Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოლონიური ფსიქოლოგია და დემოკრატიზაცია

18 ივლისი 2019
დღესდღეობით, როდესაც საქართველო მოცულია ანტიოკუპაციური პროტესტებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება ისეთი თემები, როგორიცაა წარსულის ისტორიული გავლენა ჩვენს თანამედროვე არსებობაზე. საქართველოს მრავალწლიანმა კოლონიურმა ისტორიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ქართული პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებაში, რომელიც აისახება ინსტიტუციურ პერსპექტივაზე და ასევე ქართულ სოციალურ ფსიქოლოგიაში.

რუსულმა კოლონიალიზმმა და შემდგომ გასაბჭოებამ მძიმე დაღი დაასვა ჩვენს პოლიტიკურ თვითშეგნებას და, შეიძლება ითქვას, რომ კოლონიური ფსიქოლოგია დღესაც მძიმე ლოდად აწევს ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს ეს ისტორიული ხვედრი იგრძნობა, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალურ პოლიტიკურ აღქმებში, რომლებიც, თავის მხრივ, განაპირობებს შეფერხებულ დემოკრატიზაციას და არაჯანსაღ პოლიტიკურ კულტურას.

უწინარესად, შევეცდები არგუმენტირებულად განვსაზღვრო, თუ რას ვგულისხმობ კოლონიურ ფსიქოლოგიაში, ხოლო შემდგომ წარმოვაჩინო მისი გამოვლინებები ქართულ რეალობაში. მერაბ მამარდაშვილი თავის ესსეში - "აზროვნებისა და ენის გასაბჭოება" განიხილავს, თუ რა გავლენა იქონიეს საბჭოთა პოლიტიკურმა სტრუქტურებმა ქართული ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაზე: 

"ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი, მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა, ენერგიადაშრეტილებმა დავკარგეთ პოლიტიკური შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში. სამოქალაქო საზოგადოება იქმნება კერძო პირთა ავტონომიურობის საფუძველზე, ავტონომიურობისა - ამ სიტყვის ონტოლოგიური მნიშვნელობით". 

მამარდაშვილის მსჯელობის მიხედვით, სწორედ ისტორიული წყვდიადი განაპირობებს დაკარგულ პოლიტიკურ შეგრძნებებს, რაც, თავის მხრივ, შეუთავსებადია კომპლექსურ თანამედროვე საზოგადოებასთან. გასაბჭოებამ და კოლონიურმა მმართველობამ განავითარა ფსიქოლოგიური პათოლოგია, რომლის დეკონსტრუქციაც მხოლოდ ინდივიდის ავტონომიური განვითარებითაა შესაძლებელი.

კოლონიური გამოვლინებები ქართულ კოლექტიურ ფსიქოლოგიაში პასიურია თავისი ბუნებით, რადგან ჩვენ, როგორც მისი მატარებლები, ხშირად ვერ აღვიქვამთ მის არსებობას. ამას მოწმობს გამოჩენილი ფრანგი ფსიქიატრი და პოლიტიკური თეორეტიკოსი, კოლონიური სწავლებების მკვლევარი ფრანც ფანონი, რომელმაც სიღრმისეულად გამოიკვლია ეს მოვლენა თავის ნაშრომში "ბედკრულნი ამა ქვეყნისა". ფანონის მიხედვით, კოლონიალიზმი აღწევს ჩვენი რეალობის ყველა სფეროში და განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჩვენსავე ფსიქოლოგიაზე. საგულისხმოა, რომ პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების შემდგომაც კი ის ინარჩუნებს ღრმა გავლენას სოციოლოგიაზე, პოლიტიკაზე, კულტურულ ნორმებზე, ხელოვნებასა და ასევე სამეტყველო ენაზე. ამ მოსაზრებას ეთანხმება მამარდაშვილი, როდესაც აღნიშნავს, რომ ისტორიული წყვდიადი ჩვენს ზნეში, საქმიანობასა და ცოდნაშია გამჯდარი.

კოლონიური ფსიქოლოგიის გამოვლინებები უფრო თვალსაჩინო ხდება პოლიტიკური შედარებითი ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულად კი იმის დადგენით, თუ რა განსხვავებაა იდეოკრატიულ რეჟიმებსა და დემოკრატიულ წყობას შორის. ეს ანალიზი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კოლონიურ თუ საბჭოურ საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო გეოგრაფიულად დისტანცირებული და თავისი არსით - არალეგიტიმური. პარტიულ გადაწყვეტილებებს ჩვენს საზოგადოებას იძულებით თავს ახვევდნენ ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ და ჩვენს აღქმაშიც ძალის წყაროდ სწორედ გარე ობიექტი მოიაზრებოდა. ძალაუფლების სტრუქტურის ეს კონკრეტული მოდელი სრულ წინააღმდეგობაშია დემოკრატიულ იდეალებთან, რომლის თანახმად, ხალხი წარმოადგენს ძალაუფლების ფუნდამენტს, და არა პირიქით.

ქართულ თანამედროვე პოლიტიკურ თვითაღქმაშიც ხშირად ვხვდებით ამ გადმონაშთს, როდესაც მოქალაქეები დისტანცირებულად ხედავენ პოლიტიკურ ელიტას, ხოლო მისი ცვლილება რეალურად განუხორციელებლად ესახებათ. ეს წარმოდგენა აშკარად ჩანს არჩევნების პერიოდში, როდესაც ამომრჩეველი ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს, ვის მიცემს ხმას, რადგან კონკრეტული პოლიტიკური ელიტა მაინც მისთვის სასურველ კანდიდატს გაიყვანს.

