Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გზავნილი მთვარეს

21 ივნისი 2019

„შეშლილის წერილების“ მონოვერსია მუსიკისა და დრამის თეატრში

შეიძლება ათობით საჭირო თუ არასავალდებულო მიზეზი  ჩამოვთვალოთ, რატომ უნდა სურდეს გამოცდილ ან დამწყებ რეჟისორს ნიკოლაი გოგოლის მართლაც შეუდარებელი ლიტერატურულ-ინტროსპექციული დღიურის - „შეშლილის წერილების“ დადგმა. 19-ე საუკუნის 30-იან წლებში დაწერილი ამ დიდი ნაწარმოების უამრავი სცენური ვერსია არსებობს. ასევე კინემატოგრაფიულიც (ნაკლებად ცნობილი ფრანგი რეჟისორის, როჟე კოჟიოს მიერ 1963 წელს გადაღებული), სატელევიზიოც (ევგენი ლებედევი პოპრიშინის როლში, 1968 წ.) და წარმოიდგინეთ, მონოოპერაც კი, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მუსიკალური  ავანაგარდით  გატაცებულმა უკრაინელმა კომპოზიტორმა, იური ბუცკომ მოდესტ მუსორგსკის ოპერების აშკარა გავლენით შექმნა.

თუმცა არც ჩვენი, ადგილობრივი თეატრალური ლანდშაფტია მწირი. ნახევრად ლეგენდებს თუ  ჩავეძიებით, პირველ რიგში მიხეილ თუმანიშვილის მიერ 1986 წელს დადგმული სპექტაკლი უნდა გავიხსენოთ, რომელიც „დონ ჟუანისა“ და „ჩვენი პატარა ქალაქის“ შემდეგ ახალი, უჩვეულო ფორმის ძიებას ჰგავდა. სცენაზე სიგიჟის, სისასტიკისა და უსასოობის უცნაური პოლიფონია იგრძნობოდა. პოპრიშჩინის როლში კი რამაზ იოსელიანი თავად მიშკინის რომატიზირებულ სიშლეგესთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე საკუთრივ პოპრიშჩინის სხეულებრივ და სულიერ ტანჯვასთან.  სპეტაკლში ასევე მონაწილეობდნენ ლაურა რეხვიაშვილი, ნოდარ დუგლაძე, მანანა ითონიშვილი, გია როინიშვილი...

ბოლო წლებში ჩვენს თეატრებში გოგოლის მოთხრობის რამდენიმე ვერსია დაიდგა. 2014-2015 წლების თეატრალური სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად კრიტიკოსებმა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის „შეშლილის წერილები“ დაასახელეს, რომელიც მარჯანიშვილის თეატრისა და Emilia Romagna Teatro Fondazione-ის ერთობლივი კოპროდუქციაა. მისი ნახვა მაყურებელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შეეძლო.

2018  წელს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში,  რეჟისორმა სოსო ნემსაძემ „შეშლილის წერილებში“ საინტერესო და მოულოდნელი კამერულ-ფსიქოლოგიური შრეები აღმოაჩინა (პოპრიშჩინის როლში ანდრია ვაჭრიძე).  მანამდე  კი თეატრ „გლობუსში“, რუსთაველზე, ახალგაზრდა რეჟისორმა დავით ბელთაძემ გოგოლის მოთხრობა ერთმოქმედებიან მონოდრამად გაიაზრა. და აი, „შეშლილის წერილების“ ახალი ინტერპრეტაცია, რომელიც დავით დოიაშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრში მონოსპექტაკლის ფორმაში მოაქცია (სცენოგრაფია თავად დავით დოიაშვილის,  კომპოზიტორი - ნიკოლოზ რაჭველი, კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე, განათება - ია ნადირაშვილი).

სინამდვილეში ეს წარმოდგენა რეჟისორმა 60 წელს გადაცილებული მსახიობის, ამირან ამირანაშვილის საბენეფისო მონოსპექტაკლად აქცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სცენაზე არ მდგარა. მიხეილ თუმანიშვილის მიერ დაარსებული კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი ამირან ამირანაშვილი ბოლოს მაყურებელმა რეჟისორის რანგში აღმოაჩინა, როდესაც 2010 წელს სწორედ თუმანიშვილის თეატრში მსახიობების ვორკშოპი მოეწყო. პროექტის მიზანი ახალგაზრდა მსახიობებისთვის სამსახიობო ოსტატობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მიღებული ცოდნის გამოყენება იყო.  პროექტის ავტორმა და დამდგმელმა რეჟისორმა ამირან ამირანაშვილმა მსახიობებს, არც მეტი არც ნაკლები, „ჰამლეტზე“ მუშაობა შესთავაზა და მათთან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა.  

თუმცა ბეკეტის პიესის არ იყოს, მსახიობისთვის ეს მხოლოდ წარსული „ბედნიერი დღეების“ შეხსენებაა, რომლის ნამსხვრევები დავით დოიაშვილმა „შეშლილის წერილებში“ ანარეკლებად შეკრიბა, შეაერთა და სცენაზე ეულად გარჯილ მსახიობს არტისტული გაქანებისთვის სრული კარტბლანში მისცა. “აბა ერთი ჩამაცვით მოდაზე შეკერილი ფრაკი, გამიკეთეთ ისეთივე ჰალსტუხი, როგორიც თქვენ გაქვთ, მაშინ ჩემი ფეხის მტვრადაც არ ეღირებით. მაგრამ, რას იზამ ხელმოკლე ვარ“, - ამბობს პოპრიშჩინი და პრინციპში, მთელი წარმოდგენა სწორედ დამთრგუნველი სოციალური იერარქიისგან გაქცეული და ზმანებებში გადავარდნილი „პატარა ადამიანის“, ანუ  რიგითი ჩინოვნიკის შინაგან მონოლოგია.

