Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილი დაძრწის ამერიკის ქალაქებში

07 აგვისტო 2019
რატომ ვერ ახერხებს დიდი ამერიკული დემოკრატია ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას? (ციკლიდან: არაპოლიტკორექტული მოსაზრება)

რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთდროულად სამ ამერიკულ ქალაქში, შეიარაღებულმა სოციოპათებმა ოცდაათამდე სრულიად უდანაშაულო, უმწეო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

საზარელი ტრაგედიაა, თუმცა ახალი ან მოულოდნელი არაფერია. ეს უბედურება გრძელდება უკვე არა წლობით, არამედ ათწლეულობით:

კონკრეტულ პირებზე, საკუთარი ოფისის ადმინისტრაციაზე, ან უბრალოდ „ცხოვრებაზე“ გაავებულ-დაბოღმილი სოციოპათები თუ „ჰეროსტრატეს სინდრომით“ ღრმად დაავადებული შეშლილი მანიაკები, რომლებიც ყველას, მათ შორის მეზობლებს, მეგობრებს, უმრავლეს შემთხვევაში „უწყინარ, უბოროტო ადამიანებად“ აჩვენებდნენ თავს, ლეგალურად ყიდულობენ იარაღს, საბრძოლო მასალას, შემდეგ შევარდებიან საუნივერსიტეტო კამპუსებში, ოფისებში თუ გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრებში და ხოცავენ ხალხს.

ძალზე იშვიათად ბარდებიან პოლიციას ცოცხალნი - ან თავს იკლავენ, ან წინასწარ იციან, რომ პოლიციასთან შეტაკებებში დაიხოცებიან (ანუ მათთვის ეს „თვითმკვლელობის ფორმაა“) და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამგვარი საზარელი ინციდენტები ბევრ ქვეყანაში ხდება; ნაკლებად, მაგრამ მაინც: თვითმკვლელი ტერორისტები ავტომანქანებით ჭყლეტენ ადამიანებს, აფეთქებენ ბომბებს... ოღონდ ამერიკულ „მას-მკვლელობებს“ აქვს საზარელი თავისებურება, რომელიც ამ პრობლემის ღრმა სოციო-კულტურულ ფესვებზე მიუთითებს.

„ქენით რამე!“

დავაკვირდეთ: თითქმის ყველა შემთხვევაში (ათიდან - ცხრა, ასიდან - ოთხმოცდაათი) ამერიკელი მკვლელები იყენებენ არა ბომბებს, არამედ სწორედ ცეცხლსასროლ იარაღს. ვითომ ამის მიზეზი მხოლოდ იარაღის ხელმისაწვდომობაა? ამგვარი წარმოდგენა პრობლემის მეტისმეტი გამარტივება იქნებოდა.

ლოგიკურია შევადაროთ ერთმანეთს ვითარება ბრიტანეთის კუნძულებზე (ირლანდიის ჩათვლით) და ამერიკაში: თითქოს „მონათესავე კულტურაა“, მაგრამ იარაღის ბრუნვისადმი კარდინალურად განსხვავებული მიდგომით: ლონდონში პატარა „ჯაყვა დანაც“ კი შეიძლება სერიოზული გამოძიების საფუძველი გახდეს, არათუ ცეცხლსასროლი იარაღი.

ამერიკელები სასოწარკვეთილნი გამოდიან მიტინგებზე სლოგანით: „Do something!“ (ქართული ჟარგონით „ქენით რამე!“), მაგრამ ხელისუფლება, პრეზიდენტ ტრამპისა თუ გუბერნატორების დამოკიდებულებით, მუდამ პასუხობს ერთსა და იმავეს: „კლავს არა იარაღი, არამედ ადამიანი“.

ამერიკის კონსტიტუცია (მეორე შესწორება - 1791 წ.) თითოეულ მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, შეიძინოს იარაღი. ბევრ შტატში იარაღის ტარებაც დაშვებულია, შემოწმება - მინიმალური და იოლად გადასალახი.

ნებისმიერი ცვლილება რაიმე „გამკაცრების“ მიმართულებით აწყდება ამერიკის „მეთოფეთა ასოციაციის“ (National Rifle Association) წინააღმდეგობას და მათი არგუმენტები სულაც არაა იოლად „მოსაგერიებელი“: ჯერ ერთი, იარაღის გაყიდვის აკრძალვა ვერ გადაწყვეტს ასეულობით მილიონი ერთეული აღურიცხავი, არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღის პრობლემას და კეთილსინდისიერი მოქალაქე, ვისაც ასეთი იარაღი მართლა თავდაცვისთვის სჭირდება, განიარაღდება კრიმინალების მიმართ. გარდა ამისა, ლეგალური იარაღის მოსახლეობისგან აუცილებელი გამოსყიდვაც უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული და ფინანსური სირთულენი მათგან ყველაზე „იოლად“ შეიძლება მივიჩნიოთ.

