Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადეკვატურად და სამართლიანად მსჯელობა პოსტსიმართლის დროში

14 ივლისი 2019

„ჩვენ აღმოვჩნდით პოსტსიმართლის ერაში, სადაც „ალტერნატიულმა ფაქტებმა“ ჩაანაცვლა ნამდვილი, რეალური ფაქტები და სადაც ემოციებს მტკიცებულებებზე მეტი წონა აქვს“ - ლი მაკინტრი 

კრიზისულ, არეულ, ქაოსურ პერიოდებში ხშირად მეტისმეტად რთულია ხოლმე მოვლენების ადეკვატური ანალიზი და ჩვენს მსჯელობებში ობიქტურობისა და სამართლიანობის შენარჩუნება.

რა თქმა უნდა, ობიექტური მსჯელობა უზარმაზარ ძალისხმევას საჭიროებს, განსაკუთრებით ქაოსურ გარემოში. ასეთ რეალობაში ადამიანის ფსიქიკას ყველაზე მეტად ემუქრება სტრესი: არ-ცოდნა, ვერ-გაგება, ქაოსის საკუთარ ფიქრებში ვერ-დალაგება, მოვლენების ქრონოლოგიის ვერ-აწყობა; მით უმეტეს მაშინ, როდესაც გვაღელვებს რომელიმე თემა ან რაიმე მოვლენა, გვადარდებს რეალობა, რომელშიც გვიწევს ყოფნა და რომელიც ემოციურად გვეხება კიდეც.

ზუსტად ამ სტრესის გამო, ჩვენ მიდრეკილი ვართ, ემოცია ჩავრიოთ მსჯელობაში; იმპულსურად, მხოლოდ ზედაპირული „ფიქრის“ შემდეგ ისე ავხსნათ რეალობა, როგორც „გვაწყობს“, როგორც ჩვენთვის უფრო მარტივი და სიმშვიდის მომტანი იქნება. ადამიანი ყოველთვის უფრო მშვიდად გრძნობს თავს (ან მინიმუმ ნაკლებად დეზორიენტირებულად), როდესაც გარშემო ყველაფერს არქმევს კონკრეტულ სახელებს და „ახარისხებს“ მოვლენებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აბსოლუტური ქაოსია. ასეთი მცდელობის შედეგად, ვიმცირებთ დაუცველობის, უსუსურობის შეგრძნებას და, ისევ დეზორიენტირებულ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, ჯიუტად ვიცავთ და ვიჯერებთ მოვლენების ახსნის საკუთარ ვერსიას, თუ ამ ვერსიამ სიმშვიდე მოგვიტანა (ან სხვის ვერსიას, რომელიც ამ მხრივ ჩვენს მოლოდინს, მოთხოვნილებებს დაემთხვა)... და შემდეგ უკვე თითქმის შეუძლებელია ჩვენი გადარწმუნება, ჩვენში ახალი კითხვების დაბადება, კონსტრუქციული მსჯელობა, ობიექტურობა, სამართლიანობა და ა.შ.

ხშირად სწორედ ამიტომ (შიშის გამო, რომ ისევ უსუსურ, დაუცველ, ვერ-გაგების მდგომარეობაში დაბრუნდებიან), ადამიანები დიდ აგრესიას ავლენს მათ მიმართ, ვინც საპირისპირო აზრს გამოხატავს ან კითხვებს სვამს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ვინც მოვლენების სამართლიან ანალიზს ცდილობს... საბოლოო მიზნების მისაღწევად, უკვე სხვა ადამიანები ამ აგრესიულობას იყენებენ სათავისოდ და ზოგჯერ აღვივებენ კიდეც მას. ამგვარ ჩაკეტილ წრეში ქაოსი და აბსურდი კიდევ უფრო ღრმავდება, დისკურსი კი იმდენად მახინჯდება, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრის ადეკვატური მსჯელობისკენ წარმართვა, თვითონ დისკურსი არაფრისმომცემი, უშინაარსო, კონტრპროდუქტიული ხდება.

დაახლოებით ამაზე დგას და ამ პრინციპით მუშაობს ფსიქოთერაპია და ფსიქოანალიზიც: ვერ-გაგების, არ-ცოდნის, ქაოსის, ვერ-ახსნის, უსუსურობის მდგომარეობიდან ნელ-ნელა გადავდივართ იმ მდგომარეობაში, სადაც ყველაფერს სახელებს ვარქმევთ, ახსნას ვუძებნით, ვახარისხებთ და ა.შ. ასეთ დროს  აუცილებელი არ არის, ჩვენი ახსნა და ანალიზი სიმართლე იყოს. სიმშვიდე და ზოგჯერ სიმყარეც კი, თავისთავად ამ გადახარისხებას, სახელის დარქმევას მოაქვს - ადამიანს სჭირდება, ქაოსის დროს მოვლენებს სახელი დაარქვას, თუნდაც თეთრად და შავად დაყოს ეს პროცესი ბევრად უფრო ჯანსაღი და პერსპექტივაში სასარგებლო იქნება, თუ ახსნასა და გადახარისხებას კი არ ვეცდებით მხოლოდ, არამედ ჩვენს ძალისხმევას სიმართლის გზების ძიებას მოვახმართ.

