Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამოქალაქო ომის წინათგრძნობა

29 ივლისი 2019

გადაჭარბება არ გეგონოთ... ისე, ყოველთვის გადაჭარბება ჰგონიათ... მერე კი იწყება მარქსისტული „სოციო-ეკონომიკური საფუძვლების“ ძიება - რატომ და როგორ... ან ყბადაღებული „საგარეო ფაქტორებისა“.

არადა, ესპანეთის დიდმა შვილმა, სალვადორ დალიმ, აი ამ სულისშემძვრელი ნახატით („წინათგრძნობა“) გვითხრა ყველას: სამოქალაქო ომი, უპირველესად, არის საზოგადოების „ღირებულებითი ხლეჩა“, ანუ სოციალური მატრიცის გახლეჩა „ღირებულებით ხაზზე“.

ამდენად, ყოველთვის ცნობიერების დონეზე იწყება...

***

ბოლო დროს ხშირად შეესწრებით დისკუსიას, პირობითად, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის: გასვენებებში... დაბადების დღეებზე... ქორწილებში... ქელეხებში... თანდათან მატულობს სიმწვავე და შეურიგებლობა.

აი ზუსტად, ზედმიწევნით ზუსტად, ისე, როგორც 1991 წლის სექტემბრიდან.

შეგახსენებთ: რუსთაველის გამზირი რომ ბარიკადებით ჩაიხერგა, „ჯგუფ-ჯგუფებად“ იკრიბებოდნენ უბრალო მოქალაქენი, „ანტიზვიადისტები“ Versus „ზვიადისტები“ და ცხარედ კამათობდნენ. აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში (გამონაკლისის გარეშე) ან ჩხუბით გრძელდებოდა ეს დისკუსია, ან ურთიერთგინებით, ბოლოს სროლით დასრულდა.

არასდროს დამავიწყდება, ამგვარი „კამათის“ დროს როგორ უთხრა ერთმა მეორეს: შენ გინდა შენთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს და ამით ჩემზე გაბატონდე!“

დააკვირდით ამ საზარელ ფრაზას: „ჩემზე გაბატონდე!“.

ეს ხომ ყველა სამოქალაქო ომის „სლოგანი“ და ინტენციაა.

***

დიდი ერები, თავიანთი ცოდვაბრალიანი, სისხლიანი ისტორიის შედეგად კარგა ხნის წინ მიხვდნენ: ღირებულებებზე დისკუსიას აზრი არა აქვს! ღირებულებებზე დისკუსია, შემდეგ ამ ნიადაგზე დაპირისპირება, აუცილებლად დასრულდება სამოქალაქო ომით!

იმიტომ რომ, არ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ ღირებულებები. არსებობს „ჩემი“ („ჩვენი“) და „სხვისი“ („იმათი“). ოღონდ იმიტომ კი არა, რომ იმათი „ცუდია“, უბრალოდ „სხვისია“, - „ჩემი“ არ არის.

შესაბამისად, რაკი ღირებულებები ადამიანური იდენტობის საფუძველთა-საფუძველია, დისკუსია და დაპირისპირება ღირებულებების თაობაზე აუცილებლად (აუცილებლად!) სრულდება აი ამგვარი სამკვდრო-სასიცოცხლო აღქმით: „შენ გინდა ჩემზე გაბატონდე!“

სამოქალაქო ომი ნამდვილად უზრუნველყოფს ერთის მეორეზე გაბატონებას, ვინაიდან, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტკორექტულმა დემაგოგებმა, თითქოს ამგვარ ომში „გამარჯვებული არ არსებობს“, როგორც არ უნდა დაასაფლავონ მონაწილენი შემდეგ Valle de los Caídos „საძმო საფლავებში“, ეს „ხლეჩის ტკივილი“ საუკუნეებს სწვდება და ამ ჭრილობის მოშუშება ძალიან ძნელია.

ესპანეთში, მაგალითად, დღესაც კი იგრძნობა!

***

რა არის გამოსავალი?

უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ „გამოსავალი“ არ არის. არის მხოლოდ პროცესი!

ჩვენი მაქსიმალისტური მენტალობიდან გამომდინარე, ეს ხშირად ერევათ: პროცესი დიალოგია, ანუ თანაცხოვრება - დემოკრატია, პლურალიზმი, ხელისუფლებათა ცვალებადობა, ბალანსი, როგორც ამ დიდი საზოგადოებრივი დიალოგის და თანაცხოვრების ფუნქცია.

სწორედ მუდმივი საზოგადო დიალოგი და თანაცხოვრების მექანიზმთა (არა ღირებულებათა შეუძლებელი კონვერგენციის ან შეუძლებელი ღირებულებითი თანხმობის) ძიება უნდა გახდეს ერთადერთი პოზიტიური მეთოდი დღევანდელ, ძალიან საშიშ ვითარებაში:

ანუ, ამ ეგზისტენციურ სისტემათა შესახებ მოლაპარაკება, დარწმუნება, „ურთიერთთმენის“ განმაპირობებელი ტაქტიკური ან სტრატეგიული კომპრომისები, როგორც ეს პროცესი, მაგალითად, აღწერილია სიდნი ლიუმეტის უჭკნობ შედევრში „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელსაც საზარელი კინოსლოგანი ჰქონდა: „Life Is In Their Hands - Death Is On Their Minds!“

***

აქვს განა, ქართულ „პოლიტიკურ კლასს“ და საზოგადოებრივ ელიტას პასუხისმგებლობა, ზნეობრივი თუ ინტელექტუალური უნარი ამგვარი დიალოგისა?

...იმედი ვიქონიოთ.

 ჩვენ კი აღარასოდეს დავივიწყოთ ეს საზარელი... შენ გინდა ჩემზე გაბატონდე!“

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^