კულტურული კოდი

რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველა ინდიკატორი აჩვენებს: ეს განუშორებელი უბედურება, როგორც ჩანს, თვით იმ ცივილიზაციის თანამდევია, რომელშიც ის იშვა. „შეუძლებელია ამერიკელს წაართვა იარაღის ფლობის უფლება, მაშინ იგი ამერიკელი აღარ არის“ - სლოგანი წითელ ხაზად გასდევს ამერიკულ კულტურას, ლიტერატურიდან - კინემატოგრაფამდე.

ამერიკული ცივილიზაციის „მსაზღვრელი თვისება“ ადამიანის პიროვნული თავისუფლების ეჭვმიუტანლობა და  არა მხოლოდ სახელმწიფოსაგან, არამედ საზოგადოებისაგან მისი  „ავტონომიურობის“ აბსოლუტიზაციაა. ბევრად მეტად და რადიკალურადაც კი, ვიდრე „დედა“ ანგლოსაქსურ კულტურებში.

ეს არც არის გასაკვირი, თუ მისი წარმოშობის ისტორიას გავიხსენებთ: ევროპიდან „ლტოლვილობა“ და იმ დროს თვალუწვდენელი ოკეანის გადალახვა არა მხოლოდ პროტესტი და არა იმდენად  არსებული წეს-წყობილებისაგან უმწეოდ თავის დაღწევა, არამედ მის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება იყო:  ახალი სივრცის დაპყრობა-ათვისება, სადაც ინდივიდი „მსგავსთან“ უმოწყალო ბრძოლაში უნდა გადარჩენილიყო, გაემარჯვა, მხოლოდ უფლისა და საკუთარი თავის იმედად მოეპოვებინა, შემდეგ კი  დაეცვა „ადგილი მზისქვეშეთში“.

ევროპული „დეკონსტრუციისა“ და ძველი კონტინენტიდან ბიბლიურის მსგავსი „გამოსვლის“ შემდეგ, ახალი სამყარო „ატომიზებულ საზოგადოებად“ ჩამოყალიბდა, რომლის ყოველი „ატომი“ (ინდივიდი) ნებაყოფლობით „დელეგირებდა“ სახელმწიფოსა და სოციუმს საკუთარი ნების განხორციელების უფლებას - არა წყალობად, არამედ ვალდებულებად.

სწორედ ეს განასხვავებს ამერიკულ ცივილიზაციას ევროპულისგან. ამდენად „სიმბოლურზე მეტია“, რომ ამერიკული „დამოუკიდებლობა“ (1776 წ.) დროში უსწრებდა საფრანგეთის „დიდ რევოლუციას“ (1789 წ.).

ამერიკელებს სოციალური „რევოლუცია“ არ დასჭირვებიათ: მათთვის საკმარისი იყო გარე სუვერენისგან (ბრიტანეთის სამეფო ტახტისაგან) გათავისუფლება, რადგან უკვე არსებული სოციალური სტრუქტურა შემდგომ რეფორმას  აღარ საჭიროებდა: იმავე საფრანგეთისაგან განსხვავებით, იგი დიდწილად „მზად“ შეხვდა სახელმწიფო სუვერენიტეტს. ამიტომაც, ამერიკელები 4 ივლისს „დამოუკიდებლობას“ ზეიმობენ, ხოლო ფრანგები, 14 ივლისს - „რევოლუციას“, რისი სიმბოლოც გახდა ბასტილიის აღება, შემდგომ სისხლიანი ტერორი, ძველი არისტოკრატიის თავისკვეთა და სოციალური მატრიცის ღრმა ტრანსფორმაცია.

 ეს დიდი ქვეყანა მართლაც ჩამოყალიბდა იმ ღირებულებით საფუძველზე, რომელიც ჯონ სტერჯესმა აღწერა ეპოქალურ ფილმში „შესანიშნავი შვიდეული“. თანამედროვე კომუნიკაბელურ საზოგადოებაში, ტირანიისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის განუყოფელი „კულტურული კოდი“ ზოგჯერ მახინჯად „სუბლიმირდება“ სოციოპათიური პირის დანაშაულებრივ „ამბოხში“ იმავე საზოგადოების წინააღმდეგ. ამიტომაც, სხვა ცივილიზაციათა და სხვა „კულტურული კოდის“ მატარებელი ადამიანებისგან განსხვავებით, იგი განმარტოებული, „ყველაფერზე ხელჩაქნეული“ კი არ იკლავს თავს, არამედ ზოგჯერ ქვეცნობიერად ირჩევს ასეთი უგვანი, დანაშაულებრივი, არაადამიანური, კრიმინალური ფორმით, მისი ავადმყოფური, პათოლოგიური წარმოდგენითა და აღქმით... „ბრძოლაში მოკვდეს იარაღით ხელში“.