გზადაგზა სპექტაკლში მოთხრობის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ ეპიზოდს ვეცნობით: ძაღლების, მეჯისა და ფიდელის „მიმოწერასა” თუ „დიალოგს“  (რაც დიდი ალბათობით გოგოლს ნასესხები აქვს ჰოფმანის მოთხრობებიდან, რომელსაც ის ევროპაში გაეცნო). პოპრიშჩინის ნაამბობიდან ასევე ცხადად წარმოიდგენთ დეპარტამეტის გაფუყულ ჩინოვნიკებს, მათ მკაცრ იერარქიულ სისტემას, საზოგადოების სასტიკ და გამოშიგნულ სამყაროს, ხელფასისთვის ხელგაშვერილ, უსახურ და დეპრესიულ მოხელეებს, პეტერბურგის „მაღალ“ საზოგადოებას, რომელსაც სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო სიმაღლესთან და სულიერებასთან... 

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლში პოპრიშჩინის შეუძლებელი  თუ ზემგრძნობიარე სიყვარულია, რომლის დემონსტრირებას ამირან ამირანაშვილი განსაკუთრებული მონდომებით, მგძნობირიარე გულახდილობითა და ოდნავ ძველმოდურ-რომატიზებული თამაშის მანერით ცდილობს. იოლად ხვდებით, რომ  აკვიატებული სიყვარული პოპრიშჩინისათვის შეუბრალებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოსგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. მის ფანტაზიაში გაცოცხლებული, დანომრილი წერილების კითხვაც („წერილი ნომერი უნო, დუო...) სინამდვილეში დრამატული ფინალის შემზადებაა, როცა წარმოსახვითი სამყაროდან ის რეალურ, ფიზიკურად გაუსაძლის საგიჟეთში აღმოჩნდება.

გოგოლის მიერ ლამის კაფკაიანური სიცხადითა და გამოუვალობის შერძნებით აღწერილი ჩინოვნიკური პეტერბურგი დავით დოიაშვილმა საკუთარი სცენოგრაფიული პოეზიითა და ფანტაზიით შემოსა: მისტიკურად ანათებენ  მბჟუტავი ფანრები და მთვარე, მოჩანან პაწაწინა სახლები და ქოხები, უცნაური რკინის კონსტრუქცია კი პოპრიშჩინის ფანტაზიით საყვარელ ქალად იქცევა. იქვე, განათებით რამდენჯერმე გამოკრთება გოგოლის პორტრეტიც. სპექტაკლის ყველაზე პოეტური, მგრძნობიარე  თუ დრამატული ირონიით გაზავებული სცენები სწორედ სიყვარულის საგნობრივ და ნაივურ მეტაფორებად „თარგმნას“ უკავშირდება - თუნუქის ტაშტით დაწყებული (რომელიც მყუდრო სახლიცაა, საგიჟეთის რიგითი პალატაც და დედის საშოც), ბანალური ხელის მიქსერით დამთავრებული (ასევე ბანალური, მაგრამ პოპრიშჩინისთვის მნიშვნელოვანი წარმოსხვითი მასტურბაციის აქტი).

ბელინის „ნორმა“, ისევე როგორც Casta diva  (სხვათა შორის, სპექტაკლში კალასის ჩანაწერია გამოყენებული) და ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური ფანტაზიები, აღიქმება როგორც პოპრიშჩინის სულიერი ცხოვრების ანარეკლები. გარდა ამისა, მას თეატრი და მუსიკა ძალიან უყვარს. აქედან კი ორიოდე ნაბიჯი რჩება ძაღლ მეჯის ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზამდე - „სიყვარული მეორე სიცოცხლეა“, რომლისთვისაც ტანჯულმა ჩინოვნიკმა საკუთარი სიცოცხლის საფასური გადაიხადა. საინტერესოა, რომ დოიაშვლის პექტაკლში აშკარაა პარალელი გოგოლის მეორე, არანაკლებ ცნობილ მოთხრობასათან „შინელი“.                                                                                            

მსახიობს ფინალში უდავოდ ეხმარება გოგოლის სულის შემძვრელი ტექსტი (როცა პოპრიშჩინი საშველად  დედას უხმობს). შესაბამისად, მისი ოდნავ ირონიული, მაგრამ რომანტიზმით ნაკვები თვითგვემა დრამატული კრეშჩენდოთი იცვლება. რასაც ერთგვარად ავსებს რუსული საგალობელიც, რომელიც პოპრიშჩინის ტანჯულ სხეულსა და სულს მალამოსავით ედება, ხოლო მაყურებელში  მინი-კათარზისის განცდას  ტოვებს. პრნციპში, მთვარისადმი პოპრიშჩინის მიმართვა თუ გზავნილი, სწორედ ამ კათარზისის შემადგენელი ნაწილია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ციკო ინაურის რეფლექსია: უნიტაზი, საწყისი ...

პირველად საბერძნეთში რომ ჩავედი, 14 წლის ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ვფიქრობდი ფილოსოფიაზეც, ფსიქოლოგიაზეც ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„სათამაშოების ისტორია"

„სათამაშოების ისტორიის“ პირველი ნაწილი ჯერ კიდევ ბაღის პერიოდში ვნახე და მაშინვე იქცა ჩემთვის საყვარელ ანიმა ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

მამის ბლოგი - წერილი N7

ახლახან მეგობრები გყავდა სტუმრად, სიჩუმემ გამაკვირვა და შენს ოთახში შემოვიხედე. სამივე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ტელ ...

მეტი

^