის, თბილისი ფრაიდს იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ მეორე მხარეს მდგომ ლევან ვასაძეს დავანახო, ჩემთვის მიუღებელია ამ ქვეყანას რუსეთი დაეპატრონოს, მინდა ევროკავშირი და ნატო საქართველოში, ყველა ადამიანის თანასწორობა და კონსტიტუციის უზენაესობა.

გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანი ნებისმიერი ჩვენგანის შვილი შეიძლება აღმოჩნდეს მომავალში. ისინი დღესაც ჩვენს გვერდით არიან და არაფერს ითხოვენ ჩვენგან განსაკუთრებულს. პირიქით, ითხოვენ, რომ თანასწორები იყვნენ. არა, თქვენ არც ქართველობის და არც მართლმადიდებლობის დათმობა არ მოგიწევთ თანასწორობისთვის!

ჩვენთან კი, კიდევ დიდ ხანს იქნება შიმშილი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი მტრის ჯარი თბილისიდან 30 კილომეტრში დგას, მისი იდეები კი საქართველოს დედაქალაქში უკვე ხმამაღლა ისმის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^