ატომიზებული საზოგადოება, რომლის სუბიექტები (ინდივიდები) საერთო ინტერესებისათვის საკუთარი ძალაუფლების „დელეგირებით“ არიან ურთიერთ-დაკავშირებულნი, დღესაც მყარია და მის საერთო „სიმტკიცეს“ არაფერი ემუქრება, მაგრამ რაკი  ყოველი „შემადგენელი“ თავისთავადი სუბიექტია, „მდგენელი“ ვერ/არ აკონტროლებს „სისტემურ გარღვევებს“, როდესაც ცალკეული ინდივიდი, ამა თუ იმ მიზეზით, „ატომიზებულ“ მდგომარეობას უბრუნდება, უარყოფს მის მიერ ნებაყოფლობით ნაკისრ პირობითობა-ვალდებულებებს და ესოდენ მახინჯი, დანაშაულებრივი  ფორმით ცდილობს საკუთარი ინდივიდუალიზმის განხორციელებას მაშინ, როდესაც თავს  „დაჩაგრულად“, ხოლო მის პერსონალურ ღირებულებებს „ხელყოფილად“ მიიჩნევს.

ამ საზარელი ფენომენის კლასიკური მაგალითი იყო მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ლას-ვეგასში, 2017 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც 64 წლის წლის სტივენ პადოკმა, დღემდე „აუხსნელი მიზეზით“, ფეშენებელური სასტუმროს „ლუქს-ნომრიდან“ გაუხსნა ცეცხლი ღია ცის ქვეშ კონცერტზე შეკრებილ ათასობით ადამიანს: მოკლა 58 და დაჭრა 500 ამერიკელი.

ამ საშინელი დანაშაულის „რაციონალური ახსნა“ არ არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანის ავტონომიურობა და მის პიროვნულ განწყობათა „ანონიმურობა“ დაცულია „ცივილიზაციური კოდით“. ამდენად, ვერც ვერასდროს ვეღარაფრით გავიგებთ რამ წარმოშვა ესოდენ მძვინვარე „კოგნიტიური დისონანსი“, რომელიც ჯერ დანაშაულებრივ ინტენციაში, შემდეგ უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტის მოტივში გამოიხატა.

სტივენ პადოკმა საზოგადოებას ესროლა და არა კონკრეტულ ადამიანებს, რომელთაც მისთვის არაფერი დაუშავებიათ. ესროლა იმიტომ, რომ რაღაც მიზეზით, „ხელშეკრულება“ დარღვეულად მიჩნია.

არსებობის მტკივნეული პირობა

თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სისტემის საერთო მდგრადობაზე  მეტყველებს არა  „სისტემური გარღვევა“, არამედ რეაქცია მასზე. ასეთი ტრაგიკული „გარღვევები“ კი, ამერიკული  საზოგადოებისა და სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ შედუღაბებას გამოიწვევს საერთო ინეტრესის საფუძველზე - არა  დაშლასა თუ დეკონსტრუქციას.

ძალიან არაპოლიტკორექტულად ნათქვამია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამერიკელები ადრე თუ გვიან აუცილებლად მიხვდებიან და შეურიგდებიან მათივე დიადი კულტურიდან გამომდინარე სოციალური მანკისადმი სწორედ ამგვარ მიდგომას და აღქმას (როგორც საბედისწერო, ხშირად გარდაუვალი „სტიქიისა“), რადგან მათი შეუვალი თავისუფლებისმოყვარეობის თანამდევი ეს თვისება, როგორც ჩანს, დიდი ამერიკული ცივილიზაციის განუშორებელი უბედურებაა.

ისევე, როგორც მთლიანობაში ჯანსაღი ორგანიზმისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი პათოლოგია, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს მას და ვერც მოაშორებ სიკვდილის გარეშე.

საბედნიეროდ, ამერიკულ დემოკრატიას იგი ვერ მოკლავს, მაგრამ კიდევ ბევრ უდანაშაულო, უმწეო, სიცოცხლით სავსე საყვარელ ადამიანს შეიწირავს.

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^