ფსიქიკის ამგვარი მექანიზმი - რომ ადამიანები კრიზისულ, ქაოსურ პერიოდებში ცდილობენ თავი დაიცვან და ისევ მყარად იგრძნონ თავი, ან მინიმუმ ამის ილუზია შეიქმნან - ახალი არ არის. შეიძლება ითქვას, ეს ბუნებრივიც კია. 

თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენს მიკროსამყაროშიც კი, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო მაშტაბურ მოვლენებზეა ლაპარაკი, უნდა ვეცადოთ სამართლიანად და შეძლებისდაგვარად ობიექტურად, კონსტრუქციულად ვიმსჯელოთ; თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანად დისკურსს სწორი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი.

დღესდღეობით, ვიდრე ოდესმე, თითქოს ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ინფორმაცია, მაგრამ სწორედ ამ ინფორმაციისა და გარშემო არსებული უამრავი სტიმულის სიჭარბის გამო, სხვადასხვა ჯგუფი და საკუთარი ინტერესის მქონე ადამიანები, ან გამორჩეულად პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ინფორმაციას ამახინჯებენ. ამ პირობებში, სიმართლეში გარკვევა ან ლოგიკური, კონსტრუქციული მსჯელობის აგება, უბრალო ქრონოლოგიის დანახვაც კი, მეტად რთულდება. ამავდროულად, მედიის ან თუნდაც სოციალური ქსელების გამოყენებით უფრო და უფრო გაიოლდა ხალხის ემოციებით მანიპულირება.

2016 წელს ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვად „პოსტსიმართლე“ დაასახელა.

პოსტსიმართლის ერა გულისხმობს რეალობას, რომელშიც ობიექტური ფაქტორები და ზოგადად ფაქტები ბევრად ნაკლებ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ემოციები და პირადი რწმენა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ პოსტსიმართლის რეალობაში მეტად მოწყვლადებს გვხდის ჩვენი მიდრეკილება „კოგნიტური მიკერძოებისკენ“ (კოგნიტური მიკერძოება - ნორმიდან, ან რაციონალური მსჯელობიდან გადახრის სისტემატური აზროვნების ყაიდა. შეგრძნებების თავისებური აღქმით, ადამიანები ქმნიან საკუთარსუბიექტურ სოციალურ რეალობას“. ინდივიდის მიერ კონსტრუირებულმა სოციალურმა რეალობამ (და არა ობიექტურმა ფაქტორებმა) შეიძლება განსაზღვროს მათი ქცევა სოციალურ გარემოში. ამრიგად, კოგნიტურმა მიკერძოებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს აღქმის გამრუდება, არაზუსტი შეფასება, არალოგიკური ახსნა, ან, რასაც ზოგადად, არარაციონალურობა შეიძლება ვუწოდოთ“).

კოგნიტური მიკერძოება ჩვენთვის ზოგჯერ თავდაცვის მექანიზმი ხდება, ზოგჯერ კი ადაპტაციის ფუნქციას იძენს, და ამიტომაც ის საჭირო და აუცილებელი მექანიზმია ადამიანის ფსიქიკაში; თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მექანიზმი ყველაზე ხშირად სტრესულ სიტუაციებში ირთვება და აზიანებს ჩვენში არსებულ რაციონალურობის 

როდესაც ჩვენი მსჯელობა, ფიქრები, რწმენა რეალურად „კოგნიტიური მიკერძოებიდან“ გამომდინარეობს, შესაბამისად, აბსოლუტურად ირაციონალურები ვართ; იმ მომენტში მაინც გვჯერა (და ეჭვიც არ გვეპარება), რომ ობიექტურად, სამართლიანად ვაფასებთ მოვლენებს... არადა, ამ მიმართულებით ყველანაირი კვლევა ადასტურებს მარტივ სიმართლეს - როდესაც ემოციურად უკიდურესად ვართ ჩართული ვართ ამა თუ იმ საკითხში, უფრო მეტად კი ,როდესაც ფაქტობრივად ჩვენს იდენტობას გადაესმევა ხაზი, თუ იმას არ დავიჯერებთ, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია, ჩვენი მსჯელობის უნარი მეტ-ნაკლებად ზიანდება.

კრიზისულ, ქაოსურ დროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძალისხმევა და ენერგია მოვახმაროთ ჩვენში რაციონალურობის შენარჩუნებას, რომ პოსტსიმართლის ერა კიდევ უფრო რეალური, დესტრუქციული და ნოყიერი არ გავხადოთ. 

ეს რომ შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ ხოლმე: რომ ყველა ადამიანივით ჩვენც მიდრეკილი ვართ კოგნიტური მიკერძოებისკენ; რომ პოსტსიმართლის რეალობაში ვცხოვრობთ; რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს რეალობა შევცვალოთ, ან მინიმუმ ხელი არ შევუწყოთ. 

---------------

ნატალია ლომაია - სწავლობს ფსიქოლოგიას ბერლინის საერთაშორისო ფსიქოანალიზის უნივერსიტეტში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^