პოლიტიკურმა თეორეტიკოსმა იაროსლავ პიეკალკიევიცმა თავის წიგნში "იდეოკრატიის პოლიტიკა" მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუ რატომ არიან იდეოკრატიული ისტორიის მქონე ქვეყნები რადიკალურ ოპოზიციაში დემოკრატიზაციის პროცესებთან. პიეკალკიევიცის აზრით, საბჭოთა კავშირი თავის ლეგიტიმაციას იღებდა მონური იდეოლოგიისგან, რომელიც ინდივიდების ქცევისგან სრულ სუბორდინაციას მოითხოვდა. ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკა ქმნის ორგანულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება გამართლებულია მოცემული იდეოლოგიით. იდეოკრატიულ სახელმწიფოში პიროვნულ/ინდივიდუალურ ორიენტაციას ფუნქცია ეკარგება და გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეებს თვითიდენტობას აკარგვინებს: "შესაბამისად, ინდივიდები, საკუთარი საზოგადოებისგან განცალკევებულები, (ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად) კარგავენ თავიანთ ადამიანურ მნიშვნელობას, იმისდა მიუხედავად, რომ აგრძელებენ ფიზიკურ არსებობას". იდენტობის დაკარგვა კოლონიურ მმართველობაში შეუქცევადი მოვლენაა, რომლის კვალს თანამედროვეობაშიც ვხედავთ და რომელიც ყოველმხრივ აფერხებს დემოკრატიზაციას: "უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ იდეოკრატიულ სისტემაში ცხოვრება საბოოლოდ იწვევს პიროვნულ ცვლილებებს. ინდივიდებს უვითარდებათ სპეციფიკური თვისებები... ეს პიროვნულ-თვისებრივი ცვლილებები/მიდრეკილებები არსებობას ინარჩუნებს იდეოკრატიული რეჟიმის დასრულების შემდეგაც, ამის ნათელი მაგალითია პოსტსაბჭოთა ქვეყნები. სწორედ ეს იქცევა დიდ დაბრკოლებად ქვეყნებისთვის დემოკრატიზაცის განვითარების გზაზე". 

აქედან გამომდინარე, შეფერხებული სოციალურ-პოლიტიკური განვითარება ხშირად გამოწვეულია იმ შეუთავსებლობით, რომელიც არსებობს კოლონიურ ფსიქოლოგიასა და დემოკრატიულ იდეალებს შორის. ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით მიმართული ძალაუფლების აღქმა ღრმად არის გამჯდარი ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებაში და საკმაოდ ცოტა ადგილს ტოვებს დემოკრატიული თვითორიენტაცის ჩამოყალიბებისთვის.

თანამედროვე საქართველოში მრავლადაა კოლონიური ფსიქოლოგიის მაგალითები, როდესაც ვაკვირდებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ დისკურსებს. მაგალითად, 2017 წელს დაბა ბაკურიანში საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა - მოქალაქეს ჯერ მიწა ჩამოართვეს, ხოლო შემდგომ ის ერთ-ერთ დეპუტატს გადაუფორმეს უსასყიდლოდ. პირადად ჩემთვის ამ შემთხვევაში იურიდიულ მხარეზე უფრო საინტერესო და ასაღელვებელი თვით დაზარალებულის განცხადება გახდა. დაზარალებულმა, უპირველეს ყოვლისა, განაცხადა, რომ, მიწის უკანონო კონფისკაციის მიუხედავად, იგი პირადად ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს, სავარაუდოდ, მართლაც სჭირდებოდა ეს მიწა, ამიტომაც არ აპროტესტებდა; შემდგომ, მიწის ახალი მესაკუთრე-დეპუტატი დალოცა და ისიც დაამატა, რომ ალბათ თვითონ არ იყო ამ მიწის ღირსი.

მკითხველმა შეიძლება იკითხოს, თუ რა კავშირია ამ მოვლენასა და კოლონიურ ფსიქოლოგიას შორის, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ამ კონკრეტულ ინდივიდს თავისი უფლებების აღქმა არ ჰქონდა, ხოლო პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად აღიქვამდა. ეს მაგალითი უმნიშვნელოა თავისი მასშტაბით, მაგრამ, იმავდროულად, ნათლად გამოხატავს სწორედ ისეთ მენტალურ მდგომარეობას, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობით გვერგო.

თანამედროვე საქართველოში, სადაც რუსული ოკუპაცია კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სადარდებელს წარმოადგენს, ვფიქრობ, ღრმად უნდა გავიაზროთ საკითხი ინდივიდუალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით. რუსული ოკუპაცია ორსახოვანია: ერთი მხრივ, მატერიალური და მილიტარული, ხოლო, მეორე მხრივ, ისტორიული და ფსიქოლოგიური. ჩვენმა კოლონიურმა წარსულმა ისტორიული დაღი დააჩნია ჩვენს ცნობიერებას. ამის ნათელი გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ იერარქიას ვამჯობინებთ პიროვნულ თავისუფლებას. სწორედაც რომ ინდივიდუალური თვითშეცნობა უნდა ქმნიდეს დემოკრატიულ კულტურას, ხოლო ჩვენი სოციალური მიმართება, თავის მხრივ, უნდა განსაზღვრავდეს პოლიტიკურ რაკურსს.

------------------

აჩი აბრამიშვილი - ფილოსოფიისა და ეკონომიკის ფაკულტეტების მე-4 კურსის სტუდენტი, ამერიკული უნივერსიტეტი პარიზში (AUP)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^